საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთის გზიდან მანქანა გადავარდა - 15 წლის ბავშვი დაიღუპა, 2 ადამიანი დაშავდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:22 - 18 ოქტომბერი 2021 hits 34947

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 31-ე კილომეტრზე, თორღვას აბანოს ზემოთ, მეორე მოსახვევთან „ტოიოტა ფორანერის“ მარკის ავტომობილი დიდი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. დადასტურებული ინფორმაციით, დაიღუპა 15 წლის ბავშვი, რომელიც ქვემო ალვანის მკვიდრია. დაშავდა 2 ადამიანი.

მათგან ერთი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მეორე დაშავებული ლ. გაწირიძე  ახმეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს საავადმყოფოში ახლა გადმოჰყავს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის ინფორმაციით, პირველადი შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათო არ უნდა იყოს. პაციენტი კონტაქტურია.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, მათთან მოთავსებული  ჯ. ბაკურაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია: „სავარაუდოდ, ტვინის შერყევა აქვს. ახლა უტარდება კვლევები. დაჟეჟილი აქვს ფილტვებიც“.

შემთხვევა დღეს, დილით, გამთენიისას მოხდა, როცა სამი ადამიანი ალვნებიდან თუშეთში მიემგზავრებოდა.

თუშეთის მცხოვრებლების თქმით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზა კარგად არ არის გაწმენდილი და ავტოსატრანსპორტო შემთხვევა სავარაუდოდ, ამან გამოიწვია.

„ყოველ წელს ვიღაც იღუპება. ხან მანქანის გაუმართაობას აბრალებენ, ხან  მძღოლის უპასუხისმგებლობას. სინამდვილეში, გზის გაუმართაობის გამოა ყველაფერი. რეაბილიტაციას ეძახიან და საწვავი რომ დაზოგონ, გზას კარგად არ წმენდენ, არ უვლიან“, - უთხრა „მთის ამბებს“ დავით ლაგაზიძემ.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, თუშეთის გზაზე, წელს, 4 აგვისტოსაც მოხდა. ე.წ. ბოთლის წყალთან, დიდი სიმაღლიდან „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ხევში გადავარდა. დაიღუპა სოფელ ომალოს მკვიდრი ნუგზარ თათრულაიძე, რომელსაც უცხოელი ტურისტი გადაჰყავდა. ტურისტი დაშავდა.

თუშეთის გზის მოვლა-პატრონობა შპს „ენერჯი გრუპს“ ევალება, რომელიც 2020-2021 წლებში ამ მიზნით ბიუჯეტიდან ერთ მილიონ ლარს იღებს. კომპანიის 100 % წილის მფლობელი გიორგი წიკლაურია. იგი „ქართული ოცნებიდან“ თიანეთის მერობის კანდიდატის ლევან წიკლაურის ძმაა. 2017-2019 წლებში თუშეთის გზის მოვლა-პატრონობაზე დაახლოებით 1.5 მილიონიანი ტენდერი ჰქონდა მოგებული შპს „გერალს“, რომელიც ლევან წიკლაურს ეკუთვნოდა, ვიდრე მას თიანეთის მერობის კანდიდატად წარადგენდნენ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილი არ ადასტურებს თუშეთის მცხოვრებლების ინფორმაციას, რომ კომპანია „ენერჯი გრუპი“ თუშეთის გზას სათანადოდ არ უვლის. „რთული გზაა. სამწუხაროდ, ავარიები თითქმის ყოველ წელს ხდება“.

ამ თემაზე:

სიკვდილის გზა

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში