საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

პროკურატურამ ჭიათურის პროტესტის მონაწილეების დევნა დაიწყო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:10 - 30 ივლისი 2024 hits 4980

პროკურატურამ ჭიათურის პროტესტის მონაწილეები გიორგი ნეფარიძე, რომან მეგრელიშვილი და მალხაზ ლაბაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა და მათ წინააღმდეგ დევნა დაიწყო. გამოძიება შუქრუთის მცხოვრებლებს, რომლებიც უკვე 140 დღეა, კოროხნალის მაღაროსთან აქციას მართავენ, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებას ედავება.

პოლიციის გამომძიებელი რეზო ასანიძე პროტესტის მონაწილეებს, გიორგი ნეფარიძესა და რომან მეგრელიშვილს დღეს დაუკავშირდა და გამოკითხვაზე დაიბარა. მათ პოლიციის სამმართველოში მისვლაზე უარი თქვეს და გამომძიებელს უთხრეს, რომ მზად არიან, ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცენ. ისე, რომ გამომძიებელს ისინი არც გამოუკითხავს, „მთის ამბების“ ინფორმაციით, პროკურატურამ სამივე მათგანისთვის ბრალის წაყენება გადაწყვიტა სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს, ხვალ, 31 ივლისს მიმართავს.

226-ე მუხლი გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

აქციის მონაწილეების მიმართ გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა 20 ივლისს მომხდარი ინციდენტი - როცა „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელმა პირებმა მაღაროში სამუშაო პროცესის აღდგენა ძალის გამოყენებით სცადეს.

გიორგი ნეფარიძის თქმით, კომპანიის წარმომადგენლებმა მაღაროსთან თანამშრომლების ნაწილი მიიყვანეს და უთხრეს, რომ აქციის მონაწილები მაღაროს მუშაობის განახლებაზე თანახმა იყვნენ. შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც უკვე 140 დღეა კოროხნალის მაღაროსთან უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ, მაღაროს ეზოს შესასვლელში ჩადგნენ და „ჯორჯიან მანგანეზს“ სამუშაო პროცესის აღდგენის საშუალება არ მისცეს. მანგანუმის უკონტროლოდ მოპოვების შედეგად, მათ სახლები ენგრევათ და კომპანიისგან ზარალის ადეკვატურ შეფასებას და სრულ ანაზღაურებას ითხოვენ.

„სუს-ის და „ჯორჯიან მანგანეზის“ უსაფრთხოების თანამშრომლებმა, ზურაბ ყანჩაველის ხელმძღვანელობით, ძალის გამოყენებით სცადეს კარის გახსნა და სამუშაო პროცესის განახლება, რაშიც შევეწინააღმდეგეთ. 35-ვე ოჯახი იქ ვიყავით, ქალები, კაცები. აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს. რამდენიმე მაღაროს ტერიტორიაზე შევარდა და კარის გახსნას ცდილობდნენ. დაშინებითა და მოტყუებით მოყვანილი მაღაროელები კარს იქით არ გადასულან. დავრეკეთ პოლიციაში, რეაგირება არ მოჰყოლია. პოლიციის თანამშრომლებიც იქ იდგნენ და უყურებდნენ ამ ამბავს“ - უთხრა „მთის ამბებს“ გიორგი ნეფარიძემ.

აქციის მონაწილეებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. ექიმების მისვლის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა და პოლიციელებმა ტერიტორია დატოვეს.

შუქრუთის მცხოვრებლებს კოროხნალის მაღაროსთან პროტესტის გამოხატვა წამების ტოლფას მდგომარეობაში უწევთ.

მიუხედავად იმისა, რომ მაღაროს მუშაობა გაჩერებულია, „ჯორჯიან მანგანეზმა“, რამდენიმე კვირის წინ, პოლიციის ძალით ჩართო ე.წ. სავენტილაციო სისტემა, რომელიც მაღაროს შესასვლელთან 24 საათის განმავლობაში დამაყრუებელ ხმას გამოსცემს.

მანამდე, „ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორმა - შპს „მაღაროელმა“ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, შუქრუთელებს კოროხნალის მაღაროსთან პროტესტი აეკრძალოთ. კომპანია სასამართლოსგან ასევე ითხოვს,

  • შუქრუთელებმა მის ტექნიკას და მუშებს ხელი არც მაშინ შეუშალონ, თუ მათი სახლების ქვეშ მანგანუმის მოპოვებას გააგრძელებს;
  • აქციის მონაწილეებს „პირველივე მოთხოვნისთანავე“ ოთხი წლით ჩამოერთვათ კერძო საკუთრებაში არსებული სახლები, მიწის ნაკვეთები და მანგანუმის მოსაპოვებლად კომპანიას გადაეცეს;
  • მოპასუხეებს დაევალოთ, აღნიშნული ნაკვეთები კომპანიას გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცენ - მიწაზე, სადაც სახლი ან სათავსო დგას, მესაკუთრემ თვითონ უნდა დაანგრიოს და გაასუფთაოს.

შპს „მაღაროელი“ სასამართლოში 14 პირს ედავება, მათგან 2 მკვდარია.

პროტესტის მონაწილეთა დასაშინებლად და დასჯის მიზნით, „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორმა კომპანიებმა აქციის ორი მონაწილე გიორგი ბიწაძე და ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამუშაოდან დათხოვნით ორჯერ დაემუქრნენ რომან მეგრელიშვილს. ჯუმბერ ცუცქირიძემ უკანონოდ გათავისუფლების შესახებ ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა თემურ ხონელიამ არ უპასუხა „მთის ამბების“ შეკითხვას, რატომ უჩივლა კომპანიამ აქციის მონაწილეებს პოლიციაში და რატომ არ აკმაყოფილებენ მათ მოთხოვნებს.

კომპანიის სოციალური პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკა ბიჭიკაშვილმა განმარტა, რომ პოლიციას მიმართეს საწარმოს ბლოკირების გამო, მათ შორის, იმიტომ, რომ „რამდენიმე დღის წინ, მეორედ გამორთეს სავენტილაციო სისტემა, რომლის ფუნქციონირების გარეშეც მაღაროში შესვლა და გადამაგრება საფრთხის შემცველია, გადამაგრების გარეშე კი მიწისქვეშა გვირაბები შეიძლება ჩამოინგრეს და ქონება დაზიანდეს“.

რაც შეეხება აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ბიჭიკაშვილი ამბობს, რომ კომპანიამ 2020 წელს გააფორმა მემორანდუმი სოფელ შუქრუთში მცხოვრებ 280 ოჯახთან. „ჩვენ უნდა გვემუშავა და ზარალსაც ავანაზღაურებდით გეგმაზომიერად. წელიწადში 700 ათასიდან 1 მილიონამდე უნდა გადაგვეხადა. გადახდილი გვაქვს 12 მილიონამდე. აქციის ორგანიზატორებს სრულად აქვთ კომპენსაცია მიღებული“, - აღნიშნავს „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელი.

„სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ადვოკატის, ვლადიმერ ქუთათელაძის თქმით, რომელიც ჭიათურაში პროტესტის მონაწილეთა უფლებებს იცავს, მემორანდუმი, რომელზეც კომპანია აპელირებს, მოსახლეობისთვის არ გაუცვნიათ და ხელი ცარიელ ფურცელზე მოაწერინეს. „თვითონ მემორანდუმი კაბალურია. ის არ ითვალისწინებს კომპენსაციის გადახდას და განსაზღვრულია ინდივიდუალური ხელშეკრულებების დადება. ეს მომარანდუმი რომ ფორმალობა იყო, ადასტურებს ისიც, რომ 2021 წელს ვისთანაც გააფორმეს ხელშეკრულებები შიმშილობის და პირის ამოკერვის შემდეგ, არ ემყარებოდა მემორანდუმის პირობებს. ამასთან, სადავოა ზოგიერთი მათგანისთვის უკვე გადახდილი კომპენსაციის ოდენობაც, რადგან მხარეები ვერ თანხმდებიან ზიანის შეფასების კრიტერიუმებზე. კომპანიას თანხა ავანსის სახით აქვს ჩარიცხული, რომელიც უნდა გაიქვითოს საერთო ღირებულებიდან, როცა ზიანი შეთანხმებული კრიტერიუმებით შეფასდება და დაჯამდება. კომპანიას ჰყავს თავისი აუდიტი, რომელიც აფასებს შეუსაბამოდ დაბალ ფასში, ვიდრე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რაც ცალკეულ შემთხვევებში დადასტურებულია კიდეც. ამიტომაც, დაზარალებული მოსახლეობა ზიანის შეფასებას ითხოვს სასამართლო ექსპერტიზის მიერ. 2021 წელს ყველაზე ხანგრძლივი აქციის შემდეგ, კომპანიამ პირობა დადო და ხელშეკრულებაში ჩაწერა, რომ ზიანს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს შეაფასებინებდა, მაგრამ დასკვნა დღემდე არ არსებობს. მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც ეს არის“, - ადვოკატი მიიჩნევს, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ ხელისუფლების დახმარებით პროტესტის მონაწილეების მიმართ რეპრესიებს ახორციელებს, რათა ისინი აიძულოს, მათ პირობებს დასთანხმდნენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში