საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რატომ ჩაგრავს სახელმწიფო სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ტაბაწყურში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:31 - 18 დეკემბერი 2022 hits 4789

„არ მინდა, ბავშვები მხოლოდ იმის გამო იჩაგრებოდნენ, რომ ტაბაწყურში ცხოვრობენ. ჩვენ არაფერში ვართ დამნაშავე აქ რომ დავიბადეთ“, - ირინა მარტიროსიანი 16 წლის არის, ტაბაწყურის სკოლის მე-11 კლასშია და მთელ დროს, საკუთარი ძალებით უნივერსიტეტისთვის მომზადებას უთმობს. სწავლის გაგრძელება თბილისში, ტურიზმის მიმართულებით სურს. როცა გაიგო, რომ „მთის ამბებმა“ ტაბაწყურში საბავშვო ბაღის გახსნის მოთხოვნით პეტიცია შექმნა და ხელმოწერებს აგროვებს, ამ საქმეს მშობლების თანხმობით სათავეში ჩაუდგა. ირინა იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც სოფელში ქართული ენა კარგად იცის.

საბავშვო ბაღში არც მას უვლია, არც მის და-ძმას და არავის მისი თემიდან, რომელიც ტაბაწყურთან ერთად, სოფელ მოლითსაც მოიცავს. ორივეგან ეთნიკური სომხები ცხოვრობენ, 750-ზე მეტი ადამიანი. ტაბაწყური ბორჯომის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ზღვის დონიდან თითქმის 2000 მეტრზეა.

უახლოესი საბავშვო ბაღი დაბა წაღვერშია, რომელიც 42 კილომეტრით არის დაშორებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც რომ არსებობდეს, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ყოველდღიურად 84 კილომეტრის გავლა ძალიან რთულია.

ჯავახეთის ზეგანზე დიდთოვლობის გამო, ზამთარში, ტაბაწყური რამდენიმე თვით წყდება ბორჯომ-ბაკურიანის მხარეს და იქ მოხვედრა მხოლოდ ახალქალაქიდან არის შესაძლებელია, ზოგჯერ ამ გზითაც შეუძლებელია.

საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლში კი წერია, რომ ყველას აქვს განათლების მიღების უფლება და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლიც ადგენს, რომ სკოლამდელი აღზრდა და განათლება არის ნებაყოფლობითი, საყოველთაო და ხელმისაწვდომი შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის, მაგრამ კანონმდებლობით გარანტირებული ეს უფლება ტაბაწყურსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ბევრ თემში ბავშვებს წართმეული აქვთ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2015-2021 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტში ჩაწერა, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლის ყველაზე ეფექტური გზა მისი სკოლამდელი განათლების საფეხურიდან დაწყებაა. იგივე შინაარსის ჩანაწერს ვხვდებით 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიაშიც, მაგრამ არაფერი იცვლება:

ბორჯომის რაიონში 11 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, არცერთი არ არის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ სოფლებში.

კრიტიკულად უთანასწორო მდგომარეობაა ქვემო ქართლში. რეგიონში 5 ათასზე მეტი ბავშვი საბავშვო ბაღების მიღმაა დარჩენილი.

დმანისის მუნიციპალიტეტის 57 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ შვიდშია. რაიონში მოსახლეობის 65% ეთნიკური აზერბაიჯანელია. საბავშვო ბაღი უმცირესობით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის.

ბოლნისის რაიონშიც, 48 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ ხუთშია, ოთხ სოფელში კი ალტერნატიული სკოლამდელი განათლების დღის ცენტრები ფუნქციონირებს. რაიონში მოსახლეობის 63% ეთნიკური აზერბაიჯანელია. საბავშვო ბაღი უმცირესობით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის.

წალკის მუნიციპალიტეტის 43 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ ექვსშია. მოსახლეობის დაახლოებით 53% ეთნიკური უმცირესობებია. აქედან - 39% სომეხია, თითქმის 7% აზერბაიჯანელი და ამდენივე ბერძენი. საბავშვო ბაღი სომხებით და ბერძნებით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის. სკოლამდელი განათლება სომხებით დასახლებულ მხოლოდ ერთადერთ სოფელში - კიზილ-კილისაშია ხელმისაწვდომი.

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 29 საბავშვო ბაღია. სკოლამდელი განათლების დაწესებულება თითქმის ყველა ქართულ სოფელს აქვს, გარდა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლებისა. იორმუღანლოს თემში, სადაც რაიონის მოსახლეობის 33% (17 ათასამდე ადამიანი) ცხოვრობს, მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღია და ისიც 30 აღსაზრდელს იტევს.

ტაბაწყურში საბავშვო ბაღის გახსნის მოთხოვნით ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარსადგენ პეტიციას სულ მცირე 270 ხელმოწერა სჭირდება, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლების 1%. ირინა გაკვეთილების შემდეგ კარდაკარ დადის, თანასოფლელებს უხსნის რას და რატომ ითხოვს. მას ენდობიან, პეტიციაზე ხელს ყველა აწერს, მაგრამ არ სჯერათ, რომ ტაბაწყურში საბავშვო ბაღი გაიხსნება. პრობლემების მოგვარებას ბევრჯერ დაჰპირდნენ, თუმცა ყველაფერი ისევ ისე დარჩა.

ირინამ გუშინ ფეისბუკში წაიკითხა, რომ პრემიერ-მინისტრის შვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში, პენსილვანიის უნივერსიტეტში ისწავლის. თანატოლს წარმატებას ულოცავს, მაგრამ აინტერესებს, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც 10 წელია მთავრობაშია, ამ ხნის განმავლობაში რატომ ვერ მოახერხა, რომ ტაბაწყურში მცხოვრებ ბავშვებს საბავშვო ბაღი ჰქონდეთ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 28 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებას გეგმავს და ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდ ლარს გამოყოფს. პრემიერის თქმით, პროგრამის განხორციელება 2023 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება.

„მთის ამბების“ მხარდაჭერით, ბოლო ორ თვეში, წალკის, დმანისის, ბოლნისის, ახალქალაქის, ბორჯომის, ტყიბულის, ჭიათურის, საჩხერის, საგარეჯოს საკრებულოებში წარდგენილია და შესატანად მომზადებულია 15-მდე პეტიცია საბავშვო ბაღების გახსნისა და მათი ფუნქციონირების მოთხოვნით. სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის პროექტს „მთის ამბები“ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის დახმარებით ახორციელებს.

თუ შენს სოფელშიც არ არის საბავშვო ბაღი, უფლება გაქვს პეტიციით მიმართო საკრებულოს.

- ჩვენ დაგეხმარებით

სამოქალაქო აქტივობების ცენტრი

ტელეფონი 599 337 336

ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში