საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სინანული მინდა გამოვხატო, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე - ირაკლი კობახიძე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:06 - 16 აგვისტო 2023 hits 4790

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის შეხვდა შოვში სტიქიურ უბედურებას გადარჩენილ დავით ჯელაძეს და ნანობს, რომ მას გული ატკინა.

„ჯერ სატელეფონო საუბარი მქონდა დათო ჯელაძესთან, შემდეგ, შევხვდი მას. ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ, პირველ რიგში, ადამიანური: დათო არის გულიანი ვაჟკაცი რაჭველი კაცი. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც გადახდა. წარმოუდგენელი, საოცარი ისტორიაა. რეალურად, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი დისშვილი მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე გაეყვანა. თავის თავს აჯობა, ისეთი გზა აქვს გამოვლილი მას ამისთვის, თავის პატარა დისშვილთან ერთად.

მინდა განვმარტო რაზე იყო საუბარი - იყო ბრიფინგი, სადაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაჩვენა ფოტო, რომელიც პირველად ვნახე ბრიფინგის დროს. თქვენ იცით, რომ ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალურ მედიაში სრულიად ყალბი ფოტოები. აქედან გამომდინარე, მე არც ვიცოდი, ვის მიერ იყო ეს ფოტო დადებული, ზუსტად რა იყო ფოტოზე ასახული, ამ ფოტოზე. აქედან გამომდინარე, კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს თვითონ ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. ამის შემდეგ მე, რა თქმა უნდა, გავერკვიე ყველაფერში - რომ ეს ფოტო იყო დათო ჯელაძის მიერ დადებული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მან დეტალურად მოჰყვა, პირადად მე მომიყვა ისტორია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადახდა.

პირველ რიგში, სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, რაც მან თქვა. ეს არის დასანანი, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა, საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მანაც განმარტა მისი ისტორია, მეც განვმარტე ყველაფერი.

მთავარი არის, რომ ის ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა, გადარჩა ის, გადარჩა მისი დისშვილი, გადარჩა მისი ოჯახი და რა თქმა უნდა, ამაში არის მისი ძალიან დიდი დამსახურება და იმ გზის დამსახურება, რაც მან გამოიარა თავის დისშვილთან ერთად“, - აღნიშნა კობახიძემ.

ამ თემაზე - რა მიზანი აქვს შოვში სიკვდილს გადარჩენილებზე „ოცნების“ შეტევას - ინტერვიუ ექსპერტთან

14 აგვისტოს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სპეკულაცია უწოდა ღვარცოფს გადარჩენილი დავით ჯელაძის მონათხრობს იმის შესახებ, შოვში, სტიქიის ზონის შუაგულიდან, წელამდე ტალახში ჩაფლულმა, ხოხვით როგორ შეძლო მისი ერთ-ერთი დისშვილის, 6 წლის მაშოს გადაყვანა ღვარცოფის მეორე მხარეს, შედარებით უსაფრთხო ადგილას.

„იყო სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. უბრალოდ, შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ,

იმ ადამიანებს, ვისაც ღვარცოფული მასა მისწვდა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, არის ცარიელი ტყუილი.

რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, რა თქმა უნდა უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხეს გადარჩენა“, - კობახიძის ამ განცხადებამ საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი შეფასებები გამოიწვია.

3 აგვისტოს, რაჭაში, ბუბას მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა კურორტი შოვი თითქმის მთლიანად გაანადგურა. სამაშველო ოპერაცია 3 საათის დაგვიანებით დაიწყო, დაღამებისთანავე კი მფრინავებმა ოპერაციაში მონაწილეობა შეწყვიტეს იმ მიზეზით, რომ ვერტმფრენს ღამით უსაფრთხოდ ფრენა არ შეეძლო. ამ დროისთვის ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი, 7 დაკარგულს კიდევ ეძებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრაგედიის თავიდან არიდება შეუძლებელი იყო, რასაც დამოუკიდებელი ექსპერტები არ ეთანხმებიან.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში