საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რატომ აიყარა გულბათიშვილების ოჯახი უკანაფშავიდან – რეპორტაჟი შუაფხოს სკოლიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:31 - 05 იანვარი 2017 hits 9151

თხილიანელი ნინო ჯაბანიშვილი შუაფხოს საბაზო სკოლის პირველი კლასის ერთადერთი მოსწავლეა. მის კლასში შეიძლება მეორე ბავშვიც ყოფილიყო: ნინომ და მისმა მეზობელმა სალომემ პატარაობიდანვე იცოდნენ, რომ თანაკლასელებიც იქნებოდნენ, თუმცა სასწავლო წლის დასაწყისში გულბათიშვილების ხუთშვილიანი ოჯახი თხილიანადან აიყარა. ახლა ბარში არიან, მისაქციელთან, ახალუბანში ახლობლის სახლში ცხოვრობენ. სალომე და მისი უფროსი და-ძმები იქვე დადიან სკოლაში, უმცროსი, ელენეც საბავშვო ბაღში დადის.

შუაფხოში საბავშვო ბაღის გახსნა ოცნებად აქვთ ქცეული. სკოლა უკანაფშავის მთელი ხეობის, რეალურად კი, თხილიანელ და შუაფხოელ მოზარდებს ემსახურება. აქ ოდესღაც ინტერნატიც იყო, ხეობის ზედა სოფლების ბავშვები იქ რჩებოდნენ. ახლა ზემოთ სასკოლო ასაკის არავინაა. სკოლაში სულ 13 ბავშვია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გვპირდება, რომ ახალი სასკოლო რეფორმა განსაკუთრებულ პირობებს მცირეკონტიგენტიან სკოლებს შეუქმნის და სასიკეთო ცვლილებები მოხდება მთიანი სოფლების სკოლებში. უცნობია რამდენად მალე მიწვდება რეფორმა შუაფხოს საბაზო სკოლას, სადაც ჯერ ინფრასტრუქტურული პროექტებიც არ ამოქმედებულა. ჯეჯელავას წინამორბედმა, თამარ სანიკიძემ დანაპირების, რომ აქ საშუალო სკოლა იქნებოდა, შესრულება ვერ მოასწარო.  

არადა, წლევანდელ სასწავლო წელს კიდევ ერთი ან ორი ოჯახი შეიძლება დადგეს აყრის საშიშროების წინაშე. რატომ მიიღეს გულბათიშვილებმა მთიდან წასვლის გადაწყვეტილება?

შარშან შუაფხოს საბაზო სკოლა (9 კლასი) ოთხმა მოსწავლემ დაასრულა: და-ძმა ანა და გია გულბათიშვილებმა, ირმა ცოკილაურმა და ბარბარე ჯაბანიშვილმა.

რადგან შუაფხოში საშუალო სკოლა არ იყო, ოთხივე მოსწავლე და მათი ოჯახები არჩევანის ზღვარზე დადგნენ - ახალგაზრდებს სწავლა სად გაეგრძელებინათ?

ირმა და ბარბარე მაღაროსკარის საჯარო სკოლაში გადავიდნენ. მაღაროსკარიდან შუაფხომდე 25 კილომეტრია. გზა დაზიანებულია და ამ მანძილის გავლას ავტომობილით ლამის ერთი საათი სჭირდება. ირმა პანსიონში ცხოვრობს, ბარბარე - ბებიასთან რჩება. გოგონები პარასკევს საღამოს მიდიან სახლებში.

გულბათიშვილებმა, რომელთაც ოთხი სასკოლე და ერთიც სკოლამდელი ასაკის ბავშვი ჰყავთ, ოჯახის გაყოფას, ბარისკენ ერთად წასვლა ამჯობინეს.

„შუაფხოში საშუალო სკოლა რომ იყოს? ამ ზამთარს ალბათ ვეღარ, მაგრამ ახალ სასწავლო წელს კი გადავიყვანდი ბავშვებს უკან“, - გვეუბნება ოჯახის მამა რამაზ გულბათიშვილი. თხილიანას გარდა მათ ხომ სხვაგან არსად აქვთ საცხოვრებელი.        

მთაში დარჩენილ გოგო-ბიჭებს ძალიან ენატრებათ ბარში გადასული თანატოლები.

„გია ჩემი მეგობარია, ჩემთან შეზრდილი. ძალიან მეწყინა, რომ გადავიდა. წელსაც ოთხი მოსწავლე ვამთავრებთ 9 კლასს. არ ვიცი, სად წავალთ. აქედან წასვლა არ მინდა, ასე ხომ იცლება სოფელი“, - გვეუბნება მეცხრეკლასელი გიორგი ელიზბარაშვილი.

და-ძმა თინათინ და ავთანდილ თვარელაშვილებმაც ზუსტად არ იციან, სად იქნებიან მომავალ სასწავლო წელს, სავარაუდოდ, მაღაროსკარში. იოსებ ჯაბანიშვილიც, თუ შუაფხოში საშუალო სკოლის გახსნა ვერ მოესწრო, მაღაროსკარში გადავა, ბებოსთან იცხოვრებს.

„ბარბარე უკვე გადავიდა, მეც რომ გადავიდე, ჩემებს გაუჭირდებათ, დედა დატვირთულია და სულ გასულია სახლიდან“, - ჩივის სოსო. მის მშობლებს, სკოლის დირექტორ ირმა ცქიფაშვილსა და ზაზა ჯაბანიშვილს ათი შვილი ჰყავთ და უფროსი შვილების დახმარება ძალიან სჭირდებათ, თუმცა, ცხადია, მათი განათლებაც ადარდებთ.   

„არ ვიცით, რა გზას დაადგება ჩვენი ოჯახი“, - ამბობს ია ფრიდონაშვილი, რომელიც გარდა იმისა, რომ სკოლაში ასწავლის, მშობელიც არის:  ერთი შვილი მეცხრე კლასში ჰყავს, მეორე -  მეოთხეში. მარტო ბიჭის გაშვება არ უნდა და იძულებული გახდება, პატარაც წაიყვანოს.

****

შუაფხოელ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ის ამბავიც ადარდებთ, რომ სკოლა ძალიან სარემონტოა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურულ პროექტებს არც ფშავამდე მიუღწევია. სველი წერტილები და საპირფარეშოები არც აქ არის შენობაში და მძიმე მდგომარეობაშია.  

სკოლაში არ არის სპორტული დარბაზი, ან მოედანი, არ არის სპორტული ინვენტარი. ერთადერთი, „კავკასიურ სახლს“ ემადლიერებიან, ბევრი რამ გაგვიკეთესო.   

***

ბევრი მაღალმთიანი სოფლისგან განსხვავებით შუაფხოს სკოლაში სპეციალისტების დეფიციტი არ არის. ადგილობრივი მასწავლებლებიც არიან და ჩამოსულებიც. თამარ ჩოხელმა ჯერ კიდევ წინა საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო აქ მუშაობა, სკოლა რომ გაიხსნა. სამწუხაროდ, სულ ახლახან გარდაიცვალა მისი მეუღლე, სკოლის მაშინდელი დირექტორი ვახტანგ წელაური. მათი შვილი, მაია წელაურიც დღემდე ასწავლის დაწყებით კლასებში. ადგილობრივები არიან ია ფრიდონაშვილი და ზაზა ქოჩაშვილიც.

სკოლაში პროგრამით „ასწავლე საქართველოსთვის“ ექვსი მასწავლებელი მუშაობს: პირველი ნესტან ხორხომელიძე იყო, ბუნებისა და გეოგრაფიის მასწავლებელი. ფშავში რომ წამოვიდა, ფიქრობდა, რომ ცოტა ხანს დარჩებოდა, მაგრამ აგერ უკვე მერვე სასწავლო წელია, აქ მუშაობს. თიკო გაბრიაძე მეშვიდე წელია, ვალიდა ბაგაური - მეხუთე, ირინა კალანდაძე და იზაბელა კუსიანი - მესამე. გურიაში გადასული დავით ჩივაძე წელს მაია ქველაძემ შეცვალა. გაგა შეთეკაური პროგრამის გარეშე წავიდა ინგლისური ენის მასწავლებლად.

***

სკოლის უმცროსკლასელები ჯერ იმაზე არ დარდობენ, სად გააგრძელებენ სწავლას. თოვლიანი ზამთრის დღეებში თვალი ეზოსკენ მიურბით, სადაც თოვლის პაპაც დგას.

პირველკლასელი ნინო და მეორეკლასელი ნინო ერთ ოთახში მეცადინეობენ, ეს კლას-კომპლექტია. მათ ახლა ინგლისურის გაკვეთილი დაუმთავრდათ. გვერდით ოთახში, მესამე და მეოთხეკლასელებს სპორტის გაკვეთილი ჰქონდათ და ჭადრაკს თამაშობდნენ.

სკოლაში მეხუთე და მერვე კლასი არ ჰყავთ. ვალიდა ბაგაურს მეექვსეკლასელებთან მათემატიკის გაკვეთილი აქვს და ბავშვები განტოლებების ამოხსნაზე ვარჯიშობენ.

მეშვიდე კლასში მარიამს ინდივიდუალური გაკვეთილი აქვს ირინა მასწავლებელთან. მოსწავლე და მასწავლებელი „სულიკოს“ არჩევენ.

მეცხრეკლასელები კი საქართველოს ისტორიის კურსში ლაშა-გიორგისა და რუსუდანის პერიოდზე საუბრობენ. ეს სწორედ ის მეცხრაკლასელები არიან, ასე გულისტკივილით რომ საუბრობენ სკოლის მომავალზე.

სასწავლო წლის განახლებამდე ჩაჩუმებულია უკანაფშავის ერთადერთი საჯარო დაწესებულება. აქაური მოსწავლეები და მასწავლებლები კი ელიან, როდის მიაღწევს განათლების მინისტრის მიერ დაპირებული სიკეთე მათ სკოლამდე.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში