საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რა მიზანი აქვს შოვში სიკვდილს გადარჩენილებზე „ოცნების“ შეტევას - ინტერვიუ ექსპერტთან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:26 - 14 აგვისტო 2023 hits 14006
ფოტოზე იაგო კაჭკაჭიშვილი
ახალი ამბები
ფოტოზე იაგო კაჭკაჭიშვილი

„ირაკლი კობახიძის მიზანმიმართული განცხადება, რასაკვირველია, მთლიანად ხელისუფლებას ახმოვანებს. სურთ, გააჩუმონ ისინი, ვინც სიკვდილს გადაურჩნენ, აღარ იაქტიურონ და მთავრობის საწინააღმდეგოდ ჩვენებები არ მისცენ. მაგრამ ამ ადამიანებმა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გაიარეს. რანაირად უნდა შეეშინდეთ?! ხელისუფლებას ვისიც ეშინია, სწორედ იმ ადამიანთა ჯგუფებია თუ ორგანიზაციები, რომლებიც ტრაგედიასთან დაკავშირებით ობიექტურ ინფორმაციას, ექსპერტულ მოსაზრებებს ავრცელებენ, რაც ყველაზე უფრო ხაზს უსვამს ხელისუფლების პასუხისმგებლობასა და დანაშაულებრივ გადაცდომას“, - აცხადებს „მთის ამბებთან“ ინტერვიუში, სოციოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი.

ინტერვიუ ინგლისურ ენაზე - Why Georgian Dream Attacks Shovi Survivors - Expert Interview

- „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, შოვში, სტიქიური უბედურებისას სიკვდილს გადარჩენილი ადამიანების, მათ შორის, დავით ჯელაძის მონათხრობს წარმოუდგენელი ტყუილი და სპეკულაცია უწოდა. ჯელაძე ჰყვება, რომ სულ მცირე 4 საათი გაატარეს ღვარცოფში, სამაშველო ოპერაცია დაგვიანებით დაიწყო. „მთის ამბებთან“ ინტერვიუში მან აღწერა, სტიქიის ზონის შუაგულიდან, წელამდე ტალახში ჩაფლულმა, ხოხვით როგორ შეძლო მისი ერთ-ერთი დისშვილის, 6 წლის მაშოს გადაყვანა ღვარცოფის მეორე მხარეს, შედარებით უსაფრთხო ადგილას. არის თუ არა კობახიძის მხრიდან ეს ქმედება მიზანმიმართული, რათა გააჩუმოს ის ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ეს კრიზისი, მთავრობის დაგვიანებული რეაგირება, სხვებმა და უფრო მეტი რომ აღარ ისაუბრონ?

- რა თქმა უნდა, ეს არის ირაკლი კობახიძის სრულიად მიზანმიმართული განცხადება, რომელიც ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, მთლიანად ხელისუფლებას ახმოვანებს. ირაკლი კობახიძის პირით თუ სახით, ხელისუფლება ცდილობს, სრულიად აიცილოს პასუხისმგებლობა და იმ ტრაგედიაზე, რაც შოვში მოხდა, სიმძიმის ცენტრი სტიქიის გავლენაზე დასვას. აქ რომ სხვა ტიპის მოვლენასთან გვქონოდა საქმე, კობახიძე მძაფრი კრიტიკის ისრებს აუცილებლად ოპოზიციისკენ, სამოქალაქო საზოგადოებისკენ, სოციალურად აქტიური ჯგუფებისკენ გადაიტანდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს სრულიად აბსურდია. ამ ტრაგედიის თავიდან აცილებასა თუ დროულ რეაგირებაში, სხვა არავინ შეიძლებოდა ჩარეულიყო ხელისუფლების წარმომადგენლის გარდა. ეს უბადრუკი მცდელობაა, რადგან არსებობენ თვითმხილველები, არსებობს ადამიანური ისტორიები. ძალინ რთულია აქედან თავი დაიძვრინო. ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა. კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება, რომ არ იყო დროული რეაგირება.

გავიხსენოთ შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელი განცხადება. არ ვიცი, ამას რა ჰქვია, როგორი არაპროფესიონალური და არაადამიანურია. მინისტრმა თქვა, რომ ღამით ფრენის საშუალებები კი გვაქვს, მაგრამ არ იყო საჭირო და არ გამოგვიყენებიაო. ასეთი არაადეკვატური განცხადება ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი წარმომადგენლის მხრიდან, პირდაპირ გამაოგნებელია. ეს არის ხელისუფლების მიერ გაფუჭებული საქმის ლუსტრაცია. შეიძლება ითქვას, რომ გომელაურმა გათქვა ხელისუფლება. მოსახლეობა ამას ხედავს და ხელისუფლებას მოუწევს საკუთარი პასუხისმგებლობის, ტვირთის აღება ამ ტრაგედიაზე.

- კიდევ რა მიზანი შეიძლება ჰქონდეთ კობახიძეს და მმართველ პარტიას, ერთი მხრივ, სიკვდილს გადარჩენილების, მეორე მხრივ, საზოგადოების მიმართ. მაგალითად, დაზარალებულებმა არ დაიწყონ სამართლებრივი დავა და თემა სწრაფად დაიხუროს, საზოგადოება ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფონ...

- ხელისუფლებას სურს, გააჩუმოს ისინი, აღარ იაქტიურონ და მთავრობის საწინააღმდეგოდ ჩვენებები არ მისცენ. მაგრამ, ეს ადამიანები პირისპირ შეეჯახნენ, მოკლედ, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გაიარეს. რანაირად უნდა შეეშინდეთ, რანაირად უნდა დაშინდნენ ისინი?! წარმოუდგენელი ამბავია. ამ ადამიანებმა ისეთ რამეს გაუძლეს, ისეთ რამეს ჩახედეს თვალებში, ამის ფონზე ხელისუფლების მხრიდან შიში ცოტა არაადეკვატურად გამოიყურება. არა მგონია, ამ ადამიანებზე იმოქმედოს ხელისუფლების მუქარამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს განზრახვა დიდი ალბათობით მას აქვს.

ხელისუფლების ამ განცხადებებში მთავარი მაინც არის ის, საზოგადოება პროპაგანდისტულად დააჯეროს, რომ ამ ამბავში არის უცოდველი, შეუძლებელია ასეთ დამანგრეველ სტიქიას ვინმე მოერიოს, თუმცა ეს არ გამოსდის.

უნდა, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა მთლიანად აიცილოს, მაგრამ ეს არ გამოუვა. საკუთარი თავის გათეთრების სტრატეგიაა ეს, რასაც კობახიძე მიმართავს.

- ამ ტრაგედიის დროსაც კი ხელისუფლება არ მოერიდა „რუსული კანონის“ სულისკვეთებით ანგარიშსწორებას. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დეზინფორმაციის გავრცელებაში, პანიკის დათესვასა და საბოტაჟში დაგვადანაშაულა. მანვე თქვა, რომ აქ არის დონორების პასუხისმგებლობა და მოუწოდა მათ, დაფიქრდნენ. როცა სტიქიური უბედურების შედეგად 25 ცხედარია ნაპოვნი, 8 დაკარგულს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ, როცა მიუკერძოებელი სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ ასეთი საფრთხეები სხვა რეგიონებშიც გვაქვს, როგორ ახერხებენ, რომ დამოუკიდებელ მედია და საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის მოიცალონ, რა ამოძრავებთ?

- ხელისუფლებას ვისიც ეშინია, სწორედ იმ ადამიანთა ჯგუფებია თუ ორგანიზაციები, რომლებიც ტრაგედიასთან დაკავშირებით ობიექტურ ინფორმაციას, ექსპერტულ მოსაზრებებს ავრცელებენ, რაც ყველაზე უფრო ხაზს უსვამს ხელისუფლების პასუხისმგებლობასა და დანაშაულებრივ გადაცდომას.

თუ ვინმეს გაჩუმება უნდა ხელისუფლებას, სწორედ ამ ადამიანების. ცხადია, გაჩუმებას ვერ მოახერხებს. ამიტომ, რასაც ცდილობს, ეს არის მათი მარგინალიზაცია. გამძაფრებული შეტევა სწორედ ამით აიხსნება. სიმართლის წინაშე ხელისუფლება აგებს. შესაბამისად, მას სიმართლის მთქმელი სუბიექტების გაშავების განზრახვა აქვს და ამას ჩვენ ვხედავთ. ხელისუფლებას მოუწევს ძალიან მკაცრი პასუხის გაცემა დასმულ შეკითხვებზე მედიის, ექსპერტების, საბოლოო ჯამში, ფართო საზოგადოების მხრიდანაც.

ხელისუფლებამ ამ წუთამდე ვერ მოინელა „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის ჩაგდება. ეს ძალიან აწუხებს და ის, რაც მან პირდაპირ ვერ გაიტანა და კანონად ვერ აქცია, რისი დაუოკებელი სურვილიც ჰქონდა, ახლა ცდილობს, ზურგიდან შემოიტანოს. საზოგადოებასთან ხელისუფლების კომუნიკაციაში მუდმივად მონაწილეობს ეს ტერმინი - „უცხოური გავლენის აგენტი“, როგორც მარგინალიზაციის ხელშემწყობი, მადისკრედიტირებელი ტერმინი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. ინსტიტუციურად ხელისუფლებამ ვერ მოახერხა „რუსული კანონის“ მიღება, რაც ძალიან დიდი გამარჯვებაა, დიდი მნიშვნელობის მქონეა დემოკრატიის შენარჩუნების გზაზე, მაგრამ საკუთარ გზავნილებში, საკუთარ საკომუნიკაციო სტრატეგიაში ამ ტერმინს იყენებს. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, რა მძიმე იყო ხელისუფლების განზრახვა და ეს კანონპროექტი კანონად რომ ქცეულიყო, რა შედეგებს მოიტანდა ქართული დემოკრატიისთვის.

- როგორც მართავს მთავრობა ამ კრიზისს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს შოვის ტრაგედიის შედეგებმა მმართველ პარტიაზე?

- ხელისუფლების გზავნილი, რომელსაც ის ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით თავის საკომუნიკაციო პოლიტიკაში უშვებს, არის, რომ მოხდა ბუნებრივი კატასტროფა, რომლის წინაშეც ადამიანი უძლურია. ამიტომ, ნუ მოსთხოვ ხელისუფლებას ნურაფერს, ასეთი რაღაცები ხდება. მთავრობასთან დაკავშირებულ მედიებში აჩვენეს კატასტროფები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომ ყველგან ხდება, ეს მწარე სინამდვილეა და ა.შ. ეს არის ხელისუფლების ძირითადი განზრახვა.

მას უნდა, შოვის ტრაგედია აქციოს ბუნების წინაშე ადამიანის უძლურების გამოხატულებად და ინდიკატორად. ეს არ გამოუვა, არ გამოსდის ხელისუფლებას. რასაკვირველია ბუნებრივი კატასტროფები ხდება, მაგრამ არსებობს ამ კატასტროფების შედეგების შემცირების შესაძლებლობები, რაც არსებითად ხელისუფლების ქმედუნარიანობასა და ეფექტიანობაზეა დამოკიდებული.

ადამიანებს შეუძლიათ სტიქიას შეებრძოლონ, დამანგრეველი შედეგების შემცირებაზე იზრუნონ და ხელისუფლება ამ შემთხვევაში არის პირველი რიგის პასუხისმგებელი.

- რა ტიპის პასუხისმგებლობას გულისხმობთ? გამოძიება დაიწყო [უფრო ფორმალურად], რომლის შედეგებსაც, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ალბათ, არ უნდა ველოდოთ.

- ყველამ ვიცით, რა იქნება ამ გამოძიების შედეგი, როგორიც აქამდე ყოფილა - ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც იყო შესაძლებელი, მაგრამ თავიდან ვერ აიცილა ეს ბუნებრივი კატასტროფა და შეუძლებელიც იყო, რომ აეცილებინა - ეს იქნება გამოძიების შედეგი, ამას წყალი არ გაუვა. ხელისუფლება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას არ შექმნის და მას აქვს შესაბამისი ბერკეტი, ასე მოიქცეს. მას ჰყავს უმრავლესობა, რომელიც ასეთი კომისიის შექმნას ხმას არ მისცემს და ჩააგდებს. ოღონდ,

ერთია ხელისუფლების განზრახვა და მეორეა, რა განწყობები დარჩება საზოგადოებას ხელისუფლების მიმართ ამ მოვლენასთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, ხელისუფლება ვერ მოახერხებს საზოგადოების უმრავლესობის დარწმუნებას იმაში, რომ მას აღარაფრის გაკეთება არ შეეძლო ამ ტრაგედიის შედეგების შემცირებისთვის.

შეამცირებს თუ არა ეს ფაქტი ხელისუფლების პოლიტიკურ წონას, პოლიტიკის ენაზე რომ ვთქვათ, რეიტინგს, ამ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. ამაზე პასუხს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გაგვცემს მომავალში. რა დოზით იქნება ეს დამაზიანებელი ხელისუფლებისთვის, ამაზე ლაპარაკი ახლა რთულია, თუმცა რაღაც დოზით რომ იქნება, ეს უდავოა.

- შინაგან საქმეთა მინისტრი სტიქიის ზონაში ტრაგედიიდან მე-11 დღეს გამოჩნდა. მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ მინისტრს ოჯახის წევრი ჰყავდა ავად. გუშინ, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ მამა ჰყავს მძიმედ ავად და ის, თურქეთში, საავადმყოფოში თავზე ედგა მას. როდესაც ასეთი ტრაგედია მოხდა, მინისტრი, რომლის უწყების პირდაპირი მოვალეობაც არის კრიზისზე მყისიერი რეაგირება, გამოძიებისთვის მტკიცებულებების შეგროვება, რამდენად დამაჯარებელი იყო თქვენთვის მის მიერ დასახელებული მიზეზი და დამაჯერებელთან ერთად, გასათვალისწინებელიც?

- ეს არ არის დამაჯერებელი, როდესაც ლაპარაკია ხელისუფლების ერთ-ერთ პირველ პირზე, რომლის ხელშია მობილიზებული ტექნიკა, რომლითაც მას შეუძლია სწრაფი გადაადგილება და ა.შ. ამ 11 დღის განმავლობაში როგორ არ მოინახა რამდენიმე საათი იმისათვის, რომ ადამიანი ჩასულიყო ტრაგედიის ადგილზე და შემდეგ ისევ დაბრუნებულიყო. ან თუ ასეთ კრიტიკულ ვითარებასთან იყო საქმე, განცხადება აქამდე რატომ არ გაკეთდა? პირველივე საათებში რატომ არ ითქვა მინისტრის მხრიდან, რომ ვერ შევძლებ ჩამოსვლას ამ მიზეზის გამო. როგორ შეიძლება ამაზე განცხადების გაკეთება ტრაგედიიდან 11 დღის შემდეგ. რასაკვირველია, არადამაჯერებელია და ამ თვალსაზრისით მინისტრის პოზიცია თანაგრძნობას არ იმსახურებს. მე ვფიქრობ, ამასაც ხედავს საზოგადოება. პრემიერ-მინისტრიც მეორე დღეს ჩავიდა ონში. მისი ვიზიტიც იყო დაგვიანებული. პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ტრაგედიის ადგილას იმავე საათებში უნდა ჩასულიყო.

- 3 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 8 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ.

- კი, ვიცი.

- პრემიერმა სტიქიის ზონა ვერტმფრენით შემოიფრინა, ის შოვის შესასვლელში დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებსაც კი არ შეხვდა.

- ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შემცველია ყველა ის სიტუაცია, სადაც ის საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობს და მას სურს, ეს დისკომფორტი თავიდან აიცილოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან რთულია თავიდან აიცილო ასეთი მართლაც შემზარავი ტრაგედიის ფონზე პასუხისმგებლობა. ხელისუფლებას ამის უამრავი მცდელობა აქვს, მაგრამ ამას ვერ მოახერხებს. სულ მცირე, ძალიან გაუჭირდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში