საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

როგორ მოვიპაროთ $2 მილიარდი - ლევან ნადიბაიძე კრწანისისა და გონიოს პროექტებზე

15:51 - 14 თებერვალი 2026 hits 595

„სახელმწიფო მიწას უფასოდ გასცემს, სანაცვლოდ კი ნულოვან მოგებას იღებს“ - ეკონომისტი ლევან ნადიბაიძე კრწანისისა და გონიოს მასშტაბურ პროექტებში კორუფციულ რისკებს ხედავს. McKinsey-სა და ნიუ-იორკის მერიის ყოფილი კონსულტანტი საუბრობს საშიშ პრეცედენტზე: როგორ მიიღო სერბეთმა მილიარდიანი ქონების სანაცვლოდ მხოლოდ 10 მილიონი დოლარი და რატომ გვემუქრება იგივე სცენარი ჩვენც.

 

კორუფციის ორი გზა

თუ თქვენ იქნებოდით მთავრობის წევრი, რომელსაც სურდა ამ პროექტის გამოყენება დიდი ფულის მოსაპარად, შეძლებდით ამის გაკეთებას? პასუხია, კი. თქვენ შეგიძლიათ მოიპაროთ 1 ან 2 მილიარდი დოლარი. ამ პროექტის სტრუქტურაში არაფერია ისეთი, რაც ამას ხელს შეუშლის.

დიახ, თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება, თუ გსურთ, ორი გზით: პირველი არის ამ პროექტის სტრუქტურა, სადაც ჩვენ მიწას უფასოდ ვაძლევთ კერძო კომპანიაში სააქციო წილის სანაცვლოდ და მეორე - საარბიტრაჟო შეთანხმებები, რომლებიც ხელშეკრულებაში უნდა იყოს, რომლებიც დაფარულია და თუ პროექტი გაუქმდება, საქართველო შეიძლება პასუხისმგებელი იყოს ასობით მილიონით ან, შესაძლოა, მილიარდით.

 

ნულოვანი მოგება სახელმწიფოსთვის და ოფშორული სქემები

როგორ მუშაობს ეს? ვთქვათ, თქვენ ამბობთ, რომ გვექნება 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. შესანიშნავია. პროექტის რეალური ღირებულება შეიძლება იყოს, ვთქვათ, 3 მილიარდი. რატომ გჭირდებათ 6 მილიარდი ინვესტიცია, თუ რეალური ღირებულება 3 მილიარდია?

ქაღალდზე მშენებლობის ღირებულება არ იქნება 3, ეს იქნება 6. ამგვარად, კომპანიის მოგება, რომელშიც სახელმწიფოს 33%-იანი წილი აქვს, ნულის ტოლი იქნება.

და რას მიიღებს სახელმწიფო? ის მიიღებს 33%-იან ნულოვან წილს კერძო კომპანიაში. ასე რომ, ეს არის ის, რასაც თქვენ მიიღებთ თქვენი მიწისთვის, რომლის ღირებულება 2 მილიარდი დოლარია. თქვენ ნულს მიიღებთ.

სად მიდის ეს ფული? ფული სამშენებლო კომპანიებში მიდის. ვინ აკონტროლებს სამშენებლო კომპანიებს? Blue Orchard Investments Limited, რომელიც რეგისტრირებულია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე. ვინ იცის, ვინ დგას ამის უკან?

დავუშვათ, სტანდარტული მშენებლობის ღირებულება 3000 დოლარია მეტრზე. შეიძლება თქვან: „ჩვენ უბრალოდ ძალიან მაღალი ხარისხის რაღაცებს ვაშენებთ, ეს 6000 დოლარია მეტრზე“. რას იტყვით? ვერაფერს იტყვით. შემდეგ მთელი მოგება სამშენებლო კომპანიებში წავა. სამშენებლო კომპანიები არიან რეალური ბენეფიციარები და სახელმწიფო ვერასდროს ნახავს ამ 3 მილიარდ დოლარს. ეს თანხა სადმე ოფშორში აღმოჩნდება.

 

სერბეთის მწარე გამოცდილება: პროექტი „ბელგრადი წყალზე“

თუ ფიქრობთ, რომ ეს თეორიული სცენარია, შეხედეთ, რა მოხდა სერბეთში. 2014 წელს, როდესაც კომპანია Eagle Hills ბელგრადში მოვიდა, სახელმწიფომ მიწა უფასოდ გადასცა 31%-იანი წილის სანაცვლოდ.

10 წელი გავიდა. მიწის ღირებულება დაახლოებით მილიარდი ან ორი მილიარდი დოლარი იყო. ყველაფერი აშენდა და გაიყიდა. რამდენი მიიღო სერბეთის სახელმწიფომ დივიდენდების სახით? თითქმის 10 მილიონი დოლარი.

1 ან 2 მილიარდის ღირებულების მიწისთვის სახელმწიფომ მხოლოდ 10 მილიონი მიიღო. ეს იგივე ინვესტორია, იგივე კომპანიაა და იგივე სტრუქტურის გარიგება.

 

ფარული პუნქტები და საარბიტრაჟო ხაფანგი

მეორე გზა ფარული პუნქტებია. ყველა ამ ტიპის შეთანხმებას აქვს არბიტრაჟის პუნქტი. თუ გარიგება შეწყდება და ვინ იცის, იქნებ შეწყდეს კიდეც, რამდენის გადახდა მოგვიწევს? ალბათ მილიარდის.

ამ მასშტაბის შეთანხმება არ შეიძლება იყოს საიდუმლო. თქვენ ამ მილიარდ დოლარს არბიტრაჟში გადაიხდით და სად წავა ეს ფული? კვლავ კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებულ Blue Orchard-თან. ეს კლასიკური სცენარია, სადაც ერთი მხარე ყოველთვის იგებს: თუ პროექტი განხორციელდება, დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის მოპარვა შეიძლება; თუ ის ჩავარდება, მაინც 1 მილიარდის.

საქართველოს არბიტრაჟთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი გამოცდილება აქვს შემდეგი - ნამახვანისთვის დაახლოებით 400 მილიონი გადავიხადეთ და ახლა InterRAO-ს დაახლოებით 150 მილიონს ვუხდით საიდუმლო შეთანხმებების გამო.

ასე სტრუქტურირებული გარიგება ქურდობისკენ მოწოდებაა. სანამ არ შეიცვლება პროექტის სტრუქტურა და არ გავიგებთ, რა გველოდება არბიტრაჟში, ვერ ვხედავ მიზეზს, ვინმეს ვენდო - მთავრობას თუ ვინმე სხვას. ეს სერბეთში მოხდა და ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რატომ არ შეიძლება მოხდეს აქ.

 

ავტორის შესახებ: ლევან ნადიბაიძე არის ეკონომისტი და სტრატეგიული კონსულტანტი, რომელსაც აქვს საერთაშორისო გამოცდილება მართვისა და ეკონომიკური განვითარების სფეროში. მუშაობდა ნიუ-იორკში, წამყვან საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Company-ში, ასევე, ნიუ-იორკის მერის, მაიკლ ბლუმბერგის ადმინისტრაციაში. მას აქვს ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი იელის უნივერსიტეტიდან და შედარებითი ისტორიის მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან.

ამ თემაზე:

გრიფით საიდუმლო არაბული ქალაქები

ეს კატასტროფა შეიძლება იყოს - ჩხობაძე კრწანისის ტყეპარკში ქალაქის მშენებლობაზე

რა (არ) ვიცით არაბული „იგლ ჰილსის“ პროექტების შესახებ

„დიდი გაცვლა“ - რატომ დათმო საპატრიარქომ კრწანისის ტყე-პარკი

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში