საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ლენტეხის მერი პირობას დებს, რომ ბავარის გზა დღის ბოლომდე გაიხსნება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

07:46 - 10 იანვარი 2024 hits 2163

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი გვიან ღამით (01 საათზე) წერილობითი განცხადებით გამოეხმაურა „მთის ამბების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქვემო სვანეთში, სოფელ ბავარში მცხოვრები ერთადერთი ადამიანი, 82 წლის კორნელი გაზდელიანი თითქმის ერთი თვეა უგზოდ და უშუქოდ არის დარჩენილი.

მარტოკაცი „მთის ამბებს“ 9 იანვარს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა:

„შიშით ჩავრთე ტელეფონი, რომ ხმა მოგაწვდინოთ. აღარავინ მპასუხობს, არც გუბერნატორი, არც მერია. უკვე ერთი თვეა არც გზა მაქვს, არც შუქი. რა გახდა ერთი ძლიერი ტრაქტორი რომ ამოატარონ და თოვლი გახვეტონ. არ მინდა აქედან წასვლა და რატომ მაიძულებენ, რომ ავიყარო ან მალე მოვკვდე, ბრაზი მახრჩობს“...

„მთის ამბებმა“ გუშინვე მიმართა „ენერგო პრო ჯორჯიას“ ცენტრალურ ოფისს, სადაც გვითხრეს, რომ დაზიანებულ ხაზს მაშინვე აღადგენენ, როგორც კი სოფლის გზა თოვლისგან გაიწმინდება.

ლენტეხის მერმა გია ონიანმა უპასუხოდ დატოვა „მთის ამბების“ სატელეფონო ზარები და sms შეტყობინებებიც. მარტოკაცს მხოლოდ საყვედურობენ, რომ პრობლემის შესახებ ნუ გვაგებინებს.

„სოფელი ბავარი რაიონული ცენტრიდან 25 კილომეტრით არის დაშორებული და გზის ამ მონაკვეთის მოვლა-პატრონობა, თოვლის საფარისგან გაწმენდა და ა.შ საგზაო დეპარტამენტს ეკუთვნის, რომელიც მის საქმეს პირნათლად ასრულებს.

Ჩემი გადამოწმებული და დაზუსტებული ინფორმაციით, აღნიშნული გზის მონაკვეთი, მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობისა, 28 დეკემბერს სრულად გაიწმინდა და ახალ წელს ამ გზაზე გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის სრულად თავისუფალი იყო.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ გუშინ მუნიციპალიტეტში ინტენსიურად თოვდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საგზაო დეპარტამენტის მიერ მოხდა შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და დილიდან აქტიურად დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები.

გზის სიშორისა და რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა სოფელ ბავარამდე შესულიყო აღნიშნული ტექნიკა. ხვალ, დილით განახლდება მუშაობა, დღის ბოლომდე სოფელ ბავარამდე გზა გაიწმინდება და მოძრაობა აღდგება.

მეუხერხულება ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ პირადად, საკუთარი სახსრებით შევუძინე ამ ადამიანს გენერატორი საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად და გარკვეული რაოდენობის საწვავითაც მოვამარაგე.

„მთის ამბებში“ ასევე გამოქვეყნდა ინფორმაცია, თითქოს მე მათ სატელეფონო ზარებს არ ვუპასუხე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ძალიან გთხოვთ, მომავალში მაინც გადაამოწმეთ ინფორმაცია“, - ნათქვამია ლენტეხის მერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სინამდვილეში, ლენტეხის მერი არაზუსტი ინფორმაციით სულ მცირე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

კორნელი გაზდელიანმა „მთის ამბებს“ ჯერ კიდევ 27 დეკემბერს სთხოვა დახმარება, რომ თოვლის გამო ის კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში უგზოდ და უშუქოდ იყო დარჩენილი. „მთის ამბებმა“ მარტოკაცისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის თხოვნით იმავე დღეს მიმართა „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ხელმძღვანელობას. კომპანიაში განმარტეს, რომ სოფლამდე გზის გაწმენდას ხელისუფლება 28 დეკემბერს აპირებდა და დაზიანებულ ხაზს მაშინვე შეაკეთებდნენ.

საქმე იმაშია, რომ ქვემო სვანეთის ამ სოფლიდან კორნელი გაზდელიანს მხოლოდ თვითონ შეუძლია დაგვირეკოს, რადგან მობილური კავშირი იშვიათ ადგილას არის.

9 იანვარს, როცა მარტოკაცი ისევ შეგვეხმიანა, მაშინ შევძელით დაგვეზუსტებინა, რომ 28 დეკემბერს გზა იმდენაც ცუდად და არასრულად გაწმინდეს, „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ბრიგადამ სოფლამდე მისვლა ვერ შეძლო.

ლენტეხის მერი თავის წერილობით განცხადებაში უარყოფს, რომ ის „მთის ამბების“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ინფორმაციის გავრცელებამდე მან არამხოლოდ ზარებს, არამედ sms შეტყობინებასაც არ უპასუხა.  

გუშინვე, ინფორმაციის გამოქვეყნებამდე, „მთის ამბები“ არამხოლოდ მერთან ცდილობდა დაკავშირებას, არამედ ესაუბრა ლენტეხის მერის პირველ მოადგილეს მარადი ლიპარტელიანს. მერის მოადგილემ პრობლემის შესახებ ბოლომდე არ მოისმინა და დროის არქონის საბაბით, კომუნიკაცია გაწყვიტა.

ლენტეხის მერია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დახურული, გაუმჭვირვალე დაწესებულებაა. სწორედ იმის გამო, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებით „მთის ამბებს“ არ პასუხობენ, გამოცემა ხშირად წერილობით ითხოვს საჯარო ინფორმაციას და მასალებს ამ ფორმითაც გვიბლოკავენ. „მთის ამბებს“ 2023 წელს ლენტეხის მერიაში არაერთი ადმინისტრაციული საჩივარი აქვს წარდგენილი. მერმა კანონი ყველა შემთხვევაში დაარღვია და არცერთი საჩივარი არ განიხილა. „მთის ამბებს“ საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის გამო ლენტეხის მერიასთან მიმდინარე სასამართლო დავაც აქვს.

ნახეთ 2023 წლის მარტში მომზადებული რეპორტაჟი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში