საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

პროგნოზირების შემთხვევაში, ალბათობა, რომ შოვში ეს ხალხი გადარჩებოდა, იყო 80% - ჰიდროლოგი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:18 - 07 აგვისტო 2023 hits 10032
ჰიდროლოგი ნიკა წითელაშვილი
ახალი ამბები
ჰიდროლოგი ნიკა წითელაშვილი

„სტიქიური პროცესები, რომლებიც ბუნებრივად ვითარდება სხვადასხვა გარემოებით და კი, ყველგან ხდება, მაგრამ მას წინ აუცილებლად უძღვის რაღაც, რაც პროცესს ააქტიურებს და სწორ დროს, სწორი ინფორმაციის ქონა გვეხმარება იმაში, რომ დანაკარგი შემცირდეს, სტიქიური პროცესი კი სტიქიურ უბედურებად არ მოგვევლინოს. ალბათობა იმისა, რომ შოვში, სტიქიური პროცესი სტიქიური უბედურება არ გამხდარიყო, სახელმწიფო ორგანოების, ადამიანების, მედიის სწორი და გამართული ფუნქციონირების შემთხვევაში, იყო 80%“, - ამბობს ნიკა წითელაშვილი, ჰიდროლოგი.

ნიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორია. 2015-2016 წლებში მუშაობდა გარემოს ეროვნულ სააგენტოში, 2016-2018 წლებში საქმიანობა განაგრძო ამერიკულ საინვესტიციო ფონდში. 2019 წლიდან აქტიურ კვლევით/საკონსულტაციო საქმიანობას ეწევა. მუშაობს სადოქტორო კვლევაზე, რომლის ფარგლებშიც, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.

შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გუშინ გამოქვეყნებულ პირველად შეფასებაში მოცემულ დასკვნებს, ნიკა ეჭვქვეშ აყენებს. სააგენტომ თქვა, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში 3 აგვისტოს კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები განაპირობა მყინვარის ინტენსიურმა დნობამ, მყინვარის სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლამ, მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა, მეწყრულ-ეროზიულმა პროცესებმა და გლაციალური ღვარცოფის გავლამ, რაც მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან არის დაკავშირებული. დასკვნის თანახმად, სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს წინასწარი გათვლებით უნდა მიეღწია სავარაუდოდ 8-10 წუთში. იგივე გაიმეორა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმაც - „ადრეული გაფრთხილების სისტემები რომც ყოფილიყო დამონტაჟებული, იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი, ამ ტრაგედიას თავიდან ვერ ავიცილებდით“. მინისტრმა უარყო ინფორმაცია, ბუბას ხეობაში წყლის ორდღიანი დაგუბების შესახებ.

ჰიდროლოგი ნიკა წითელაშვილი არასწორად მიიჩნევს გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნის იმ ნაწილს, სადაც ნათქვამია, რომ ყველაფერი უსწრაფესად მოხდა, ყინული მოტყდა და 5 მლნ მ3 მიწის მასა დაიძრა. „ეს მასა რომ დაიძრას, მინიმუმ 1 მლნ მ3 წყალია საჭირო (თუ სტრუქტურული ღვარცოფი იყო, მაგრამ რაც ვიდეოში ჩანს, უფრო ტურბულენტური იყო, შესაბამისად 2 მლნ მ3 იქნებოდა საჭირო) თხევად მდგომარეობაში. საიდან მოვიდა ეს წყალი, დასკვნაში არ ჩანს, რაც გაუგებარია“.

ეს წყალი, ერთ საათში ატმოსფერული ნალექით მათივე ხსენებულ კერაში რომ გაჩნდეს, საჭიროა 170 მმ ნალექი (წარმოუდგენელი ციფრია. შედარებისთვის, თუ გარემოს ეროვნულ სააგენტოს დავუჯერებთ, ვერეს ხეობაში, ერთ საათში 35 მმ ატმოსფერული ნალექი მოვიდა). წინა დღეს, თუ ამავე სააგენტოს გამოქვეყნებულ მონაცემებს დავეყრდნობით, შოვში მხოლოდ 10 მმ ნალექი მოვიდა, თავად 3 აგვისტო კი მზიანი იყო. ამიტომ, წვიმა ამ პროცესების ბუნტისთავად ვერ გამოდგება. უნდა ვივარაუდოთ, რომ წინა დღეებში, მყინვარში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალი გროვდებოდა (გააჩნია დნობის ინტენსივობას, მაგრამ 1 მლნ მ3 წყლის დაგროვებას, ხეობის ჰიდროლოგიური პარამეტრებიდან გამომდინარე, მინიმუმ ერთი კვირა მაინც დასჭირდებოდა). შესაბამისად, ადრეული გაფრთხილების პირველი კომპონენტი ჩავარდა. ფაქტია, არავის შეუმოწმებია ადგილზე არაფერი, თუ შეამოწმეს და არაფერი მოიმოქმედეს, მაშინ გულგრილობა ისევ სახეზეა“, - ნიკა წითელაშვილი აქვეყნებს ბუბას ხეობის 2005, 2018 და 2020 წლის სატელიტურ ფოტოებს.

2005 წლის სატელიტური გამოსახულებიდან ჩანს, რომ ხეობა მეტნაკლებად სტაბილური იყო, ჭალა კი ხეებით, მეჩხერად შევსებული.

2018 წლის სატელიტური ფოტოებით უკვე აშკარაა ღვარცოფული ნაკადის გავლის კვალი.

გაუარესების ტენდენცია ჩანს 2020 წლის სატელიტურ გამოსახულებაზეც.

„საიდან მოიტანა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, რომ თურმე, მდინარე დღვიორა უქმნიდა საფრთხეს შოვს და არა ბუბა? თან, თავადვე ახსენეს, რომ თურმე, კომუნისტებმა მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს და დღეს, მდინარემ უბრალოდ საკუთარი გზა იპოვა.

რა შეიძლება გაკეთებულიყო, როცა შოვის ხელახალი განვითარება დაიწყო სახელმწიფომ? პირველ რიგში უნდა გაკეთებულიყო მდინარე ბუბის და ჭანჭახის წყალდიდობის მოდელირება, სხვადასხვა ალბათობისათვის (5, 10, 50 და 100 წლიანი განმეორებადობისათვის და თუ წყალშემკრები აუზის კვლევის დროს მაღალი რისკი გამოიკვეთებოდა, მაშინ 200 და 500 წლიანი განმეორებადობის წყლის ხარჯები უნდა დათვლილიყო), შესაბამისი დონეების მიხედვით და რისკის ზონაში არაფერი უნდა აშენებულიყო, რაც ადამიანთა საცხოვრებლად ან მასობრივი თავშეყრის ადგილად იქნებოდა გამოყენებული. ესეც პროგნოზი და პრევენციაა!

ამასთან, აპელირებენ, რომ მყინვართა ინტენსიური დნობის ფონზე თურმე ჭანჭახში წყლის დონე არ დაწეულა, მიუხედავად იმისა, რომ მდინარე ბუბა ჭანჭახის შენაკადია. იცის გარემოს დაცვის სამინისტრომ, რამდენია მდინარე ჭანჭახის წყალში ბუბის წყლის თანამონაწილეობა, 10%, 20% იქნებ 50%-ია?

როგორც თავად აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ტემპერატურა იზრდებოდა და მყინვარები ინტენსიურად დნებოდა, რატომღაც, მდინარე ჭანჭახში 13 ივლისიდან წყლის დონე თვის პირველ ნახევართან შედარებით, მკვეთრად იკლებს (წვიმის დროს, მცირე მატება არის, მაგრამ ტრენდი კლებადია). 

წყლის დონემ განსაკუთრებით ბოლო ერთ კვირაში დაიკლო და მინიმუმს 31 ივლისს მიაღწია. ისმის კითხვა, თუ ტემპერატურა იმატებდა და მყინვარები ინტენსიურად დნებოდა, წყლის დონე რატომ იკლებდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში?

მდინარის კვეთი გაირეცხა დონის მზომის გასწორში? ეს იყო წყლის დონის კლების მიზეზი? თუ  ყველაფერი რიგზე იყო, მყინვარების ინტენსიური დნობის პროცესში რატომ იკლებდა წყლის დონე 13 ივლისიდან მოყოლებული? ასევე, საინტერესოა, რატომ არის წყლის ხარჯი თითქმის გაორმაგებული 3 აგვისტოს შემდეგ, მაშინ, როცა მრუდი წესით უნდა გასწორებულიყო. აქ ორი ვარაუდი შეიძლება გამოითქვას. ერთი ის, რომ მდინარე ჭანჭახზე დონის მზომის გასწორში მდინარის პროფილი მოისილა და გასასწორებელია, ან მეორე, უკვე მდინარე ბუბის წყალი დაუბრკოლებლად ემატება მდინარე ჭანჭახს, რამაც წყლის დონე ამ სეზონისთვის ნორმალურ ნიშნულს დაუბრუნა"

ნიკა მიიჩნევს, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემის გამართულად მუშაობის შემთხვევაში, სრულებით შესაძლებელი იყო 10 წუთში ადამიანების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა, თუ შესაბამის უწყებებს წინასწარ ეცოდინებოდათ, სად იყო უსაფრთხო ადგილი და ამისათვის, კურორტის განვითარების საწყის ეტაპზე, წყალდიდობის მოდელირება უნდა გაკეთებულიყო.

შოვის სტიქიური პროცესი რომ სტიქიურ უბედურებად იქცა, ნიკა რამდენიმე მიზეზს გამოჰყოფს და დასძენს, რომ რაც მოხდა, თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს და მისი წარმომადგენლების პასუხისმგებლობაა.

  • გულგრილობა და სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება სახელმწიფო უწყებების მიერ, რაც გამოწვეულია უპრინციპობითა და მათზე დაკისრებული მოვალეობების (პროფესიის) უპატივცემულობით.
  • საკანონმდებლო ბაზის ქმედუუნარობა, რაც გამოწვეულია იმით, რომ კანონი(ები) დაწერილია და მორგებულია ვიწრო კორუფციულ ინტერესებს და არა ქვეყნისა და საზოგადოების საჭიროებებს.
  • ფაქტობრივად არარსებული ტექნიკური ბაზა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს მსგავსი სტიქიური პროცესების პრევენციისათვის; პრინციპული და თავისუფალი ნების მქონე კვალიფიციური კადრების, ამ მიმართულებით კვლევებისა და უნივერსიტეტებში შესაბამისი განათლების არარსებობა.
  • პოსტფაქტუმ არასათანადო რეაგირება, განსაკუთრებით მაშინ, როცა წუთებს აქვს მნიშვნელობა და არა საათებს ან დღეებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში