საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

დიდი ალბათობით, სიკვდილს თავიდან ავირიდებდით - ინტერვიუ თეა გოდოლაძესთან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:05 - 07 აგვისტო 2023 hits 10896

„ღვარცოფს, მიწისძვრას, მეწყერს ვერ ავირიდებთ თავიდან, ის მაინც წამოვა, მაგრამ წინ არ უნდა დახვდე, მონიტორინგის სისტემები უნდა გვქონდეს. როცა იცი, რომ გამოტანის ღვარცოფული კონუსია, როცა იცი, ადრეც ასეთი რაღაც მომხდარა, რას აშენებ იქ, რატომ გყავს ხალხი იქ? 2017, 2018, 2019 წლებში მიყოლებით გვქონდა გლაციალური ღვარცოფები სვანეთში. ეს მასშტაბები არ ჰქონია, ხალხი არ მოუკლავს, გადავრჩით მაშინ. დღეს ბუბაა და ხვალ შეიძლება ჭალაათი იყოს ისევ, ან ხარიხრა გაისად. მთლიანად კავკასიონია პრობლემური. კავკასიონზე უნდა იყოს მონიტორინგი“, - აცხადებს „მთის ამბებთან“ ინტერვიუში, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი თეა გოდოლაძე.

ინტერვიუ თეა გოდოლაძესთან - We Would Have Avoided Deaths, Most Likely – Interview with Tea Godoladze

- თეა, რამ გამოიწვია კურორტ შოვში ეს პროცესები, რასთან გვაქვს საქმე? რა საფრთხე შეიძლება იყოს კიდევ და რისი გაკეთება შეიძლებოდა/შეიძლება პრევენციისთვის?

- სამეცნიერო წრე ვთანხმდებით, რომ ეს იყო გლაციალური ღვარცოფი. გლობალური დათბობის პირობებში ეს პროცესი დაიწყო მყინვარის დნობიდან და შემდეგ უკვე წამოვიდა ეს მეწყრული მასა, წყალმა ქვემოთ, მდინარის ხეობაში წამოიღო ეს მორენული მასები, ყველაფერი - ნიადაგი, ქანები, ხეები და ა.შ. წყალთან ერთად ჩამოყალიბდა ღვარცოფად.

ქვეყანას უნდა ჰქონდეს მონიტორინგის სისტემები. გლაციალურ ღვარცოფზე ვლაპარაკობთ - 2017 წელს მესტიაში მოხდა ჭალაათის მყინვარის შემთხვევა, 2018 წლის ოკრილას შემთხვევა ისევ სვანეთში, 2019 ისევ ჭალაათი.

მყინვარების მონიტორინგი არის მსოფლიო პრაქტიკა. ერთ-ერთი კომპონენტი, მათ შორის, არის სეისმური, სატელიტიდან დაწყებული, ლიდალური გადაღებით და გეოფიზიკური, დაკვირვების ხელსაწყოების მონტაჟით დამთავრებული. ეს არის მონიტორინგის კომპლექსი. მსგავს შემთხვევაში გვატყობინებს, რომ მყინვარზე საქმე კარგად არ არის.

ნებისმიერი მყინვარული მდინარე შეიძლება იყოს საფრთხის მატარებელი. კიდევ ერთხელ ვამბობ, კლიმატური ცვლილებების პერიოდში ვართ. ამიტომ, კავკასიონზე სრული მონიტორინგი უნდა მიმდინარეობდეს.

არსებობს მსოფლიო სისტემები, საერთაშორისო საზოგადოებები, საერთაშორისო საუნივერსიტეტო კონსორციუმები, რომლებიც ამაზე მუშაობენ. კერძო კომპანიები არიან, რომლებსაც ამისთვის ქირაობენ. დევდორაკზე (ყაზბეგში) ხომ დავაყენეთ მონიტორინგის სისტემა, ნახევარი მილიონი გადავიხადეთ, მუშაობს?

- მუშაობს?

- არ ვიცი. ახლა ვინმე იყენებს ამ მონაცემებს ან ამუშავებს? ძალიან საინტერესოა რა მონაცემები გვაქვს. თბილისის შემთხვევაში, ვერეზე ხომ დაყენდა წინასწარი შეტყობინების სისტემა. ანუ რეალურად გვაქვს ხომ პრაქტიკა, რომ დავაყენეთ ეს და გადავიხადეთ ფული. მაგრამ მას სჭირდება მუდმივი შენახვა, მოვლა და პატრონობა. ყველა მონაცემი უნდა იყოს ონლაინ. სეისმური ქსელი რომ ავიღოთ, მთელი ეს სისტემა, სხვადასხვა სადგური, მონაცემთა ცენტრშია და მე ვუყურებ, რა ხდება. წამში, რომ გაქვთ ინფორმაცია მიწისძვრის შესახებ, იმიტომ გაქვთ, რომ სისტემაა აწყობილი და ახლა კიდევ განახლებას ვაკეთებთ აშშ-ის მხარდაჭერით.

- უნდა ყოფილიყო თუ არა ადრეული შეტყობინების სისტემა მდინარე ჭანჭახის აუზში, იგივე ბუბას ხეობაში.

- უნდა მომხდარიყო მისი დაყენება მეწყრული და ღვარცოფული მოვლენებისათვის, რადგანაც საქართველო მიდრეკილია ამის მიმართ. თანხა გამოიყო დონორების მხრიდან და ამ თანხის ფარგლებში უნდა დაწყებულიყო იდენტიფიცირება, სამეცნიერო კვლევა, მერე კი მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება და მისი გამართვა. ეს პროექტი მიმდინარეობს მე როგორც ვიცი, მეხუთე წელია და ჯერ სად ვართ, არ ვიცი.

- რომ გვქონოდა ადრეული შეტყობინების სისტემა ბუბას ხეობაში, მდინარე ბუბაზე, მყინვარზე დაკვირვება, რა შეიცვლებოდა, რას ავირიდებდით თავიდან?

ავირიდებდით თავიდან იმას, რაც მოხდა - ადამიანების სიკვდილს, დიდი ალბათობით. ჩვენ გვქონდა იმის შანსი, რომ ეს თავიდან აგვერიდებინა.

რა თქმა უნდა, თუ არის წინასწარი შეტყობინების სისტემები გამართული და თუ გვყავს სპეციალისტები, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩემთვის მტკივნეულია ამის თქმა, მაგრამ ეს არის ტექნიკურად გასამართი სისტემა, რომელსაც ერთი სპეციალისტი კი არ მართავს, სეისმოლოგი, ინჟინერი, პროგრამისტი, გეოლოგი მართავენ. ეს არის სამეცნიერო კვლევა, კომპლექსი, ეს მთავრობის პროექტი არ არის, ამას მთავრობა არ უნდა აკეთებდეს, ამას უნდა აკეთებდნენ უნივერსიტეტები, მეცნიერები და სტუდენტები.

- მაგრამ დაფინანსება ხომ სჭირდება?

- გაეროს განვითარების პროგრამამ 70 მილიონი გადაიხადა ამაში. ამოიღეთ პროექტები, არსებობს. წესით უნდა გვქონდეს 20 მილიონად ღირებული, მდინარე რიონის წინასწარი შეტყობინების სისტემა, მეტეოროლოგიური. ფუნქციონირებს?

- თეა, წინასწარი შეტყობინების სისტემა რას მოგვცემდა დროში. გარემოს ეროვნული სააგენტო თავის პირველად შეფასებაში ამბობს, რომ 8-10 წუთში მიაღწია ღვარცოფმა კოტეჯების ტერიტორიებამდე.

- წინასწარი შეტყობინების სისტემა როცა გაქვს, ამ ხელსაწყოებიდან მოდის ონლაინმონაცემები, შემდეგ პროგრამა ავტომატურად ამუშავებს და ნორმიდან გადახრის შემთხვევაში, სიგნალს გაძლევს. ეს 24 საათიანი მონიტორინგია და როცა ამას ექსპერტი უყურებს, წყვეტ, ატეხო განგაში თუ არა.

ახლა ბუბაზე მოხდა და იმიტომ ხართ კონცენტრირებული თბილისას მყინვარზე. მყინვარების მონიტორინგი უნდა მიმდინარეობდეს მთლიანად. დღეს ბუბაა და ხვალ შეიძლება ჭალაათი იყოს ისევ, ან ხარიხრა გაისად. მთლიანად კავკასიონია პრობლემური. კავკასიონზე უნდა იყოს მონიტორინგი. ერთი სადგური კი არ გვიშველის, რამდენიმე უნდა გვქონდეს. სხვადასხვა გეოფიზიკური მონიტორინგი, ლიდარული, სატელიტური გადაღებები, გეოფიზიკური ხელსაწყოები, უამრავი რამ, სახმელეთო რადარები.

2017, 2018, 2019 წლებში მიყოლებით გვქონდა გლაციალური ღვარცოფები. ეს მასშტაბები არ ჰქონია, ხალხი არ მოუკლავს, გადავრჩით მაშინ.

- კლიმატის ცვლილების პირობებში, სადაც მყინვარი გვაქვს, ყველა ამ ხეობაში საფრთხეში ვართ?

- რა თქმა უნდა. ყველა მყინვარული მდინარე საშიშია. ეს ისეთი ძალებია, რომელთა კონტროლი ადამიანებს არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია მონიტორინგი. როდესაც ეს მასა მოდის, წყლის მასა, არეული მორენასთან, ნიადაგთან, ქანებთან, ხეებთან, ისეთ აჩქარებას ავითარებს, ამას რას ვუზამთ, ვერაფერს ვშვრებით. ამიტომ,

როცა იცი რომ გამოტანის ღვარცოფული კონუსია, როცა იცი, ადრეც ასეთი რაღაც მომხდარა და ბუბაზე და ჭანჭახზეც რაღაც მომხდარა, რას აშენებ იქ, რატომ გყავს ხალხი იქ?

ხვალ შეიძლება ჭანჭახზეც იყოს. ეს არის მთავარი. ინფრასტრუქტურული პოლიტიკა არის გასამართი და ეს ინფრასტრუქტურული პოლიტიკა არ არის არც შენი, არც იურისტის გადასაწყვეტი, არავის გადასაწყვეტი არ არის. აქ სხდებიან პროფესიონალები.

- თუ გვექნებოდა წინასწარი შეტყობინების სისტემა და სპეციალისტი მიიღებდა ამ მონაცემებს ონლაინ, განგაშს გამოაცხადებდა, 2-3 წუთი იყო საკმარისი კოტეჯების ტერიტორიიდან შედარებით უსაფრთხო ადგილას გასაქცევად, ტყეში, შემაღლებულზე, სადაც ღვარცოფს არ მიუღწევია.

- ასეთ შემთხვევაში, როცა იცი, რომ ბუბას მყინვარი, თბილისა, ჭანჭახი, ერთ დღესაც, შეიძლება, ვთქვათ, მზრალი არ იყოს, დადნეს, რაღაც პროცესი განვითარდეს, იქიდან წამოვიდეს ღვარცოფი, რას ვაკეთებთ, ეს გეგმები შემუშავებული უნდა იყოს. ეს არის კატასტროფების რისკის მართვის სცენარი. ესეც უნდა ჰქონდეს ქვეყანას იმიტომ, რომ ასეთ ქვეყანაში ვართ. თუ ეს წამოვიდა ამ დროს, თუ ვერ შევამჩნიეთ, რამდენი გვაქვს დრო, რა უნდა გავაკეთოთ, ეს არის დათვლადი.

- გვაქვს ჩვენ?

- არ გვაქვს.

- რაჭაში თუ არსად?

- არსად. ჩვენ რომ დავთვალეთ ერთხელ ჰიდრავლიკური მოდელირება ვერეზე, დაგვცინეს. ღვარცოფს, მიწისძვრას, მეწყერს ვერ ავირიდებთ თავიდან, ის მაინც წამოვა, მაგრამ წინ არ უნდა დახვდე, ამას ხომ აირიდებ?! თორემ, ვინ სთხოვს კალაძეს, ან ნებისმიერ პოლიტიკოსს, მთა შეაჩერეო. არ იციან მათ ეს საკითხები. დიდი ბოდიშის მოხდით, არ იცით ხალხო, მეცნიერები არიან ამისთვის.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში