საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

პოლიცია ტვიშში რკინის ჯვრებს დარაჯობს, რომ ადგილობრივებმა რიონის ხეობაში არ აღმართონ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:16 - 13 მარტი 2021 hits 18072

ლეჩხუმში, ტვიშსა და ქორენიშს შორის ორ კვირაზე მეტია პოლიციის ეკიპაჟი 24 საათის განმავლობაში პატრულირებს. პოლიციამ მორიგეობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ტვიშში, ადგილობრივი მღვდლის, ლევან გოლეთიანის სახლის ეზოში რკინის 7 დიდი ჯვარი მიიტანეს. პოლიციელები ეზოში დალაგებულ ჯვრებს ყოველდღე ითვლიან, ფოტოს უღებენ და სამმართველოში აგზავნიან.

ტვიშის მცხოვრებლების თქმით, პოლიცია იმიტომ დააყენეს, რომ ჯვარი ტვიშს იქით ვერ გადაიტანონ.

მღვდელმა ლევან გოლეთიანმა „მთის ამბებთან“ დაადასტურა, რომ პოლიციის თანამშრომლები მის ეზოში ჯვრებს ფოტოს ყოველ დილით უღებენ.

ტვიშის მცხოვრებლები ჯვრების აღმართვას რიონის ხეობაში გეგმავენ. მათი თქმით, ამისთვის ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსის კურთხევაც აქვთ.

ქორენიშში მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ. მათ არ გვიპასუხეს კითხვაზე, კონკრეტულად ქორენიშთან რას იცავენ და რატომ დგანან მუდმივად ბოლო ორი კვირის განმავლობაში. მათ ასევე უარყვეს ინფორმაცია, რომ სასულიერო პირის სახლის ეზოში დალაგებულ ჯვრებს ყოველდღე ფოტოებს უღებენ.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ ადგილობრივი მცხოვრებლები რიონის ხეობაში 140 დღეა უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ. 29 ოქტომბერს, მათ, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კაშხლის მშენებლობის ადგილას ჯვარი აღმართეს, რის შემდეგაც ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანიამ იმ ადგილიდან სამშენებლო ტექნიკა გაიყვანა.

30 იანვარს, მას შემდეგ, რაც კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები განაახლა, პოლიციის დაცვით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კომენდანტის საათის დროს, ჯვარი მოთხარეს და ქუთაისში ეკლესიის ეზოში გადაიტანეს. პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს განუმარტეს, რომ ჯვარი კომპანიის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე იყო განთავსებული.

„კურთხევის გარეშე, თვითნებურად დადგეს დიდი ზომის ჯვარი სავალ ნაწილზე, რომ შეფერხებულიყო ფირმის ტექნიკის მოძრაობა. მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელიც დასაქმებული იყო აქ და დარჩა უმუშევარი. სიტყვით პასუხს ხელისუფლებას სთხოვენ, საქმით კი ფირმაზე ზეწოლას ახდენენ. სარწმუნოებრივ საკითხებში თვითნებობა იწვევს სექტანტობას. ხელისუფლების მიერ მოხსნილი ჯვარი მღვდელმთავრის კურთხევით დაიდგმება ეპარქიის კუთვნილ ტერიტორიაზე“, - განაცხადა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ.

მეუფე იოანესგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა ცაგერისა და ლენტეხისა მიტროპოლიტმა სტეფანემ: 

„ჩემი ეპარქიის ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობას ჯვრის აღმართვის სურვილი ექნება, გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, ჯვარი აღმართოთ და მღვდლები აკურთხებენ. დიახ, ჯვარი არის ჩვენი დასაცავი. ჯვარი არის ჩვენი მფარველი. ჯვარი არის ჩვენი იარაღი. როცა სხვა გზა არ გვაქვს, ქრისტიანები თავს ვიცავთ ჯვრით და მადლობა უფალს, დავიცავთ ბოლომდე“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში