საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

78 წლის უსახლკარო ქალი ძროხასთან ერთად გომურში ცხოვრობს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:12 - 07 აპრილი 2020 hits 104061
ფოტოზე - საბედა წიკლაური, ხორხი
საზოგადოება
ფოტოზე - საბედა წიკლაური, ხორხი

„მეც აქა ვარ გომურში. ამხანაგივითა მყავ. ეს ერთი ქოხი მაქვს და ესეც არ არი ჩემი. ბარემ მინდოდა, რომ სახლი მქონოდა. საქონელი რო მყავდა, ვყიდიდი. ვაქუჩებდი ფულსა, მაგრამ 2018 წელს დამაყაჩაღეს და დავრჩი ხახამშრალი. ჩაიარა, წყალმა წაიღო. აღარაფერი ოცნება არ მაქ.

საბედა წიკლაური. გუდამაყრიდან ვარ. 1942 წელს დაბადებული. შვილები არ მყავ, მარტო ვცხოვრობ აქ.

ხორხში დავიბადე და გავიზარდე, იქედან მერე ფერმაში გამიყვანეს. ძალით წამიყვანეს ფერმაში. მწველავი სჭირდებოდათ. 30-ისა ან ნაკლებისა ვიქნებოდი. მერე დავრჩი და დავრჩი იმ ფერმაში, ძროხებსა ვწველავდი.

აქ ჭალა არის, ხორხი ზეითაა. იქნება 10 წელი, აქ ვცხოვრობ. მერე ფერმა გაიყიდა. იქ აღარ მაყენებდნენ, ეს ჩვენი ადგილიაო, გადიო. აქ, ამის პატრონი ვნახე და ვუთხარ, ესე-ესეა და დამეხმარე, დამაბმეინე მეთქი ძროხები. დააბიო და დავაბი. დავრჩი და დავრჩი.

ერთი ძროხა მყავს. ხორცეულსა, ქონსა და ეგეთ რაღაცეებს ვერა ვჭამ. რძეს მოვწველამ, შავდღვებავ და ერბოს გავაკეთებ. უნდა მოუარო, ჭამა ხო მინდა.

ნეტა გლეხს ვინ დაეხმარება. მე ვერცა მივდივარ და ვინ ეტყვის მთავრობას რამეს. შეშის დაჭრას ხან ჩემი ძმისშვილს ვეხვეწები, დაჭერ, ფული უნდა მივცა, ხან სხვას. აქეთ ერთი კაცი ცხოვრობს, ჯემალი, მიდის ხოლმე თავის მანქანითა, მივცემ ფულსა. იმას ვაბარებ ფქვილსა. ავტობუსი არ დადის. კარგა ხანია ქვევით არ ვყოფილვარ.

არც ტელეფონი მაქ, არც რადიო მაქ. წყალი იმათ კარებიდან გამომაქ.

7 ძმისშვილი გავზარდე. ფერმიდან გამოვიქცეოდი, წამოვიდოდი მაგათ გულისთვინ და მიმქონდა თუკი რამე მქონდა. ეხლა აღარ მიგდებენ ყურსა. ისე გავზარდე უფროსი რო, აი თითქოს საკუთარია. ეხლა უგონთა ვარ, ეხლა სულელი ვარ, ეხლა დატანჯული ვარ. აბა, სატირალი არ არი?“

რედაქციისაგან:

გასული წლის მიწურულს, „მთის ამბებმა“ მთაში მცხოვრები მარტოკაცების მხარდამჭერი ფონდი შექმნა. ფონდში შემოწირულების განხორციელება ყველას შეუძლია, ვისაც მთის სოფლებში მარტოკაცების მხარდაჭერა სურს. 5 აპრილს, კვირას, ხორხის ხეობაში, გუდამაყარსა და ხადის ხეობაში მცხოვრებ მარტოკაცებსა და მარტოქალებს, ფონდის მხარდაჭერით, 200 ლარიანი სასურსათო პაკეტები გადავეცით. საბედა წიკლაური მაშინ გავიცანით. ის დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო ხორხში ცხოვრობს (ჭალაში). გაუსაძლის და ღირსების შემლახველ პირობებშია. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

წლების განმავლობაში დუშეთის მერიიდან და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან არავის მოუკითხავს. არც მაშინ, როცა დააყაჩაღეს და ძროხების გაყიდვიდან, პენსიითა და სოციალური დახმარებით შეგროვილი თანხა წაართვეს. ვკითხეთ, მოხუცთა თავშესაფარში გადაყვანაზე რას ფიქრობდა. უარი თქვა. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, სიმწრითა და ტანჯვით აქამდე მოვსულვარ და აქვე მოვკვდებიო. ხორხის ხეობის დატოვება არ უფიქრია. უჭირთ მოხუცებს მშობლიურ სოფლებთან განშორება, მთაში განსაკუთრებით.

რამდენჯერმე ვცადეთ დუშეთის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან დაკავშირება. სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. დუშეთის მერის მოადგილემ, ზაქარია ხეხელაშვილმა, რომელიც სოციალურ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობს, გვითხრა, რომ უსახლკარო ხანდაზმულის, საბედა წიკლაურის შესახებ მერიაში არაფერი იციან.

ვიწყებთ კამპანიას #საბედაბებოსთვის

შეგროვილი თანხის რაოდენობის მიხედვით თქვენთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, საბედა ბებოსთვის ხორხის ხეობაში პატარა სახლი შევიძინოთ თუ მიწის ნაკვეთი მოვძებნოთ და ხის სახლი დავუდგათ.

შემოწირულება შეგიძლიათ გააკეთოთ საბანკო გადარიცხვით:

  • ანგარიშის ნომერი: GE51LB0115195065049003
  • ბანკის კოდი: LBRTGE22
  • მიმღები: ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
  • დანიშნულება: #საბედაბებოსთვის

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში