საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ვანო პაპიაშვილის ვიდეობლოგი – ჩვენ გზა არ გვაქვს და ახმეტაში მეტროზე მსჯელობენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:55 - 29 დეკემბერი 2016 hits 5340

„აქ დავიბადე, ჭართალაში და აქვე ვცხოვრობ. დანარჩენი 20–მდე ოჯახი დაახლოებით ერთ კილომეტრში ცხოვრობს აქედან. ადრე ზემოთაც იყო სოფლები, მაგრამ ახლა ერთგან, ჯაბურში არის ერთი კაცი, სხვაგან აღარავინ არის დარჩენილი“, – ამბობს ილტოს ხეობაში მცხოვრები ვანო პაპიაშვილი.

როგორ ვცხოვრობთ? როგორც გლეხკაცს შეეფერება, გაჭირვებით. ოჯახში მარტო ვარ. 56 წლის ვარ და 9-10 წელი მაქვს პენსიამდე. არც სამუშაო მაქვს, არც - პენსია, არც საქონელი მყავს. დახმარება მაქვს 30 ლარი, ეგ არის და ეგ. თავს რითი ვირჩენ? ზაფხულში სოკოზე დავდიოდი. 2 დღე მომქონდა და მერე რეალიზაციას ვუკეთებდი. კვირაში ერთხელ ახმეტაში, რაიონის საკოლმეურნეო ბაზარში ვყიდდი. ბევრი არაფერი მრჩებოდა, მაგრამ თავი გამქონდა. ახლა, ამ დროს, ზამთარში, არანაირი შემოსავალი არ მაქვს.

აქ გაზი არ გვაქვს და არაფერი. შეშა ცოტა მაქვს, მაგრამ თუ ასეთი სიცივეები გაგრძელდა, არ მეყოფა, ამიტომ გავდივარ ხოლმე ტყეში და თუ სადმე რამე ხმელი ტოტია, ქარისაგან ან თოვლისაგან მოტეხილი, მომაქვს. ვინც სითბოშია გაზრდილი, იმას ცივა, ვინც აქ ვართ, არაფრად მიგვაჩნია ეს სიცივე. ზამთარშიც ამაზე მეტი ტანსაცმელი არ მჭირდება. ერთი ხელი ტანსაცმელი მაქვს, რომლითაც რაიონში მივდივარ ხოლმე.

მთავარი პრობლემა უგზოობა, უტრანსპორტობა და გაჭირვებაა.

დეპუტატი არჩევნების წინ ერთხელ გამოჩნდა მარტო, მაგრამ მას მერე, როგორც ჩანს, შესაძლებლობა არ აქვს, ვერ მოიცალა. არჩევნების წინ ბევრ დაპირებას იძლევიან, მაგრამ მერე არავინ არაფრის გამკეთებელი არ არის. ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას რომ გვაქცევდეს, მაშინ გზა იქნება. გზა უნდა გაკეთდეს, რომ ტრანსპორტი იყოს.

აი, იქ, კუბიკებთან ნახეთ, როგორ არის გზა დავიწროებული? ადრე 10 მეტრი მაინც იყო და მოხრეშილიც იყო. 10 წელზე მეტია, ხრეში არავის დაუყრია. მანდ მცოცავი კლდეა, მაღლაც და დაბლაც. რომ ჩაწყვიტოს და წამოვიდეს, აქ ვერც ტრანსპორტი შემოვა, ვერც ექიმი, მოწყდება სოფელი რაიონულ ცენტრს, საერთოდ უგზოდ და უპატრონოდ დავრჩებით.

ახმეტის საკრებულოში კიდევ მეტროს რა დავარქვათო, იმაზე მსჯელობდნენ. ეგ ხომ სასაცილოა. მეტრო არა სანტიმეტრო. ეგ ფანტასტიკა სიზმარშიც არ დამსიზმრებია. ეს ხალხიც არ გააქციონ აქედან. ვიღაც უცხო რომ მოვიდეს, ნახოს აქაურობა, ინფარქტს მიიღებს, ხალხი კატასტროფაშია“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში