საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მთავრობამ შქმერში მანგანუმის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიები გააცოცხლა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:15 - 05 აგვისტო 2024 hits 2421

ზუსტად ერთი დღით ადრე, ვიდრე შქმერში 1,5 მლნ კვ მეტრზე მანგანუმის შესწავლა-მოპოვებისათვის გაცემული ლიცენზიები გასაუქმებელი გახდებოდა, მთავრობამ განკარგულებებში ცვლილებები შეიტანა და ლიცენზიანტს შქმერის გადათხრის უფლება შეუნარჩუნა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეს გადაწყვეტილებაც მოსახლეობისგან ფარულად მიიღო. ლიცენზიანტი კომპანიების ხელმძღვანელი გიორგი ნინიკაშვილი რეციდივისტია - სამჯერ ნასამართლევი, მათ შორის, ჭიათურაში მადნის უკანონოდ მოპოვების გამო, რამაც გამოიწვია მიწის დეგრადაცია, ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დაზიანება.

მთავრობის ორივე განკარგულება 2024 წლის 8 ივლისით არის დათარიღებული. ამ განკარგულებებით, შპს „მნ ნორთსა“ და შპს „ტექნოლოჯი 2021“-ს, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშების მოსამზადებლად და შესაბამის ორგანოში წარსადგენად განსაზღვრული სამწლიანი ვადა, 6 წლამდე გაეზარდათ. საქმე იმაშია, რომ ამ ანგარიშების მომზადება და მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ მისი დამტკიცება, აუცილებელი წინაპირობაა მანგანუმის მოპოვების დასაწყებად. ამ პირობის შესრულების ბოლო ვადა კი ორივე ლიცენზიანტ კომპანიას 2024 წლის 9 ივლისს ეწურებოდა. არც „მნ ნორთსა“ და არც შპს „ტექნოლოჯი 2021“-ს ასეთი ანგარიში ამ დრომდე არ წარუდგენია მინერალური რესურსების სააგენტოში.

„პირობების შეუსრულებლობა არის დაჯარიმების საფუძველი. სამჯერ დაჯარიმების შემდეგ კი, უწყებას ლიცენზიების გაუქმებაზე უნდა ემსჯელა“, - უთხრა „მთის ამბებს“ „მწვანე ალტერნატივას“ გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების პროგრამის კოორდინატორმა ნინო გუჯარაიძემ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ ლიცენზიების რეესტრში „მნ ნორთსა“ და „ტექნოლოჯი 2021“-ზე გაცემული ლიცენზიების რეგისტრაციის დროდ 2024 წლის 9 ივლისია მითითებული. სინამდვილეში, ლიცენზიები 2021 წლის 9 ივლისს არის გაცემული 10 წლის ვადით.

ერთადერთი, რაც ლიცენზიანტმა შქმერში გააკეთა, 2021 წლის ოქტომბერში, 540 ტონა მანგანუმის მადანი უკანონოდ მოიპოვა. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ საჩივრის შემდეგ, შპს „ტექნოლოჯი 2021“-ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს, გარემოსთვის ზიანის მიყენების გამო კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქმე რაიონულ პროკურატურას გადასცა. როგორ დამთავრდა „ტექნოლოჯი 2021“-ის მიმართ ადმინისტრაციული საქმე ონის მაგისტრატ სასამართლოში და სისხლის სამართლის საქმე პროკურატურაში, შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვეთ და პასუხის მიღებისთანავე მკითხველს მივაწვდით. შქმერში მანგანუმის მოსაპოვებლად გაცემული ლიცენზიების გაუქმების მოთხოვნით რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმაც.  

ორივე ლიცენზია, მრავალი კანონდარღვევის გამო, „მწვანე ალტერნატივას“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრს“ და შქმერის მკვიდრს გოგა გაგნიძეს სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული.

ორ წელზე მეტია სარჩელი წარმოებაშია მიღებული და მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილს პირველი სხდომაც კი არ ჩაუნიშნავს.

„მნ ნორთი“ და „ტექნოლოჯი 2021“ დააფუძნეს 2021 წლის 5 ივლისს, შქმერში მანგანუმის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიების გაყიდვამდე ორი დღით ადრე. ორივე კომპანიას ერთი და იგივე დირექტორი ჰყავს - გიორგი ნინიკაშვილი. ამჟამად, ორივეგან წილების ყველაზე მსხვილი (66.5%) მფლობელი მამუკა დალაქიშვილია. ოფიციალურად, მან ეს წილები მიმდინარე წლის 7 თებერვალს გიორგი ჟამუტაშვილისგან შეიძინა. ხელშეკრულებაში ნასყიდობის ფასი კომერციულ საიდუმლოებად არის მიჩნეული. სხვადასხვა პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მამუკა დალაქიშვილი „ჯორჯიან მანგანეზის“ ქართველი აქციონერის, გიორგი კაპანაძის (იგივე „რიჟა“) ნდობით აღჭურვილი პირი და ამავე კომპანიის მიერ დაფუძნებული „ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის“ ფაქტობრივი მმართველია.

საყურადღებოა, რომ ვიდრე მთავრობა შქმერში მანგანუმის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიებს გასცემდა, პროკურატურამ 5 თვით ადრე გამოძიება დაიწყო მიწის ნაკვეთების თაღლითობის გზით დაუფლებისა და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტებზე. ბრალი 5 ადგილობრივს წაუყენეს. ზეწოლის შედეგად, რომ დაიჭერდნენ და ციხეში გაუშვებდნენ, ბრალდებულები საპროცესო შეთანხმებაზე დაითანხმეს - აღიარებინეს, რომ დანაშაული ჩაიდინეს. მათ მიწის ნაკვეთები ჩამოართვეს და მსუბუქი სასჯელი მიუსაჯეს.

„მთის ამბებმა“ გამოარკვია, რომ შქმერელებს პროკურატურაში ირაკლი ნოზაძემ უჩივლა. იგი „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოს დაცვის დირექტორია. „ჯორჯიან მანგანეზი“ 2007 წლიდან, ჭიათურისა და საჩხერის ტერიტორიებზე, 16 430 ჰექტარზე ფლობს მანგანუმის მოპოვების 40 წლიან ლიცენზიას. კომპანიის უკონტროლო საქმიანობის შედეგად ჭიათურის მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი ვითარებაა შექმნილი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში