საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ჯავახეთში ქართული ენის შესწავლაში დახმარებისთვის საბავშვო ბაღის გახსნას ითხოვენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:27 - 13 აპრილი 2023 hits 7419

„საქართველოში ვცხოვრობთ და ქართული არ ვიცით, ეს არ არის კარგი. ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენ არ გვინდა ქართულ ენის სწავლა, ეგრე არ არის. მინდა, რომ ვიცოდე, მაგრამ რუსული იყო ჩვენი სკოლა. სომხურადაც არ ვიცით წერა-კითხვა, სკოლაში რუსულად ვსწავლობდით.

ადრე აქ დუხობორები ცხოვრობდნენ. ახლა დუხობორების ერთი ოჯახიღა ცხოვრობს, მაგრამ სკოლა მაინც რუსულია.

არც საბავშვო ბაღი გვაქვს, რომ ბავშვებმა ქართული ენა იქ მაინც ისწავლონ. 10 წლის წინ, 5 წლის წინ, ერთი წლის წინაც ამბობდნენ, რომ საბავშვო ბაღი უნდა გახსნან, მაგრამ არ არის“.

ჯავახეთში, ფარავნის ტბის პირას მდებარე სოფელი ახალი ხულგუმო (ყოფილი ტამბოვკა) ნინოწმინდიდან ყველაზე მეტად არის დაშორებული - რაიონულ ცენტრამდე 40 კილომეტრია. ზამთარი ჯავახეთში 6-7 თვე გრძელდება. სამსარისა და ჯავახეთის ქედებიდან ძლიერი ქარის დროს წამოსული ნამქერი ახალ ხულგუმოსთან დამაკავშირებელ სამანქანო გზას მთლიანად ფარავს და კეტავს.

ადგილობრივები რისკავენ და ტრანსპორტით გაყინულ ტბაზე გადადიან, რომ ფარავნის მეორე მხარეს მდებარე მეზობელ სოფელ ფოკაში ან ნინოწმინდაში მოხვდნენ. გარისკვა ბევრს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

  • 20 წლის ბორის თოფალიანი და სამი ძმა - 24 წლის ოგანეს გიგილოვი, 25 წლის ვიტალი გიგილოვი, 26 წლის ესაი გიგილოვი 2004 წლის 7 დეკემბერს ტბაზე გადიოდნენ, როცა ყინული ჩატყდა და მანქანით შიგ ჩავარდნენ. ოთხივე ახალგაზრდა დაიღუპა.
  • 2009 წლის 28 ნოემბერს გაყინულ ტბაზე გადასვლისას, ყინული 15 წლის პოღოს ჩივჩიანსაც ჩაუტყდა. ბავშვმა დაყვირება მოასწრო. დასახმარებლად მისი 16 წლის ძმა, რომანი გაიქცა. ყინული ისევ ჩატყდა და ორივე ძმის სიცოცხლე შეიწირა.

ახალი ხულგუმოს მოსახლეობა უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის დიდი ხანია სოფელთან დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქციას ითხოვს - მიწაყრილით გზა ერთი მეტრით რომ აამაღლონ, რათა ნამქერმა ნაკლებად დაფაროს.

სოფელში სკოლამდელი ასაკის 15-მდე ბავშვია. უახლოესი, მოქმედი საბავშვო ბაღი ფოკაშია. ხულგუმოდან იქ ბავშვი ვერავის დაჰყავს.

„მხოლოდ წელს იყო კარგი ამინდი, ასეთი ზამთარი იშვიათია. თანაც, ყოველდღიურად 3-4 წლის ბავშვისთვის 30 კილომეტრის გავლა ძნელია. ჩვენს სოფელში ბევრი სხვა პრობლემაც არის, მაგრამ საბავშვო ბაღის არქონა ერთ-ერთი მთავარია. აქ უფროსები სულ გარეთ ვართ, საქონელს ვუვლით ან ნაკვეთებში ვმუშაობთ. ბავშვებისთვის საკმარისი დროც არ გვრჩება, რომ სკოლისთვის მოვამზადოთ“, - ახალ ხულგუმოში მცხოვრებ გენადი გიგილოვს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ორნი სკოლის მოსწავლეები არიან, მესამე სამი წლის არის. გენადის ცოლი მასწავლებელია. როცა სკოლაში გაკვეთილები აქვს, ამ დროს ბავშვი გენადისთან უნდა დარჩეს - ისიც საქმეს წყვეტს და ნაკვეთში იქნება თუ საქონლის მოსავლელად, სახლში ბრუნდება.

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021 − 2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ სახელმწიფო ენის შესწავლის ყველაზე ეფექტური გზა მისი სკოლამდელი განათლების საფეხურიდან დაწყებაა:

„სკოლამდელი განათლება ჯერ კიდევ არაეფექტურადაა გამოყენებული, როგორც სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის წარმოების საწყისი, ზოგადი განათლებისა და ქართული ენის შესწავლის მოსამზადებელი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სკოლამდელი განათლების შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის გაფართოება მოითხოვს შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხარისხიანი სკოლამდელი განათლებისთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და რესურსების მობილიზებას. სკოლამდელი განათლება ხელს უწყობს მოზარდების კოგნიტური, სოციალური და ლინგვისტური უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას და დიდწილად განსაზღვრავს სასკოლო მზაობას“.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მონაცემებით, საქართველოში ადრეული ასაკის ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში ჩართულობის მაჩვენებელი 69,5 %-ია, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში - 25,5% (საშუალოდ), რაც ევროპულ სამიზნე ნიშნულზე, 95 %-ზე თითქმის ოთხჯერ ნაკლებია. ჩარიცხვის მაჩვენებლები კიდევ უფრო დაბალია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სოციალურად დაუცველ და სოფლად მცხოვრებ ბავშვებში.

ანა მკრტჩიანს უთხრეს, რომ ახალი ხულგუმო პატარა სოფელია, ცოტა ბავშვია და ბაღს არასაკმარისი კონტინგენტის გამო ვერ გახსნიან. კანონმდებლობა საბავშვო ბაღის გასახსნელად საჭირო მინიმალური რაოდენობის ზღვარს არ ადგენს, პირიქით, საქართველოს კონსტიტუციით, სკოლამდელ განათლებაზე ხელი ყველა ბავშვს უნდა მიუწვდებოდეს და ეს მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა.

„მთის ამბები“ უახლოეს დღეებში წერილობით მიმართავს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიას სოფელ ახალ ხულგუმოში საბავშვო ბაღის შექმნისა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მოთხოვნით.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში