საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

არამხოლოდ სვანეთი, ქვეყნის ყველა ჰესი უნდა შემოწმდეს - ჭიპაშვილი კრიპტობიზნესზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:26 - 14 იანვარი 2022 hits 7875
დავით ჭიპაშვილი, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“
საზოგადოება
დავით ჭიპაშვილი, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ზემო სვანეთში ელექტროენერგიის ხშირ და ხანგრძლივ გათიშვებზე და რა უნდა გაკეთდეს პრობლემის მოსაგვარებლად? რატომ ვერ ასრულებენ ახალაშენებული ჰიდროელექტროსადგურები ნაკისრ ვალდებულებას და რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ  დაგეგმილი ენერგიის ნახევარსაც კი ძლივს გამოიმუშავებენ? „მთის ამბები“ „მწვანე ალტერნატივის“ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონიტორინგის პროგრამის კოორდინატორს დავით ჭიპაშვილს ესაუბრა.

- უნდა ჰქონდეს თუ არა ზემო სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგია უფასოდ და თუ უნდა ჰქონდეს, რატომ?

ზემო სვანეთის მოსახლეობას, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, რა თქმა უნდა, უფასო ენერგია უნდა ჰქონდეს. ეს საკითხი, ზემო სვანეთში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დარეგულირდა და ის განპირობებული იყო ენგურჰესის აშენებით, ენგურჰესით გამოწვეული ზიანის საკომპენსაციოდ. ლაპარაკია ზიანზე, რომელიც ზემო სვანეთს მიაყენა ენგურჰესმაც და სხვა ელექტროსადგურებმაც, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, წლების განმავლობაში შენდებოდა. ეგრეთ წოდებული სარგებლის განაწილების სამართლიანი პრინციპიდან გამომდინარე, ერთ-ერთი სარგებელი უნდა იყოს ენერგიაც, მაგრამ აქ ერთი საკითხიცაა - რა მიმართულებით უნდა იყოს ის უფასო. ეს არის ძალიან საინტერესო თემა. ეს არ ეხებათ იმათ, ვისაც აქვს ბიზნესი, კრიპტოვალუტა, სასტუმრო თუ რაიმე საწარმო, არამედ ადამიანებს, რომლებსაც ენერგია სჭირდებათ საკუთარი მოხმარებისთვის, სახლისთვის.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები დარეგულირდეს და ამის ვალდებულება აქვს, მათ შორის, თავად კომპანია „ენერგო-პროს“, რომელმაც საერთოდ წარმოუდგენელი ტიპის განცხადება გააკეთა, რომ ხელს იბანს, თითქოს მას ვინმე უშლის ხელს ამ საკითხების დარეგულირებაში. ამის შემდეგ, ასევე, ვნახეთ რაღაც წარმოუდგენელი აქციები მესტიაში, როდესაც მოსახლეობის წინააღმდეგ აქციას მართავდა მერი, იმის ნაცვლად, რომ პრობლემის სამართლებრივ ჭრილში განხილვაზე ეზრუნა. ამიტომაც, როდესაც საუბარია იმაზე, უნდა ჰქონდეს თუ არა ზემო სვანეთის მოსახლეობას უფასოდ ენერგია, დიახ, მათ უნდა ჰქონდეთ უფასოდ ენერგია, ოღონდ საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის. რამდენია ეს საყოფაცხოვრებო მოხმარება, როგორ უნდა მოხდეს მისი აღრიცხვა და მთელი რიგი საკითხები, ეს უკვე დასარეგულირებელია. ეს არის ზუსტად ის საკითხები, რომლებზეც უნდა მუშაობდეს როგორც სემეკი, ისე „ენერგო-პრო“ და მთლიანად სახელმწიფო და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ კი არ უნდა აწყობდეს აქციას, არამედ ეს პრობლემები დიდი ხნის წინ უნდა მოეგვარებინა, რადგან არ იყო ძნელი მოსაგვარებელი. სამწუხაროდ, თითი თითზე არ დაუდია სახელმწიფოს ამ მიმართულებით. აი, ეს არის მთავარი.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს, რომ არათუ ინდივიდუალურ გამრიცხველიანებაში, მას საბალანსო მრიცხველების დაყენებაშიც კი ხელს უშლიან და რომ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზეა იქ საუბარი. ჩვენ რამდენჯერმე ვკითხეთ ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებს და გვიპასუხეს, რომ ასეთ ფაქტებზე, მათ არაერთხელ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივ პოლიციას, თუმცა არცერთ შემთხვევაზე რეაგირება არ ყოფილა. კომპანია ამბობს, რომ მისი თანამშრომლების ფიზიკურ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრებოდა.

რასაც „ენერგო-პრო“ ამბობს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ძნელი დასაჯერებელია და თუ ეს რეალობაა, მაშინ უნდა დადგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მისი კონკრეტული თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი.

ჩვენ ახლა ვერ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რა ხმები დადის სვანეთში, რას ამბობს და რა მოსაზრება აქვს „ენერგო-პროს“ და რა მოსაზრება აქვს ვიღაც სხვას. მაგალითად, სვანეთში, მოსახლეობაში იმაზეც დადის ხმები, რომ „ენერგო-პროს“ ყოფილი თუ ახლანდელი მაღალჩინოსნები, სვანეთში, უშუალოდ არიან ჩაბმულები კრიპტოვალუტის წარმოებაში, თუმცა ეს არის ხმები და იმისთვის, რომ ყველაფერი გაირკვეს, არის თუ არა ვიღაც ჩართული ამ საქმეში, სახელმწიფოს ან კომპანიის ჩინოსნები, მოსახლეობა და ასე შემდეგ, ამას სჭირდება აღრიცხვა, რაც არ გაკეთებულა.

დავიწყოთ იმით, რომ კრიპტოვალუტის გამოვლენა, სინამდვილეში, ყველაზე ადვილია და არ სჭირდება დიდი ექსპერტული ცოდნა იმის მიხვედრას, სად არის კრიპტოვალუტა. უბრალოდ, უნდა გავყვეთ ელექტროენერგიის სადენს და ის მიგვიყვანს ეგრეთ წოდებულ კრიპტოფერმებთან, ტყეში, მოსახლეობის ეზოებში და სადაც გინდა იყოს. ეს ყველაფერი სვანებმა ძალიან კარგად იციან და ძალიან მარტივია ამის გამოვლენა. აქ პრობლემა ისაა, რომ „ენერგო-პროს“ არაფერი გაუკეთებია, არც დაუწყია ამ პროცესის ინიცირება. თუ დაიწყო, მაშინ გვანახოს, სად დაიწყო, ვის მიმართა და შემდგომ მოვთხოვოთ პასუხი იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებმაც ამაზე რეაგირება არ მოახდინეს. არ შეიძლება, ასე ხელი დაიბანო საკითხზე, რომელიც რეალურად კომპანიის ვალდებულებაა. ახლა რა უნდა გაკეთდეს - პირველ რიგში, ყველანაირი არასწორი ინფორმაციის გავრცელება რომ თავიდან ავიცილოთ, უნდა შედგეს კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ „ენერგო-პროს“, მესტიის მუნიციპალიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც და ადგილობრივებიც, მათ შორის, თუნდაც ის ადამიანები, ვინც ხატზე დაიფიცა.

უნდა დაიწყოს, უშგულიდან იდლიანამდე, ყველა სოფლისა თუ სახლის სრული რევიზია. ელემენტარულად, უნდა გავყვეთ სადენებს და უნდა გამოვლინდეს კრიპტოვალუტის შედეგად ენერგიის უკანონო მიტაცების ფაქტები.

ეს საკმაოდ მაღალი ძაბვის სადენებია. ჩვეულებრივი ელექტროენერგიის სადენი, რომელიც სახლში გვაქვს, ის კი არ არის კრიპტოვალუტისთვის საკმარისი, მას ეგრეთ წოდებული სამფაზიანი, მსხვილი კაბელი სჭირდება და ამ კაბელებისა და კრიპტოფერმის გამოვლენა საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას. არაა ლაპარაკი რაიმე სპეციალურ დანადგარებზე, ვიზუალური დაკვირვებითაა ეს შესაძლებელი, ელემენტარულად, მარტივად გამოვლენადი საკითხია.  

პირველია გამოვლენა და აღრიცხვა. მეორე ეტაპი უკვე გამრიცხველიანებაა, ინდივიდუალური გამრიცხველიანება, განსაკუთრებით იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც კრიპტოვალუტის აპარატები აქვთ. ამის შემდეგ, საჭირო იქნება კვოტის დაწესება საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის. პირობითად, 100 კვტ.სთ. თუ 150 კვტ.სთ. თვეში, ეს ჯერ შესაფასებელი საკითხია, მაგრამ პირობითად რომ ავიღოთ, ამ ნიშნულამდე იქნება უფასო, ხოლო ამ ზღვარს ვინც გადასცდება, გადაიხდის ისევე, როგორც სხვა მომხმარებელი. დასაწყებია სოციალურად დაუცველი მოქალაქეების აღრიცხვაც. აქვე უნდა ვთქვა, რომ ეს პირდაპირ ჯდება ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმაში, რომელიც მუშავდება და რაც ენერგოთანამეგობრობასთან აღებული ვალდებულების ფარგლებში გვევალება. უნდა შემუშავდეს სუბსიდირების პროგრამა ენერგოეფექტური ღონისძიებების დაფინანსებასთან მიმართებაში. საწყის ეტაპზე, ეს შეიძლება იყოს ლედნათურების დამონტაჟება და ვარვარას ნათურების სრულად აკრძალვა, რაც მნიშვნელოვან შეღავათს მისცემდა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას იმიტომ, რომ სრულად ჩაეტეოდნენ მოხმარებული ენერგიის კვოტაში და ამავე დროს, სისტემასაც გამოუთავისუფლებდა დამატებითი სიმძლავრეების საჭიროებას.

შემდეგ უნდა დაიწყოს ენერგოეფექტური ღონისძიებების უფრო ფართოდ დანერგვა, მათ შორის, მაგალითად, მიკროელექტროსადგურების, ანუ მზის „რუფტოპების“. არამხოლოდ სვანეთში, არამედ მთლიანად საქართველოში, რათა მომხმარებელი იყოს არა ენერგიის პასიური მომხმარებელი, არამედ აქტიური, რომელიც თვითონაც აწარმოებს ენერგიას.

რაც შეეხება უშუალოდ კრიპტოვალუტას და მის მფლობელებს, რომლებსაც სურთ, გააგრძელონ თავის საქმიანობა, მათ აუცილებლად უნდა დაუწესდეთ ბიზნესტარიფები ელექტროენერგიაზე. ეს, როგორც მინიმუმი. ასევე, უნდა შემუშავდეს საერთო საგადასახადო ღონისძიებები, რომლებიც კონკრეტულად იქნება მიბმული ენერგიის მოხმარებაზე, რადგან თუნდაც კრიპტოვალუტაზე ძალიან ცვალებადი ფასების გამო, ძნელია კრიპტოვალუტით მიღებული შემოსავლის გამოვლენა, აღრიცხვა და საერთოდ, განსაზღვრა, რა მოგება მიიღო მისმა მფლობელმა. ელექტროენერგიის გადასახადის გარდა, მათ შეიძლება, დაუწესდეთ დამატებითი გადასახადი კრიპტოვალუტით მიღებული შემოსავლიდან, რადგან რელურად, ეს არ არის ბიზნესი, ეს უფრო შავი ბიზნესია. კრიპტოვალუტის ავკარგიანობაზე ცალკე შეგვიძლია ვისაუბროთ, რატომ არის ის პრობლემა და არამხოლოდ ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სასწრაფოდ გადასადგმელი ნაბიჯები ნამდვილად ესაა.

ამგვარად დარეგულირებული საკითხი, შესაძლოა, შემდეგ გამოდგეს როგორც სანიმუშო მოდელი აფხაზეთთან მიმართებაშიც.

ჩვენ ვლაპარაკობთ სვანეთზე, მაგრამ სინამდვილეში, კრიპტოსამოთხე აფხაზეთია, სადაც არ არსებობს არცერთი ცარიელი შენობა, არცერთი ოჯახი, არცერთი დაწესებულება, სადაც კრიპტოვალუტის წარმოება არ მიმდინარეობს. აფხაზეთის მოხმარება უკვე დაეწია „ენერგო-პროს“ მოხმარებას, საუბარია წარმოუდგენელ მასშტაბებზე.

და კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ასევე ხმების თემაა და ეს ხმებიც საჭიროა, რომ გაბათილდეს.

არსებობს მოსაზრებები, რომ სვანეთში, და არამხოლოდ სვანეთში, საქართველოს სხვა რეგიონებში არსებული ჰიდროელექტორსადგურების შენობა-ნაგებობშიც არის განთავსებული კრიტპოვალუტის ფერმები, რომლებიც აქტიურად მოიხმარენ ენერგიას იმავე ჰიდროელექტროსადგურებიდან.

ამიტომაც, არამარტო ის უნდა აღირიცხოს, სვანეთში სად და როგორ იწარმოება კრიპტოვალუტა, არამედ უნდა შემოწმდეს ყველა ახალაშენებული ჰიდროელექტროსადგური სვანეთშიც და სხვაგანაც, მაგალითად დარიალში. საჭიროა სათავო შენობა-ნაგებობებში შესვლა და დათვალიერება, მართლაც ხომ არაა იქ კრიპტოვალუტის მოწყობილობა, დანადგარები. რეალურად, ეს არის ყველაზე კარგი ადგილი კრიპტოაპარატისთვის, ტემპერატურული თუ სხვა რეჟიმებიდან გამომდინარე.

- როგორ წარმოგიდგენიათ ამის გაკეთება კერძო მესაკუთრის პირობებში?

ჰიდროელექტროსადგურის მფლობელს, განსაკუთრებით ახალაშენებული ჰიდროელექტროსადგურის მფლობელს, სახელმწიფოსთან აქვს ვალდებულება გენერირებული ელექტროენერგიის მიწოდებაზე.

როდესაც ბალანსში ვხედავთ, რომ დაგეგმილი მაჩვენებლის ნახევარზეც კი ვერ გადის ჰიდროელექტროსადგური, ამას სჭირდება შემოწმება და დადგენა - ეს არის გამოწვეული ბუნებრივი პირობებით, ანუ მდინარეში წყლის რაოდენობის ნაკლებობით, თუ სხვა გარემოებით, თუნდაც კრიპტოვალუტის ფერმების აღრიცხვის გარეთ ფუნქციონირებით, რაზეც იხარჯება კონკრეტულად ამ ჰიდროელექტროსადგურის ენერგია.

- ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ამის გამოვლენის შემთხვევაში, ეს იქნება პირდაპირ სახელმწიფოსთან დადებული PPA-ს (Power Purchase Agreement - კონტრაქტი სახელმწიფოსა და კომპანიას შორის) დარღვევა.

ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც ჰიდროელექტროსადგური ვერ ასრულებს აღებულ ვალდებულებას და დაგეგმილზე ნაკლებს ან დაგეგმილის ნახევარ ენერგიას გამოიმუშავებს?

- ეს არის ფაქტი. თუ შევიხედებით „ესკოს“ ვებგვერდზე, ამოვწერთ ახალაშენებულ ჰიდროელექტროსადგურებს, რომლებსაც წესით და რიგით ტექნიკური პრობლემები არ უნდა ჰქონდეთ და უნდა გადიოდნენ საპროექტო გამომუშავებაზე, აღმოვაჩენთ, რომ რეალურად, არცერთი ჰიდროელექტროსადგური არ გადის საპროექტო გამომუშავებაზე და საბოლოო ჯამში, საერთო დანაკლისი ამ ახალაშენებული ჰიდროელექტროსადგურებიდან არის უზარმაზარი. მაგალითად, შარშან ეს დანაკლისი იყო დაახლოებით 1 მილიარდი კილოვატ საათი.

თუნდაც, ავიღოთ დარიალი ჰესი, შევადაროთ მისი საპროექტო და ფაქტობრივი გამომუშავება; ავიღოთ შუახევი ჰესი... მე ახლა ვასახელებ დიდ ჰიდროელექტროსადგურებს, პატარებზე აღარ ვლაპარაკობ. ავიღოთ მესტიაჭალა ჰესი, ლახამი ჰესი... საპროექტო გამომუშავების ნახევარზე ვერ გადიან.

არ ვიცი, რითაა ეს გამოწვეული. შეიძლება იყოს ბუნებრივადაც. ისე, თვითონ ჰესის პრობლემაც შეიძლება იყოს, რომ წყალი არასწორად გათვალა, ან ზოგადად, ნაკლებობაა მდინარეში, მაგრამ შეიძლება იყოს სხვა მიზეზებითაც. ეს სხვა ფაქტორები, იგივე კრიპტოვალუტა რომ გამოირიცხოს, ამისთვისაა საჭიროა თითოეული ჰიდროელექტროსადგურის შემოწმება. საერთოდ, ჰიდროელექტროსადგურები დეტალურად შესასწავლია ისედაც ამ ქვეყანაში. ხომ უნდა დავადგინოთ, რეალურად, რატომ ვერ ახერხებენ ახალაშენებული ჰიდროელექტროსადგურები საპროექტო გამომუშავებაზე გასვლას.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში