საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რა შეზღუდვები მოიხსნება 1-ლი თებერვლიდან და რა რჩება ძალაში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:47 - 22 იანვარი 2021 hits 4649

1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა; თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, 1-ლი თებერვლიდან, მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

„დღეის მდგომარეობით 8 დიდ ქალაქში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვინაიდან უკვე გვაქვს გარკვეულ რეგიონებში ვითარების შემსუბუქების ნიშნები, შესაბამისად, გვაქვს საშუალება, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შევამსუბუქოთ. სკოლების და შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილი გვაქვს 1-ლი მარტიდან. ყველა ქალაქში, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარაში, 1-ლი თებერვლიდან, დაშვებული იქნება კვების ობიექტებში, გარე სივრცეებში სტუმრების მიღება. აკრძალვა ისევ რჩება ძალაში ქორწილებსა და ნებისმიერი დიდი წვეულების გამართვაზე.

„იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, კერძოდ, 7 დღის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდა 4 პროცენტს, ჩვენ აჭარაში 1-ლი თებერვლიდან შეგვეძლება კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა. კვების ობიექტები აჭარაში შეძლებენ მომხმარებლების მომსახურებას ღია სივრცეებში, თუმცა, ბუნებრივია, შეზღუდული რჩება ქორწილები ან სხვა დიდი წვეულება და სარიტუალო ღონისძიება. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, მუშაობას გააგრძელებენ გატანის ან მიტანის სერვისით იმ წესების დაცვით, რაც დღეისთვის მოქმედებდა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დადგინდა მოთხოვნები თანამშრომელთა გარკვეული რაოდენობების და პერიოდულ ტესტირებასთან დაკავშირებით. ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები ვალდებულები იქნებიან 2 კვირაში ერთხელ უზრუნველყონ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. კვების ობიექტებთან ეს მოთხოვნა არის 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 50 %-ის ტესტირება.

საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენას, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნებას მთავრობა 1-ლი მარტიდან გეგმავს.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

სკოლების გახსნასთან ერთად, სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებელთა სისტემურ ტესტირებას 2 კვირაში ერთხელ.

დღეიდან, ბიზნესს საშუალება ექნება დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე www.labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში 1-ელ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს მისი თანამშრომლები.

ცქიტიშვილის განცხადებით, სახელმწიფო გააგრძელებს სიმპტომიანი პაციენტებისა და სისტემური ჯგუფების მუდმივ ტესტირებას. დაახლოებით 15 თებერვლისთვის კი, კვლავ შეფასდება არსებული შეზღუდვების შემსუბუქებიდან გამომდინარე ეპიდემიოლოგიური ვითარება.

ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც.

ყველა მოქალაქეს ისევ მოეთხოვება პირბადის ტარება. სავაჭრო ობიექტები ვალდებულები არიან, მართონ მომხმარებელთა ნაკადები და რიგები. კვლავ აკრძალული იქნება გადაადგილება საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე, გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც სპეციალური საშვი აქვს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში