საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სპეკულაციაა, თითქოს ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს - კობახიძე დავით ჯელაძის მონათხრობზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:48 - 14 აგვისტო 2023 hits 6285

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სპეკულაცია უწოდა ღვარცოფს გადარჩენილი დავით ჯელაძის მონათხრობს იმის შესახებ, შოვში, სტიქიის ზონის შუაგულიდან, წელამდე ტალახში ჩაფლულმა, ხოხვით როგორ შეძლო მისი ერთ-ერთი დისშვილის, 6 წლის მაშოს გადაყვანა ღვარცოფის მეორე მხარეს, შედარებით უსაფრთხო ადგილას.

„იყო სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. უბრალოდ, შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ,

იმ ადამიანებს, ვისაც ღვარცოფული მასა მისწვდა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, არის ცარიელი ტყუილი.

რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, რა თქმა უნდა უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხეს გადარჩენა.

ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ამიტომ, გადასამოწმებელია ეს ყველაფერი.

რაც შეეხება ამ ფოტოს, არ ვიცი, დეტალები გასარკვევია, უბრალოდ ერთი ნაპირიდან მეორეზე ან რატომ ან როგორ შეიძლება გადმოხვიდე, არ ვიცი, დავაზუსტოთ ეგ ყველაფერი“, - აღნიშნა კობახიძემ.

ამ თემაზე - რა მიზანი აქვს შოვში სიკვდილს გადარჩენილებზე „ოცნების“ შეტევას - ინტერვიუ ექსპერტთან

მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ვინც ღვარცოფის მასაში მოყვა, მას გადარჩენის არავითარი შანსი არ ჰქონდა.

„უამრავი სპეკულაციაა იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც არის უბრალოდ ძალიან მძიმე სპეკულაცია. ვისაც უნახავს ის ადგილი, სადაც მოხდა სტიქია და ვინც ადგილზე გაეცნო ვითარებას, აბსოლუტურად ყველა დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში, მეტი ადამიანის გადარჩენა იყო უბრალოდ შეუძლებელი ერთი მარტივი მიზეზის გამო - სტიქია იყო მყისიერი, ღვარცოფის მასა წამოვიდა მყისიერად, ძალიან დიდი სიჩქარით. აქედან გამომდინარე,

ვინც სამწუხაროდ მოყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი.

რამდენი ხანი შეიძლება გაძლოს ადამიანმა ღვარცოფული მასის ქვეშ. აქ საუბარია წუთებზე ხომ, ბუნებრივია.

ვინც გადაურჩა ღვარცოფულ მასალას, ყველას იდენტიფიცირება იყო შესაძლებელი დაღამებამდე. პირველივე საათებში ჰქონდა შსს-ს, სამაშველო სამსახურს ყველაფრის ადგილზე ნახვის, იდენტიფიცირების საშუალება და რეალობა იყო სამწუხაროდ ასეთი, ვისაც სამწუხაროდ მისწვდა ღვარცოფული მასა, მისი გადარჩენა იყო რეალურად შეუძლებელი, ვისაც არ მისწვდა ეს ღვარცოფული მასა, მან მოახერხა და თავი დააღწია იმ არეალს“.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დღესვე კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი იმ განცხადებებზე, სტიქიის პირველივე ღამეს ვერტმფრენებს მუშაობა რომ არ შეეწყვიტათ, შესაძლოა, მეტი ადამიანის გადარჩენა მომხდარიყო.

„დღის შუქზე დათვალიერდა ეს ტერიტორია მთლიანად, არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ. ვერტმფრენსაც რომ არ შესძლებოდა, მაშველებმა რაც გააკეთეს, მადლობა კიდევ ერთხელ ამ ადამიანებს, ბიჭები შევიდოდნენ და არ არსებობს, ამოიყვანდნენ აუცილებლად, ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, ან დაჭრილი ან ჩაფლული, საიდანაც შეიძლება ამოგვეყვანა. თუ ადამიანი იყო დაშავებული, ან დაზიანებით და იყო შუაში, ეპიცენტრში და ვერ გამოგვყავდა, იქ შეიძლება კიდევ გაერისკათ პილოტებს, მიფრენილიყვნენ და ამ ადამიანის ამოყვანა განხორციელებულიყო. არ ჩანდა, რაც ჩამოვიდა მიწა, ზემოდან არავინ ჩანდა, ვინმე ან შველას ითხოვდა, ან რაღაც იყო, დღე იყო ჯერ“, - განაცხადა გომელაურმა.

შს მინისტრი სტიქიური უბედურებიდან მხოლოდ მე-11 დღეს გამოჩნდა რაჭაში, სადაც დამანგრეველი ღვარცოფის შედეგად 24 ცხედარია ნაპოვნი, 9 ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. მინისტრმა თქვა, რომ ის გუშინ დაბრუნდა საქართველოში თურქეთიდან, სადაც სამკურნალოდ მძიმედ ავადმყოფი მამა ჰყავს გადაყვანილი. 3 აგვისტოს, როცა ბუბას მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა კურორტი შოვი თითქმის მთლიანად გაანადგურა და ადამიანები მოიყოლა, სამაშველო ოპერაცია სამი საათის დაგვიანებით დაიწყო. 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში