საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რა დააშავა ჩემმა შვილმა, რომ სანქცია დაუწესონ? მე ეგეთი დემოკრატია არ მომწონს - ვიქტორ ჯაფარიძე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:00 - 16 მაისი 2024 hits 1237

„ეს არის დემოკრატია, რომ უდანაშაულო ადამიანს სანქცია დაუწესოს? ვთქვათ, მე დავაშავე, რა დააშავა ჩემმა შვილმა, გეკითხები. ეგ არის დემოკრატია? მე ეგეთი დემოკრატია არ მომწონს“, - განაცხადა „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების გამო მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და დემოკრატიულ სახელმწიფოში პარლამენტს ირჩევს უმრავლესობა და მთავრობა. ბორელი ჩვენი დირექტორია, მბრძანებელია, თუ ვინ არის? თუ კანონის მიღებისთვის დამასანქცირებენ, ეს რაღაც სიგიჟეში გადადის. რატომ ჰგონიათ, რომ თვითონ უკეთესად იციან რა რის უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის“, - თქვა ვიქტორ ჯაფარიძემ. ის მეოთხედ არის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2004-2008 და 2012-2016 წლებში იყო მესტიის მაჟორიტარი, 2016 წლიდან „ქართული ოცნების“ პარტიული სიითაა დეპუტატი.

ვიქტორ ჯაფარიძე 2022 წლის 4 ოქტომბერს მმართველი პარტიიდან ფორმალურად გავიდა და შეუერთდა დეპუტატთა იმ ჯგუფს, რომელმაც მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნა. იმავე დღეს მან ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის 52% წილი 520 000 ლარად იყიდა.

„პოს ტვ“ მთავრობის პროპაგანდისტული არხია, გამოირჩევა სიძულვილის ენით და „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი აქტივისტების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სხვა პირების მადისკრედიტირებელი კამპანიებით.  

ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები ჯამში 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან, ფლობენ არაერთ ქონებას მესტიასა და თბილისში. ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 7,775,565 ლარი მიიღეს (2022 წლის მონაცემებით). ჯაფარიძემ, მისმა მეუღლემ ნათია ხვისტანმა და შვილმა, ოთარ ჯაფარიძემ ჯამში 468,000 ლარი შეწირეს „ქართულ ოცნებას“. არაოფიციალურად, ზემო სვანეთში თვითმმართველობის ორგანოებს მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს ვიქტორ ჯაფარიძე იღებს. მისი კონტროლის ქვეშ არიან მოქმედი მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე.

„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი 84 ხმით 30-ის წინააღმდეგ, 14 მაისს, მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს. ამისათვის პრეზიდენტს ორკვირიანი ვადა აქვს, 28 მაისამდე. „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია.

ვიქტორ ჯაფარიძემ რუსულ კანონს ხმა მისცა 2023 წლის მარტშიც, როცა ის პირველი მოსმენით მიიღეს და მერე მრავალათასიანი დემონსტრაციების შედეგად უკან გაიწვიეს და ახლაც, 2024 წელს, ხელმეორედ ინიცირების შემდეგ.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ო'ბრაიენმა 14 მაისს, თბილისში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „თუ კანონი არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის ნორმებთან, დემოკრატიას ძირი გამოეთხრება და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იძალადებენ, მაშინ აშშ-ის მხრიდან შეზღუდვებს ვნახავთ. როგორც წესი, ეს არის ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ ქმედებებზე და მათი ოჯახების მიმართ“.

„ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა არა უბრალოდ უფრო რთულია, არამედ გზა არ არსებობს და ამ სიტყვების თქმა ტკივილს მაყენებს, მაგრამ ეს უნდა ითქვას. ჩვენს ქვეყნებში არ გვაქვს ისეთი კანონები, რომლებიც მათ წინააღმდეგაა მიმართული, ვინც შენს წინააღმდეგ ხმას იღებს.

...თუ საქართველოს სურს დარჩეს ევროპულ გზაზე, არ შეიძლება ცალი ფეხი მოსკოვში ჰქონდეს. ეს ასე არ მუშაობს“, - განაცხადა 15 მაისს, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ კი აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციაც [უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში] არ არის გარანტირებული რამ „ვინაიდან, შეთანხმება დავდეთ და საქართველოს მთავრობა ბევრ რაღაცას დაგვპირდა, ისევე, როგორც ამ 9-ნაბიჯიან მიდგომას. ამ ნაბიჯების ნაცვლად საქართველოს მთავრობა ამ კანონს იღებს. ეს სრულიად საპირისპირო მიმართულების მაგალითია. არა ევროკავშირისკენ, არამედ, როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, სხვა ქალაქის მიმართულებით და ეს არ არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს“.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა და საქართველოს საკითხებზე მუდმივმა მომხსენებელმა, სვენ მიქსერმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი მიღების გამო ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების, მათ შორის, პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის გადახედვა მოითხოვეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში