საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გამოუსწორებელი ზიანი - რატომ ააოხრეს მწვანე ტბის ეკოსისტემა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:25 - 24 სექტემბერი 2024 hits 5299

„სიტყვებიც არ მყოფნის... გელათის ამბავს შეგვიძლია შევადაროთ. ამ ფერდობებისთვის ხელის ხლება არ შეიძლებოდა. ასე უსისტემოდ მოჭრა აუცილებლად გამოიწვევს მის დამეწყვრას. მიწისქვეშა წყლები, რომლითაც მწვანე ტბა მარაგდებოდა, შესაძლოა, მთლიანად დაიკარგოს“, - აცხადებს „მთის ამბებთან“ ინტერვიუში გეოლოგი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე გიორგი ბერიძე.

მწვანე ტბა ხულოს მუნიციპალიტეტშია, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს და მთიან აჭარაში ტურისტების მიზიდულობის ერთ-ერთი ცენტრია.

საინიციატივო ჯგუფის „ხულო და მისი პერსპექტივები“ წარმომადგენელმა ჯემალ საგინაძემ ივლისის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მწვანე ტბასთან მთას ჭრიდნენ და ინერტულ მასალას ხულო-ზარზმის გზის სამშენებლოდ ეზიდებოდნენ.

„ადგილი, სადაც ამ მასალას მოიპოვებენ, სამწუხაროდ, ზუსტად ის ზოლია, საიდანაც მწვანე ტბაში წყალი ჩაედინება. აქაურობა ისე გადათხარეს, ეს ბუნებრივად ჩამოყალიბებული შიდა დინებები შეიძლება დაიკარგოს, მწვანე ტბა წყლის გარეშე დარჩეს და ეს უნიკალური ადგილი გაქრეს“, - უთხრა ჯემალ საგინაძემ „მთის ამბებს“.

ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის 47 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას აკავშირებს, 2018 წელს დაიწყო და მის დამთავრებას ხელისუფლება 2020 წლისთვის გვპირდებოდა. ახალ გზას გოდერძის უღელტეხილის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის, მემთევრების (მთიანი აჭარის სოფლებში სეზონურად მცხოვრები ოჯახები) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გაეუმჯობესებინა, ტურისტული ნაკადი გაეზარდა და ახალი შესაძლებლობები გაეჩინა. ორ წელზე გათვლილი პროექტი მეექვსე წელია ვერ დასრულდა. გზების დეპარტამენტმა ტენდერში გამარჯვებულ ორ კომპანიასთან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კონტრაქტი გაწყვიტა და შემსრულებლები თავიდან შეარჩია.

ამ დროისთვის ზარზმიდან (სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში) გოდერძის უღელტეხილამდე გზა თითქმის მთლიანად მოასფალტებულია, უღელტეხილიდან ხულომდე კი უმეტესად ისევ გრუნტის და დაზიანებულია.

„ქართულმა ოცნებამ“ მრავალჯერ დაპირებული გზის დიდი ნაწილის რეაბილიტაცია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რომ მოასწროს, გზების დეპარტამენტმა სხვადასხვა სამუშაოს შესრულება (მეწყრული ადგილების გამაგრება, საყრდენი კედლების მოწყობა, ასფალტის დაგება) სამ კომპანიას დაავალა - შპს „არალი“, შპს „New Road“ და შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“.

სწორედ შპს „ნიუ როუდმა“ ააოხრა მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორია. „ყოველდღიურად სულ მცირე 80-100 სატვირთო მასალა გაჰქონდათ“, - გვეუბნება ჯემალ საგინაძე, „თითქმის 2 თვე მუშაობდნენ. ამ ადგილას რომ გავაჩერეთ, მერე ცოტა ზემოთ დაიწყეს ნგრევა, სპორტული მოედნიდან 2-3 მეტრში. შუამთობის დროს იქ ტარდება შეჯიბრებები. ზაფხულში ბავშვები თამაშობენ, შეიძლება შიგ ჩავარდნენ. პრაქტიკულად, სადაც უნდათ, იქ მოიპოვებენ“.

„მთის ამბებმა“ გამოარკვია, რომ მშენებელმა კომპანიამ მწვანე ტბის მიმდებარედ ინერტული მასალები უკანონოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე მოიპოვა. არც მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს და არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ამ ტერიტორიაზე ინერტული მასალების მოპოვების ლიცენზია გაცემული არ აქვს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან „მთის ამბებს“ წერილობით აცნობეს, რომ მწვანე ტბასთან ახლოს ინერტული მასალების შესაძლო უკანონო მოპოვების შესახებ არ იცოდნენ. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ვაჟა ტაბატაძის განცხადებით, მითითებულ ტერიტორიაზე ინსპექტირებას განახორციელებდნენ.

მას შემდეგ, ერთ თვეზე მეტი გავიდა. უწყებიდან ორჯერ, 6 აგვისტოს და 4 სექტემბერს გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, რა რეაგირება მოახდინეს. ვთხოვეთ ინსპექტირების მასალების გადმოცემაც. არც დეპარტამენტმა და არც მისმა ზემდგომმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდეს, რის გამოც მათ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართეთ.

იურისტების თქმით, გარემოსთვის მიყენებული ზიანი იმდენად დიდია, რომ ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომაც ცდილობს დანაშაულის მიჩქმალვას.

გარდა იმისა, რომ მწვანე ტბის მკვებავი არტერიები შეიძლება საერთოდ გაქრეს, გეოლოგი გიორგი ბერიძე ამბობს, რომ ეს ფერდობები აუცილებლად დაიმეწყრება.

„ტბაში წყლის დონე წელსაც დაახლოებით 1.5 მეტრით იყო დაწეული. მკვებავი რომ მოაკლდება, უფრო მეტს დაიწევს. ფაქტია, რომ მწვანე ტბას საფრთხე ექმნება. მეორე, ასეთ რთულ გეოლოგიურ და რელიეფურ პირობებში იმ ფერდობების ასე უსისტემოდ მოჭრა, რაც ვნახე, არაფრით არ შეიძლებოდა. ამას არც საინჟინრო გადაწყვეტის ეტყობა რამე. ჩვენთან ასეთი ტიპის მოპოვების სამუშაოები წყდება მძიმე ტექნიკის, ტრაქტორის ან ექსკავატორისა და სატვირთო მანქანის მძღოლების დონეზე, არანაირი საინჟინრო გადაწყვეტა. მიადგნენ და დაიწყეს.

ეს ყველაფერი იმ ლოკალურ უბნებში ძალიან სერიოზულ მეწყრებს გამოიწვევს.

ჯერ სტაბილურია ყველაფერი, რადგან ახლა მშრალი პერიოდია, არც წვიმებია, არც თოვლი. როცა შემოდგომის წვიმები დაიწყება, მერე უხვი თოვლი, გაიყინება და ზაფხულში ეს ყველაფერი მოეშვება, ამხელა მასა რომ დააწვება, როცა წონასწორობის პროფილები დარღვეულია, ეს ფერდობები აუცილებლად დაიწყებს მოძრაობას და დამეწყვრას. შეიძლება იმხელა მასშტაბის არ იყოს, რომ დიდი მასა წამოვიდეს და ტბა გადაფაროს, ასეთი რამ არ მოხდება, თუმცა გეოლოგიაში არც არაფერია გამორიცხული. ჩვენ ხომ არ ვიცით, შიგნიდან რა ხდება, ვიზუალურად ვაფასებთ.

ტბის თავზე ლოდები რაც იყო, ის ტბას იფარავდა დიდი დარტყმისგან, თოვლის შვავებისგან. ეს წინაღობები აიღეს და გამჭოლი [არხი] გააკეთეს.

- რამენაირად ამ ზიანის გამოსწორება შეიძლება?

- არა, ცალსახად არა! ის მასა წაღებულია, წონასწორობა დარღვეულია, გრუნტი უკან რომ დააბრუნო, შეიძლება უარესი შედეგი გამოიწვიოს.

იქ საძოვრები იყო. დამეწყრილი ადგილები საძოვრებს მოაკლდება. მწვანე ტბას რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ხომ იმ მდელოებსაც ვსპობთ.

იოლად მისადგომი კარგი მასალა ნახეს, მიადგნენ და აიღეს. როცა ასეთი პროექტი კეთდება, ყოველთვის არსებობს ალტერნატივები. ამ გზის პროექტი დიდი ხანია მიმდინარეობს.

მერამდენე წელია, მესმის, რომ ეს პროექტი უნდა განხორციელებულიყო. ამ დროის განმავლობაში ყველამ კარგად იცოდა, რომ ზემო აჭარაში კარიერები არ არის.

შუახევის მუნიციპალიტეტიდან ადიგენამდე, კარიერები არ არის. ალტერნატივაზე ხომ უნდა ეფიქრათ.

კი, გზა ნამდვილად გვჭირდება, მაგრამ გზა იმისთვის გვინდა, რომ კურორტზე მივიდეთ და ეს სილამაზე დავათვალიეროთ.

ეს ტერიტორია გეოლოგიურად ძალიან საინტერესოა როგორც ბუნებრივი ძეგლი. გოდერძის წყების ფარგლებშია მოქცეული საქართველოში ამ მასშტაბის ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთადერთი განამარხებული ტყე, რაც კიდევ უფრო უნიკალურს ხდის ამ ადგილს თავისი მწვანე ტბით. სამწუხაროდ, ეს ფერდობები არის ციცაბოდ დახრილი, ლოდებიც ძალიან დიდი რაოდენობითაა. ამ ფერდობებზე ხელის ხლება, მითუმეტეს, ასეთი უხვი ნალექის პირობებში, თან უნიკალური ეკოსისტემა და ასეთი გეოლოგიური მემკვიდრეობა რომ გვაქვს, არაფრით არ შეიძლებოდა.

მთელს მსოფლიოში დღეს გეოპარკების შექმნისა და განვითარების ტენდენციაა. საქართველოში ასეთი პარკი ჯერ არ გვაქვს. ეს ერთ-ერთი უნიკალური ადგილია ასეთი გეოტურისტული პარკის მოსაწყობად, სადაც ისეთ ტურისტებს იზიდავენ, რომლებსაც მეცნიერებაც აინტერესებთ, გეოლოგიაც, ბუნებაც, ბიომრავალფეროვნებაც, მწვანე ტბის ეკოსისტემაც.

მწვანე ტბისთვის მიყენებული ზიანი გამოუსწორებელია, ამას არაფერი ეშველება“.

საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 2 სექტემბრის N1255 განკარგულებით შპს „ნიუ როუდი“, ხულოს მუნიციპალიტეტში, რიყეთისა და ბეშუმის ტერიტორიებზე სასარგებლო წიაღისეულის (ანდეზიტის ლოდნარი) მოპოვების ლიცენზიისაგან გაათავისუფლა ხულო-ზარზმის გზის შეუფერხებელი რეაბილიტაციის მიზნით. განკარგულებაში მითითებული კოორდინატები მწვანე ტბიდან, ქვემოთ, 2,5 კილომეტრით არის დაშორებული. პირობების შესრულებაზე კონტროლი მინერალური რესურსების სააგენტოს ევალება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში