საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მწვანე ალტერნატივა მოძრაობასთან „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ თანამშრომლობას წყვეტს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:01 - 05 ივლისი 2021 hits 10782

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“, რომელიც აქტიურადაა ჩართული ნამოხვანის ჰესების კასკადის წინააღმდეგ ბრძოლაში და მშენებლობის ნებართვის გასაუქმებლად სასამართლოშიც დავობს, ყველანაირ კომუნიკაციას წყვეტს მოძრაობასთან „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“.

„მწვანე ალტერნატივა“ გმობს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს წახალისებით განვითარებულ მოვლენებს „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ორივემ დიდი წვლილი შეიტანა სიძულვილის გაღვივებაში, რაც დღეს, 5 ივლისს, ჟურნალისტებზე თავდასხმებით, მოძრაობების ოფისების დარბევითა და პარლამენტის შენობაზე ევროსაბჭოს დროშის ჩამოხსნით დაგვირგვინდა.

რაც შეეხება ნამახვანჰესის კამპანიასა და საზოგადოებრივ მოძრაობას „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, „მწვანე ალტერნატივა“ ნამახვანჰესის აშენების წინააღმდეგი იყო ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებამდე და გააგრძელებს ამ წინააღმდეგობას. ჩვენდა სამწუხაროდ,

„რიონის ხეობის მცველებმა“, რომელთაც ამ წინააღმდეგობაში მოკავშირეებად განვიხილავდით, სრულიად მიუღებელი პოზიცია დააფიქსირეს პრაიდთან დაკავშირებით, ხოლო დღევანდელ, ადამიანის უფლებების შემლახავ აქციაში მონაწილეობით, დისკრედიტაცია გაუწიეს მთელ წინააღმდეგობის მოძრაობას. ამდენად, „მწვანე ალტერნატივა“ წყვეტს „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობასთან კომუნიკაციას“,

ნათქვამია გარემოსდაცვითი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერები ვარლამ გოლეთიანი, მარიტა მუსელიანი, მაკა სულაძე და სხვები დღეს, 5 ივლისს, თბილისში გამართულ ძალადობრივ აქციას შეუერთდნენ. დილიდან აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, სცემდნენ, აპარატურას უმტვრევდნენ და პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალებას არ აძლევდნენ. დაზარალებულია 20-ზე მეტი ჟურნალისტი. რამდენიმე მათგანს სხეულის დაზიანებები მიაყენეს, რის გამოც მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. ამასთან, აქციის მონაწილეები შეიჭრნენ და დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ ოფისი, დააზიანეს შენობა, სადაც მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისია განთავსებული. ქუჩაში საცემად დასდევენ მათ შორის ბავშვებს, რომელთა სექსუალურ ორიენტაციაშიც ეჭვი შეაქვთ, რომ შესაძლოა, ისინი ლგბტქ თემს ეკუთვნოდნენ.

„საპატრიარქო არის ინსტიტუცია რომელიც არცერთ შემთხვევაში თვითონ არ დააინიცირებს ძალადობას არავისზე. საპატრიარქომ უბრალოდ მოუწოდა ადამიანებს შეკრებისკენ და მშვიდობიანად ითქვა, რომ უნდა აღსრულდეს ასე ვთქვათ პარაკლისი, რომელსაც დავესწრებით. იცით, რომ ვეწინააღმდეგებით პრაიდის იდეას, დავაფიქსირეთ კიდეც ჩვენი პოზიცია წერილობით.

ამას გარდა, როცა დიდი აქციაა და არამარტო რელიგიური ნაწილი და ზოგადად მორწმუნე ნაწილი, მრევლს ვგულისხმობ, სხვა ადამიანებიც არიან, სხვა ჯგუფებიც არიან, რომელთათვის ასევე მიუღებელია პრაიდის იდეა და სხვაგვარად თვლიან წინააღმდეგობას მიზანშეწონილად, ანუ სხვაგვარი ტიპის წინააღმდეგობას თვლიან მიზანშეწონილად, ამას ვერც საპატრიარქო გააკონტროლებს და განსაზღვრავს, ვერც ჩვენ, მშვიდობიანი ხალხი. ეს ჯგუფები, როგორც ჩანს, ვინც ძალადობის გზით ცდილობს რაღაც საკითხები მოაგვაროს ზოგადად, ამას ვერც ჩვენთან დააკავშირებს ვერავინ და ვინც პიროვნულად, თავად არ ძალადობს ის არ შეიძლება რომ კავშირში მოვიდეს ამ ჯგუფებთან.

რა თქმა უნდა, ძალადობა ყველა ფორმით და ნებისმიერი ადამიანის მიმართ არის მიუღებელი და ამას ჩვენ ვემიჯნებით. უბრალოდ, აქ ვიცავთ ჩვენს უფლებას, მათ შორს, რომელიც არ სცილდება იმ ფარგლებს, რომ უბრალოდ მოვიდეთ, დავდგეთ და დგომით გამოვხატოთ.

როგორც პროტესტის ერთ-ერთმა ავტორმა მინდა, გითხრათ, რომ პრაიდის იდეა, აი, ამ სამოქალაქო ერთობას უქმნის საფრთხეს. ის ადამიანი, რომლებიც თავისი ცხოვრების წესის აფიშირებას არ ახდენს და პროპაგანდას არ უწევს თავისი ცხოვრების წესს, მათთან ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს  და ჩვენს აქციებზეც მათ შორს არაერთხელ ყოფილან ალბათ ასეთი ადამიანები, რომლებიც არ ავლენდნენ ამას არანაირი ფორმით“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

„ლგბტქ ადამიანების ცხოვრების წესი ჩვენი საქმე არაა, ის ადამიანი თავის სივრცეში როგორ ცხოვრობს.

პრაიდი, რომელიც არის აშკარა ასე ვთქვათ პროპაგანდა მათი ცხოვრების წესის, ეწინააღმდეგება საზოგადოების დიდი უმრავლესობის აზრს, მათთვის არის მიუღებელი და ეს იწვევს შფოთს.

ამიტომ ჩვენ, ერთ-ერთი მოტივი ეს არის, რომ ამ შფოთვის წინააღმდეგ ყოველთვის გამოვდიოდით, არასოდეს არ იყო ჩვენთვის მისაღები. ჩვენ ვცდილობთ, რომ ადამიანების ერთმა ჯგუფმა, რაღაცნაირად თავისი ინტერესი არ დააყენოს სხვა ჯგუფებზე მაღლა, მითუმეტეს, ახლა აქ ჯგუფის ინტერესები პირიქით ზარალდება, ეს პრაიდი მათაც აზარალებს. ჩვენი პირადი აზრია ეს და თუ ვთქვათ, ასე ვთქვათ რაღაც პოლიტიკური შანტაჟის საფუძველი არ გახდება ეს ყველაფერი, კარგი იქნება. ადამიანის უფლებები გამოყენებულია პოლიტიკური შანტაჟის საფუძვლად“, - აღნიშნა მარიტა მუსელიანმა.

2 ივლისს, მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ჰომოფობიური შინაარსის განცხადება გაავრცელა, რომლითაც ის გაემიჯნა „თბილისი პრაიდის“ კვირეულსა და მსგავს აქტივობებს. „რიონის ხეობის მცველების“ განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდაა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში