საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ბიბლიოთეკა მარტოკაცებისთვის - ეროვნული ბიბლიოთეკისა და „მთის ამბების“ პროექტი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:38 - 17 თებერვალი 2020 hits 26293

წიგნი ბევრჯერ უნატრიათ - ლაპარაკი რომ არ დაგვავიწყდეს, ხშირად ვკითხულობთო. ახალი წიგნი კი იშვიათად ააქვთ მათთან. კიდევ თუ მოხვდებით აქეთ, იქნებ, ქალაქიდან წიგნი ან ჟურნალი წამოგვიღოთო - მორიდებით უთხოვიათ დამშვიდობებისას. ბევრ მარტოკაცამდე სამანქანო გზაც არ მიდის და ზაფხულსა თუ ზამთარში, რამდენიმე კილომეტრი საკმაოდ რთული საფეხმავლო ბილიკების გავლა გვიწევს მათთან მისაღწევად. მიზანი გვაქვს - მხარი მივცეთ, წავეშველოთ, გაგაცნოთ ადამიანები, რომლებიც მრავალი წელია უძლებენ უგზოობას, უშუქობას, უტელეფონობას, უექიმობას... უძლებენ იმისთვის, რომ მთის და საზღვრისპირა სოფლები არ მოკვდეს, კიდევ ჰყეფდეს ძაღლი ბარისახოს.

მარტოკაცები გვანჯღრევენ და გვაღვიძებენ - ვახტანგი პაპა ჭიჩოდან; ნიკო არდოტიდან; ირაკლი ექიმი თუშეთიდან; „წიწკანა“ გომეწრის ხეობიდან; გიგლა და შიო არხოტიდან - ახიელიდან და ჭიმღიდან; იმედა ლიქოკიდან; მიხა პაპა ზეისტეჩოდან; მარუ ბებო ხახაბოდან; გოგია ბლოდან; ნაზი უკანაფშავიდან; ელო ბებო ბზიკურთკარიდან; რუსლანი თრუსოდან; მჭედელი ზემო ხურუთიდან; „ლენინა“ ჭვებარიდან; ვეფხია ზვარეთიდან; გელა ჯოისუბნიდან - მარტოკაცებისთვის თითქმის მთელი საქართველო შემოვიარეთ. ვისთანაც არ ვყოფილვართ, მალე მივალთ!

ამ საქმეში მარტო აღარ ვართ, გიორგი კეკელიძე შემოგვიერთდა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. მისი ინიციატივით საგანმანათლებლო მოძრაობა ახალ მიმართულებას დაიწყებს -

ბიბლიოთეკა მარტოკაცებისთვის - ახალი ჟურნალები, წიგნები და ყველაფერი, რაც მარტოკაცებსა და მარტოქალებს დააინტერესებთ.

„პირველი, რაც მინდა აღვნიშნო, „მთის ამბების“ ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ. ეს რაღაც თვალსაზრისით საეტაპო მოძრაობაა იმისთვის, რომ ჩვენ გაგვახსენდეს ადამიანები, რომლებიც მთლიანად მივიწყებულები იყვნენ ან უკიდურესად ფრაგმენტულად გვახსოვდა. მე ვფიქრობ, ამ გამოცემის არსებობა ჩვენთვის, საქართველოს დანარჩენი მოქალაქეებისთვის აუცილებელია.

რეალურად ჩემი საქმიანობის სფერო სწორედ სოფლებში ხშირ სიარულს, იქ ბიბლიოთეკების მოწყობას უკავშირდება. ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი დიდწილად სწორედ ამას აკეთებს. ამაზეა დაფუძნებული ჩვენი საგანმანათლებლო ორიენტირი. ვიფიქრე, რომ ამჯერად, ერთი კონკრეტული მიმართულებით ჩვენი ძალისხმევების გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა“ – „ბიბლიოთეკა მარტოკაცებისთვის“ ჩვენი რეპორტაჟების გმირებს მარტიდან ესტუმრება.

მარტოკაცებსა და მარტოქალებზე გიორგიც დაწერს, ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი კი გადაიღებს. წლის ბოლოს წიგნის გამოცემასაც ვფიქრობთ - მთის მარტოკაცები.

ამ თემაზე:

„მთის ამბები“ მარტოკაცების მხარდამჭერ ფონდს ქმნის

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში