შატილის ტური ერთ-ერთი კომპანიის მიერ იყო ორგანიზებული.
„მთის ამბები“ ესაუბრა აღნიშნული ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებს. ისინი ხევსურეთში მიემგზავრებიან. მათი თქმით, ვერ უკავშირდებიან გიდს, რომელიც დღეს შატილის ტურზე იმყოფებოდა.
ტურის მონაწილეები თბილისიდან, ველოსიპედის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დღეს, დილის 5 საათზე გავიდნენ და შატილიდან უკან, გვიან საღამოს უნდა დაბრუნებულიყვნენ. ავტოსაგზაო შემთხვევამდე, მიკროავტობუსის მგზავრები თაფლის შესაძენად სოფელ ბისოში გაჩერდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და ბისოდან ბარისახოსკენ მომავალ გზაზე, მოსახვევში, პირდაპირ ხევშია გადავარდნილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფი 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამართალდამცავები მგზავრთა იდენტიფიცირებასაც ახდენენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
როგორ „მთის ამბებს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული 3 მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ამ დროისთვის, ეკიპაჟებმა ერთი პაციენტი უკვე გადაიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დანარჩენი ორი დაშავებულის ტრანსპორტირება ახლა მიმდინარეობს.
17 დაღუპული და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახებიდან 2 საათში - ავარია შატილის გზაზე