„აქ იდეალური პირობები ნამდვილად არ არის, მაგრამ გაკვეთილების ჩატარება შეიძლება. შენობა ნორმალურია, წყალი არ ჩამოდის. იატაკია ძველი და დაზიანებული. შენობა ჩვენი ძალებით შევაკეთეთ. საკმარისი საკლასო ოთახები რომ გვქონოდა, ტიხრები გავაკეთეთ. ხანძრის დროს სასკოლო ინვენტარი მთლიანად დაგვეწვა. მერხებით და საგანმანათლებლო პროცესისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთებით ახლომდებარე სოფლების საჯარო სკოლები დაგვეხმარნენ. განათლების სამინისტროდან ჩამოსულმა ექსპერტებმა სკოლის დამწვარი შენობა შეამოწმეს. სამწუხაროდ, შენობა ისეა დამწვარი, რომ რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. დარჩენილი კედლების გამოყენებაც კი შეუძლებელია. საავადმყოფოს შენობაში ალბათ, მინიმუმ 1 სასწავლო წლის გატარება კიდევ მოგვიწევს,“ - უთხრა „მთის ამბებს“ ლაილაშის საჯარო სკოლის დირექტორმა ალექსანდრე გიორგობიანმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოში აცხადებენ, რომ 2017 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია იმ შენობის რეაბილიტაცია, სადაც ამჟამად ლაილაშის სკოლა ფუნქციონირებს, ახალი სკოლის მშენებლობისთვის კი პროექტი მომზადდება.
ახალი შენობა, სავარაუდოდ, ისევ ძველი სკოლის ადგილზე აშენდება. მშენებლობის დაწყების თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.