საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ჭიათურა - უბედურების ზონა [ჟურნალისტური გამოძიება]

21:27 - 23 მაისი 2023 hits 74985

„მთის ამბების“ ჟურნალისტური გამოძიება გიყვებათ, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებით კოლოსალურ ფინანსურ სარგებელს ნახულობს, ტოტალურად როგორ უგულებელყოფს კანონებს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ბუნებას, საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, პირდაპირ მიწაში მარხავს მათ ქონებას და მომავლის პერსპექტივას. ამ დანაშაულებრივ საქმეში „ჯორჯიან მანგანეზის“ მოკავშირე და მფარველი სახელმწიფოა.

 

ადამიანები სიკვდილის პირისპირ

30 წლის გიორგი ღუღუნიშვილი სახლში ბრუნდებოდა, როცა გზის პირას მდებარე, წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო. სოფელ დარკვეთში საცხოვრებელი სახლებისკენ მიმავალი გზის ორივე მხარეს თხრილები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ნამოქმედარია. მიწიდან მანგანუმის ამოღების შემდეგ ტერიტორიას წლების განმავლობაში გადათხრილს ტოვებენ, ან საერთოდ აღარ ასწორებენ. გზა გიორგის დაღუპვიდან 3 წლის შემდეგაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.

გიორგის ოჯახის წევრებმა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ არ უჩივლეს. დაღუპულის მამა მაღაროში მუშაობს. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარი ინიციატივითაც არ დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია და ადამიანის დაღუპვის შემთხვევაში ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.

ჭიათურის რაიონის სოფელი დარკვეთი გამონაკლისი არ არის. ღია კარიერებით განადგურებული გზების გამო ხალიფაურის უბნებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც ვერ აღწევს.

„ბევრჯერ მოვითხოვე, მერიაშიც ვიყავი მისული, მაგრამ მეუბნებიან, ვიდრე მანგანუმი არ გავა, გზა ვერ გაკეთდებაო. სკოლამდე დაახლოებით 3 კილომეტრია. მანქანა აქ ვერ მოდის. ბავშვები რეზინის ბოტებით ადიან ხალიფაურის დარბაზთან, იქ იცვლიან ფეხსაცმელს და ისე მიდიან სკოლაში. იქიდან რომ ბრუნდებიან, ისევ ასე“, - გვიყვება ნინო ცუხიშვილი, ხალიფაურის მკვიდრი.

მანგანუმის მოსაპოვებლად „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ წითელი ხაზები არ არსებობს. სკოლა, ბაღი, სპორტული მოედნები მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ მადანი თაბაგრების ახალ უბანშიც 10 წლის წინ ამოიღო და სოფლის ნაწილი უგზოდ დატოვა. მთელი ეს წლებია სახლებამდე მისვლა ორხიდიანი მანქანითაც კი შეუძლებელია.

იმის შესასწავლად, რა გავლენა მოახდინა „ჯორჯიან მანგანეზის“ 17 წლიანმა მოპოვებამ ადამიანებზე და მათ ცხოვრებაზე, „მთის ამბებმა“ 15 ექსპედიცია ჩაატარა - ჭიათურის 15 სოფელში, თუმცა მუნიციპალიტეტში ერთი დასახლებაც, ერთი ადამიანიც არ დარჩა, ვისზეც წარმოებამ თავისი კვალი არ დატოვა.

ერთ დიდ კარიერად არის ქცეული სოფელი მღვიმევიც. ლია ჟივიძის სახლიდან 10 ნაბიჯში მანგანუმის ამოღების შედეგად მიტოვებული გორებია. კარიერზე გადის გზა, რომლითაც ლიას საქონელი ყოველ დილით საძოვარზე მიჰყავს, საღამოს კი უკან აბრუნებს. ხშირად კარიერის ტერიტორიაზე განსაკუთრებით მძაფრი სუნი დგას, რის გამოც ლია არაერთხელ გამხდარა ცუდად.

„მიწის ქვედა ფენების ზემოთ მოხვედრის შედეგად, მძიმე მეტალები ხვდება მიწის ნაყოფიერ ფენაში, იქიდან საქონელი იღებს, საქონლიდან ადამიანის სხეულში გადადის და ა.შ. მძიმე მეტალები ადამიანის ორგანიზმიდან არ გამოიდევნება და არაერთი დაავადების გამომწვევია. საფრთხე არის ძალიან დიდი.

ამიტომ არსებობს წიაღით სარგებლობის წესები, რომელიც გულისხმობს, რომ კარიერთან ასეთი პირდაპირი ხელმისაწვდომობა ადამიანს არ უნდა ჰქონდეს, იქიდან ჩამორეცხილი მიწა არ უნდა ხვდებოდეს ადამიანის ბოსტანში, ქარის შედეგად არ უნდა ხდებოდეს ამ ყველაფრის გაბნევა, ტერიტორია უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული ადამიანებისგან“, - გარემოსდაცვითი ექსპერტის ნინო გუჯარაიძის შეფასებით, ეს წესები ჭიათურაში აბსოლუტურად უგულებელყოფილია.

ვცხოვრობდეთ ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში - მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი ჭიათურის რაიონში არ მოქმედებს.

„ჯორჯიან მანგანეზს“ მადნის მოპოვების ლიცენზია ჭიათურასა და საჩხერეში 16 430 ჰექტარზე აქვს და ლიცენზიის ვადა 40 წელია.

სამოქალაქო აქტივობების ცენტრის იურისტი ლადო ქუთათელაძე განმარტავს, რომ კომპანიას და სახელმწიფოს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს ის გარემოება, როცა კერძო მესაკუთრე თანახმაა გარკვეული თანხის სანაცვლოდ მისი ნაკვეთიდან მანგანუმი ამოიღონ: 

კონსტიტუციის 29-ე მუხლი ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლებას რომ ადგენს, ამ უფლებაში ასევე მოიაზრებს უსაფრთხო და სათანადო გზით, საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლებასაც.

მოცემულ შემთხვევებში, როგორც კომპანია, ასევე, მუნიციპალიტეტი, ვალდებულია მოსახლეობას შეუქმნან სათანადო პირობები, რაც საჭიროა ნორმალური ცხოვრებისა და განვითარებისათვის. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, კომპანიას მოსახლესთან მადნის მოპოვებაზე ხელშეკრულება აქვს თუ არა.

ამასთან, სამოქალაქო კოდექსით, უკანონოა ისეთი შეთანხმება, როდესაც პიროვნება იძულებულია სხვადასხვა გარემოების გამო დასთანხმდეს ისეთ გარიგებას, რომელიც მას კაბალურ (არათანაბარ) პირობებში აყენებს გარიგების მეორე მხარესთან შედარებით და მის სიცოცხლესა და ჯამრთელობას საფრთხეს უქმნის.

ჭიათურაში მცხოვრები მოსახლეობის სიდუხჭირის, კომპანიის მონოპოლიური მდგომარეობისა და დაუსჯელობის გათვალისწინებით, დადებული ხელშეკრულებები არ გამოხატავს მოსახლეობის რეალურ ნებას და გაფორმებულია გამოუვალი მდგომარეობის გამო. შესაბამისად, თითოეული ასეთი ხელშეკრულება შესაძლებელია შეფასდეს როგორც მართლსაწინააღმდეგო, ამორალური გარიგება და ბათილად შეიძლება იქნას ცნობილი“.

 

კომპანია კონტროლის გარეშე

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მანგანუმის მოპოვების ექსკლუზიური უფლება სახელმწიფოს ჰქონდა. 2006 წელს კომპანია „ჭიათურ მანგანუმი“ ლიცენზიასთან ერთად აუქციონზე გაიყიდა.

საწარმოს კერძო მფლობელი უკრაინული „პრივატ ჯგუფი“ გახდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013-2017 წლებში კომპანიას გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის 416 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა. ამ საბაბით, 2017 წელს სახელმწიფომ კომპანიაში, სამი წლით, სპეციალური მმართველი შეიყვანა - „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელიც წარსულში ფინანსური დანაშაულისთვის იძებნებოდა. ჩიქოვანის დანიშვნის შემდეგ კომპანიას ჯარიმა, თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი ჩამოაწერეს.

სპეციალურ მმართველს 14 პირობის შესრულება დაევალა, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - ღია კარიერების ტერიტორიის რეკულტივაცია იყო. სამი წლით დანიშნულ მმართველს 2020 წელს ვადა მეორედ გაუგრძელეს, რამდენადაც მან ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა.

მხოლოდ 6 წლის თავზე, კომპანიამ განაცხადა, რომ გადათხრილი ტერიტორიების ნაწილის ტექნიკური და ბიოლოგიური რეკულტივაცია განხორციელდა.

ე.წ. რეკულტივირებული ტერიტორიები გარემოსდაცვით ექსპერტთან, ნინო გუჯარაიძესთან ერთად დავათვალიერეთ. კომპანიას ტყემლის ნერგები პირდაპირ ქვა-ღორღში აქვს ჩარჭობილი.

კანონმდებლობით, სამთო მოპოვებითი სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია ვალდებული იყო მიწის ნაყოფიერი ფენა - ჰუმუსი მოეხსნა და დაესაწყობებინა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მას ჯერ ტექნიკური რეკულტივაცია უნდა ჩაეტარებინა, ანუ თხრილები მოესწორებინა და შენახული ნაყოფიერი ფენა უკან დაებრუნებინა. კომპანია წლების განმავლობაში ამ სავალდებულო წესების დარღვევით მუშაობს და ჰუმუსს ასობით ჰექტარზე ანადგურებს.

„ერთი სანტიმეტრი მიწის ნაყოფიერი ფენა რომ შეიქმნას, ასი წელია საჭირო. ბუნებამ ერთი საუკუნე უნდა იმუშაოს ჩაურევლად და თუ კიდევ აწუხებ, ის ასი წელი გახდება ორასი, სამასი წელი. დედამიწამ ლამის თავიდან უნდა დაიწყოს თავისი ისტორია, რომ ისეთივე ეკოსისტემა შეიქმნას, რაც გააფუჭეს.

კარიერული წესით მადნის მოპოვებას ბევრი უარყოფითი შედეგი მოსდევს. ეს მოპოვება იწყება კარიერის გადახსნით, რაც გულისხმობს, რომ წიაღამდე რომ მიაღწიო, რაც მიწის ზემოთ და მის ქვემოთ არსებობს, ყველაფერი უნდა მოსპო“, - გვეუბნება ბიომრავალფეროვნების ექსპერტი ირაკლი მაჭარაშვილი.

მას შემდეგ, რაც „ჯორჯიან მანგანეზს“ სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი მართავს, კომპანიის საქმიანობას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღარ ამოწმებს. შესაბამისად, აღარ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, რა მოცულობის ზიანი ადგება გარემოს, რამდენით გაიზარდა ბოლო 6 წლის განმავლობაში 416 მილიონიანი ზარალი. ვიცით მხოლოდ ის, რომ ღია კარიერული წესით მოპოვების ფართობი მინიმუმ გაორმაგებულია.

ტყით დაფარულ ტერიტორიებზე წიაღის მოსაპოვებლად საჭიროა სპეციალური ნებართვა ან კონკრეტულ ფართობზე ტყის სტატუსის გაუქმება. „მწვანე ალტერნატივის“ კვლევის თანახმად, 2019 წლამდე სტატუსის გაუქმება არ მომხდარა, მომდევნო წლების შესახებ სატყეო სააგენტომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა. რაც შეეხება სპეციალურ ჭრებს, ოფიციალური მონაცემებით, 2017-2023 წლებში, სპეციალური ჭრების უფლება გაცემული არ არის.

 

საგანგაშოდ დაბინძურებული მდინარე

სპეციალური მმართველისთვის გაწერილი 14 პირობიდან კიდევ ერთი მთავარი ვალდებულება იყო, მდინარე ყვირილას დაცვა დაბინძურებისგან. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, როგორ შესრულდა ეს პირობა.

„თეთრი ყვირილა ერთი საათითაც არავის უნახავს ამ ბოლო წლებში“, - ამბობს მიხეილ იმედაძე, ჭიათურის მეთევზეთა კლუბის ხელმძღვანელი.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის არცერთ ფაბრიკას არ გააჩნია მოქმედი გამწმენდი ნაგებობა. ყველა სალექარი მწყობრიდანაა გამოსული. მდინარე მოყვითალოა, ვიდრე ის გამწმენდ საწარმოებს მოაუხლოვდება. კუპრივით შავია ხდება მას შემდეგ, რაც მანგანუმის ნარეცხი ერევა.

სახელმწიფო მაკონტროლებლები წყალს არ ამოწმებენ იმ სოფლებში, სადაც მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვების გამო ყველაზე მძიმე მდგომარეობაა. ამიტომ, „მთის ამბებმა“ თავად აიღო მდინარე ყვირილადან წყლის სინჯები და საკვლევად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კუთვნილ, სახელმწიფო ლაბორატორიაში წარადგინა. პასუხში ვკითხულობთ:

„ნიმუში აღმოჩნდა ძალიან ბინძური და მისი ანალიზი ლაბორატორიაში არსებული ხელსაწყოებისა და მეთოდების გამოყენებით, ვერ მოხერხდა“.

იგივე ხერხს მიმართა „ჭიათურის ეკოლოგიურმა კლუბმა“. მათ მიერ აღებული სინჯები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიამ შეისწავლა და დაასკვნა, რომ მდინარე ყვირილა და მისი შენაკადები მძიმე მეტალებით საგანგაშოდ არის დაბინძურებული.

ქალაქ ჭიათურაში მდინარე ყვირილადან აღებულ სინჯებში მანგანუმი ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას აღემატება 42-ჯერ; ქალაქ ზესტაფონთან 147-ჯერ; ყვირილას მარჯვენა შენაკადიდან მდინარე ბოგირისწყლიდან 3857-ჯერ; ე.წ. „ცოფის“ მონაკვეთზე 647-ჯერ; ტყვია აღემატება 8-12-ჯერ; ნიკელი 41-ჯერ; კობალტი 12-ჯერ; თუთია 1361-ჯერ.

„ვწამლავთ სოფელს, ქალაქს, ჭიათურის, ზესტაფონის რაიონებს, რასაც ყვირილა გაივლის“, - ჭიათურის მეთევზეთა კლუბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბოლო წლებში ყვირილაში რამდენიმე სახეობის თევზი გაქრა. „აქედან დაბინძურებული მდინარე ვარციხეში რიონს უერთდება, ცხოველი დალევს თუ ნაკვეთებს მორწყავენ, ყველაფრისთვის საზიანოა. წყლის აორთქლება რომ ხდება, იმით უკვე ჰაერი იწამლება“.

 

მთავრობა დოკუმენტებს მალავს

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში ჰაერის ხარისხს 2018 წლიდან აფასებს. სააგენტოს კვლევის შედეგების საჯაროობას საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად, ორჰუსის კონვენციაც ავალდებულებს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო უწყებებმა ჭიათურაში ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაცია არ გადმოგვცეს. მიზეზად მიუთითეს, რომ ეს მასალები სისხლის სამართლის საქმის ნაწილია. „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ფაქტებზე, პროკურატურაში მართლაც აღძრულია რამდენიმე საქმე, მაგრამ ამ დრომდე არცერთი არ არის გამოძიებული. „მთის ამბებმა“ ჰაერის ხარისხის მონაცემების მოსაპოვებლად სასამართლოს უკვე მიმართა.

გარემოს დაცვის სამინისტროდან ჩვენ მიერ არაოფიციალურად მოპოვებული ერთ-ერთი დოკუმენტი ამხელს, რომ ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობით გამოწვეული მტვრის შემცველობა აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას, რაც ატმოსფეროს დაბინძურებას იწვევს.

 

ითხვისი - სოფელი, რომელსაც მიწა ყლაპავს

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ადამიანებს საფრთხე ემუქრებათ არა მხოლოდ ჰაერიდან, არამედ მიწისქვეშიდან.

გიორგი და გულნარა მეგრელიშვილების სახლი ითხვისში ზუსტად იმ ადგილას იდგა, საიდანაც ახლა უზარმაზარი ნაპრალი იწყება. სახლი, ავტოფარეხი, ბეღელი, ჭურისთავები და ყველაფერი, რაც ებადათ, ახლა ხრამში მარხია.

სოფელ ითხვისში მანგანუმს მიწისქვეშა წესით მოიპოვებენ. სოფლის ქვეშ მაღაროების ქსელია. გიორგი მეგრელიშვილის სახლზე ბზარები რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდებოდა, გასული წლის მარტში კი დაახლოებით 800 მეტრი სიგრძის მიწის მასივი ჩაიქცა და სახლი მთლიანად ჩამარხა. ითხვისში ეს ერთადერთი დანგრეული სახლი არ არის.

ნგრევის არეალმა 40 ჰექტარი მოიცვა. სრულად განადგურებული ან საცხოვრებლად უვარგისია 20 სახლი, 86 ოჯახი კი რისკის ზონაშია.

ითხვისის კატასტროფაზე სახელმწიფოს რეაგირება იყო მორიგი კომისიის შექმნა, რომელსაც ნგრევის რეალური მიზეზები უნდა დაედგინა.

სახელმწიფო კომისიის დასკვნის მიხედვით, პასუხისმგებლობა „ჯორჯიან მანგანეზს“ არ დაეკისრა.

სოფელმა სამართლის ძიებაში ჭიათურის მერიასთან რამდენიმე აქცია გამართა.

 

მტკიცებულებები, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზს“ ამხელს

ჭიათურის მერი გივი მოდებაძე ითხვისის კატასტროფის შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის წევრია, მეტიც, ამ კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა. სახლების დანგრევის მიზეზად კი ასახელებს მეწყერს, რაც კომისიამ თავის დასკვნაში გამორიცხა: „მაღალი ალბათობით, ჩაქცევა მიგვანიშნებს სამთო გამონამუშევრების ზემოქმედებაზე, ვიდრე ბუნებრივი ფაქტორით გააქტიურებულ ტიპიურ მეწყრულ პროცესზე“, - წერია კომისიის დასკვნაში.

სახელმწიფო კომისია არ უარყოფს, რომ ითხვისში მიწის ჩაქცევა გამოწვეულია მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოებით, თუმცა მიზეზად 1970-ი, 80-იანი წლების წარმოებას ასახელებს და კატეგორიულად გამორიცხავს „ჯორჯიან მანგანეზის“ პასუხისმგებლობას - კომპანიის, რომელიც ჭიათურაში მადანს 2007 წლიდან მოიპოვებს.

ჭიათურის მერის განცხადებით, „კვლევებით დგინდება, რომ 2007 წლის შემდეგ „ჯორჯიან მანგანეზი“ არ შესულა და არ გამოუღია მადანი იმ ტერიტორიიდან. არავინ ამბობს, რომ მადანი გამოღებული არ არის, ბუნებრივია, გამოღებულია, მაგრამ გამოღებულია 2007 წლამდე“.

„მთის ამბებმა“ რამდენიმე მტკიცებულება მოიპოვა, რომელიც ადასტურებს, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ სოფლის ქვეშ მადანს ბოლო წლებშიც მოიპოვებდა. ყველა დოკუმენტს ხელს კომპანიის ხელმძღვანელობა აწერს.

  • „შუქრუთის მაღაროს ხელმძღვანელობა გაცნობებთ, რომ სოფელ ითხვისში და სოფელ შუქრუთში მცხოვრები მოსახლეობის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ქვეშ ვაწარმოებთ მანგანუმის მადნის მოპოვებას მიწისქვეშა სამთო სამუშაოებით. 2007 წელი“;
  • „შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ კომისიამ ადგილზე დაადგინა, რომ შუქრუთის მაღარო მიწისქვეშა სამთო სამუშაოებს აწარმოებს ბუჭუ მეგრელიშვილის ნაკვეთის ქვეშ. 2008 წელი“;
  • „თქვენს საკუთრებაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ქვემოთ მიმდინარეობს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის პატარიძის (ითხვისის) მაღაროს მიერ მიწისქვეშა სამთო სამუშაოები. 2010 წელი“;
  • „შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ შუქრუთის მაღაროს ხელმძღვანელობა გაცნობებთ, რომ სოფელ ითხვისში მცხოვრები თეიმურაზ მეგრელიშვილის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ქვეშ ვაწარმოებთ მანგანუმის მადნის მოპოვებას მიწისქვეშა სამთო სამუშაოებით. 2013 წელი“;

სახელმწიფო კომისია საქმეზე ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა და მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველა ამ მტკიცებულებაზე ხელი მიუწვდებოდათ, დასკვნაში დაწერეს: ჩაქცევა გამოწვეული უნდა იყოს რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით, ესენია: საკვლევ ტერიტორიაზე არსებული გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრებით შექმნილი სიცარიელეები; ამგები ქანების არამდგრადი ხასიათი; უხვი ატმოსფერული ნალექი“.

„გინდა წვიმას აბრალონ და გინდა თოვლს. იმხელა ნალექი არ ყოფილა“ - თეა გოდოლაძე, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნგრევაზე მიწისძვრების გავლენასაც გამორიცხავს, რასაც სრულად არ უარყოფს სახელმწიფო კომისია.

ქვეყნის მთავარი სეისმოლოგი ამ რეგიონში მიმდინარე მოვლენებს დიდი ხანია აკვირდება და გაოცებულია სურათით, რამდენად დაჩქარდა ჩაქცევის პროცესი ბოლო ერთ წელიწადში: „ისე სწრაფად გამოაცარიელეს და ისე არასწორად ხდებოდა წიაღისეულის მოპოვება, გვირაბი დატოვეს ბურჯების გარეშე და მყისიერი ჩაქცევა მოხდა. ეს არ არის გასული საუკუნის 70-90-იანი წლების გამომუშავების შედეგი, ახალია, ბოლო პერიოდის“. 

სახელმწიფო კომისიის მიერ „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ პასუხისმგებლობის არიდება და ჩაქცევის მიზეზად სტიქიის დასახელება, ტვირთად აწვება გადასახადების გადამხდელებს. დაზარალებულ ოჯახებს ეკომიგრანტის 30 ათას ლარიან კომპენსაციას ბიუჯეტიდან უხდიან. ჭიათურის მერია გასცემს კომპენსაციის მეორე ნაწილსაც, რაც ზიანის ოდენობაზეა დამოკიდებული და სამხარაულის ექსპერტიზა განსაზღვრავს. დაზარალებულების განმარტებით, კომპენსაცია განადგურებული ქონების საბაზრო ღირებულებას ბევრად ჩამოუვარდება.

ამ საგამოძიებო რეპორტაჟზე მუშაობისას „მთის ამბებს“ არაერთი მცდელობა ჰქონდა „ჯორჯიან მანგანეზის“ სახელმწიფო მმართველს შეხვედროდა. ყველა მცდელობა უშედეგო იყო.

ნიკოლოზ ჩიქოვანი არც ჭიათურის საკრებულოს სხდომაზე მივიდა 2023 წლის 7 აპრილს, სადაც მას საკრებულოს წევრები, მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ელოდებოდნენ. ჩიქოვანმა მათ წერილობით შეუთვალა, რომ თვითმმართველობის ორგანოს წინაშე ანგარიშვალდებული არ არის.

 

მდუმარება - სისტემის შედეგი

„ჯორჯიან მანგანეზს“ 6000-მდე თანამშრომელი ჰყავს. ჭიათურაში თითქმის ყოველი ოჯახის ერთი წევრი მაინც მანგანუმის მოპოვებაზე მუშაობს. მაღაროდან მიღებული ხელფასი ხშირად ერთადერთი შემოსავალია. მისი დაკარგვის შიშით დამქირავებელთან დაპირისპირებას ვერ ბედავენ.

მიუხედავად ამისა, „ჯორჯიან მანგანეზის“ უკონტროლო საქმიანობით დამდგარ ზიანს - დანგრეულ სახლებს, დაბზარულ ეკლესიას, ჩავარდნილ საფლავებს და ადამიანების ქონების განადგურებას, შუქრუთის მოსახლეობამ რამდენჯერმე საპროტესტო აქციით უპასუხა. პირველივე დაუმორჩილებლობას სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიები მოჰყვა. სოფელმა დათმო, მაღაროს პიკეტი მოიხსნა, მაგრამ ამ კომპრომისს შემხვედრი ნაბიჯი არ მოჰყოლია. მოსახლეობამ ახალი პროტესტი დაგეგმა. აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციამ შუქრუთში რეიდი მოაწყო. გიორგი ნეფარიძეს ჯერ უთხრეს, რომ მოწმის სტატუსით ჰკითხავდნენ, შემდეგ კი აბსურდული ბრალი წარუდგინეს. ორი წლის განმავლობაში გიორგის ბრალდებულის სტატუსი ჰქონდა და სასამართლოში 26 სხდომა გაიმართა მის საქმეზე. საბოლოოდ ის გამართლდა.

ყველაზე ხმაურიანი და ხანგრძლივი პროტესტი, შუქრუთის რამდენიმე მცხოვრების 150 დღიანი უწყვეტი აქცია იყო. გიორგი ნეფარიძის მაგალითი ცხადად აჩვენებს, როგორ სჯის სისტემა ადამიანებს, რომლებიც საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლას ღიად ბედავენ და რამდენად შეთანხმებულად მოქმედებენ სახელმწიფო უწყებები ფორმალურად კერძო კომპანიის ინტერესების დასაცავად.

„ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს უმსხვილესი მადანმომპოვებელია, უმდიდრესი კომპანია ასობით მილიონიანი ბრუნვით და წლიურად 96 მილიონიანი მოგებით. რეგიონი კი, სადაც ის ოპერირებს, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მხარეა. ჭიათურის მუნიციპალიტეტში ყოველი მესამე ადამიანი სოციალურად დაუცველია და საარსებო შემწეობას იღებს.

შემზარავია გაუდაბნოებული მინდვრების, დაჭაობებული და დამარხული ნასახლარების ხილვა, მაგრამ უფრო შემზარავია იმის გააზრება, რომ ეს კიდევ მრავალი წელი არ გაჩერდება. „ჯორჯიან მანგანეზი“ ლიცენზიის პირობების თანახმად, მადნის მოპოვებას 2047 წლამდე გააგრძელებს.

ავტორები: გელა მთივლიშვილი, იაგო გოგილაშვილი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში