საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ჭიათურაში სამსახურიდან პროტესტის კიდევ ერთი მონაწილე გაათავისუფლეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:42 - 03 ივლისი 2024 hits 1768

„ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორმა კომპანიამ კოროხნალის მაღაროსთან მიმდინარე აქციაში მონაწილეობის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლა პროტესტის კიდევ ერთი მონაწილე, 33 წლის გიორგი ბიწაძე.

გიორგი ბიწაძეც სოფელ შუქრუთის მცხოვრებია და თანასოფლელებთან ერთად აქციაში მონაწილეობს. მანგანუმის მოპოვების შედეგად მისი ერთადერთი საცხოვრებელი სახლიც კრიტიკულ მდგომარეობაშია და 2 წლის ბავშვი, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, ჭიათურაში, ნაქირავებ ბინაში ჰყავს გაყვანილი.

5 წლის განმავლობაში „ჯორჯიან მანგანეზის“ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან თანამშრომლობდა - შპს „ჯიემ ტექნიკა სერვისში“ და შპს „ემემ სექტორში,“ რომლის საწარმოშიც მანგანუმი ირეცხება.

„შვილი გამიხდა ავად, დედასაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებული ჰქონდა. ხელმძღვანელს შვებულება ვთხოვე. მითხრა, შვებულებას ვერ გავაფორმებ, მაგრამ წადი, ოჯახს მიხედე, რა დროც დაგჭირდებაო.

როცა აქციები დაიწყო, ჟურნალისტებთან კადრში გამოვჩნდი. დამირეკა უფროსმა საყვედურით, მაგისთვის ხომ გაქვს დრო, ჟურნალისტებს ინტერვიუს რომ აძლევო. დაახლოებით სამ დღეში ფოსტით სამი წერილი მომივიდა. ორი დისციპლინური დარღვევა გამიფორმეს სამსახურში გამოუცხადებლობაზე და მესამე, გათავისუფლება.

დალაპარაკება მინდოდა და შეხვედრაზე უარი მითხრეს“, - უთხრა „მთის ამბებს“ გიორგი ბიწაძემ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორმა კომპანიამ, 19 ივნისს, სამსახურიდან გაათავისუფლა ჭიათურის პროტესტის მონაწილე, სოფელ შუქრუთში მცხოვრები, 31 წლის ჯუმბერ ცუცქირიძეც.

შუქრუთში მცხოვრები 30-მდე ოჯახი, რომლებსაც მანგანუმის უკონტროლო მოპოვების შედეგად სახლები ენგრევათ, ას დღეზე მეტია კოროხნალის მაღაროსთან უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავს. პროტესტის შემდეგ მაღაროს მუშაობა გაჩერებულია. მაისში, „ჯორჯიან მანგანეზმა“ აქციის მონაწილეებს სასამართლოში უჩივლა და პროტესტის აკრძალვა მოითხოვა. მანამდე, კომპანიამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციასაც მიმართა, გამოძიება დაიწყო და აქციის არაერთი მონაწილე გამოკითხვაზე დაიბარეს.

მე-7 წელია, გარემოს დაცვის სამინისტროს, იმ მიზეზით, რომ ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი სიტუაცია იყო შექმნილი და გადაუდებელ გამოსწორებას საჭიროებდა, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური სახელმწიფო მმართველი ჰყავს დანიშნული. სინამდვილეში, სპეციალური სახელმწიფო მართვის რეჟიმში ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომარეობა ბევრად გაუარესდა და კრიტიკული ვითარებაა.

რამდენიმე თვეა, რაც საწარმოში ფაქტობრივი მმართველობა უკრაინელი ოლიგარქის წარმომადგენლებმა დაიბრუნეს.

ამ თემაზე - ჭიათურა - უბედურების ზონა [ჟურნალისტური გამოძიება]

2023 წლის დეკემბერში, ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების ლიცენზია 17 წლის განმავლობაში პირველად გასაჩივრდა. 87 წლის გურამ გაფრინდაშვილი ერთადერთი ადამიანია მთელ ჭიათურაში, რომელმაც ამ პრობლემაზე სამართლებრივი დავის დაწყება გაბედა და ლიცენზიის გაუქმებას ღია კარიერული წესით მოპოვების ნაწილში ითხოვს. გურამ გაფრინდაშვილის ინტერესებს „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ იცავს. თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში