საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ქვეშეთის ყოფილმა რწმუნებულმა დუშეთის გამგებელს სასამართლო მოუგო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:04 - 23 მარტი 2017 hits 12164

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილმა წარმომადგენელმა ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზურა ბურდულმა, რომელიც სამსახურიდან 2016 წლის 26 სექტემბერს გაათავისუფლეს, დუშეთის გამგებელს სასამართლო დავა მოუგო.

სააპელაციო სასამართლომ დუშეთის გამგეობას ზურა ბურდულის სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაავალა.

ზურა ბურდული დუშეთის გამგებელს, ვაჟა ჩოხელს პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს. გამგებლის ყოფილი წარმომადგენლის თქმით, ჩოხელთან მისი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ საუბარში ღიად თქვა, რომ 2015 წლის ოქტომბერში, საგარეჯოში გამართულ შუალედურ არჩევნებში რეალურად „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, თამარ ხიდაშელმა კი არა, არამედ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, ირმა ინაშვილმა გაიმარჯვა.

„მე არ ვყოფილვარ არც „პატრიოტთა ალიანსის“ და არც სხვა რომელიმე პარტიის წევრი. მიუხედავად ამისა, ამ განცხადების შემდეგ ჩემსა და ვაჟა ჩოხელს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა: ვერ ვახერხებდი მასთან შეხვედრას, ჩემს ყველა ინიციატივას ბლოკავდა. 2016 წლის აგვისტოს დასაწყისში დამიბარა კაბინეტში და მითხრა, რომ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება უნდა დამეწერა. უარი ვუთხარი. ჩვენს შორის გამართული საუბარი ტელეფონით ჩავიწერე და გამოვაქვეყნე. ამის შემდეგ ხმას საერთოდ აღარ მცემდა. მთელი სოფელი ზარალდებოდა. თანასოფლელებს ყველაფერზე უარს ეუბნებოდა. უარი თქვა ქვეშეთის ხიდის და დამწვარი ამბულატორიის აღდგენაზეც, რომელიც 31 სოფელს ემსახურებოდა. გარდა იმისა, რომ ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ვასრულებდი, ჩემი იქ ყოფნა თანასოფლელებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი გახდა. იძულებული გავხდი, განცხადება დამეწერა,“ - უთხრა „მთის ამბებს“ ზურა ბურდულმა.

განცხადებაში, რომელიც 2016 წლის 23 სექტემბრით არის დათარიღებული, ზურა ბურდული წერს: „თქვენი მხრიდან შევიწროების და ჩემთან დაპირისპირების გამო ვეღარ ვასრულებ სათანადოდ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. ასევე არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩემს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს ჩემი „არსებობის“ გამო ექმნებათ ხელოვნური პრობლემები. გთხოვთ, აღნიშნულის გათვალისწინებით, დამითხოვოთ სამსახურიდან“.

განცხადების დაწერიდან ორი დღის შემდეგ ზურა ბურდული სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ბურდულმა სარჩელით მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა და სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა. მცხეთის სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით კი, დუშეთის გამგეობას მისი სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ უნახავს. მისივე თქმით, გაგრძელდება თუ არა დავა უზენაეს სასამართლოში, ამას დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში