საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

საქართველოს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი პირველი ვერტმფრენი გადმოეცა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:11 - 12 მარტი 2024 hits 2219

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი შეემატა. ვერტმფრენი ფრანგული კომპანია „Airbus Helicopters“-ის ერთ-ერთი უახლესი მოდელია. ახალი ბორტები სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.

ვერტმფრენს 2 ძრავა აქვს, რაც ფრენის უსაფრთხოებას ზრდის. ამ ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება.

მსგავს ვერტმფრენებს წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.

სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გადიან. მომზადების კურსი 15 მარტს დასრულდება, რის შემდეგაც ქართული ეკიპაჟი ვერტმფრენს საქართველოში ჩამოიყვანს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან სამი „H 145“ ვერტმფრენის შესყიდვაზე ხელშეკრულება 2022 წლის 19 დეკემბერს გააფორმა - სამი ვერტმფრენის ღირებულება 26 500 000 ევროა. შემდეგი ორი ბორტი ქართულ მხარეს 2024 წლის ივნისამდე უნდა გადმოეცეს.

საქართველოს აქამდე არცერთი სამაშველო ვერტმფრენი არ ჰყავდა. გადაუდებელ შემთხვევებში სასაზღვრო პოლიციის საბჭოთა წარმოების „მი 8“ ტიპის ვერტმფრენებს იყენებენ.

2022 წლის 29 ივლისს, გუდაურში, სამაშველო ოპერაციის შესრულებისას სწორედ „მი 8“ ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა. ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა - ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 ექიმი. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვერტმფრენს ე.წ. „კუდის როტორი“ დაუზიანდა, რამდენიმე წამში კი მთლიანად მოსძვრა, რის შემდეგაც ვერტმფრენმა მართვა დაკარგა. ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქების შედეგად ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა.

გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო, მაგრამ შსს-ს გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

სპეციალური ვერტმფრენის არქონის გამო ვერ ჩატარდა სამაშველო სამუშაოები 2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურებისას, რომელსაც 33 ადამიანი ემსხვერპლა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში