საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

პოლიციის გარეშე არაფერი გამოვა - დავით ნარმანია სვანეთში მაინინგის პრობლემის გადაწყვეტაზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:21 - 12 იანვარი 2022 hits 5510
ფოტოზე - სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია
საზოგადოება
ფოტოზე - სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია

რა სამართლებრივი საფუძველი აქვს მესტიის რაიონისთვის დენის უფასოდ მიწოდებას; რას პასუხობს სემეკი „ენერგო პრო ჯორჯიას“ მოთხოვნას, ზემო სვანეთის ელექტრომომარებაზე პასუხისმგებლობა და ქსელის მართვა მუნიციპალიტეტს გადაეცეს - მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგოკრიზისსა და მაინინგის პრობლემებზე, ასევე იმაზე, თუ რაში ხედავს გამოსავალს და რატომ არ ეთანხმება ეკონომიკის მინისტრის პოზიციას,  „მთის ამბებთან“ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია საუბრობს.

- ბატონო დავით, დავიწყოთ იმით, როდიდან და რატომ მიეწოდება ზემო სვანეთს ელექტროენერგია უფასოდ?

90-იანი წლების შეთანხმებაა, რომ სვანეთში მესტიის მუნიციპალიტეტი ელექტროენერგიის გადახდისგან გათავისუფლდა და დღემდე ასე გრძელდება, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სწორი და გამართლებული, მაგრამ შეთანხმება, რომელიც თავის დროზე არსებობდა, ამის მთავარი მიზეზია.

რას ეფუძნებოდა ეს შეთანხმება?

- შეთანხმების საფუძველი ნამდვილად არ ვიცი, თუმცა ის მაშინდელი მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით არსებობს.

 - როგორც ვიცით, არსებობს ასევე საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის 2003 წლის 2 ივნისის N160 განკარგულება, რომლის მიხედვითაც, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დაევალა, ძალაში დაეტოვებინა მესტიის რაიონის მოსახლეობის ელექტრონერგიის საფასურისგან გათავისუფლება.

კი, არსებობს ასეთი, მაშინდელი ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ათავისუფლებდა მესტიას, როგორც მაღალმთიან მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის გადასახადის გადახდისგან.

საქართველოში სხვა მაღალმთიანი რეგიონებიც გვაქვს. მხოლოდ მაღალმთიანობით იყო ეს გადაწყვეტილება გამოწვეული, თუ იმითაც, რომ ენგურჰესის მშენებლობის გამო თავის დროზე ზემო სვანეთის ტერიტორიის ნაწილი დაიტბორა. ადგილობრივები და გარემოს დამცველები ამბობენ, რომ შეიცვალა კლიმატი, რეგიონმა ეკოლოგიური ზიანიც მიიღო და სწორედ ამის საკომპენსაციოდ მიეწოდება ზემო სვანეთს ელექტროენერგია უფასოდ. ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას უფასოდ ვაწვდით რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსაც. ხშირად მომისმენია სვანეთში, რომ თუკი უფასოა დენი აფხაზეთისთვის, რომელსაც ასევე აქვს მაინინგის პრობლემა, ჩვენთვის რატომ უნდა იყოს ფასიანი.

- არც ერთი და არც მეორე არ არის სწორი მიდგომა, რა თქმა უნდა, თუმცა იმ პერიოდის შეთანხმებაა და შესაბამისად, დღემდე გრძელდება. ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია იყოფა 40/60 %-ზე პროპორციით. 40 % მიეწოდება აფხაზეთს, ვინაიდან, ძირითადი აგრეგატები, სადაც ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება, არის აფხაზეთის მხარეს. 60 % მიეწოდება დანარჩენ საქართველოს და იგივე გასული წლის მონაცემებს რომ შევხედოთ, ეს შეთანხმება, რაც თავის დროზე არსებობდა, გასულ წელსაც იყო დაცული, ანუ 40/60 %-ზე პროპორციით.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად გვესმის, მათ შორის, „ენერგო პრო ჯორჯიასგან“, რომ ზემო სვანეთს არ უნდა მიეწოდებოდეს ელექტროენერგია უფასოდ და ამას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. როდის შეიცვალა ედუარდ შევარდნაძის განკარგულება და რა დოკუმენტით?

- რამდენადაც ვიცი, ეს გადაწყვეტილება ძალადაკარგული არ არის, თუმცა „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიდგომა და წუხილი სწორია, და ჩვენ, მარეგულირებელი კომისია ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, იგივე პოზიციაზე ვართ. „ენერგო პრო ჯორჯია“ დღეს მისი საკუთარი მოგებიდან აფინანსებს მესტიაში მოხმარებული ენერგიის საფასურს და ეს მისთვის საკმაოდ დიდი, სოლიდური დანაკარგია.

- „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ ბოცვაძემ, 29 დეკემბერს თქვა, რომ კომპანია მესტიის მოსახლეობისგან მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს წლების განმავლობაში არ იღებს, ამის სანაცვლოდ და ქსელის მოვლა-პატრონობისთვის 45 მილიონი აქვს დახარჯული. კერძო კომპანიას ეს ვალდებულება კონტრაქტით აქვს აღებული, ოპერირების დაწყების პირობა იყო ასეთი, თუ უნდა დავიჯეროთ, რომ ქველმოქმედებას ეწევა?

- კონკრეტული ვალდებულება რასაკვირველია არა აქვს კომპანიას, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, მას, გარდა დედაქალაქისა, გააჩნია ოპერირების ლიცენზია, ამ სალიცენზიო ვალდებულების ფარგლებში ის ამას აკეთებს.

- თავისი კეთილი ნებით თუ ვალდებულებით?

- თავისი კეთილი ნებით აკეთებს ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ეს არის მისი სალიცენზიო ვალდებულება.

- და რომ არ მიაწოდოს გადაუხდელობის გამო, რა პასუხისმგებლობას დავაკისრებთ?

- თუ გამორთავს კონკრეტულ აბონენტებს, რომლებსაც არ ექნებათ გადახდილი საფასური, რა თქმა უნდა, პასუხს ვერ მოვთხოვთ იმიტომ, რომ მოიქცევა სწორად, თუმცა ამას არ აკეთებს მისი კეთილი ნების გამო.

- 2020 წლის სექტემბერში, სემეკში აცხადებდნენ, რომ მთავრობასთან ერთად მუშაობდნენ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების პრობლემას მოაგვარებდა. მომზადდა ეს გეგმა?

- „ენერგო პრო ჯორჯიამ“ მოამზადა გეგმა, რომლის მიხედვითაც ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო გამრიცხველიანება. ჯერ საბალანსო მრიცხველები უნდა დამდგარიყო, შემდეგ ინდივიდუალური მრიცხველები, კონკრეტული მოხმარების მიხედვით. თუმცა ამას მერე გაგრძელება, სამწუხაროდ, არ მოჰყვა. დაიწყო „ენერგო პრო ჯორჯიამ“ ამ გეგმის მიხედვით მრიცხველების დაყენება, მაგრამ იქ მოხდა ხელის შეშლა და შესაბამისად, ეს გეგმა ვერ განხორციელდა.

- „ენერგო პრო ჯორჯიას“ მონაცემებით, 2021 წლის მოხმარებამ 101 568 155 კვტ.სთ-ს გადააჭარბა, რაც 2020 წელთან შედარებით 10 მლნ-თაა გაზრდილი და 2018 წელთან შედარებით, თითქმის 35 მლნ-ით. მანამდეც, თითქმის 10 წელია მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება მზარდია, „ენერგო პრო ჯორჯიას“ თუ დავეყრდნობით, დრამატულადაც კი. კომპანიის მონაცემებით, მაგალითად, 2019 წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რაც იმავე პერიოდში ერთად აღებულმა 19 რაიონის მოსახლეობამ. სემეკი მხოლოდ სადისტრიბუციო კომპანიის მიერ მოწოდებულ მონაცემებს ეყრდნობა თუ ამოწმებთ რაიმე ალტერნატიული გზით. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მესტიის მოსახლეობის ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს კომპანიის მონაცემებს და ვარაუდობენ, რომ მონაცემები გაზრახ არის გაზრდილი, რათა ზემო სვანეთის მოსახლეობას დენის გადასახადი დაუწესონ და მისი გადახდა აიძულონ.

- განზრახ გაზრდილი ნამდვილად არ არის. ეს ყველაფერი ეყრდნობა „ენერგო პრო ჯორჯიას“ მთავარ საბალანსო მრიცხველებს, რომლებიც მათ უყენიათ და რაზე დაყრდნობითაც აღირიცხება მესტიის მუნიციპალიტეტისთვის მიწოდებული ენერგია. ფაქტი ნამდვილად ის არის, რომ გაიზარდა ენერგიის მოხმარება, რაც მხოლოდ მოსახლეობასთან დაკავშირებული არ არის და არც კონკრეტულად კომერციულ ობიექტებთან. მაინინგი, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტში საკმაოდ ფართო ხასიათს ატარებს, არის ძირითადი მოხმარების გამომწვევი წყარო.

- სემეკს აქვს რაიმე ტექნიკური შესაძლებლობა, რომ შეამოწმოს რამდენად შეესაბამება ეს რიცხვები რეალობას?

- ამის შესაძლებლობა აქვს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, რომელიც ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით იგივეს ადასტურებს.

- „ენერგო პრო ჯორჯიას“ მონაცემებით, რომლებსაც სემეკიც ეყრდნობა, პრობლემა დგას თითქმის 10 წელია. სად არის ამ დროს სემეკი, რას აკეთებდა უწყება იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარებულიყო და ასე არ გართულებულიყო. მხოლოდ წინამორბედზე რომ არ გადავიტანოთ პასუხისმგებლობა, იმ პერიოდზეც ვისაუბროთ, რაც თქვენ ხართ კომისიის თავმჯდომარე და ეს უკვე 2 წელზე მეტია.

- სემეკის როლი არის ტარიფების დადგენა, სალიცენზიო საკითხების შესრულება/არშესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება და ა.შ. სხვა მეტი ასე ვთქვათ უფრო მკაცრი ბერკეტი ჩვენ, როგორც კომისიას, კანონით არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, რაც ჩვენს ხელთ არის, მაქსიმალურად ვაკეთებთ.

- თუმცა რამდენიმე დღის წინ, საჯარო განცხადებებიც გააკეთეთ ამ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობებზე და თუკი თქვენს კომპეტენციაში არ შედის, მაშინ უბრალოდ გამოეხმაურეთ, შეგაწუხათ ამ პრობლემამ, თუ რა იყო ამ განცხადებების მიზანი?

- „ენერგო პრო ჯორჯია“ მომართავს პერიოდულად ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას, აყენებს საკითხს. შესაბამისად, ჩემი როლი და პასუხისმგებლობაც არის, რომ თუ გასახმოვანებელია, გავახმოვანო, თუ გარკვეული გადაწყვეტილებებია მისაღები, მივიღოთ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები. ასე რომ, ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ და რაც ჩვენ შეგვიძლია.

- რა საკითხზე მოგმართათ კომპანიამ?

- ითხოვენ იმას, რომ სალიცენზიო არეალიდან ამოვიღოთ ზემო სვანეთი და ეს ქსელი გადავცეთ მუნიციპალიტეტს.

- და რას ფიქრობთ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე?

- ჩვენ არ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ მესტიის მუნიციპალიტეტი ამ ყველაფერს თავს გაართმევს და უკეთ გააკეთებს, ვიდრე „ენერგო პრო ჯორჯია“.

- აქვე გკითხავთ, ხშირად უთქვამთ ადგილობრივებს, შესაძლოა, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ „ენერგო პრომ ჯორჯიამ“ უარი თქვას ზემო სვანეთში ოპერირებაზე და ახალი კომპანიის შემოყვანის თუ გაჩენის შესაძლებლობა გაჩნდეს.

- ვის ინტერესებში უნდა შედიოდეს იქ ახალი კომპანიის გაჩენა?! რა თქმა უნდა, ახალი კომპანიაც ვერ ამოიღებს, ისევე, როგორც „ენერგო პრო ჯორჯიას“ ვერ ამოაქვს გადასახდელი. რატომ უნდა შევიდეს ახალი კომპანია, არა მგონია, რომ ეს ვინმეს ბიზნესინტერესი იყოს.

- მუნიციპალიტეტი თავს ვერ გაართმევსო, თქვით და გულისხმობდით, რომ ქსელი მოძველებულია, ხშირი ავარიებია და მუნიციპალიტეტი თავისი რესურსებით ვერ მოუვლის?

- ვერ მოუვლის. მუნიციპალიტეტს საკმაოდ დიდი რესურსის ჩადება მოუწევს, თუმცა ვერ მოუვლის. არა მგონია, რომ მას ამის შესაძლებლობა ჰქონდეს.

- თქვენ კარგად იცნობთ ადგილობრივ თვითმმართველობებს, მინისტრობის პერიოდშიც და მანამდეც, რატომ ვერ გაართმევს თავს, მხოლოდ ფინანსურად?

- ფინანსურადაც და ადმინისტრაციულადაც.

- მოსახლეობის ნაწილმა ხატზე დაიფიცა და ამ გზით სცადეს ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება. კომპანია ამბობს, რომ მოხმარება არც ამის შემდეგ შემცირებულა და სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე. ზემო სვანეთში ტურისტული სეზონია, მესტიის რაიონს ბუნებრივი აირი არ აქვს და ზამთარში ხალხი გასათბობად ელექტროენერგიას იყენებს. შესაბამისად, ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილურობაზეა დამოკიდებული სამთო-სათხილამურო კურორტების მუშაობაც და იმ ოჯახების შემოსავლებიც, ვინც ტურისტულ ინდუსტრიაშია ჩართული. ამ ფონზე, რაში ხედავთ გამოსავალს?

- ტურიზმის განვითარებას, რა თქმა უნდა, ხელი არ უნდა შეეშალოს. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა, ისევე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ენერგიით უზრუნველყოფა.

გაზრდილი მოხმარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ გატარდეს ღონისძიებები, რაც გულისხმობს, ასე ვთქვათ, ასეთი ტიპის, მაინინგების ... როგორც ადრე, რამდენიმე ოპერაცია გატარდა, ასეთი ტიპის ოპერაციის გატარებას, მათ დალუქვას და შესაბამისი საქმის წარმოებას. ეს მგონია გამოსავალი.

- მტკიცედ გჯერათ ამის? თქვენ რამდენიმე დღის წინაც გააკეთეთ ასეთი განცხადება, რომლის საპირისპიროც თქვა შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, რომ სამართალდამცველების ჩარევის საჭიროებას ვერ ხედავს. კი ხართ თქვენ მარეგულირებელი და არ ხართ სამთავრობო უწყება, მაგრამ მაინც სახელმწიფო ორგანიზაციად მიიჩნევით. ერთიანი პოზიცია არ გაქვთ სამთავრობო დონეზე შეჯერებული?

- არსებობს გარკვეული სახის საერთო პოზიციები, ზოგიერთ ნაწილში - აზრთა სხვაობებიც, თუმცა მე მაინც მგონია, რომ თუ იქ ქსელზე დიდი დატვირთვა იქნება მაინინგებიდან გამომიდინარე, ასეთი ტიპის მაინინგები ქსელს უნდა მოშორდეს.

- და ეს შესაძლებელია პოლიციის გარეშე?

- პოლიციის გარეშე ეს არ გამოვა.

- 2020 წლის დეკემბერში, სასტუმრო „ბანგურიანის“ დამხმარე სათავსოდან ამოიღეს კრიპტოვალუტის ფერმა, რომელიც ისევ „ენერგო პრო ჯორჯიას“ ცნობით, 4-5 სოფლის სამყოფ ენერგიას მოიხმარდა. მანამდე, 2020 წლის იანვარში, სოფელ იდლიანში 600-მდე, ხაიშში კი 2000-მდე მაინერი ამოიღეს. ესეც აჩვენებს რა მასშტაბებისაა ეს ბიზნესი. ამის მიუხედავად, ამდენი ხანია პრობლემა მოუგვარებელია. რაზე მიგვანიშნებს ეს, იმაზე ხომ არა, რომ შეიძლება, იქ იყოს გარკვეული ინტერესები, რომლებთან დაჯახებაც ან მკაცრი ღონისძიებების გატარებაც უწყებებს უჭირთ და თავს არიდებენ?

- მე მგონი არ ერიდებიან. იგივე ჩატარებული ოპერაციებიც ხაზს უსვამს იმას, რომ ამან შედეგი გამოიღო და ვიცი, რომ გაგრძელდება ასეთი სახის ოპერაციები. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის. სადაც დატვირთვა მეტია, იმ უბანში უნდა ვეძიოთ მაინინგი.

- ბოლო პერიოდში რა ენერგოკრიზისიც იყო ზემო სვანეთში, ამის ფონზე, სამართალდამცველებს არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ, არადა, „ენერგო პრო ჯორჯიამ“ მიმართა პოლიციას ელექტროენერგიის დატაცების ფაქტებზე. რატომ ვერ ვახდენთ რეაგირებას?

- მე რამდენადაც ვიცი, რეაგირება დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება ამასთან დაკავშირებით. სხვა ინფორმაცია, მაგალითად, რა ღონისძიება გატარდა და რა შედეგი მივიღეთ, ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ ვიცი, რომ „ენერგო პრო ჯორჯიამ“ ნადვილად მიმართა შსს-ს, ასლი ჩვენთანაც გამოაგზავნეს.

- ელოდებით, რომ უახლოეს პერიოდში რამე შეიძლება გაუმჯობესდეს?

- დარწმუნებული ვარ, რომ იქნება შესაბამისი რეაგირება შესაბამისი ოპერაციების ხარჯზე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში