საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ლენტეხში ქუჩისთვის შინდისის გმირის ალეკო ონიანის სახელის მინიჭებას ითხოვენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:10 - 22 ივნისი 2020 hits 9702

ქვემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია პეტიციით მიმართავს ლენტეხის საკრებულოს, სოფელ ჟახუნდერში, სადაც შინდისის გმირი ალექსანდრე (ალეკო) ონიანი დაიბადა და გაიზარდა, ცენტრალური გზის პირას მდებარე ქუჩას, რომელზეც ლენტეხი-უშგულის გზა გადის და ჩიხს, სადაც გმირის ოჯახი ცხოვრობს, მისი სახელი მიენიჭოს. ამ მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას სოფლის მოსახლეობამაც მიმართა გასულ წელს, მაგრამ საკითხი დადებითად ამ დრომდე არ გადაწყდა.

ლენტეხის მერის ბადრი ლიპარტელიანის განცხადებით, ის მხარს უჭერს ჟახუნდერში, ქუჩისთვის ალექსანდრე ონიანის სახელის მინიჭებას: „სოფელში ჩვენ გზის რეაბილიტაციასაც ვგეგმავდით. სამუშაოები დავიწყეთ კიდეც, მაგრამ ეს სხვა ქუჩაა. ალეკო ონიანი მეორე ჩიხში ცხოვრობდა. ოჯახი და ადგილობრივები ითხოვენ, რომ ამ შესახვევს დაერქვას ალეკოს სახელი. გვინდა, რომ ამ გზის რეაბილიტაციაც მოვახდინოთ და სახელსაც დავარქმევთ. თუმცა, რადგან მოთხოვნა არის და ჩვენც მზად ვართ, რეაბილიტაციამდეც შეიძლება სახელის მინიჭება და ვეცდებით, ეს საკითხი საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დავაყენოთ“.

27 წლის ალეკო ონიანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. 11 აგვისტოს, სოფელ შინდისში საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ბრძოლა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

„ისინი ტანკებით და მძიმე ტექნიკით მოდიოდნენ. ტყვია-წამალი გაგვითავდა. ალეკო ონიანმა ამ დროს დაიძახა, მოდით, ბიჭებო, მე გადაგარჩენთო. ერთად ვლოცულობდით „მამაო ჩვენოს“. ალეკომ გულში ჩაიკრა თავისი ნათლული რომან ზოიძე, რომელიც უკვე სისხლისგან იცლებოდა. ამ დროს რუსები ძალიან მოგვიახლოვდნენ. ონიანმა დაიძახა, არ ჩაგბარდებითო და უკანასკნელი ყუმბარა გახსნა. მე დავიჭერი, ბრძოლის ველიდან ახმეტა ხუციშვილმა გამიყვანა“, - იხსენებს თენგიზ ცანავა, შინდისის ბრძოლის ცოცხლად გადარჩენილი სამი ჯარისკაციდან ერთ-ერთი.

მტერს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ქართველმა ჯარისკაცებმა მათ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და დიდი დანაკარგიც მიაყენეს.

შინდისის ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. შინდისის გმირები არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

გარდაცვალების შემდეგ ალეკო ონიანი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

შინდისის ბრძოლაზე რეჟისორმა დიმიტრი ცინცაძემ მხატვრული ფილმი გადაიღო. იდეა პროდიუსერ ედმონდ მინაშვილს ეკუთვნის, სცენარის ავტორი კი ირაკლი სოლომანაშვილია. ფილმში მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი და დათო ბახტაძე ასრულებენ. ფილმმა 2019 წელს ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრი მიიღო.

რედაქციისაგან: ლენტეხში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა, სადაც სახელისუფლებო პარტიის „ქართული ოცნების“ შტაბია განთავსებული, ამ დრომდე სტალინის სახელს ატარებს, არადა, საქართველოში 2011 წლიდან მოქმედებს თავისუფლების ქარტია. ამ კანონის მიზანია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში