საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მთავრობამ ბალდის უნიკალური კანიონიც 40 წლით რუსეთთან დაკავშირებულ პირებს გადასცა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:43 - 15 ოქტომბერი 2023 hits 23600
მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ აქტივისტები
ახალი ამბები
მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ აქტივისტები

„იდი, ნახუი“, - რუსული გინებით გააძევეს სახელმწიფო ორგანოს - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფისიდან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ბალდის უნიკალური კანიონის გადასარჩენად იბრძვიან. მთავრობამ, ისე, რომ კანიონის გარშემო მდებარე სოფლების მოსახლეობასაც კი არაფერი ჰკითხა, ბუნების ძეგლი, 40 წლით, რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ პირებს გადასცა. ისინი კანიონს დაჩქარებული ტემპებით აბეტონებენ და ამახინჯებენ. კანონდარღვევებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაში ხელი რომ არ შეეშალოთ, მათ საგანგებოდ პოლიცია დარაჯობთ.

ბალდის კანიონი მარტვილიდან 20 წუთის სავალზეა. გარშემო ეკვრის სოფლები - პირველი, მეორე და მესამე ბალდა. სამივე სოფლის არსებობა, იქ მკვიდრი მოსახლეობის ცხოვრება და განვითარება სწორედ ბალდის კანიონზეა მიბმული. კანიონს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს, სწორედ იმიტომ, რომ მდინარე აბაშის ხეობის ეს მონაკვეთი, კილომეტრნახევარზე იშვიათი და უნიკალური ბუნებრივი წარმონაქმნებით არის მდიდარი. აქამდე ეს ყველაფერი ხელუხლებელი იყო.

მთავრობამ ბუნების ძეგლი 40 წლით კერძო კომპანიას რომ გადასცა, ადგილობრივებმა ამის შესახებ სამი თვის წინ გაიგეს, როცა ახალგაზრდები ივლისის ცხელ დღეებში კანიონის ტერიტორიაზე, მდინარეში ბანაობდნენ და იქიდან გამოყარეს.

თაზო რუხაია, სოფელ ბალდის მკვიდრი: „უცებ ერთ დღეს, აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ეს ადგილი, რომელიც მთელი ცხოვრება ჩვენი იყო და შევდიოდით, გაიყიდა ორმოცი წლით“.

ცოტნე თვარაძე, სოფელ ბალდის მკვიდრი: „სოფელმა არაფერი იცოდა. ერთადერთი ინფორმაცია, რაც ჭორის დონეზე დადიოდა, იყო ის, რომ იქაურობის კეთილმოწყობა უნდა მომხდარიყო, რაც ჩვენთვის ნიშნავდა იმას, რომ ალბათ ჩასასვლელს გააკეთებდნენ, რაღაცა ელემენტარული მინიმალური ჩარევებით. აქამდე კანიონზე ჩასასვლელი არ იყო და კერძო პირის ნაკვეთიდან გვიწევდა ჩასვლა“.

 

უკანონო აუქციონი

დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონი და მის მიმდებარედ 24 130 კვმ მიწის ნაკვეთი, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ელექტრონულ აუქციონზე 2022 წლის 5 ნოემბერს გაიტანა. აუქციონში გამარჯვებულს ვიზიტორთა ცენტრის, არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის საფეხმავლო და კიდული ბილიკის, ხიდების, გადასახედების და 350 მეტრი სიგრძის ე.წ. „როლერის“ ატრაქციის მოწყობა ევალება. ჯამში 2 800 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ხელშეკრულება მოიჯარეს არ ზღუდავს, გადაცემულ ტერიტორიაზე დამატებითი ინფრასტრუქტურაც მოაწყოს. ასევე, შეუძლია თავისი შეხედულებებით პროექტში ცვლილებები ისე შეიტანოს, რომ ხალხს კვლავ არაფერი ჰკითხოს.

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის თანახმად,

  • ყველას აქვს უფლება სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით.
  • ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ.
  • ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე.
  • გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით.

კონსტიტუციასთან ერთად, სახელმწიფო ორგანოებს ორჰუსის კონვენციაც პირდაპირ ავალდებულებს, რომ ხალხი გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის საწყის ეტაპზევე იყოს ინფორმირებული და წახალისდეს მათი მონაწილეობა.

დაცული ტერიტორიების სააგენტომ გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე, საზოგადოების, პირველ რიგში კი ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების ვალდებულება უგულებელყო. პროცესი მთლიანად დახურული იყო. მარტვილისა და ოკაცეს ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორი ზაზა გაგუა ახლა ამბობს, რომ აუქციონი საჯაროდ გამოცხადდა და ყველას შეეძლო განცხადების ნახვა, თუმცა ეს „არგუმენტი“ პროცესის საჯაროობის სამტკიცებლად არ გამოდგება. მთავრობამ ზუსტად იგივე მეთოდით გადასცა რაჭასა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, პუტინის კარის ოლიგარქის პარტნიორს დავით ხიდაშელს. აუქციონის შესახებ განცხადება მაშინაც გამოქვეყნდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე, მაგრამ ამ დაუჯერებელი ამბავის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ვიდრე „მთის ამბებმა“ დავა არ დაიწყო, დოკუმენტები არ მოიპოვა და ფაქტები არ გაახმაურა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი სალომე შუბლაძე განმარტავს, რომ ბალდის კანიონზე დაგეგმილი საქმიანობა ბუნების ძეგლის ფუნქციურ დანიშნულებასთან შეუსაბამოა:

„ბუნების ძეგლის სარგებლობაში გადაცემა შეიძლება მხოლოდ ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის. არსებობს „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“, რომელიც ადგენს იმ საქმიანობის სიას, რაც მათ შორის, ბალდის კანიონის ტერიტორიაზეა დაშვებული. ეს ჩამონათვალი საკმაოდ მოკლეა და არ მოიცავს მასშტაბური ვიზიტორთა ცენტრისა და როლერის ატრაქციის მოწყობას“.

ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა გულისხმობს, რომ ბალდის კანიონის ტერიტორიაზე მომდევნო 40 წლის განმავლობაში ადგილობრივები უფასოდ ვეღარ შევლენ და მათ კერძო კომპანიისთვის თანხის გადახდა მოუწევთ.

 

„კანიონი 350“-ის რუსული კავშირები

აუქციონში ერთადერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა - შპს „კანიონი 350“ აუქციონის გამოცხადებიდან 3 დღეშია რეგისტრირებული, 8 ნოემბერს. უკვე 15 ნოემბერს კი გამარჯვებული გახდა.

კომპანიის წილის 50 % გიორგი და მამუკა მერკვილაძეებს ეკუთვნით. გიორგი მერკვილაძე ასევე ფლობს კომპანია „ზიპინ კინჩხას“, რომლის თანამფლობელიც რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ირენა ხარაზოვაა.

ბალდის კანიონს დაპატრონებული კომპანიის რუსული კავშირების ქსელი ბევრად ფართოა.

კომპანიის წილის 35%-ის მესაკუთრე მამუკა მერკვილაძე რუსეთში ქართული დიასპორების ვიცეპრეზიდენტია. 2021 წელს მან მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, სადაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის განახლება და ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილებოდა.

იგი ასევე გახლდათ „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი კომპანიის „GR Logistics & Terminals“-ის დირექტორი, რომელმაც 800-მდე ვაგონი, აუქციონის გარეშე, კაბალური სახელშეკრულებო პირობებით, რუსულ კომპანიას გადასცა.

იგივე მამუკა მერკვილაძე, საქართველოსა და რუსეთის ორმაგ მოქალაქე ფრიდონ ქათამაძის ბიზნეს პარტნიორია. ქათამაძე გახლავთ შპს „კაპიტალ ჯგუფის“ – 50%-ის მფლობელი, რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხალას მიმდებარე ტერიტორიაზე ოქროს მოპოვების ლიცენზია 2019 წელს, 25 წლის ვადით აქვს მიღებული. მერკვილაძე, რუსეთის სხვა მოქალაქეებთან ერთად დამატებით კიდევ ორ კომპანიას ფლობს.

მამუკა მერკვილაძის ცოლი თამარ დუდუნია პუტინის ადმინისტრაციის ბიუჯეტით განათლებამიღებული ექიმი და მომღერალია. ვოკალურ კონკურსში გამარჯვებულ დუდუნიას პრიზს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გადასცემს. ის მოღვაწეობს რუსულ შოუბიზნესში და ახლობლობს რუსეთის პროპაგანდისტებთან.

 

ბრძოლა კანიონის გადასარჩენად და სისტემა ახალგაზრდების წინააღმდეგ

ბაჩო თვარაძე, სოფელ ბალდის მკვიდრი: „ახლა კლდეების ჩამორეცხვა მიმდინარეობს „კერხერით“. იქ რა სიმწვანეც ვნახეთ კლდეებს შორის, ამაზე გვითხრეს, რომ არაფერი აღარ უნდა იყოს. მხოლოდ სუფთა კედლები უნდა დარჩეს, რადგან ეს სიმწვანე და ხეები ხელს უშლის ამ როლერ-კოსტერის ხაზს გადაადგილებაში“.

ცოტნე თვარაძე, სოფელ ბალდის მკვიდრი: „მცირე რაოდენობის მიწა არის, რომელზეც ამოზრდილი და დამაგრებულია ეს ხეები. ამ მიწას ურეცხავენ და შემდეგ ეს ხეები ცვივა კანიონში. ნაწილს თვითონ ჭრიან. ზოგი, კლდეს რომ ჭრიან, იმას მიჰყვება და მერე იძახიან, აი, ჩვენ უფლება გვაქვს ეს მოვჭრათ და ის თავისით ჩამოვარდა, ჩვენ არაფერ შუაში ვართო“.

თაზო რუხაია, სოფელ ბალდის მკვიდრი: „ეს როლერ-კოსტერის ატრაქცია, მთელ ამ კანიონს ზემოდან მოედება ობობის ქსელივით. აი, ამ ტროსებსა და რკინის და ბეტონის სიმახინჯეში უნდა მოთავსდეს, ერთ ჩარჩოში, ადგილი რომელიც თავისუფლებას ასხივებდა.

როცა ვხედავ რომ ბეტონის მანქანა მოდის და ანადგურებს ამ ბუნებას, რომელიც ჩემია და მიყვარს, ბუნებრივია, მინდა, დავიცვა ის, მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევენ. მარტვილში ვინც კი არის პოლიციელი, ყველა ერთდროულად მოჰყვება ამ ბეტონის მანქანას. მოვლენ, ჩააბეტონებენ, მიდიან“.

უნიკალური კანიონის დასაცავად ბალდელებმა რამდენიმე აქცია გამართეს, ადგილობრივ ხელისუფლებასაც თავად მიაკითხეს.

მარტვილის მერის მოადგილე ალექსანდრე ხურცილავამ აქციის მონაწილეებს იქით მოსთხოვა, კანონის ის მუხლი მიეთითებინათ, რომელიც მერიას ავალდებულებდა, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე გაერკვიათ, ხალხმა იცოდა თუ არა ამ გადაწყვეტილების შესახებ და რა პოზიცია ჰქონდათ. „კანონში ეს მერიას არ უწერია“, - თავადვე უპასუხა თავის კითხვას მერის მოადგილემ.

კანონში წერია, რომ დაინტერესებულ მოქალაქეებს უფლება აქვთ სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართონ იმ შემთხვევაში, როცა ძეგლს ისეთი ზიანი ადგება, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი იქნება. მიმართეს კიდეც, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერი გულუაშვილმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, დავის გადაწყვეტამდე სამუშაოები შეეჩერებინა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელმა სალომე შუბლაძემ „მთის ამბებს“ უთხრა, რომ სასამართლოს ძირითადი სარჩელით უახლოეს დღეებში მიმართავენ.

თვალს თუ გადავავლებთ საქმეებს, სადაც მოსახლეობა საარსებო გარემოს დასაცავად, ხელისუფლების მიერ ერთპიროვნულად, ხალხისგან ფარულად მიღებულ გადაწყვეტილებებს უპირისპირდება და მის გაუქმებას ითხოვს, მაგალითად, „ნამახვანის ჰესების კასკადის“ შემთხვევაში, სასამართლოს საქმის განხილვა სამი წლის თავზეც კი არ დაუწყია. თითქმის წელიწადნახევარია გასული რუსი ოლიგარქის პარტნიორისთვის რაჭის ტყეების გადაცემის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებიდან, მაგრამ სასამართლოს პირველი სხდომა არც ამ საქმეზე ჩაუნიშნავს.

გარდა ბუნების ძეგლისა, ატრაქციების მშენებლობამ ბალდის ტყეში მობინადრე შვლის სიცოცხლეც იმსხვერპლა.

თაზო რუხაია, სოფელ ბალდის მკვიდრი: „ეს ბილიკი მისთვის მთელი ცხოვრება იყო სამოძრაო. უცებ ვიღაცამ შემოღობა და დაირღვა მისი ცხოვრების რუტინა. აღმოჩნდა იქ, სადაც უნდა ყოფილიყო მისი ბილიკი და სინამდვილეში დახვდა ბეტონი, არმატურები და შეეწირა, ზედ ჩამოეგო“.

მარტვილისა და ოკაცეს ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორმა ზაზა გაგუამ „მთის ამბებთან“ სატელეფონო საუბრისას შვლის მოკვლაში და შემდეგ მშენებლობის ადგილზე მკვდარი ცხოველის მიტანაში ბალდის კანიონის დასაცავად მებრძოლი ახალგაზრდები დაადანაშაულა. „ეს განზრახ გააკეთეს, რომ ხმაური გამოეწვიათ. მე პოლიციას მივმართე გამოძიების დაწყების და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით“.

აქტივისტების მიერ გავრცელებული ვიდეომასალებიდან ჩანს, რომ გაგუა მათ მიმართ აგრესიულია. როცა ბალდის კანიონის ახალმა მეპატრონემ გიორგი მერკვილაძემ ახალგაზრდები რუსულად შეაგინა, სახელმწიფო ორგანოს შენობიდან აქტივისტები სწორედ გაგუამ გააძევა.

ზაზა გაგუა: შემომეჭრნენ, კერძო შეხვედრა მქონდა.

„მთის ამბები“: ვიდეოში ჩანს, რომ არ შემოჭრილან. პირიქით, იკითხეს, შეიძლებოდა თუ არა შემოსვლა, რადგან გაიგეს, რომ ბალდის კანიონთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდით.

ზაზა გაგუა: კერძო შეხვედრა იყო.

„მთის ამბები“: რა კერძო შეხვედრებს მართავთ საჯარო უწყების შენობაში, სამუშაო საათებში? თქვენს გარდა იქ იყვნენ ამ კომპანიის მესაკუთრე და რამდენიმე ბალდელი. რატომ გააძევეთ ეს ახალგაზრდები? ლობირებთ ამ კომპანიას და რუსეთთან დაკავშირებული პირების ინტერესებს?

ზაზა გაგუა: არა. არ ვიცი ვინ არის რუსეთთან დაკავშირებული. მერკვილაძეებს დიდი ხანია ვიცნობ. ეგ ახალგაზრდები კი სამშობლოს გამყიდველს მეძახიან, პერსონალურ შეურაცხყოფას მაყენებენ. ამიტომ, არანაირი ურთიერთობა არ მინდა მათთან.

„მთის ამბები“: შეიძლება შეურაცხყოფილად გრძნობთ თავს, მაგრამ თქვენ საჯარო მოხელე ხართ!

ზაზა გაგუა: ვუთხარი, რომ იდავონ სამართლებრივად, აგერ, სასამართლო, პოლიცია, მიმართონ.

ადგილობრივ ახალგაზრდებს აგრესიულად უპირისპირდება კომპანიის მიერ ადგილზე მივლენილი პირი, რომელიც მშენებლობას კოორდინირებს „გუშინ, სოფლის მოსახლეობას, რომელიც მიდის რომ გადაიღოს სინამდვილეში რა ხდება, კომპანიის წარმომადგენელი პოლიციასთან ერთად დგება და შუა თითებს გვაჩვენებს“, - გვეუბნება ბაჩო თვარაძე.

„შენ გიჩვენე პირადად რა! ხომ მიღებდი კარგად? რატომ მიღებდი?! ხოდა მეც მინდოდა და გაჩვენე! რა იყო, რამე პრეტენზია გაქვს?“, - უხამსი ქცევა „მთის ამბების“ კამერის წინ დაადასტურა კომპანიის წარმომადგენელმა.

ეს ყველაფერი არ არის. ზიპლაინის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ჩინჩალაძემ, რომელიც შპს „კანიონი 350“-ის კონტრაქტორად და ე.წ. „როლერის“ ატრაქციის მოწყობაზე პასუხისმგებელ პირად გაგვეცნო, აქტივისტებს სხვადასხვა ბრალდება წაუყენა.

გიორგი ჩინჩალაძე: ეს ადამიანები არიან მეპროცენტეები.

„მთის ამბები“: მეპროცენტე რას ნიშნავს?

გიორგი ჩინჩალაძე: წილს ითხოვენ.

„მთის ამბები“: ვისგან და რა ფორმით ითხოვენ წილს, მესაკუთრეს აშანტაჟებენ?

გიორგი ჩინჩალაძე: დიახ.

„მთის ამბები“: გაქვთ ამის მტკიცებულება?

გიორგი ჩინჩალაძე: კი.

„მთის ამბები“: შეგიძლიათ მოგვაწოდოთ? ნანახი გაქვთ თვითონ?

გიორგი ჩინჩალაძე: კი.

„მთის ამბები“: უფრო ზუსტად აგვიხსენით მაშინ, რა ტიპის უკანონობასთან თუ დანაშაულთან გვაქვს საქმე, კონკრეტულად რას ითხოვენ?

გიორგი ჩინჩალაძე: ითხოვენ, აქედან სოფელს რა შეხვდებაო.

„მთის ამბები“: და ამაში უკანონო რა არის, თუ აინტერესებთ სოფლის მოსახლეობა რა სარგებელს მიიღებს.

დაპირების მიუხედავად, ჩინჩალაძემ არანაირი ვიდეომასალა არ მოგვაწოდა.

 

ჩაშლილი შეხვედრა

ხელისუფლება მოსახლეობას უკვე პოსტფაქტუმ, პროტესტის შემდეგ შეხვდა. 6 ოქტომბერს მარტვილში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ესწრებოდა.

„მე მაინც ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება იმიტომ, რომ მეც არ მინახავს რა პრეზენტაციაზეა საუბარი. შეიძლება თქვენთვისაც რაღაც საინტერესო იყოს. მე ვიცი რომ მოსახლეობასთან იყო კომუნიკაცია“, - მინისტრის მოადგილის ამ განცხადებას დარბაზში, რომელიც ბალდელებით იყო სავსე, ხმაური მოჰყვა.

„არა, არ ყოფილა კომუნიკაცია და საჯარო განხილვები. ეს არის ზუსტად ის, რის გამოც ჩვენ მოვითხოვეთ რომ შეჩერებულიყო ეს პროექტი.

ჩვენ არ ვართ განვითარების წინააღმდეგი, არავითარ შემთხვევაში. აქ ვისაც უყურებთ, ყველას გვინდა, რომ სოფელი განვითარდეს, მაგრამ უნდა განვითარდეს და არა გაიყიდოს.

თქვენთვის თუ ეს უბრალოდ ბალდის კანიონია, ჩვენ სათავეს ვაძახით ამას და ჰაერზე არ ვეძახით“, - მიუგო მას ცოტნე თვარაძემ.

„იყოს ეს ველური ბუნება ხელშეუხებელი, როგორიც არის იმ სილამაზით! რატომ უნდა შეეხო ამას?

რაღაც ხომ უნდა დარჩეს ამ ქვეყანაში ფასეული კაცო? ხეობაა, მდინარეა - ყველაფრის გაყიდვა ხომ არ შეიძლება?! ეს ხომ არის ჩვენი?! ეს არის სოფლის!

სოფლის ახალგაზრდობამ რა ქნას? რა უნდა გააკეთონ, ან სად წავიდენ, ან სად დაისვენონ? ზოგიერთი ისე უხეშად ამბობს - „თუ არ იჭყუმპალავესო იქ“ - თუნდაც იჭყუმპალაონ! რატომ, არა აქვთ უფლება?

თვითონ გააკეთეს ეს ხეობა? ბუნებამ აჩუქა ამ სოფელს. იდინოს ამ მდინარემ! შენია პირადად? შენ გაუშვი? რატომ უნდა იყოს ვიღაცისთვის გაიჯარებული? ორმოცი წელი უკვე ნახევარი ცხოვრებაა. ორმოცი - ეს იჯარით გადაცემა კი არ არის, ეს უკვე გაყიდვაა! ეს არის გაყიდული!

სოფლის მკვიდრი მაია შავდია ამბობს, რომ მოსახლეობა არ დათმობს.

ამ ორმოც წელიწადში, ინვესტორი ადგილობრივ მცხოვრებლებს სიკეთესაც ჰპირდება.

„შევამჩნიეთ, რომ სოფლის მოსახლეობა ხანდახან ფეხით დადის მარტვილში და ამიტომ, გადავწყვიტეთ, ერთი მარშუტკა გაჩუქოთ და მეორე წლიდან 50 000 ლარსაც გამოვალთ სოფლისთვისო. ამაზე კარგი რა შემოგთავაზოთ, მეტი რაღა გინდათო“, - იხსენებს ბაჩო თვარაძე ინვესტორების შეთავაზებას.

კილომეტრნახევრიანი უნიკალური ლანდშაფტი, სადაც ორმოცამდე საბანაო ადგილია, კერძო მესაკუთრემ უკვე შემოღობა და დღეს იქ აღარავის უშვებენ. მშენებლობის დასრულების შემდეგ კანიონზე შესვლის სავარაუდო ღირებულება 30 ლარი იქნება.

„მთის ამბები“ გააგრძელებს ამ თემის აქტიურ გაშუქებას.

ავტორები: სალომე სიმონია, დავით თამაზაშვილი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში