საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მოხევეების უარი რუსული კავშირების მქონე კომპანიას ყაზბეგში კიდევ ერთი ჰესის აშენებაზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

00:20 - 26 სექტემბერი 2023 hits 14197

ხელისუფლებამ ორწლიანი პაუზის შემდეგ ყაზბეგში „კამარა ჰესის“ მშენებლობის პროექტის განხილვა განაახლა. მდინარე თერგი კიდევ 5 კილომეტრზე, ყანობიდან გორისციხემდე რკინის მილებში უნდა მოაქციონ. ადგილობრივი მოსახლეობა რაიონში კიდევ ერთი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია. მთავარი მიზეზი ის არის, რომ უკვე აშენებული ჰესების გამო, თერგის და ხდის ხეობები ზაფხულობით დამშრალია. ჰესების შეუფერხებელი მუშაობისათვის წყალი მთლიანად სადაწნეო მილსადენებში მიაქვთ. მოხევეების თქმით, უწყლოდ დარჩენილი ხეობები ტურისტებსაც აღარ იზიდავს, არადა ტურიზმი ამ კუთხეში შემოსავლის მთავარი წყაროა. თუ ხელისუფლებამ მოახერხა და ადგილობრივების პროტესტი დაძლია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში „კამარა ჰესის“ შემდეგ კიდევ 9 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი - რაიონში ხეობა აღარ რჩება, სადაც მდინარე თავისუფლად იდინებს.

„კამარა ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 16.62 მგვტ-ზეა გათვლილი. პროექტის თანახმად, ჰიდროელექტროსადგური წელიწადში 77.21 გვტ-სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და წვლილს შეიტანს მზარდი ენერგიის მოთხოვნის დაკმაყოფილებაში. ჰესის მშენებლობით შპს „კამარა ენერჯია“ დაინტერესებული.

კომპანიის დირექტორი თამარ პაპავა ცდილობდა მოხევეების დარწმუნებას, რომ ჰესის მშენებლობა მათ ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, მაგრამ ადგილობრივებმა 18-19 სექტემბერს, სკოპინგის ანგარიშის სამივე საჯარო განხილვა ჩაშალეს - გორისციხეში, სიონსა და ყაზბეგში.

კომპანიის დირექტორი - ჩვენ მოვიხმართ 14 მილიარდს კვტ-სთ ელექტროენერგიას, აქედან 4 მოდის ენგურჰესზე. ხომ ასეა? არა ჰესებს, არ არის სწორი პოლიტიკა.

მოხევეები - ვინ თქვა, რომ არა ჰესებს?

კომპანიის დირექტორი - კარგი, შევთანხმდით, რომ კი ჰესებს.

მოხევეები - ნუ აყენებთ ასე საკითხს, არაფერზეც არ ვთანხმდებით.

კომპანიის დირექტორი - რა თქვას ჯვარის, ხაიშის და დანარჩენმა მცხოვრებლებმა, რომლებიც გვაჭმევენ, გვასმევენ ჩვენ, აქვთ ენგური.

მოხევეები - ვის აჭმევენ?

კომპანიის დირექტორი - ჩვენ ყველას. ჩვენ ნიშნავს საქართველოს.

მოხევეები - ერთეულებს გაჭმევენ ხო, ჩვენ არაფერს გვაჭმევენ.

სადაწნეო მილსადენის მშენებლობა, რომლითაც ყანობიდან გორისციხეში, ჰესის ნაგებობას წყალი უნდა მიაწოდონ, მდინარე თერგის მარცხენა მხარეს, მთის კალთებზე შეფენილი სოფლების ძირში იგეგმება. მილსადენი ჩადებული იქნება 4 მეტრზე მეტი სიღრმის თხრილში, ზოგიერთ ადგილზე შეიძლება უფრო ღრმადაც. 10 მეტრი იქნება მშენებლობის დერეფნის სიგანე. პროექტის ავტორები მოსახლეობას ანუგეშებენ, რომ მშენებლობის პროცესში არ იქნება გამოყენებული ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები, კლდეებს სპეციალური სამხვრევებით (კოდალა) დაამტვრევენ, მიწას კი ექსკავატორებისა და ბულდოზერების გამოყენებით გათხრიან. ადგილობრივებს აშინებთ, რომ მთის ძირში, სოფლების ქვემოთ დაგეგმილი სამუშაოები მეწყრულ პროცესებს გამოიწვევს და გააქტიურებს. შეხვედრაზე დაუპირისპირდნენ გეოლოგ არჩილ მაღალაშვილს, რომელიც „კამარა ენერჯის“ დაკვეთით მომზადებული პროექტის გეოლოგიურ ნაწილზეა პასუხისმგებელი.

„დღევანდელი ტექნოლოგიები იძლევა ყველგან მშენებლობის საშუალებას. თუ თქვენ რამეში ეჭვი გეპარებათ ჩემს კვლევაში, ბრძანეთ“, - გეოლოგის ამ სიტყვებმა და თავის 48 წლიან გამოცდილებაზე ხაზგასმამ, ყაზბეგის მკვიდრ ნონა ფიცხელაურს ვერ გადააფიქრებინა, მისთვის შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებაზე ეკითხა. სტიქიას შოვში 33 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან, ერთი ბავშვი დღემდე ვერ იპოვეს.  

ნონა ფიცხელაური - შოვის გენგეგმაზე ვინ იმუშავა?

გეოლოგი არჩილ მაღალაშვილი - მე, ნაწილობრივ.

ნონა ფიცხელაური - თავს დამნაშავედ გრძნობთ?

გეოლოგი - არა.

ნონა ფიცხელაური - რატომ?

გეოლოგი - იმიტომ, რომ მიწერია ყველაფერი.

ნონა ფიცხელაური - ამან რომ გამოიწვიოს ჩემი სიკვდილი, თქვენ თავს გაიმართლებთ, რომ გიწერიათ?!

ბატონო არჩილ, ჩვენ რომ ნორმალური ხელისუფლება გვყავდეს, თქვენ ჩემთან კი არ უნდა იჯდეთ აქ, პროკურატურაში უნდა იჯდეთ შოვის ამბებთან დაკავშირებით“.

არჩილ მაღალაშვილია რაჭაში კურორტ შოვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეოლოგიური ნაწილის ავტორი. გეგმა ონის საკრებულომ 2022 წლის 22 დეკემბერს დაამტკიცა და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ ჯგუფებმა 18 მეტრიანი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის უფლება მიიღეს. 7 თვეში, 2023 წლის 3 აგვისტოს, ზუსტად ეს ტერიტორია ბუბის მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა მთლიანად დაფარა და ყველაფერი გაანადგურა.

„კამარა ჰესის“ მილსადენის დიამეტრი 3 მეტრია, თერგის წყლის უმეტეს ნაწილს დაიტევს. სკოპინგის ანგარიში სრულიად მოძველებულ, 1981-1990 წლების ჰიდროლოგიურ მონაცემებს ეყრდნობა და წყლის ხარჯი ამით არის გამოთვლილი. სწორედ საბჭოთა კავშირის დროინდელი მონაცემებით არის დაანგარიშებული წყლის ოდენობა პანკისში, ხევსურეთში, ხევში და სხვაგან ახალაშენებული ჰესებისთვის, რის გამოც ყველა ეს ხეობა ზაფხულობით უწყლოდ რჩება.  

მოხევეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეუტიეს და ისინი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულეს. „სოფლებში კარდაკარ დადიხართ და ხალხს ჰპირდებით, რომ დენი უფასოდ ექნებათ. რატომ აკეთებთ ამას? მერია რა შუაშია“, - ჰკითხა სამოქალაქო აქტივისტმა შოთა ბუჩუკურმა ყაზბეგის მერიის წარმომადგენელს.

„ოფშორებში რეგისტრირებულ კომპანიებს უნდათ ჩვენს ბუნებრივ რესურსებზე წვდომა ხომ? კომპანიის წარმომადგენელი მეუბნება, პრობლემა არ არის, ფულს სუნი არ აქვსო. არჩეული ხელისუფალი ამას რომ ლობირებ, ამ ქცევას სახელი უნდა დაერქვას“, - სათემო ორგანიზაცია „ლომეკის“ ხელმძღვანელს ანა გელაშვილს ადგილობრივები სთხოვდნენ, ეთქვა, ვინ ღალატობს მოხევეებს.

„სასაზღვრო მხარეა, ამ კონტექსტში როგორ ჯდება? ვის უნდა ეკუთვნოდეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა სასაზღვრო რეგიონში“, - ილია კაზალიკაშვილმა იცის, რომ ყაზბეგში ახალაშენებული „ლარსი ჰესისა“ და „დარიალი ჰესის“ მსხვილი მესაკუთრე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მევლუდ ბლიაძეა.

 

„კამარა ენერჯის“ რუსული კავშირები

შპს „კამარა ენერჯი“ 2014 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი თამარ პაპავა ამავე დროს შპს „დეტანდერ საქართველოს“ დირექტორიცაა, რომლის მფლობელები არიან ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა, გია ადეიშვილი და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე რევაზ ელიავა. თამარ პაპავა იკავებდა კომპანია „ნოტუსის“ დირექტორის თანამდებობასაც, რომლის მესაკუთრეებიც რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეები თეიმურაზ არონია და გიორგი ჩუბინიშვილი არიან.

„კამარა ენერჯის“ 100 % წილის მფლობელი შპს „ჯორჯიან რენიუებლ ენერჯია“. ამ კომპანიის წილებს თანაბრად ინაწილებენ ოფშორში, კერძოდ, სენტ-ლუსიაში დაფუძნებული შპს „გრინთრი ჰოლდინგსი“ და ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „კარლისტონ ვენჩერსი“. კომპანიის დირექტორი ლევან მატუაა. ის ხელმძღვანელობს შპს „ბინგრინ ჯორჯიასაც“, რომლის 100%-იან წილს ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში დარეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „ბინგრიინ ლიმითედი“ ფლობს. ამ კომპანიის 75% გიორგი კუხალეიშვილს ეკუთვნის, 25% სულხან პაპაშვილს.

ლევან მატუაა შპს „ისკაპ ლიმიტედის“ დირექტორიც, რომლის 60%-ის მესაკუთრეც სულხან პაპაშვილია. იგი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი და ბისზნესპარტნიორია.

რაც შეეხება გიორგი კუხალეიშვილს, მან 2020 წელს ბრიტანეთში დააფუძნა კომპანია GWP WINES AND SPIRITS LIMITED, რომლის ნაწილიც რამდენიმე თვეში უჩა მამაცაშვილზე გააფორმა. ამ კომპანიის წილებს უჩა მამაცაშვილთან და გიორგი კუხალეიშვილთან ერთად ფლობს ვახტანგ კარიჭაშვილი. ისიც საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა, ფლობს შპს „Bolero & Company“-ის წილის 100%-ს. კომპანია ხუთეულში შედის, ვისაც საქართველოდან რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო გააქვს. ვახტანგ კარიჭაშვილი უჩა მამაცაშვილთან ერთად ფლობს კომპანიას „მელიქისშვილი ინნ“. უჩა მამაცაშვილიც საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში