საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მარტოკაცი ანდაქიდან - ერთი ბილიკა გვინდა, გზას ხომ არ ვითხოვთ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:49 - 09 სექტემბერი 2017 hits 26876

15 წელია მუცოში საზღვარს ამაგრებს. ანდაქში დაიბადა და გაიზარდა. შემდეგ იყო იძულებითი გადასახლება სოფელ გამარჯვებაში, ნახევრად უდაბნოში ცხოვრება და უკან დაბრუნების სირთულე. დაოჯახებულია, თუმცა მეუღლესა და შვილებს ზაფხულობით თუ ნახულობს - ზამთარში, როცა ტემპერატურა -18, -20 გრადუსამდე ეცემა და დათვიჯვრის უღელტეხილზე თოვლის სიმაღლე 4-5 მეტრს აღწევს, მისვლა-მოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ პერიოდში გადაადგილების ერთადერთი საშუალება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია. სოფელში ხევსურეთის სიყვარულმა და საქმის კეთების სურვილმა დააბრუნა, საქმის, რომელსაც უამრავი მოუგვარებელი პრობლემა აფერხებს.

სოსო ზვიადაური მუცოს სასაზღვრო სექტორზე მსახურობს. ფიქრობს, რომ მესაზღვრეებად ადგილობრივები რომ დგანან, საქმესაც ადგება და ქვეყანასაც:

„ადგილობრივმა უკეთ იცის აქ ყველაფერი, ერთ მწყემსი ეყოფა მთელი ტერიტორიის გაკონტროლებას. ადრე ეგრე არ იყო? ჩვენ ვიცავდით ამას, ჩვენი წინაპრები იცავდნენ. ყველას ჰყავდა ცხვარიც, საქონელიც, მესაზღვრეც იყო და მაცხოვრებელიც.“

თუმცა, ერთია სურვილი და მეორე რეალობა - სოფლამდე გზა არ მიდის, არც „ბილიკა ხიდებია“, ისეთი, ცხენიც რომ გადაადგილდეს და ადამიანიც. ამ პრობლემების ფონზე კი ის, რომ არც ტელეფონი იჭერს და არც შუქი აქვს, შედარებით ნაკლებად აწუხებს.

უგზოობისა და ხიდების არ არსებობის  გამო არაერთხელ ჩავარდნილა მდინარეში, ერთხელ ფეხიც მოიტეხა. მიიჩნევს რომ გაუმართლა, რადგან უახლესი წარსულიდან ბევრი შემთხვევა ახსოვს, როცა მდინარემ ადამიანი იმსხვერპლა.

ასეთი ვითარების ფონზე არ უკვირს, რომ მთელ პირიქითა ხევსურეთში 15-მდე კომლია დარჩენილი, მათი მთავარი იმედი და გვერდში მდგომი კი მესაზღვრეები არიან.

„დათვიჯვარზე რომ გადმოდიხარ, პირველი სოფელი არის ლებაისკარი. მანდ კაციშვილი არ ცხოვრობს. მერე არის კისტანი, მერე ჩამოდიხარ გიორგიწმინდაში, მანდაც არავინ არ ცხოვრობს. შატილში არის 7-8 ოჯახი. ანატორი - კაციშვილი არ ცხოვრობს, მესაზღვრეები დგანან ზემოთ. ამოვდივართ მუცოში - 3 კომლი. არდოტში და ხონიჭალაში 3-4 კომლია. ანდაქში მე ვარ მთელი წლის განმავლობაში. არჭილოში არავინ ცხოვრობს, ხახაბოც დაცლილია.“

სამსახურისგან თავისუფალ დროს მამა-პაპისეულ კარ-მიდამოში საქმიანობს. საკუთარი ბიზნესის დასაწყებად ემზადება, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც ტურიზმი იქნება. მხატვარი ირაკლი სუთიძე დაეხმარა და ცხენები ამოუყვანა. საქმიანობის სფეროების გაფართოებას და საკალმახის მოწყობას გეგმავს. პერსპექტივას მეფუტკრეობაშიც ხედავს. თუმცა „არც ტურიზმი გამოვა და არც არაფერი“, გზები და ხიდები თუ არ მოეწყო.

„ისეთი რაღაცაა გასაკეთებელი რომ ხალხი გაამაგრო. ვიცნობ ადამიანებს, აქ რომ უნდათ ყოფნა, მაგრამ სამსახური არაა. არადა, ეს ხომ სამშობლოა ჩვენი, თანაც საზღვრისპირა, არ უნდა დავკარგოთ! როცა წავალ პენსიაში, დავრჩები აქ და მესაზღვრეც ვიქნები და ადგილობრივი მოსახლეც.“

სოსო ზვიადაური ანდაქში რჩება და ცივი ზამთრისთვის ემზადება. საუბრის ბოლოსაც ისევ იმ თავის სურვილს გვიმეორებს - „რა იქნება, სოფელს ერთი ბილიკი გაგვიკეთონ, ფეხითა თუ ცხენით ნორმალურად რო გადაადგილდე, უსაფრთხოდ. ბილიკზე მაქვს ლაპარაკი!“

სოფელი ანდაქი პირიქითა ხევსურეთში, შატილის თემში, ზღვის დონიდან 1550 მეტრზე მდებარეობს. 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, აქ 17 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს კი არცერთი. 2017 წლის 23 აგვისტოს სოფლის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. სამანქანო გზის არარსებობის გამო ცეცხლი არა მეხანძრეებმა, არამედ რეინჯერებმა და ადგილობრივებმა ჩააქრეს.

გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში