საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი და გასაიდუმლოებული დასკვნა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:16 - 25 მაისი 2021 hits 56999

„ნამოხვანის ჰესების კასკადის ხელშეკრულებით, ვალდებულებათა აბსოლუტური უმრავლესობა ეკისრება საქართველოს მთავრობას და სახელმწიფო კომპანიებს, მაშინ, როცა, ამის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულებით მაქსიმალურად არის დაცული კომპანია „ენკა რინიუებლზის“ უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები“, - „მთის ამბებმა“ მოიპოვა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უწყებას არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე გასაიდუმლოებული აქვს. დასკვნა 22 კრიტიკულ შენიშვნას მოიცავს და მთავრობას სწორედ იმ საკითხების შეცვლისკენ მოუწოდებს, რომლებიც ხელშეკრულების მიმართ საზოგადოებრივი ჯგუფების კრიტიკის მთავარი საფუძველია. დასკვნა სიცრუეში ამხელს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც რიონის ხეობის მცველების პროტესტის საპასუხოდ, რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულების შეფასება დაავალა. პრემიერმა ხალხს დაუმალა, რომ ასეთი დასკვნა უკვე არსებობდა და მის შესახებ მთავრობისთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ ორი წლის წინ.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულება ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა. იუსტიციის სამინისტროს დასკვნა კი, 2019 წლის 30 მარტით არის დათარიღებული. დოკუმენტს ხელს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე აწერს. ხელშეკრულების სამართლებრივი რისკების შეფასება სწორედ იუსტიციის სამინისტროს ვალდებულებაა.

„ხელშეკრულების პროექტის ფარგლებში ვალდებულებათა აბსოლუტური უმრავლესობა ეხება საქართველოს მთავრობას, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, მაშინ, როცა, აღნიშნულის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში მაქსიმალურად არის დაცული შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები“, - იუსტიციის სამინისტრო თავის შემაჯამებელ შეფასებაში საქართველოს მთავრობას მიუთითებს, რომ ხელშეკრულების ეს შინაარსი უნდა გადაიხედოს.

მთავრობის ვალდებულებები კომპანიისთვის კომპენსაციის გადახდაზე

დასკვნა აკრიტიკებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მთავრობის ვალდებულებას ფორს-მაჟორის შემთხვევაში კომპანიას ზიანი აუნაზღაუროს. სამინისტროს დასაბუთებით, ფორს-მაჟორული გარემოებების უმეტესობა, რაც კომპენსირების ვალდებულებას უკავშირდება,  არც ერთი მხარის კონტროლის ქვეშ არ არის და არ არის გამოწვეული რომელიმე მხარის ბრალით. ამიტომ, სამინისტრო უთითებს, რომ ამგვარი გაუთვალისწინებელი გარემოებების „მხარის [მთავრობის] დასჯის მექანიზმად გამოყენება“ მიზანშეუწონელია. სამინისტროსთვის მიუღებელია ის, რომ ასეთ გარემოებებზე ფინანსური პასუხისმგებლობა მიემართება ხელშეკრულების მხოლოდ ერთ მხარეს - საქართველოს მთავრობას  კომპანიის სასარგებლოდ.

სამინისტრო ასევე კრიტიკულია იმ უთანასწორო ჩანაწერის მიმართაც, რომელიც პოლიტიკური ფორს-მაჟორის შემთხვევაში კომპანიას ვალდებულებების შესრულებისგან სრულად ათავისუფლებს, მაშინ როცა საქართველოს მთავრობის და სხვა საჯარო დაწესებულებების ვალდებულებებს სრულად ძალაში ტოვებს.

 

მთავრობის ფინანსური ვალდებულებები პროექტის სხვა მონაწილეების მიმართ

იუსტიციის სამინისტროს დასკვნა განსაკუთრებულად კრიტიკულია მთავრობის მიერ „მაღალი რისკის“ შემცველი ფინანსური ვალდებულებების აღების გამო, მითუფრო, რომ ეს ვალდებულებები მთავრობას ეკისრება პროექტში მონაწილე სუბიექტების დაუსაბუთებლად ფართო წრის მიმართ. ციტატა დასკვნიდან: „ხელშეკრულების ... ტერმინი - „პროექტის მონაწილეები“ იძლევა ამ პირების საკმაოდ ფართო განმარტებას, განსაკუთრებით ამ დებულების ფარგლებში ნებისმიერ „კონტრაქტორზე“ მითითების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მთავრობისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები ვრცელდება „პროექტის მონაწილეთა“ ფართო წრეზე... აღნიშნული შენიშვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა მთავრობის ისედაც მაღალი რისკი, კონკრეტული ვალდებულებების პროექტის არსებითი მონაწილეების მიმართ შესრულებასთან დაკავშირებით.“

ნამოხვანი ჰესის ხელშეკრულების/მთავრობის ვალდებულებების ხანგრძლივობა

იუსტიციის სამინისტრო უარყოფითად აფასებს იმას, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა ჰესის მუშაობის სრული პერიოდით განისაზღვრება. იუსტიციის სამინისტროს კრიტიკა, სავარაუდოდ, მიემართება იმ ფაქტს, რომ მთავრობის ფინანსური პასუხისმგებლობები და ვალდებულებები ჰესის მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში იქნება ძალაში.

მთავრობის პასუხისმგებლობა ხელშეკრულების შეწყვეტისას

სამინისტრო ამბობს, რომ უნდა გადაიხედოს ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, რომელიც, როგორც ცნობილია, კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას ყველა შემთხვევაში მთავრობას აკისრებს. იუსტიციის სამინისტრო უთითებს, რომ ამ პირობების გადახედვისას მნიშვნელოვანია ფინანსთა სამინისტროს პოზიციის გათვალისწინება. სავარაუდოდ, იუსტიციის სამინისტროს ეს მოთხოვნა უკავშირდება იმას, რომ „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების შეწყვეტა სახელმწიფოსთვის მძიმე ფინანსურ ვალდებულებებს წარმოშობს.

მთავრობის მიერ კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შეუძლებლობა

სამინისტრო წერს, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს კომპანიის მიერ სახელმწიფოსთვის სასარგებლოდ მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდის შესაძლებლობას და უარყოფითად აფასებს იმას, რომ ხელშეკრულება არ უშვებს კომპანიის მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. სამინისტრო ასაბუთებს, რომ ზიანის ანაზღაურების შეუძლებლობა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულ უფლებას კრედიტორმა (ამ შემთხვევაში - მთავრობა) „პირგასამტეხლოს გადახდის პარალელურად ყოველთვის მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუკი ასეთი ზიანი სახეზეა.“

რესურსების მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების პირობა

სამინისტროს დასკვნა მოიცავს არაერთ მნიშვნელოვან კრიტიკულ ჩანაწერს, მათ შორის, სვამს შეკითხვებს იმ წესის ლოგიკურობასთან დაკავშირებით, რომლითაც მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, გაათავისუფლოს კომპანია „ენკა“ ბუნებრივი რესურსების მოპოვებისთვის ლიცენზიისგან კონკრეტული პროცედურის გამოყენებით.

მოკლედ ნამოხვანის ჰესების კასკადის შესახებ - ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომელსაც თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ აშენებს, ორ ჰესს მოიცავს - ზემო ნამოხვანი ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ქვემო ნამოხვანი ჰესს - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ზემო ნამოხვანი ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ზემო ნამოხვანი ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვემო ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. ქვემო ნამოხვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

საქართველოს მთავრობამ კომპანიას რიონის ხეობაში 600 ჰექტარზე მეტი ფართობი გადასცა, 300-ჰექტრამდე საკუთრებაში, დანარჩენი 99 წლიანი იჯარით. კომპანიას ხეობის დიდი ნაწილი იქამდე გადაეცა, ვიდრე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები ადგილობრივ მცხოვრებლებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით და „მწვანე ალტერნატივას“ სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. ერთი წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

ნამახვანჰესის მშენებლობას დაახლოებით 7 თვის განმავლობაში უწყვეტად აპროტესტებდნენ რიონის ხეობაში. პოლიციამ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციები რამდენჯერმე დაშალა, აქტივისტებს პროტესტის ადგილის შეცვლა არაერთხელ აიძულა, 11 აპრილს კი სოფელ ნამოხვანში კარვები დაუშალა, იქიდან აყარა და მას შემდეგ, რიონის ხეობაში აღარ უშვებს.

თებერვალსა და მარტში, ქუთაისის ცენტრში გამართული მრავალათასიანი აქციების გამო ხელისუფლება იძულებული გახდა „რიონის ხეობის მცველებისთვის“ დიალოგი შეეთავაზებინა. 15 აპრილს, საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა მთავრობას სამი პირობა წაუყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, თანახმა იყვნენ დიალოგის გაგრძელებაზე. ეს მოთხოვნები იყო: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა. 24 აპრილს მთავრობამ ნამახვანჰესის მოწინაღმდეგეებს მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

პროტესტის 209-ე დღეს, 23 მაისს, დემონსტრანტებმა თბილისში გადმოინაცვლეს, სადაც 2 დღეა ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მთავარი მოთხოვნებია - უარი ითქვას „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე, კომპანიისთვის გადაცემული მიწები დაუბრუნდეს სახელმწიფოს, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი და გამოძიება დაიწყოს იმ ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც ხელს აწერენ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შესაძლო დანაშაულებრივ დოკუმენტებს.

ამ თემაზე:

„ნამახვანი ჰესის“ ისტორია - რა არის მთავარი პრობლემა

ნამოხვანის ბლოკადა

როგორ აზიანებს ნამახვანჰესის ხელშეკრულება სახელმწიფო ინტერესებს

უარი ნამახვანჰესს - მრავალათასიანი აქციის ულტიმატუმი მთავრობას

რა პირობებს არღვევს ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია და რატომ მალავდა დარღვევებს მთავრობა

როგორ (ვერ) ჭყლეტს რიონის ხეობის დარაჯებს სახელმწიფო

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში