საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

არჩევნების შემდეგ ყაზბეგს სასმელი წყალი არ მიეწოდება - მოსახლეობამ რუსეთის გზა გადაკეტა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:14 - 05 ნოემბერი 2024 hits 934

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დაბა სტეფანწმინდას, სადაც ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და 200-მდე სხვადასხვა ზომის სასტუმრო ფუნქციონირებს, სასმელი წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივებმა დღეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან უშედეგო შეხვედრის შემდეგ, საქართველო-რუსეთის გზა გადაკეტეს.

„აუტანელია ასეთ პირობებში ცხოვრება. მანამდეც წყდებოდა, მაგრამ ასე, ზედიზედ რამდენიმე დღე რომ წვეთი წყალი არ გვქონოდა, არასდროს ვყოფილვართ. ვითომ სულ რაღაცას აკეთებენ და გაკეთებული რომ არაფერი არაა, მაგას ხალხი ვხედავთ. არჩევნებამდე გრაფიკით იყო და მას შემდეგ, ბოლო სამი-ოთხი დღეა, წვეთი წყალი არ მოსულა. წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები პასუხისმგებლობას არ იღებენ, ჩხუბზე და შეურაცხყოფაზე გადმოდიან“ - უთხრა „მთის ამბებს“ ყაზბეგის მკვიდრმა ნათია სამქანაშვილმა.

ბოლო რამდენიმე წელია დაბა სტეფანწმინდას სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება, ყოველდღიურად დილით და საღამოს, სამი ან ოთხი საათით.

აქციის მონაწილეებმა გზა მას შემდეგ გახსნეს, რაც მათთან მერის მოადგილე მივიდა და დაჰპირდა, რომ წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები 6 ნოემბერს ყაზბეგში ჩავლენ, ხალხს შეხვდებიან და წყლის მიწოდებასაც აღადგენენ.

მომდევნო საპროტესტო შეკრება 8 ნოემბრისთვის ჩაინიშნა.

„ჩვენმა ხელისუფლებამ იძულებული გამხადა, რომ ქუჩაში ვიდგე, საათობით თუ დღეობით.

ვითხოვთ, წყალმომარაგებაზე პასუხისმგებლობა აიღოს მუნიციპალიტეტმა. რაიონის მოსახლემ პასუხი უნდა მოვითხოვო ადგილობრივ მერიაში და არა გორსა და მცხეთაში“, - ამბობს დაბა სტეფანწმინდის მცხოვრები, ნუნუ მაისურაძე.

სტეფანწმინდის მოსახლეობა ერთ წელზე მეტია ითხოვს წყალმომარაგების სისტემა საკუთრებაში და სამართავადაც ცენტრალური ხელისუფლებიდან მუნიციპალიტეტს დაუბრუნდეს. მათ პეტიციითაც მიმართეს ყაზბეგის საკრებულოს. თავმჯდომარემ კანონით დადგენილი მოთხოვნები დაარღვია და პეტიცია არ განიხილა. დავით ქირიკაშვილი მოსახლეობის პეტიციასთან დაკავშირებით საქმისწარმოების მასალებს ასევე კანონის დარღვევით არ აძლევს „მთის ამბებს“, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოცემამ მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ყაზბეგში „ქართულმა ოცნებამ“ 2517 ხმა დააგროვა (72.536%). სულ ყაზბეგში 5811 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში მონაწილეობა 3477-მა ადამიანმა მიიღო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში