საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

როგორ ჩაგრავს სისტემა დაზარალებულ შუქრუთელებს - ჩაშლილი აქცია ივანიშვილის სოფელში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:17 - 25 აგვისტო 2024 hits 22909

„აქ ჩვენ შვილებს ვზრდით ...და არ გვსიამოვნებს. აქ ვერაფერს ვერ გააკეთებთ. ამ კაცთან მივა თქვენი ხმა. ...არ არის ეს ისეთი ადამიანი, რომელიც გულთან არ მიიტანს თქვენს გაჭირვებას“, - ასე დახვდნენ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სოფლის შესასვლელთან საგანგებოდ მობილიზებული პირები მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობისთვის ჩასულ შუქრუთელებს. ქვეყნის არაფორმალური მმართველის სოფელში აქციის არცერთი მონაწილე არ შეუშვეს.

საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ათობით თანამშრომელთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საჩხერეში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯგუფებიც ჰყავდა მობილიზებული. პროტესტის მონაწილე ოცდაათიოდე ქალს ჭორვილაში რომ ვერ შეეღწია, ოპერაციას იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ზაზა ცხაკაია და მისი მოადგილე კოკა მაისურაძე ხელმძღვანელობდნენ. პოლიციელები სოფელში შემსვლელ მანქანებს სათითაოდ ამოწმებდნენ. მათ თვალწინ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა TV პირველის ოპერატორს, კრიტიკულ ჟურნალისტებს ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. სამაგიეროდ, პოლიციელების ზღურბლს მიღმა, ჭორვილის მხარეს უსაფრთხოდ რჩებოდნენ სამთავრობო პროპაგანდისტული არხების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“, „postv“-ის ჟურნალისტები და ოპერატორები.

სწორედ ამ სატელევიზიო არხებით ცდილობდნენ პროტესტის მონაწილე შუქრუთელების დისკრედიტაციას, ჭორვილაში დაანონსებული საპროტესტო მსვლელობის წინა დღეებში.

„ის პირები, ვინც ხელმძღვანელობენ აღნიშნულ პროცესს, მათ სრულად აქვთ აღებული ამ მემორანდუმის და იმ ხელშეკრულების ფარგლებში ის თანხები, რაც მათ საკომპენსაციოდ ეკუთვნოდათ“,- ამბობს ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტში შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ სოციალური პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მირიან ბიჭიკაშვილი.

Postv „მოქალაქეების მცირე ჯგუფის უსაფუძვლო, დესტრუქციულ პროტესტს“ უწოდებს სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილის 165 დღიან უწყვეტ აქციას, რომლის ერთადერთი მოთხოვნაც არის, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, მათთვის მიყენებული ზიანი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შეაფასებინოს და კომპენსაცია ისე გადაიხადოს. კომპანია და შუქრუთის მცხოვრებლები მხოლოდ ამ ფორმით შეთანხმდნენ ზიანის ანაზღაურებაზე 2021 წელს, ჯერ ჭიათურაში, შემდეგ კი თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან, 134 დღიანი საპროტესტო აქციის, ხანგრძლივი შიმშილობისა და პირის ამოკერვის შემდეგ. სწორედ „ჯორჯიან მანგანეზია“ ის ერთადერთი კომპანია, რომელიც 2007 წლიდან, ჭიათურისა და საჩხერის ტერიტორიებზე, 16 430 ჰექტარზე, მანგანუმის მოპოვების 40 წლიან ლიცენზიას ფლობს.

პროტესტის ორგანიზატორებმა ხელშეკრულების შესაბამისად 2021 წელს საშუალოდ 150 ათას ლარზე მეტი მიიღეს, 2020 წლიდან კი, სოფელ შუქრუთის მოსახლეობაზე კომპანიის მხრიდან ჯამში 12 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. ირკვევა, რომ რადიკალური პროტესტის ორგანიზატორებმა აღნიშნული თანხებით თბილისში უძრავი ქონებები შეიძინეს, ახლა კი კომპანიისგან დამატებით თანხებს შანტაჟის გზით ითხოვენ“, - აცხადებს Postv და ასაჯაროებს კომპანიის მიერ, პროტესტის მხოლოდ იმ რამდენიმე მონაწილისთვის თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომლებსაც შედარებით მეტი თანხა აქვთ მიღებული.

მთავრობის პროპაგანდისტული არხი არაფერს ამბობს აქციის მონაწილეებსა და კომპანიას შორის დადებული მემორანდუმის პირობებზე, რომლის თანახმადაც, ეს თანხები არის არა კომპენსაცია, არამედ, მისი ავანსი.

ანუ, საკომპენსაციო თანხის რაოდენობა უნდა დაზუსტებულიყო, კომპანიის მიერ სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტების მოწვევისა და დეტალური შეფასების შემდეგ, რის მერეც მოხდებოდა საბოლოო ანგარიშსწორება. სიუჟეტში ჟურნალისტი არ ამბობს, თუმცა გამოქვეყნებულ დოკუმენტებს კარგად თუ დავაკვირდებით, იქიდანაც ჩანს, რომ გადახდილი თანხა არის „მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურება ხელშეკრულების თანახმად“.

„შეთანხმების შემდეგ სამ წელზე მეტი გავიდა, „ჯორჯიან მანგანეზმა“ კი ამ დრომდე არ გადმოგვცა ექსპერტიზის დასკვნა და შესაბამისად, არც საბოლოო ანგარიშსწორება მომხდარა.

კომპანია განზრახ არიდებს თავს, რომ ზიანი სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ შეაფასოს, რადგან ობიექტური გაანგარიშებით, ბევრად მეტის გადახდა უწევთ, ვიდრე თავის აუდიტს აწერინებენ. ეს არ აწყობთ, რადგან სხვაც გაიგებს ამის შესახებ და ყველამ თუ ასე ობიექტურად მოსთხოვა გადახდა, თვითონ იმდენი მოგება აღარ დარჩებათ.

მთელი ჭიათურა აოხრებულია, რამდენიმე მოსახლეზე არ არის აქ საუბარი. ამიტომ, მათ სულ უნდოდათ, რომ მოლაპარაკების, შეთანხმების პირობები კონფიდენციალური ყოფილიყო და არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატებსაც არ მიეღოთ ამ პროცესებში მონაწილეობა. ასე გადაგვაგდეს“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შუქრუთელი გიორგი ნეფარიძე, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“, სამთავრობო პროპაგანდისტული არხებისა და მთლიანად სისტემის სამიზნეა.

„მოსახლეობის ნაწილი, რომელიც გარკვეული კრიმინალური მუხტით არის ამ შემთხვევაში შეპყრობილი და ინიცირებული, ცდილობს, რომ პრაქტიკულად შანტაჟის გზით მიიღოს ეს თანხა. 

მსოფლიოს წამყვანი ქალაქები რომ არის ხომ, პარიზი, ტოკიო და ნიუ-იორკი, ალბათ, ცენტრში, იქ არ ეღირება უძრავი ქონება ისეთი ფასი, რა ფასსაც ეს ადამიანები ითხოვენ.

კანონიერი ზომები არის ერთადერთი შემაკავებელი, რამაც შეიძლება ეს კრიმინალური მოქმედებები აღკვეთოს“, - Postv-ის სიუჟეტში ადვოკატი გიორგი ყავლაშვილია ამ შეფასებების ავტორი. სწორედ ის წარმოადგენს შპს „მაღაროელს“, რომელიც პროტესტის მონაწილე შუქრუთელებს უჩივის პოლიციაში, პროკურატურაში, სასამართლოში.

1-ელ აგვისტოს, საჩხერის პროკურატურამ აქციის სამ მონაწილეს - გიორგი ნეფარიძეს, რომან მეგრელიშვილსა და მალხაზ ლაბაძეს ბრალი წაუყენა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებაში. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით სამივე ბრალდებულს გირაო შეუფარდა 1000 – 1000 ლარის ოდენობით. postv-ის სიუჟეტში ისიც კი არ თქვეს, რომ არცერთი ბრალდებული ბრალს არ ეთანხმება და მიაჩნიათ, რომ სისტემა დევნით. სამთავრობო პროპაგანდისტული არხების სიუჟეტებში ვერ მოხვდა აქციის ვერცერთი მონაწილის დანგრეული, დაზიანებული, სიცოცხლისათვის სახიფათო სახლი და კარ-მიდამო.

„ჯორჯიან მანგანეზი“ დაზარალებული შუქრუთელებისთვის ბრალის წაყენებას და აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას არ დასჯერდა. 9 აგვისტოს, იმავე საჩხერის სასამართლომ დააკმაყოფილა შპს „მაღაროელის“ განცხადება და შუქრუთის მცხოვრებლებს კოროხნალის და შუქრუთის მაღაროებთან აუკრძალა „ხელი შეუშალონ შპს „მაღაროელს“. კომპანია სასამართლოსთვის გაგზავნილ მიმართვაში წერს, რომ აქციის მონაწილეები აფერხებენ მაღაროების მუშაობას, საწარმოო პროცესი შეწყვეტილია, რითიც მას და სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი ადგებათ. კომპანია აცხადებს, რომ ამ პერიოდში თანამშრომლებს 5 563 481 ლარი გადაუხადა და ითხოვს, ამ თანხის გადახდა აქციის მონაწილეებს დაეკისროთ.

საქმე იმაშია, რომ საჩხერის პროკურატურის მიერ, სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილია შპს „მაღაროელი“. საჩხერის სასამართლომაც შუქრუთელებს საპროტესტო აქციის გაგრძელება შპს „მაღაროელის“ განცხადების საფუძველზე აუკრძალა. არადა, სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ შპს „მაღაროელი“ არასათანადო მოსარჩელეა. ის არც მაღაროების მფლობელია და მითუფრო, არც მესაკუთრე.

საქმის მასალების მიხედვით, მომსახურების ხელშეკრულებას, რომლითაც „ჯორჯიან მანგანეზმა“ სამთო მოპოვებისთვის ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად შპს „მაღაროელი“ დაიქირავა, მოქმედების ვადა 2022 წლის 31 დეკემბერს გაუვიდა.

საჩხერის მოსამართლე ივანე ყიფიანმა შუქრუთის და კოროხნალის მაღაროებთან პროტესტის გამოხატვა სულ 20 პირს აუკრძალა. მათგან სულ მცირე 5 ადამიანს, მელანო ნეფარიძეს, ნოდარ ნეფარიძეს, თამაზ დარბაიძეს, გიორგი ლაბაძეს და სოსო ტაბატაძეს საერთოდ არ მიუღიათ პროტესტში მონაწილეობა და უწყვეტი აქციის პერიოდში არასდროს ყოფილან მიმდებარე ტერიტორიაზე.

აქციის მონაწილე შუქრუთელებს უკვე ორჯერ მიაკითხეს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა და საპროტესტო ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

„სასამართლო განჩინების თანახმად, მოპასუხეებს აეკრძალათ ხელი შეუშალონ შპს „მაღაროელს“ და მის თანამშრომლებს კოროხნალის და შუქრუთის მაღაროებსა და უბნებში შეუფერხებლად აწარმოონ სამთო მოპოვებითი საქმიანობა. განჩინებიდან გამომდინარე, გაუგებარია, რა არ უნდა გააკეთონ მოპასუხეებმა - კონკრეტულად რა ქმედების განხორციელებას უკრძალავს მათ სასამართლო. არსებული ჩანაწერი იმდენად ბუნდოვანია და გაუგებარია, რომ მოსარჩელეს აძლევს უფლებას, ყველაფერი აუკრძალოს მოპასუხეებს, რასაც იგი ხელშეშლად მიიჩნევს. აღნიშნული აუცილებლად იქნება გამოყენებული მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეთა მშვიდობიანი და კანონიერი პროტესტის აკრძალვისთვის, იმ მოტივით, რომ პროტესტი და მათი ყოფნა მუშაობაში ხელს უშლის“,- „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ადვოკატი ვლადიმერ ქუთათელაძე, რომელიც პროტესტის მონაწილეთა უფლებებს იცავს, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და 24-ე მუხლებზე, რომლითაც ყველას აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ადვოკატმა განჩინების გაუქმება მოითხოვა. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ უცნობია.

შუქრუთელებმა საპროტეტსო მსვლელობა ივანიშვილის სოფელ ჭორვილაში, სწორედ მას შემდეგ დაგეგმეს, რაც კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ სისტემა ებრძვით:

  • „ჯორჯიან მანგანეზი“, რომლის მესაკუთრეც (100%-ის მფლობელი) „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზია“. ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტს უკრაინელი მილიარდერი იგორ კალომოისკი ფლობს, დაახლოებით 4% კი აქციონერთა ქართულ ჯგუფს ეკუთვნის, მმართველ პარტიასთან დაახლოებულ გიორგი კაპანაძეს (იგივე „რიჟა“). 2017 წლიდან სახელმწიფოს „ჯორჯიან მანგანეზში“ ოფიციალურად სპეციალური მმართველი ჰყავს დანიშნული იმ მიზეზით, რომ კომპანიის საქმიანობამ ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი სიტუაცია შექმნა და გამოუსწორებელი ზიანი თავიდან უნდა აეცილებინათ. სინამდვილეში, ვითარება გაუარესდა, ღია კარიერული წესით მადნის მოპოვება საგანგაშოდ გაიზარდა და ჭიათურა უბედურების ზონად იქცა. პროტესტის მონაწილე შუქრუთელების „გაშავებით“, დისკრედიტაციით გამორჩეულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომლის ხელმძღვანელი თამარ ფხაკაძე „ჯორჯიან მანგანეზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის დეიდაა.
  • პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო - პროკურატურამ პროტესტის მონაწილეები ისე მისცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ისე ცნო დაზარალებულად შპს „მაღაროელი“ და სასამართლომ ისე შეუფარდა ბრალდებულებს გირაო, რომ არ შეამოწმეს შპს „მაღაროელი“ იყო თუ არა სათანადო მომჩივანი.
  • ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება - უწყვეტი პროტესტის 165 დღის განმავლობაში, ხანდაზმულ მამაკაცებს, მრავალშვილიან და მეძუძურ დედებსაც კი არავინ მოუსმინა, არავინ მივიდა მათთან შესახვედრად.
  • თითქმის ნახევარი წლის მანძილზე, პროტესტის მონაწილეები არცერთხელ არ მოუკითხავს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს. არც მაშინ დაიტერესებულა, რაც სასამართლომ მათ პროტესტის გამოხატვა აუკრძალა.

თუ 1-ელ სექტემბრამდე „ჯორჯიან მანგანეზი“ აქციის მონაწილეთა მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ისევ პროტესტის უკიდურესი ზომისთვის მიმართვას აპირებენ - პირის ამოკერა და შიმშილობა გადაწყვეტილი აქვთ ქალებსაც.

შპს „მაღაროელმა“ კი საჩხერის სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით მიმართა, მოპასუხეთა რაოდენობა 20-დან 30-მდე გაზარდა და ყველას სახლ-კარის დაყადაღებას ითხოვს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში