საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ივანიშვილის სახლთან აქციის დაანონსების შემდეგ გიორგი ნეფარიძეს ბრალი დაუმძიმეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

00:29 - 28 სექტემბერი 2024 hits 1239
გიორგი ნეფარიძე
ახალი ამბები
გიორგი ნეფარიძე

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების მიერ, ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციის დაანონსებიდან მეორე დღესვე, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიორგი ნეფარიძეს საჩხერის რაიონულმა პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. პროკურატურაში არ განმარტეს, მოითხოვენ თუ არა ნეფარიძის დაპატიმრებას. მას გირაო უკვე შეფარდებული აქვს.

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2024 წლის 20 ივლისს, 14 საათიდან 15 საათამდე პერიოდში, გიორგი ნეფარიძემ ლითონის დიდი ზომის ე.წ. „კატანკებით“ დაკეტა კოროხნალის მაღაროს შესასვლელი ლითონის კარი, რითაც მან და აქციაში მონაწილე სხვა პირებმა, შპს „მაღაროელის“ მუშა მოსამსახურეებს არ მისცეს შენობაში შესვლის საშუალება, რაც 2024 წლის 27 სექტემბრამდე გრძელდება“.

პროკურატურის შეფასებით, გიორგი ნეფარიძემ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის  226-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და მასში აქტიურ მონაწილეობას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და რამაც საწარმოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია.

როგორც გიორგი ნეფარიძის ადვოკატმა ვლადიმერ ქუთათელაძემ „მთის ამბებს“ უთხრა,  პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეში ასევე ჩადო პროტესტში მონაწილე რამდენიმე პირსა და შპს „მაღაროელს“, ასევე, შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და თანხის ჩარიცხვის ქვითრები.

„ამ დოკუმენტებს შესაძლო დანაშაულთან შემხებლობა არ აქვს და გამოძიება აღნიშნულით არ უნდა დაინტერესებულიყო. ამ დოკუმენტების საქმეში გამოჩენა პირდაპირ მიუთითებს და ხაზს უსვამს ამ პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზანზე, როგორმე აიძულონ ისინი, პროტესტი შეწყვიტონ“, - აღნიშნავს ადვოკატი.

გიორგი ნეფარიძეს და მასთან ერთად აქციის კიდევ ორ მონაწილეს, რომან მეგრელიშვილსა და მალხაზ ლაბაძეს, საჩხერის პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის იგივე მუხლით ბრალი პირველად 1-ელ აგვისტოს წაუყენა. ამ ეპიზოდში პროკურატურა ბრალდებულებს საწარმოს მუშაობის შეფერხებას 21 ივლისს ედავებოდა. ამჯერად ნეფარიძეს 20 ივლისსაც ედავებიან იგივე დანაშაულის ჩადენას. სამივე ბრალდებულს პირველ ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. არცერთი მათგანი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.

გიორგი ნეფარიძემ, 26 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ გამართულ მანიფესტაციაზე განაცხადა, რომ 1-ელ ოქტომბერს, საღამოს, საპროტესტო აქციას ბიძინა ივანიშვილის სახლთან მოაწყობენ, მთაწმინდაზე.

შუქრუთელები, სოლიდარობის აქციის მონაწილეებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან პროტესტის გამოსახატად მივიდნენ. ისინი ითხოვენ, ხალხის ფულით დაფინანსებულმა ტელევიზიამ მათი პრობლემები სიღრმისეულად გააშუქოს და პირდაპირი ეთერი დაუთმონ, სადაც საზოგადოებას ვრცლად უამბობენ კომპანიის ქმედებებზე, რამაც ჭიათურა უბედურების ზონად აქცია.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები ჭიათურაში კოროხნალის და შუქრუთის მაღაროებთან უწყვეტ აქციას 13 მარტიდან მართავენ. ორივე მაღარო გაჩერებულია. მაღაროელების ნაწილმა დაზარალებულ შუქრუთელებს სოლიდარობა გამოუცხადა. შუქრუთელები „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ითხოვენ, მანგანუმის მოპოვების შედეგად მიყენებული ზიანი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შეაფასებინოს და დაზარალებულებს სამართლიანი კომპენსაციები გადაუხადოს, რათა მათ ცხოვრების გაგრძელება უსაფრთხო ადგილას შეძლონ. პროტესტის მონაწილეები ცენტრალური ხელისუფლებისგან ყურადღებას და პროცესში ჩართვას ითხოვენ. აქციის ხუთი მონაწილე 1-ელი სექტემბრიდან შიმშილობს. 11 სექტემბერს შუქრუთელებმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გადმოინაცვლეს.  პოლიციამ მათ კარვის განთავსების შესაძლებლობა არ მისცა იმის მიუხედავად, რომ კანონით შეკრების მონაწილეებს ამის უფლება აქვთ.

ივანიშვილის სახლთან (საჩხერის სოფელ ჭორვილაში) დაანონსებული მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა შუქრუთელებს ერთხელ უკვე ჩაუშალეს. სოფლის შესასვლელთან მათ საგანგებოდ მობილიზებული პირები დახვდნენ და ქვეყნის არაფორმალური მმართველის სოფელში აქციის არცერთი მონაწილე არ შეუშვეს. საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ათობით თანამშრომელთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საჩხერეში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯგუფებიც ჰყავდა მობილიზებული. პროტესტის მონაწილე ოცდაათიოდე ქალს ჭორვილაში რომ ვერ შეეღწია, ოპერაციას იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ზაზა ცხაკაია და მისი მოადგილე კოკა მაისურაძე ხელმძღვანელობდნენ. პოლიციელები სოფელში შემსვლელ მანქანებს სათითაოდ ამოწმებდნენ.

„ჯორჯიან მანგანეზი“ აქციის მონაწილეებს სასამართლოშიც უჩივის და დაზარალებულებისგან საცხოვრებელი სახლებისა და ეზოების გადაცემას ითხოვს, რომ იქ მანგანუმი შეუფერხებლად მოიპოვოს. ამავე დროს, კომპანიის კიდევ ერთი მოთხოვნაა, აქციის მონაწილეებს 5,5 მილიონი ლარის გადახდა დაეკისროთ ზიანის ანაზღაურების სახით. „ჯორჯიან მანგანეზის“ მოთხოვნით, საჩხერის სასამართლომ აქციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების, ასევე, ახლო ნათესავების კუთვნილი სახლები და მიწის ნაკვეთები დააყადაღა. კომპანიამ აქციაში მონაწილეობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლა 5 ადამიანი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში