საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რატომ ამოთხარეს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლის ნეშტი და გაანადგურეს საფლავი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:16 - 24 ოქტომბერი 2024 hits 12581
ალექსანდრე სულხანიშვილის დაკრძალვა
ახალი ამბები
ალექსანდრე სულხანიშვილის დაკრძალვა

ახმეტის სოფელ აწყურში, თეთრი გიორგის ეკლესიის ეზოში, სამრეკლოსთან დაკრძალული, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის, შეფიცულთა რაზმის წევრის ალექსანდრე სულხანიშვილის ნეშტი, ალავერდელი მიტროპოლიტის დავალებით ამოთხარეს და ეკლესიის უკანა მხარეს გადაიტანეს. საფლავი კი, რომელიც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ზვიად გამსახურდიას დავალებით იყო მოწყობილი, მთლიანად გაანადგურეს.

„ალბათ, ერთი წელი იქნება. ზუსტად არ ვიცი. ასე უკეთესიაო, სამღვდელოებამ თქვა.

ეს მაღალ დონეზეა შეთანხმებული ხელისუფლებასთან. მეუფე დავითი ისე არაფერს გააკეთებს“,

- გვითხრა თეთრი გიორგის ეკლესიის დეკანოზმა გიორგი ლომიაშვილმა.

ეკლესიის წინამძღვარს იოსებ ღვინიანიძეს ვკითხეთ, რა აუცილებლობამ განაპირობა ალექსანდრე სულხანიშვილის ნეშტის ამოღება და ეზოში, სხვა ადგილას, ტაძრის უკანა მხარეს გადატანა; ასევე, ზვიად გამსახურდიას დავალებითა და მისი ჩართულობით მოწყობილი საფლავის კვალის წაშლა: „საფლავის დემონტაჟი მოხდა. თქვენ რაში გაინტერესებთ? გადაწყვეტილება ვინც მიიღო, მას უნდა ჰკითხოთ“.

გადაწყვეტილება ალავერდელმა მიტროპოლიტმა, აბბა ალავერდელმა მიიღო, რომელიც ამავე დროს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარეა. მიტროპოლიტისგან და საქართველოს საპატრიარქოსგან წერილობითი მიმართვის მიუხედავადაც კი, განმარტება ვერ მივიღეთ.

თეთრი გიორგის ეკლესია, სამრეკლო და გალავანიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამიტომაც, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდანაც გამოვითხოვეთ ინფორმაცია კომპლექსში ჩატარებული სამუშაოების შესახებ. ალექსანდრე სულხანიშვილის ნეშტის ამოღებისა და საფლავის განადგურების გარდა, ძეგლის სტატუსის მქონე გალავანში არსებული ჭიშკარი გაუქმებულია, კარის ადგილი ახალაშენებული; ქვედა მხარეს გალავანი დაანგრიეს და ახალი შესასვლელია გაჭრილი ეზოში ავტომობილის შესაყვანად და გადახურული პარკინგის მოსაწყობად; სამრეკლოს ახალი ფართი მიაშენეს, რომელიც ზუსტად ალექსანდრე სულხანიშვილის საფლავს ესაზღვრებოდა. კანონით დადგენილი ყველა ვადის გასვლის მიუხედავად, სააგენტომ არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თეთრი გიორგის ეკლესიაში ე.წ. სარებილიტაციო სამუშაოები შპს „ჯიხამ“ ჩაატარა ააიპ „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის“ დაკვეთით, რომელიც თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუსთან“ არის დაკავშირებული. შპს „ჯიხას“ მესაკუთრე და დირექტორი პაატა ნუცუბიძეა, რომელმაც ხადის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მე-10 საუკუნის ქოროღოს კოშკი დაანგრია. პაატა ნუცუბიძემ არ უპასუხა „მთის ამბების“ კითხვებს თეთრი გიორგის ეკლესიის კომპლექსში ჩატარებულ სამუშაოებზე.

ალექსანდრე სულხანიშვილი დაიბადა 1896 წელს კახეთში, სოფელ აწყურში. 1918–1921 წლებში მსახურობდა საქართველოს ეროვნულ ჯარში. საქართველოს ოკუპაციისა და გასაბჭოების შემდეგ იბრძოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმში. იგი ქაქუცას ერთ-ერთი მოადგილე იყო.

ალექსანდრე სულხანიშვილი მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში, რომლის დამარცხების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და რაზმის სხვა წევრებთან ერთად, თურქეთში გადავიდა და მას შემდეგ, 66 წელი ემიგრაციაში გაატარა.

1950–იანი წლების დასაწყისიდან ალექსანდრე სულხანიშვილი ამერიკის ქართული სათვისტომოს აქტიური წევრი იყო. სათვისტომოს საქმიანობას ჩამოშორდა  კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ.

ემიგრაციაში ყოფნისას გამოცემული აქვს წიგნები: „ხმა სიმართლისა: წითლების მოქმედება ნიუიორკის ქართულ სათვისტომოში" (მიუნხენი, 1962, სტ. არჩილ მეტრეველისა); „მოგონებანი შეფიცულთა რაზმზე, 1922–1924“ (სან–ფრანცისკო, 1981); „რა ხდებოდა მეტეხის ციხეში ქართველებს შორის 1923 და 1924 წლებში და ილიას მკვლელობის სინამდვილე“ (სან–ფრანცისკო, 1985); „ჩემი პასუხი ჟორდანიას მემკვიდრეებს“ (სანფრანცისკო, 1987); "შეფიცულთა რაზმის ცხოვრება საფრანგეთში 1924 წ. ნოემბრიდან" (სან–ფრანცისკო, 1987).

მასთან ინახებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძვირფასი ხმალ–სატევარი, რომელიც საქართველოს დაუბრუნა. ჟურნალისტ პაატა ნაცვლიშვილის დახმარებით, 1990 წლის 19 ოქტომბერს, 94 წლის მოხუცი სამშობლოში დაბრუნდა. თან ჩამოიტანა პატარა პაკეტი წარწერით „საქართველოს მიწა“. საქართველოში მხოლოდ 18 დღე იცოცხლა.

ქართული მიწა, რომელიც ალექსანდრე სულხანიშვილმა თან ატარა 66–წლიან ლტოლვილობაში, მისი ანდერძის თანახმად, გულზე დააყარეს, როცა მშობლიური სოფლის – აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს.

ასევე, ანდერძის თანახმად, საქართველოს ახალარჩეულ პარლამენტს გადაეცა დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა, რომელიც ქაქუცას სიკვდილის წინ ეჭირა ხელში. ეს დროშა ქაქუცას ხმალსა და ქამარ–ხანჯალთან ერთად, ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.

„დღეს საქართველო ეთხოვება დიდ ქართველს, ჩვენი დიდი ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლს, საქართველოსთვის წამებულ ალექსანდრე სულხანიშვილს. დიდია ღვწალი ძმანო და დანო, რომელიც დასდეს შეფიცულებმა მამულს ჩვენსას. ...ჭეშმარიტად ბედნიერია დღეს საქართველო, რომელმაც გადაიგდო მხრებიდან ბოლშევიკური მონობის უღელი, რომელიც შეეგება თავის ღირსეულ სახელოვან ძეს და სათუთად ჩაიხუტა იგი გულში, მაგრამ ვაგლახ ბედისწერის მუხანათობას, მას არ დასცალდა ეხილა ის, რისთვისაც იგი იბრძოდა, რისთვისაც ქაქუცა იბრძოდა, რისთვისაც შეფიცულებმა დასდეს თავი. მაგრამ იხილა გარიჟრაჟი, იხილა ცისკარი იმ დიადი განთიადისა, რომელსაც საქართველოს თავისუფლება ჰქვია, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობა ჰქვია“, - თქვა ზვიად გამსახურდიამ ალექსანდრე სულხანიშვილის დაკრძალვისას. მისივე დავალებით მოეწყო შეფიცულთა რაზმის წევრის საფლავი და დაიდგა ბიუსტი.

„30 წლის შემდეგ ეს საფლავი შეიძლება აღვიქვათ როგორც კულტურული მემკვიდრეობა და ამ მემკვიდრეობასთან ასე ხელაღებით და უხეშად მოპყრობა, ვანდალიზმის გარდა, ძნელია სხვა სიტყვით შეაფასო“,

- ამბობს ისტორიკოსი და საბჭოთა წარსულის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი - „საერთოდ, თვითონ ეს გადასვენება ეთიკურად პრობლემური საკითხია, როდესაც მიზეზი ბუნდოვანია. შეიძლება გადაუდებელი აუცილებლობა იყოს, თვითონ საფლავს ემუქრებოდეს განადგურება ან იმ ადგილას რაღაც სტრატეგიული შენდებოდეს, მაგრამ ერთი ეკლესიის ეზოში, როდესაც იქ გადაუდებელი აუცილებლობა ნაკლებად ჩანს რომ იყო და სხვაგან გადაასვენეს, თან როგორ, არავინ ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული, ეს საფლავის კომპლექსი დაზიანდა და განადგურდა, ვანდალიზმია ჩემთვის“.

„ისტორიის გაქრობის პრობლემა“, - ასე აფასებს არქიტექტურის ისტორიკოსი, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის თანამშრომელი ნოდარ არონიშიძე ალექსანდრე სულხანიშვილის საფლავის განადგურების ფაქტს:

„აქ არ არის მხოლოდ კულტურულ მემკვიდრეობაზე საუბარი. აქ არის ქვეყნის უახლეს ისტორიაზე საუბარი. ჯერ თავისთავად ფიგურა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია, მერე ადამიანი, რომელიც მის დაკრძალვას ესწრება. რამხელა სამოქალაქო ნაწილი იყო, როდესაც ზვიად გამსახურდია, ფოტოებზე ჩანს, რომ თავად მიასვენებს ალექსანდრე სულხანიშვილს, მერე როგორ მოეწყო მისი საფლავი თანამედროვე ხელოვნებისა და ქანდაკების კონტექსტში. ეს ნაფიქრი კონსტრუქციაა, ის არის არქიტექტორის მიერ დაგეგმილი და აწყობილი ისე, როგორც ეს შეეფერებოდა ამ ადამიანს და როგორც იმ პერიოდში საქართველოს და მის პრეზიდენტს შეეძლო, რომ პატივი ეცა და გაეკეთებინა. ამ საფლავს ეტყობოდა ნატყვიარი, ესეც ისტორიის ნაწილია. დაიკარგა ყველაფერი, გაქრა საფლავის კონსტრუქცია, ბიუსტიც არ ჩანს.

ის საფლავი, რაც მივიღეთ ტაძრის გვერდით გაკეთებული, აბსოლუტურად არ შეესაბამება იმას, რასაც ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა და მეხსიერების, ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული ისტორიის ნაწილი იყო“.

ალექსანდრე სულხანიშვილის საფლავის განადგურებას ვანდალიზმი უწოდა ზვიად გამსახურდიას შვილმა, კონსტანტინე გამსახურდიამაც, თუმცა ვიდეოკომენტარისგან თავი შეიკავა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში