საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

საზღვრისპირა ხევსურეთში უსაფრთხო გზის მოსაწყობად სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:07 - 26 სექტემბერი 2023 hits 4479

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ სარჩელი საზღვრისპირა ხევსურეთის სოფელ ანდაქამდე უსაფრთხო გზის მოწყობის მოთხოვნით.

ხევსურეთის სოფლებში - ანდაქში, არჭილოში, ხახაბოს ჭალაში, ჭიმღაში, ბლოში მოსახლეობა დღემდე უგზოდ არის დარჩენილი, რის გამოც მათ ხელი არ მიუწვდებათ გადაუდებელი დახმარების სახელმწიფო სერვისებზე, მათ შორის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზეც კი.

2020 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხევსურეთის რამდენიმე სოფლისთვის გამოყოფილი თანხით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელ ანდაქამდე გზა გაჭრა. სამუშაოები უპროექტოდ და აუცილებელი კვლევების გარეშე შესრულდა, რამაც ანდაქის ხეობაში, არდოტელების საზამთრო სოფლის - ბახაოს ქვემოთ, მეწყრული პროცესები გააქტიურა. ახალგაჭრილმა სამანქანო გზამ რამდენიმე დღე გაძლო, რის შემდეგაც მეწყერმა დაფარა, არაერთ ადგილას კი მდინარემ წაიღო.

სოფელ არდოტს ზემოთ, ანდაქის და არჭილოს მცხოვრებლებმა სახლებამდე რომ მიაღწიონ, 6-10 ადგილას, მდინარე ანდაქისწყალზე გადებულ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო საფეხმავლო ხიდებზე უნდა გაიარონ. თითქმის ყველა ხიდი ამორტიზებულია და ჩავარდნაზეა. იქ, სადაც საფეხმავლო ხიდები უკვე ჩაინგრა, ადამიანებს პირდაპირ მდინარეში უწევთ შესვლა და გადალახვა. ანდაქისწყალს სათავე კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე აქვს, მუდმივად წყალუხვია, ხშირად დიდდება და მასში გასვლა საშიშია.

პირიქითა ხევსურეთის მცხოვრებლები 40-ზე მეტ ადამიანს ითვლიან, ვინც ბოლო რამდენიმე ათეულ წელში, უსაფრთხო გზის არქონის გამო, გადაადგილებისას მდინარეში დაიხრჩო.

„სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ადვოკატის ვლადიმერ ქუთათელაძის თქმით, კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასთან ერთად, ანდაქის და არჭილოს მცხოვრებლები ვერ ახერხებენ სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

2019 წელს, „მთის ამბებთან“ ინტერვიუში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ (ამჟამად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი) თქვა, რომ არჭილომდე სამანქანო გზა 2020 წლის ბოლომდე იქნებოდა: „გაიჭრება გრუნტის გზა, რომლითაც უსაფრთხოდ გადაადგილება გახდება შესაძლებელი. დღეს რომ პრობლემებია, ასეთი აღარ იქნება. ვსაუბრობთ გერმანული სტანდარტის 5.5 მეტრი სიგანის გზაზე. ეს არის ის მინიმუმი, ორმა მანქანამ ერთმანეთს გვერდი აუაროს და დაუბრკოლებელი მოძრაობა იყოს“. დაპირება არ შესრულდა.

სასამართლოში სარჩელის წარდგენამდე, „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს მიმართა. მერის, მანანა ნარიმანიძის განცხადებით, „არდოტი-ანდაქი-არჭილოს მონაკვეთზე კაპიტალური საავტომობილო გზის მოსაწყობად, რელიეფის და გეოლოგიური პირობების სირთულიდან, ასევე, პროექტის ღირებულებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს შესაბამისი თანხები არ გააჩნია“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში