ცუცქირიძე შპს „ჯიემ ტექნიკა სერვისის“ ექსკავატორის მძღოლად 2017 წლიდან მუშაობდა და თითქმის 8 წლის განმავლობაში არცერთი გაფრთხილება ან შენიშვნა არ ჰქონია მიღებული. ორი მცირეწლოვანი შვილის მამა, რომელიც ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად, შუქრუთელების ხანგრძლივ აქციაში მონაწილეობას ასახელებს.
შუქრუთში მცხოვრები 30-მდე ოჯახი, რომლებსაც მანგანუმის უკონტროლო მოპოვების შედეგად სახლები ენგრევათ, ას დღეზე მეტია კოროხნალის მაღაროსთან უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავს.
დაზარალებულები ითხოვენ, „ჯორჯიან მანგანეზმა“ მათი ქონება ექსპერტიზის ბიუროს ობიექტურად შეაფასებინოს და კომპენსაცია სრულად გადაუხადოს. პროტესტის დაწყების შემდეგ კოროხნალის მაღაროს მუშაობა გაჩერებულია. „ჯორჯიან მანგანეზმა“ პროტესტის მონაწილეებს მაისში სასამართლოში უჩივლა და პროტესტის აკრძალვა მოითხოვა. მანამდე, კომპანიამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციასაც მიმართა, გამოძიება დაიწყო და აქციის არაერთი მონაწილე გამოკითხვაზე დაიბარეს.
ჯუმბერ ცუცქირიძის თქმით, მარტში შპს „ჯიემ ტექნიკა სერვისის“ დირექტორმა დავით ჯალაღონიამ პროტესტის მონაწილეების დაშინება სცადა და მათგან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს წაშლასაც ითხოვდა.
„მაშინვე იმიტომ არ გამათავისუფლეს, რომ პროტესტს არ დაკავშირებოდა, მაგრამ რეალურად მიზეზი ესაა. არასამუშაო დროს გაფიცულების გვერდით ვდგავარ და სოფელს ვიცავთ. ივნისის დასაწყისში დავით ჯალაღონიამ დისპეტჩერები დაიბარა და ხელმოწერა მოსთხოვა ჩემი გათავისუფლების დოკუმენტზე, სადაც სამუშაო დღის დროზე ადრე დასრულებას მაბრალებდნენ. მერე დისპეტჩერებმა მითხრეს, ჩვენ შენთან პრეტენზია არ გვაქვს და არც ხელი მოვუწერეთო. მაშინვე მინდოდა ჯალაღონიას ნახვა, გამეგო რა პრეტენზია ჰქონდა. მივედი და არ შემხვდა, შენთან საქმე არ მაქვსო, გამომიცხადა. ერთი კვირის თავზე ფოსტით მომივიდა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება. ხელს თავად დავით ჯალაღონია აწერს“, - უთხრა ჯუმბერ ცუცქირიძემ „მთის ამბებს“.
გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრებას ის სასამართლოში აპირებს. მას სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადვოკატი ვლადიმერ ქუთათელაძე ეხმარება.
„შრომის კოდექსი, პირდაპირ, სხვა სანქციის გარეშე გათავისუფლებას მხოლოდ მაშინ უშვებს, თუ დარღვევა იმდენად მძიმეა, რომ სხვაგვარად გამოსწორება დიდი ზიანის მომტანია კომპანიისთვის, როცა დარღვევა საზოგადოებრივად ამორალური და მძიმე საქციელი იყო. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში გაფრთხილება მაინც უნდა მიეღო. გათავისუფლება არის ყველაზე უკიდურესი ზომა. სავარაუდოდ, ცუცქირიძის მიმართ ადგილი აქვს დისკრიმინაციას და დევნას პროტესტში მონაწილეობის გამო“, - აღნიშნავს ადვოკატი. მათ კომპანიიდან უკვე გამოითხოვეს გათავისუფლების დასაბუთება და პირადი საქმის გადაცემა.
დავით ჯალაღონიამ არ უპასუხა „მთის ამბების“ შეკითხვას, რატომ გაათავისუფლა პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან.