საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„რიონის ხეობის მცველებს“ სოციალური სამართლიანობის ცენტრიც გაემიჯნა

19:16 - 06 ივლისი 2021 hits 15517

„რიონის ხეობის მცველების“ მხრიდან ძალადობრივი, ანტიდემოკრატიული და არაჰუმანური ძალების მხარეს დადგომამ, მათთან ჩვენი ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი გახადა“, - მოძრაობას „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ სოციალური სამართლიანობის ცენტრიც (ყოფილი EMC) გაემიჯნა. ორგანიზაცია „რიონის ხეობის მცველებს“ აქტიურ მხარდაჭერას უწევდა პოლიტიკურ და სამართლებრივ ბრძოლაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„რამდენიმე დღის წინ, მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ გაავრცელა განცხადება, რომელიც თბილისში დაგეგმილ „ღირსების მარშს“ ეხმაურებოდა და მას ემიჯნებოდა, როგორც „არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას“ და „სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას“. გუშინ, 5 ივლისს, მოძრაობის ლიდერები შეუერთდნენ „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ მიმდინარე კონტრაქციას თბილისში, რომელიც იმთავითვე აშკარა იყო რომ ძალადობრივ შინაარსს და განზრახვას ატარებდა.

კონტრაქციაზე დილიდანვე დაიწყო ძალადობრივი შეტევა ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებზე. კონტრაქციის მონაწილეები შევარდნენ და დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ ოფისი. თავს დაესხნენ სხვა სამოქალაქო და აქტივისტური ორგანიზაციების ოფისებსაც. დაფიქსირდა ძალადობის უმძიმესი შემთხვევები არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვის მიმართ. სამწუხაროდ, ძალადობის ამ მასშტაბურ, არაჰუმანურ და კოლექტიურ პრაქტიკაზე რიონის ხეობის მცველების დამაჯერებელი და თვითრეფლექსიური კრიტიკა არ მოგვისმენია.

ამ დრომდე რიონის ხეობაში მიმდინარე წინააღმდეგობა ახერხებდა სხვადასხვა, მათ შორის, განსხვავებული პოლიტიკური და იდეოლოგიური ხედვებისა და პოზიციების მქონე ჯგუფების გაერთიანებას. მოძრაობას პირველივე დღეებიდან აძლიერებდა თანასწორობისა და არაძალადობრიობის პრინციპებზე დაფუძნებული შინაარსი. ვთვლით, რომ ამ ღირებულებების ერთგულების გარეშე მოძრაობა კარგავს მის სოციალურად სამართლიან, ფართო საზოგადოებრივი წუხილების დატევის და გამოხატვის პოტენციალს.

ორგანიზაცია „თბილისი პრაიდისა“ და სხვა მხარდამჭერების მიერ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ კვირეულამდე რამდენიმე ხნით ადრე, აშკარა იყო, რომ „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ დაგეგმილი კონტრაქცია მიზნად ისახავდა არა პროტესტის მშვიდობიან გამოხატვას, არამედ ძალადობრივ დომინაციას, ჩაგვრისა და უთანხმოებების გამწვავებას ჩვენს ისედაც დაყოფილ და პოლარიზებულ საზოგადოებაში. ხელისუფლების მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები, ისევე როგორც პოლიციის მხრიდან წესრიგის დაცვაზე დემონსტრაციული უარი, კიდევ ერთხელ აჩვენებს ლგბტქ თემის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების სტრატეგიას და ამ თემაზე კაპიტალიზებით პოპულისტური მხარდაჭერის და ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისის გადაფარვის მოტივაციას. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკურ თამაშში საპატრიარქო და ხელისუფლება მოკავშირეებად მოგვევლინენ. სასულიერო პირების ნაწილი ღიად და საჯაროდ ახალისებდა ძალადობას, სიძულვილსა და ჩაგვრას.

ამ რეალობაში „რიონის ხეობის მცველების“ მხრიდან ძალადობრივი, ანტიდემოკრატიული და არაჰუმანური ძალების მხარეს დადგომამ და ლიდერების მხრიდან საკუთარი მოძრაობის ფილოსოფიური და ეთიკური საფუძვლებისა და ღირებულებების წინააღმდეგ წასვლამ, მათთან ჩვენი ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი გახადა.

რიონის ხეობის მცველების გუშინდელი გადაწყვეტილება, შეერთებოდნენ დეკლარილებულად ძალადობრივ აქციას, აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი ორგანიზაციისთვის, რომელიც ბოლო დრომდე თავს ამ მოძრაობის ერთგულ მხარდამჭერად მიიჩნევდა და ყველა რესურსი გამოიყენა მისი პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის რიონის ხეობის გადარჩენის მოძრაობა ბოლო წლებში ჩვენი მოქალაქეების დემოკრატიული თვითორგანიზების უნიკალური მცდელობა იყო, რომელიც დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყნის უთანასწორო და არაადამინური ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ლოგიკას და წესრიგს სწორ სახელდებას აძლევდა. თუმცა,

მოძრაობის ლიდერების ბოლო დღეების გადაწყვეტილებები, სამწუხაროდ, არ გვიტოვებს შესაძლებლობას, უსამართლო, გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული ენერგოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში კვლავ რიონის ხეობის გადარჩენის მოძრაობის მოკავშირეებად დავრჩეთ.

კონკრეტული სოციალური ჯგუფების, ამ შემთხვევაში ქვიარ ადამიანების გარიყვაზე, ჩაგვრაზე, არაღიარებაზე მიმართული მობილიზაცია შეუძლებელია გახდეს ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი. ჩვენთვის ამ გადაწყვეტილების მიღება მძიმეა და ის უმძიმეს იმედგაცრუებასთან და ემოციურ ტვირთთან არის დაკავშირებული.

ცხადია, ჩვენ ვიაზრებთ, რომ ჰომოფობია ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი გამოწვევაა და განათლების და კულტურის არსებული სისტემები მისი დაძლევის შესაძლებლობას არ იძლევა. უფრო მეტიც, ბოლო წლებში ჩანს ჰომოფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება ხელისუფლების, საპატრიარქოს და სხვა რადიკალური ულტრაკონსერვატიული ჯგუფების მხრიდან. ჩვენ სრულად გვესმის, რომ ჰომოფობიის დაძლევას გრძელვადიანი, სისტემური და ტრანსფორმაციაზე მიმართული შრომა და დიალოგი სჭირდება საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის. თუმცა, სამწუხაროდ, რიონის ხეობის მცველებმა ღიად ძალადობრივ აქციასთან საკუთარი თავის დაკავშირებით, ამ დიალოგზე უარი თქვეს.

ცხადია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი განაგრძობს სამართლებრივ და პოლიტიკურ ბრძოლას უსამართლო, გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული ენერგოპოლიტიკის წინააღმდეგ, ისევე როგორც ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, რომელიც სწორედ ამგვარი პოლიტიკის ნათელი გამოვლინებაა.

მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში გადამწყვეტია არა არჩევანის გაკეთება სოციალური თანასწორობის პრინციპსა და ბუნებრივი გარემოს დაცვას შორის, არამედ ამ ღირებულებებისთვის ერთიანი ბრძოლის წარმოება. ჩვენთვის დემოკრატიის, თანასწორობის, სამართლიანობის და სოლიდარობის იდეები და პრინციპები მუდმივ თანაკვეთაში არსებობს, მათ ყველა სოციალური ჯგუფის მიმართ ვიყენებთ და თანაბარ პოლიტიკურ ღირებულებას ვანიჭებთ“.

გუშინ, გარემოსდაცვითმა ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ განაცხადა, რომ ის წყვეტს თანამშრომლობას მოძრაობასთან „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში