საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მადნეულის მძევლები

19:48 - 01 ნოემბერი 2025 hits 668

„მთის ამბების“ გადამღებ ჯგუფს ჭიათურობის მეორე დღეს ქალაქი საზეიმოდ მორთული დახვდა. ერთის ნაცვლად, თითქოს, 2 ქალაქი პარალელური რეალობებით. ყვირილის ერთ სანაპიროზე, მოედანზე მაღაროელის ძეგლი აღუმართავთ, მეორე სანაპიროზე ცოცხალი მაღაროელები საპროტესტო კარავში ცხოვრობენ. ერთი შენობის ფასადზე „ქართული ოცნების“ აღორძინების ბანერებია - „მეტი განვითარება ჭიათურას!“, მეორე ფასადზე - პლაკატი ამ „აღორძინების“ მსხვერპლების - უკანონოდ დაპატიმრებული ჭიათურელების ფოტოებით. გასულ კვირას ჭიათურობის დღესასწაული აღნიშნეს ქალაქში, სადაც გასულ თვეებში უმუშევრად დატოვეს 2000 მაღაროელი, რაც 2000 ოჯახის ულუკმაპუროდ დარჩენას უდრის.

12 ათასიან ქალაქში, რომლის ძირითადი შემოსავალი მანგანუმის მოპოვებაა, გასულ წელს სამთო-მოპოვებითი სამუშაოები გააჩერეს. მაღაროელებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვდნენ ხან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის მატებას, ხან კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას, თებერვალში ახალი, მასშტაბური აქციები წამოიწყეს. ორ თვეში „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“, იგივე „სიემსის“ განცხადებიდან ირკვევა, რომ წარმოების განახლების პროცესს რუსეთის მოქალაქე, მიხაილ სოცკი უხელმძღვანელებს.

მარტში მაღაროელებს ამ შინაარსის შეტყობინებას უგზავნიან - „გათავისუფლებული ხართ დაკავებული პოზიციიდან, მადლობა თანამშრომლობისთვის“.

რუსმა მმართველმა საწარმოს რეორგანიზაცია კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევით გამოაცხადა და 3620 მაღაროელი უმუშევარი დატოვა.

„მოიყვანეს იმისთვის, რომ ყველაზე ბინძური საქმე რუსის ხელით შეესრულებინათ. ეს იყო პირველ რიგში შანტაჟი - თუ არ გინდა სამსახურში დაბრუნება, კარგავ ყველაფერს. ამაში სახელმწიფომ და პროფკავშირმა თავისი ძალაუფლება დაახმარა. სოფლის გამგებლები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ურეკავდნენ ახლობელ მაღაროელებს და ეუბნებოდნენ, მიდი კომპანიის სათავო ოფისში, რეორგანიზაციას ხელი მოაწერე და მე გაძლევ გარანტიას, მუშაობას დაიწყებო. ასეთი მოტყუებით მოაწერინეს ხელი და დღეს ხელმომწერებისგან 1050 ადამიანი ისევ უმუშევარია“ - გვიხსნის აქტივისტი მაღაროელი, ტარიელ მიქაცაძე.

რეორგანიზაციაზე თანხმობის გაფორმება მადნის მომპოვებელ საწარმოს 2 მიზნისთვის სჭირდებოდა - თავისი უკანონო ქმედების გამოსასწორებლად ერთი მხრივ და მეორე მხრივ პროტესტის გასანეიტრალებლად. ამბოხებულების მოთვინიერება სოცკის გამოჩენამდე დაიწყო. წლების განმავლობაში არაერთხელ ნაცადი პროვოკაციებიდან უკანასკნელი, 28 აპრილს ხელისუფლების სასარგებლოდ დასრულდა. ადგილობრივებს შუქრუთის მაღაროს დირექტორთან, თენგიზ კობერიძესთან სოფელში ჩხუბი მოუვიდათ. იმავე დღეს რუსული პროპაგანდის ლოკომოტივმა, ტელეკომპანია „იმედმა“ ჭიათურის პროტესტის ყველაზე აქტიური მაღაროელები  თავდამსხმელებად გამოაცხადა, მათ შორის ტარიელ მიქაცაძე და მირზა ლოლაძეც, რომლებიც შემთხვევის დროს თბილისში პრეს-კონფერენციას მართავდნენ.

„რადგან ასეთი აცდენა იყო, ირონიულად შევხედეთ ამ საქმეს. „იმედის“ ჟურნალისტს ვუთხარით, მე ვარ ტარიელი და აგერ მირზა, ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც თქვენ დამნაშავეებად გამოაცხადეთ. ორ ადგილზე ვერ ვიქნებით, თბილისსა და ჭიათურას შორის მინიმუმ 200 კილომეტრია. შემდეგ ეს სიუჟეტი აიღეს და სახელები შეცვალეს - ტარიელისა და მირზას ნაცვლად თენგიზ გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე ჩაწერეს“ - იხსენებს ტარიელ მიქაცაძე.

თენგიზ გველესიანი, აჩიკო ჭუმბურიძე, მერაბ სარალიძე და გიორგი ნეფარიძე, 29 აპრილს გამთენიისას დააკავეს.

პატიმრობის მეექვსე თვეს „მთის ამბები“ გიორგი ნეფარიძის მშობლებს ესტუმრა.

ლია ივანიშვილი, გიორგი ნეფარიძის დედა: „გიორგი დაპატიმრების შემდეგ ჩემი 71 წლის მეუღლის პენსიაზე ვართ. მე მესამე ჯგუფის ინვალიდი ვარ. მაქვს 70 ლარი პენსია. წყლის მოტანაც არ შემიძლია, არავითარი ტვირთი. ახლა ჩემმა მეუღლემ თვალის ოპერაცია გაიკეთა, სიმძიმეები ამასაც აუკრძალეს. გიორგი იყო ჩვენი მარჩენალი. ჩვენ ფიზიკურად არ შეგვიძლია. ჩემმა მეუღლემ 48 წელი მაღაროში იმუშავა, მაგრამ ერთნაირი პენსია აქვს ამასაც და სხვასაც“.

რისთვის იბრძოდა მაღაროელის ოჯახში გაზრდილი გიორგი ნეფარიძე შუქრუთიდან, მის კარ-მიდამოზე თვალის შევლებითაც გასაგები ხდება. ავარიული სახლი, უსწორმასწორო ეზო,  წაქცეული დამხმარე ნაგებობები. გიორგის თაოსნობით და მონაწილეობით შუქრუთის მოსახლეობა ჯიუტად, ხმამაღლა ითხოვდა პასუხს მათი სოფლის ქვეშ მადნის მოპოვების სამუშაოებით განადგურებული ქონების გამო და ითხოვდა ღირსეულ კომპენსაციას.

დამსაქმებლების პასუხი ირონიული იყო, თითქოს სოფლის მკვიდრები თავის ქოხმახებს წყნეთისა და ბარნოვის სახლების ფასს ადებდნენ. გიორგი ნეფარიძე  არამარტო თავისი ოჯახის უფლებას იცავდა, ესარჩლებოდა სხვებსაც, ვისაც ასაკის ან სხვა უმწეობის გამო არც პირის ამოკერვა შეეძლო და არც კარავში ღამის თენება.

შუქრუთელ აქტივისტს არაერთხელ შეუთვალეს, რომ მისი საქმიანობა კარგად არ დასრულდებოდა. 2019 წელს უკვე დაკავებულიც ჰყავდათ ასევე გამოგონილი ბრალით, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე. მაშინ ის სასამართლომ გაამართლა. მეორედ გირაო შეუფარდეს მაღაროს შესასვლელის ბლოკირებისთვის.

სოფლის  პროტესტი შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების მუშაობას შეუძლებელს ხდიდა. მისი სულისჩამდგმელის დაკავების შემდეგ კი პროტესტის განეიტრალებაში მთელი რეპრესიული მანქანა ჩაერთო. გიორგი ნეფარიძის დედა, ლია ივანიშვილი იხსენებს, როგორ მიმდინარეობდა „ტყვეებით ვაჭრობა“ ძალოვნების, ჩინოსნების, სამღვდელოების მონაწილეობით: „ამ 4 ბიჭის სანაცვლოდ, ამდენი ხნის ნაწვალები - ოთხივე ნაშიმშილარი, ეს ჩვენი სოფლის ხალხიც ამის გამო თანხმდებოდნენ, ოღონდ გამოუშვან და პატიმრობაში ნუ იქნებიან, ამ დედ-მამას ნუ დაუჩაგრავთ... დათანხმდნენ, რომ პიკეტი მოეხსნათ და მაღაროს „გადამაგრება“ გაეკეთებინათ. მერე თქვეს, სამუშაოდ შეგვიშვით და ბიჭები გათავისუფლდებიანო. ამაზეც დათანხმდნენ. მერე უთხრეს, მანგანუმი გვაზიდინეთ, მოგვეცით საშუალება, მანქანებით გავიტანოთო. სამივეჯერ დაარღვიეს პირობა. გამოშვებით არავინ გამოუშვეს და ბრალი პირიქით დაუმძიმეს“.

დაპატიმრებულმა ჭიათურელმა აქტივისტებმა ციხეში შიმშილობა დაიწყეს. ტყვეებით ვაჭრობის დეტალებს ამატებს გიორგი ნეფარიძის მამაც:

„თვითონ მეუფე შევიდა ბიჭებთან, შეწყვიტეთ შიმშილობა და გამოგიშვებენო. კარავშიც შეაწყვეტინა ბიჭებს შიმშილობა, მაგრამ ყველამ გადააგდო, დეპუტატმაც, მერმაც, მეუფემაც და ყველამ“.

ტარიელ მიქაცაძე, მაღაროელი: „მოდის ასეთი შემოთავაზება - თუ იქნებით ჭკვიანად, თუ შეწყვეტთ შიმშილობას, მაგ ბიჭებს აუცილებლად გამოუშვებენ, ოღონდ თქვენ კარვები უნდა დაშალოთ. ზუსტად ამ ადგილზე მოვარდა გაბრაზებული პოლიციის უფროსი, როინი დვალი და მეუბნება პირადად მე, რადგან იცის, მე ვარ ამ ამბის დამორგანიზებელი. აი, ახლა გიცანი, შენ ხარ ის ადამიანი, რომელსაც უნდა, ის 4 პატიმარი ციხეში დარჩეს. მე ხომ შემოგთავაზე, თუ ჭკვიანად მოიქცევი, ბიჭები ციხიდან გამოვიდოდნენ?! აი, შენ აკეთებ ისე, რომ ბიჭები ციხეში დარჩნენ.

ადამიანების გადაკიდებისა და გახლეჩის გზით ჭიათურის პროტესტი დასუსტდა, მაგრამ მისი სრულად აღმოფხვრა ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ მოახერხა. რაც მოახერხა წარმატებით, - ეს მოქალაქეების ყოფის კიდევ უფრო მეტად დამძიმებაა, მასობრივი მიგრაცია, საგრძნობი გაღარიბება.

ტარიელ მიქაცაძე, მაღაროელი: „იზარდი კაციტაძემ, 38 წლის კაცმა, რომელმაც უარი თქვა რეორგანიზაციის თანხმობაზე ხელის მოწერაზე, თბილისში წავიდა მშენებლობაზე დღიურ მუშად. მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. არც ცოლი, არც შვილი არ დარჩენილა, დასაოჯახებელი, საჯიშე ქართველი გამოაკლდა ჭიათურას და საქართველოს. ის პირდაპირ არის კომპანიის უკანონობის ბრალეულობა, რის გამოც ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ჭიათურა. სხვა მრავალი ფაქტია კიდევ, ასეთი ფატალური შედეგით არ დასრულებულა, მადლობა ღმერთს, თუმცა დაზიანებები ძალიან ბევრმა მიიღო, ბევრი გახდა იძულებული, ემიგრაციაში წასულიყო. აი, შეგიძლიათ თვითონ ნახოთ, მიჯრით სამი მაღაზია დაკეტილია, რომ ვეღარ მუშაობს“.

ჭიათურის მთავარ ქუჩაზე კედლები გაქირავება-გაყიდვის განცხადებებითაა აჭრელებული. იმ სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებმა კი, რომელიც ჯერ კიდევ ღიაა, „მთის ამბებს უთხრეს: „2000 ადამიანი დარჩა უმუშევარი. ეს ხალხი გავიდა ქალაქიდან. პირადად მეც ძალიან მიჭირს. 1700 ლარს ვიხდი ბანკში ისე, რომ არაფერი შემიძენია. ჩემი შვილი რომ უმუშევარი დარჩა, მის შვილებს ხომ უნდოდათ ჭამა-სმა და პატრონობა?! ზოგი თურქეთისკენ წავიდა მოჯამაგირედ, ზოგი პოლონეთისკენ წავიდა მოჯამაგირედ. აბა, იქ ოფიციალურ სამსახურებში კი არავინ არის მოწყობილი. ყველაფერს ვაკვირდები. გუშინ ახლა ჭიათურლობა იყო. ადრე ზეიმზე ეს მაცივრები პროდუქტებისგან მთლიანად იცლებოდა ხოლმე. წელს იმის ნახევარიც არ იყო. შვილებს ვფიცავარ, დღეს ერთი ბოთლიც არ შემიმატებია. არა, არაფერი არ გაიყიდა“, - ნანა კოპაძე, რომელიც ჭიათურის მთავარ ქუჩაზე პატარა სასურსათო მაღაზიას უძღვება, ნისიების გრძელ სიებს გვიჩვენებს და განაგრძობს: „ვერცერთი მუშა სიგარეტის ფულს თვის ბოლომდე ვერ მაძლევს. ის ხალხი კაბალურ პირობებზე გაჭირვების გამო წავიდა. გაჭირვებამ შეიყვანა ისინი მაღაროში, როგორც მგელს აგდებს შიმშილი ტყიდან სოფელში, ისეა. შიოდა ამათ ცოლ-შვილს. ჩემს შვილს სამსახურში უკან ვინ მიიღებს, მგლის ბილეთი აქვს გამოწერილი, რადგან გაასაჩივრა, რადგან შეეწინააღმდეგა, რადგან პროტესტი გამოხატა, რადგან შიმშილობდა პარლამენტის წინ. ამისთანა ხალხს უჭირს დღეს ძალიან“.

მგლის ბილეთიანებს, იმათ, ვინც უსამართლობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა და ვერ დააშინეს, დღეს კი არა, ერთხელ მაინც იდგა პროტესტზე და ამის გამო ხელშეკრულებებს აღარ უფორმებენ, არ უხდიან ძველ სახელფასო დავალიანებებსაც კი. საპროტესტო კარვის წინ შეკრებილი მაღაროელები იხსენებენ, რას პასუხობენ მათ სამართლიან პრეტენზიას „ინვესტორები“, „ახლა რა გინდათ, კუთვნილი მარტის და აპრილის ხელფასი ჩაგირიცხოთ და თქვენ იმ ფულით ჩვენს წინააღმდეგ, უკანონო რეორგანიზაციისთვის სარჩელი შეიტანოთო?! სოცკი იმას არ გვეუბნება, არ გეკუთვნითო, გეკუთვნით, მაგრამ  არ მოგცემთო“.

„ბინის ქირას ვერ ვიხდი, ნაქირავებში ვარ. ერთხელ გამომაგდეს, მეორედ გამომაგდეს. ასეთი ადამიანი შემოიყვანეს აქ“ - თავის გაუსაძლის ყოფაზე გვიყვება პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე.

„ჯორჯიან მანგანეზს“, რომელსაც კანონით სახელმწიფო მმართველი უნდა ხელმძღვანელობდეს და არა რუსეთის მეფისნაცვალი, როგორც ჭიათურელები მიხაილ სოცკის უწოდებენ, ქალაქიდან მანგანუმით დატვირთული ეშელონები ერთი მეორეს მიყოლებით გააქვს. იცლება საწყობები თვეების დაგროვილი მარაგებისგან და იცლება ქალაქი თავისი მკვიდრებისგან. სოცკისაც ეს უნდა - დარწმუნებულია ტარიელ მაქაცაძე: „ეს უნდა ზუსტად მიხაილ სოცკის, რადგან თვითონ ჭიათურაც გარკვეულწილად მანგანუმზე დგას, ეს კორპუსებიც მანგანუმზე დგას. ჩვენს თავზე „ოცდახუთის დასახლებაა“. თქვენც ნახავდით, როგორ მიდის კორპუსების საძირკველთან ექსკავატორი და როგორ იღებს საუკეთესო ხარისხის მადანს.

თუ შემწინააღმდეგებელი არ ეყოლებათ, თუ იმ კორპუსში ადამიანი აღარ იცხოვრებს, თუ სოფელი დაიცლება, სადაც მანგანუმი მოიპოვება, ძალიან მარტივად დაათმობინებენ და ხელში ჩაიგდებენ უძრავ ქონებას, ვიდრე ჭიათურაში ათასობით ადამიანი  ცხოვრობდეს და თავის ქონებას შესაბამის ფასს ადებდეს“.

ჭიათურა გამონაკლისი არ არის, სადაც არათუ ქონებას, ადამიანების სიცოცხლეს და თავისუფლებას ფასი დაკარგული აქვს. ერთეულების ინტერესების გამო, სახელმწიფო მანქანა შეთანხმებულად მოქმედებს მოქალაქეების წინააღმდეგ -  მღვდელს ბიზნესმენისგან, ქართველს რუსისგან, მოსამართლეს ცილისმწამებლისგან ვეღარ გაარჩევ. ამ პატარა ქალაქის მაგალითზე ვუყურებთ, როგორ იქცნენ მისი მკვიდრები მადნეულის მძევლებად, ზოგი ჯიბეში მისივე გათავისუფლებაზე თანხმობის ხელმოწერით და მაინც უმუშევარი, ზოგი დასაქმებული უფლებების გარეშე, ზოგი დღე და ღამე კარავში, თავის პატარა ბრძოლაში, 2000 უმუშევარი, უპერსპექტივო მაღაროელი და 4 პატიმარი, რომლებსაც მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებისთვის 9 წლამდე ციხე ემუქრებათ. 9 წელი რომ მიუსაჯონ, მე იმას ვეღარ დავხვდები, დარდობს გიორგი ნეფარიძის დედა, ლია ივანიშვილი: „დავდივარ სასამართლოზე და ღმერთს შევჩერებივარ. იქნებ იმან გადმოხედოს ჩემს ალალ-მართალ ოჯახს და ჩემი უსამართლოდ დაპატიმრებული შვილი დაიცვას. 9 წელი რომ მიუსაჯონ, ჩემი ცოდვა ზიდოს იმან, ვინც ტყუილად მოკიდა ჩემს შვილს ხელი ვინც მას ტყუილად ამხელა სასჯელს მიუსჯის. ღმერთს ვთხოვ, ჩემი ცოდვა იმას!“

ავტორები: გიორგი ჩიკვილაძე, მაია ლომიძე, დაჩი იჩუაიძე, გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში