საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის საგანგაშო მონაცემები ქვემო ქართლში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:37 - 10 სექტემბერი 2022 hits 39214

სკოლამდელი აღზრდა და განათლება არის საყოველთაო და ხელმისაწვდომი შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის - საქართველოს კანონმდებლობით განათლების მიღების უფლება სიტყვასიტყვით ასეა გარანტირებული. მუნიციპალიტეტი ვალდებულია დანერგოს და უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდება ბავშვებისთვის - კანონი კი ადგენს, მაგრამ მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კრიტიკულად მძიმე და უთანასწორო ვითარებაა.

წალკის მუნიციპალიტეტში სკოლამდელ განათლებაზე სულ მცირე 979 ბავშვს ხელი არ მიუწვდება. საბავშვო ბაღი მხოლოდ ქალაქ წალკაში და მუნიციპალიტეტის 43 სოფლიდან ექვსშია. მოსახლეობის 39 % ეთნიკური სომეხია. საბავშვო ბაღი სომხებით დასახლებულ ერთადერთ სოფელშია - კიზილ-კილისაში, 26 აღსაზრდელით.

ახალშენის საჯარო სკოლის მასწავლებელი დიანა წულუკიძე გამონაკლისი არ არის, ვინც იძულებული გახდა, ბავშვებისთვის სკოლამდელი განათლება რომ მიეცა, საცხოვრებლად სოფლიდან წალკაში გადასულიყო. უფრო ახლოს საბავშვო ბაღი არსადაა. წალკაში არსებული სკოლამდელი განათლების ერთადერთი დაწესებულებაც გადატვირთულია - 160 ბავშვი ჰყავთ და ადგილის უქონლობის გამო, აღსაზრდელებს მხოლოდ 3 წლიდან იღებენ:

„უფროსი ბავშვი კი შევიყვანე ბაღში, მაგრამ მეორე 3 წლის ჯერ არ იყო და არ მიიღეს. მეუღლე სამუშაოდ პოლონეთში იყო წასული. სახლშიც არავინ მყავდა, ვისთანაც ბავშვს დავტოვებდი. მე ახალშენის სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად ვმუშაობ.

ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, ბავშვი სამსახურში წამომიყვანია. როცა მანქანაში ეძინებოდა, იქვე ვტოვებდი დაძინებულს და ისე ვატარებდი გაკვეთილს. ერთი თვალი მანქანისკენ მქონდა, მეორე კლასში.

სკოლასთან ახლოს მცხოვრებ ოჯახებში, ყოფილ მეზობლებთანაც არაერთხელ მიმიყვანია, იქ დამიძინებია, დავბრუნებულვარ და გაკვეთილები ჩამიტარებია“.

ახალშენიდან წალკამდე 16 კილომეტრია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. დიანას, პატარა ბავშვთან ერთად, ყოველდღიურად 32 კილომეტრის გავლა უწევდა, რომ ოჯახისთვის აუცილებელი შემოსავალიც შეენარჩუნებინა და ახალშენის სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც უმასწავლებლოდ არ დარჩენილიყვნენ. ამ სკოლაში 2013 წლიდან სახელმწიფო პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში მუშაობს. ეს პროგრამა რომ არა, მთის სოფლების სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები არ ეყოლებოდათ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალშენის მცხოვრებლებს სხვადასხვა დროს უთხრეს, რომ ბავშვები წალკის ბაღში ეტარებინათ. ახალშენსა და მის გვერდით მდებარე ორ სოფელში სკოლამდელი ასაკის 61 ბავშვია. მერია არც ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. საკუთარი სახსრებით კი, მშობლებს კვირაში 5-ჯერ ბავშვების წალკაში ჩაყვანა-ამოყვანა უჭირთ. წალკის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის 33.7 % (6368 ადამიანი) ღატაკია და საარსებო შემწეობას იღებს.

ახალშენიდან, რომელიც 400-ზე მეტ მცხოვრებს ითვლის, მხოლოდ ორი ოჯახი ახერხებს, ბავშვებს სკოლამდელი განათლება წალკაში მიაღებინოს. ისიც იმიტომ, რომ ორივე ოჯახიდან თითო წევრი ქალაქში მუშაობს.

28 წლის ცირა მიქელაძე და მისი მეუღლე ახლა წალკაში ერთოთახიან ბინას ეძებენ, რომ ახალშენიდან ქირით გადავიდნენ: „პირველი შვილი საბავშვო ბაღში ვერ მივიყვანე. ახლა ის 8 წლისაა. სკოლაში სწავლა ძალიან გაუჭირდა. ბევრ რამეს იყო მოკლებული. სოფელში ფიზიკურად დრო არ გვრჩება, რომ ჩვენივე შვილების სკოლისთვის მომზადებაზე ვიზრუნოთ. დილიდან საღამომდე მუშაობა გვიწევს. არ მინდა, მეორე ბავშვიც მოვწყვიტო ამ სიკეთეს. წალკაში გადასვლას შარშანაც ვაპირებდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. აქედან რომ ვატარო ბავშვი, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ბავშვი დილით ადრე უნდა გააღვიძო, მოამზადო, ამხელა გზა ატარო. დილით შეიძლება სხვამ წაიყვანოს, საღამოს სხვამ მოიყვანოს, ყველას ხომ არ აქვს პირადი მანქანა და ამდენი საშუალება. ბავშვისთვისაც ცუდია. შენც განიცდი, ბავშვი როგორ ჩავა, როგორ მოვა, ვისთან ერთადაა. დღეში ორჯერ ტრანსპორტირებით ბავშვიც ძალიან იღლება“.

ამ ყველაფერთან ერთად, წალკის ერთადერთი საბავშვო ბაღი მეტ აღსაზრდელს რომ იტევდეს კიდეც, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მშობლები ახალშენიდან ბავშვების წალკაში წაყვანაზე უარს ამბობენ, ნოემბრიდან თითქმის მარტის ჩათვლით, მკაცრი კლიმატური პირობებია.

წალკის ყველა სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს. ახალშენი და მისი მეზობელი სოფლები ზღვის დონიდან 1640-1860 მეტრზეა. ძლიერი ქარბუქის დროს, რომელიც ალპურ ზონაში მდებარე წალკის რაიონისთვის დამახასიათებელია, ნამქერი სამანქანო გზებს, ხშირად რამდენიმე საათით ან დღით კეტავს.

„შეიძლება გზაში ჩარჩნენ. აბა, რა გული გაგიძლებს. მეზობელს დაჰყავდა აქედან წალკაში თავისი შვილი და ნახევარი წელი თითქმის არ უტარებია. მე და ჩემმა მეუღლემ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ წალკაში ბინა ვიქირაოთ და გადავიდეთ“, - ცირა გვიხსნის, რომ ოჯახის გაყოფის გადაწყვეტილება დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, იძულებით მიიღეს, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე: „მეუღლის დედ-მამა აქ რჩებიან, საქონელს და ნაკვეთს მიხედავენ. ხარჯიც გვეზრდება, ქირა, კომუნალურები. ისიც არ ვიცით, წალკაში სამსახურს ვნახავ თუ არა, რომ გაზრდილი ხარჯები დავფაროთ. აქ რომ საბავშვო ბაღი ყოფილიყო, აქედან წასვლაზე არც ვიფიქრებდით“.

მარკოიძეების ოჯახშიც ბევრი იფიქრეს, როგორ გაუმკლავდებიან ყოველდღიურად ახალშენიდან წალკაში და პირიქით, ბავშვის ტრანსპორტირებით გამოწვეულ პრობლემებს. მაინც გადაწყვიტეს, რომ უნდა სცადონ და 5 წლის გიგა, რომელსაც ერთ წელში სკოლა უწევს, წალკის ბაღში დაარეგისტრირეს, 3 წლის ლუკას ჩარიცხვაზე კი უარი უთხრეს, ადგილი არ გვაქვსო.

მერი მარკოიძე ამბობს, რომ რაც ხულოდან სტიქიით დაზარალებულები ახალშენში ჩამოასახლეს, ამ 20 წლის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სოფელში საბავშვო ბაღის გახსნაა. საარჩევნოდ ჰპირდებიან კიდეც, მაგრამ არჩევნების შემდეგ „პირობა აღარავის ახსოვს. ვყოყმანობდით, როგორ ვატარებთ ბავშვს წალკაში. დღეში 6 ლიტრი ბენზინი მაინც არის საჭირო, საკუთარი მანქანა თუ გაქვს. ყოველთვე 600-700 ლარი ბენზინისთვის ძნელი შესაგროვებელია, მაგრამ საბავშვო ბაღის გარეშე ბავშვს სკოლაშიც ძალიან უჭირს. ამიტომ, უნდა ვცადოთ, იქნებ, შევძლოთ“.

ახალშენამდე სოფელი ბეშთაშენია - 350-მდე მცხოვრებით, იქვეა სამადლოც 100-მდე მკვიდრით. შერეული სოფლებია - ცხოვრობენ ბერძნები, ეკომიგრანტები სვანეთიდან და მთიანი აჭარიდან.

ახალშენს ზემოთ არის სოფლები კაბური, ხაჩკოვი, ჩივთ-ქილისა, თამალა-ხარაბა. ოთხივე სოფელი ეთნიკური სომხებითაა დასახლებული. მოსახლეობის რაოდენობა 1200 ადამიანს აღემატება. აქედან წალკაში ტრანსპორტირება კიდევ უფრო რთულია. მანძილი ერთი მიმართულებით 22-27 კილომეტრია. სამანქანო გზა გრუნტისაა და პრობლემური. ხაჩკოვიდან წალკამდე ერთი საათის სავალია. 72 ბავშვი ამ სოფლებშიც სკოლამდელი განათლების მიღმაა დარჩენილი.

ორი ბავშვი ჰყავს 33 წლის სასუნ აროიანს. ოჯახის შემოსავალი მისი ხელფასია - 900 ლარი, „ენერგო პრო ჯორჯიაში“ ელექტრიკოსად მუშაობს. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისში გააგრძელა, მაგრამ ქართული ენის არცოდნის გამო, სამსახური ვერ იშოვა, სწავლის ხარჯების გადახდა გაუჭირდა და იძულებული გახდა, უნივერსიტეტი მიეტოვებინა. სასუნს მიაჩნია, რომ სოფელში საბავშვო ბაღი რომ იყოს, ორენოვანი (ბილინგვური) სწავლებით, ეს ყველაზე ეფექტური იქნება ქართული ენის შესასწავლად და სამოქალაქო ინტეგრაციისთვის:

„ბევრს ხომ არ ვითხოვთ? ან რამეს ისეთს, რაც არ გვეკუთვნის. საბავშვო ბაღი რომ იყოს, ბავშვები სახელმწიფო ენასაც ისწავლიდნენ.

საბჭოთა კავშირის შემდეგ აქ ბაღი აღარ ყოფილა. მოთხოვნა ყოველთვის არის, მაგრამ მთავრობის მხრიდან ყურადღება საერთოდ არაა. აქედან წალკამდე და პირიქით 50 კილომეტრია. აბა, ვინ ან როგორ ატარებს ბავშვს ყოველდღიურად ამხელა გზაზე, თანაც ზამთარში? ამ სოფლებიდან კაცები ძირითადად უცხოეთში არიან სამუშაოდ წასულები. იქ რასაც შოულობენ, აქ აგზავნიან, რომ ოჯახები არჩინონ. ქალებიც დილიდან საღამომდე შრომობენ, ნაკვეთი, საქონელი, სახლის საქმეები. ბავშვებს რომ ასწავლონ, სკოლისთვის მოამზადონ, დროც აღარ რჩებათ. არჩევანის წინაშე ვდგავართ - მშივრები რომ არ ვიყოთ ბევრი მუშაობა გვიწევს და ბავშვებს საკმარის დროს ვეღარ ვუთმობთ“.

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც პარლამენტმა 2016 წელს მიიღო, არაქართულენოვან საბავშვო ბაღებში ქართულ ენაზე საბაზისო საკომუნიკაციო უნარების განვითარება სავალდებულო გახდა. თუმცა, ქვემო ქართლის სოფლების დიდ ნაწილში საბავშვო ბაღები არ არსებობს.

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021 − 2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ სახელმწიფო ენის შესწავლის ყველაზე ეფექტური გზა მისი სკოლამდელი განათლების საფეხურიდან დაწყებაა:

„სკოლამდელი განათლება ჯერ კიდევ არაეფექტურადაა გამოყენებული, როგორც სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის წარმოების საწყისი, ზოგადი განათლებისა და ქართული ენის შესწავლის მოსამზადებელი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სკოლამდელი განათლების შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის გაფართოება მოითხოვს შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხარისხიანი სკოლამდელი განათლებისთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და რესურსების მობილიზებას. სკოლამდელი განათლება ხელს უწყობს მოზარდების კოგნიტური, სოციალური და ლინგვისტური უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას და დიდწილად განსაზღვრავს სასკოლო მზაობას“.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მონაცემებით, საქართველოში ადრეული ასაკის ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში ჩართულობის მაჩვენებელი 69,5 %-ია, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში - 25,5% (საშუალოდ), რაც ევროპულ სამიზნე ნიშნულზე, 95 %-ზე თითქმის ოთხჯერ ნაკლებია. ჩარიცხვის მაჩვენებლები კიდევ უფრო დაბალია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სოციალურად დაუცველ და სოფლად მცხოვრებ ბავშვებში.

განათლების სპეციალისტების შეფასებით, საბავშვო ბაღი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვებში სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულებისა და პიროვნული მახასიათებლების ჩამოყალიბებაში, ქცევითი პრობლემების რისკს ამცირებს, მშობელთა დასაქმებას უწყობს ხელს. სკოლამდელი განათლება მნიშვნელოვანია საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის და ყველა ბავშვისთვის, როგორც მოქალაქეებისთვის, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევის მიხედვით, სკოლის ნაადრევი მიტოვების თავიდან აცილებაში ადრეული აღზრდისა და განათლების ხარისხიანმა სისტემამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი დადებითი შედეგი გამოიღოს.

წინა წლების მონაცემების მსგავსად, საქართველოს რეგიონებში მოსწავლეების მიერ სწავლის შეწყვეტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვემო ქართლშია. 2020 წელს, ქვეყნის მასშტაბით სწავლა 6704-მა არასრულწლოვანმა შეწყვიტა. მათგან, 2777 გოგოა, 3927 ბიჭი. აქედან ქვემო ქართლში 1345 შემთხვევაა რეგისტრირებული. სწავლის შეწყვეტის საფუძვლებიდან, ყველაზე გავრცელებული, ზედიზედ 90 სასწავლო დღის განმავლობაში, მოსწავლის სასწავლო პროცესზე გამოუცხადებლობაა.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ეს განპირობებული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ბავშვის უგულებელყოფით, მის მიმართ ძალადობის სხვა ფორმებით, სიღარიბით, ბავშვთა შრომით და ა.შ. თუმცა, ამ მიმართულებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტატისტიკაში ინფორმაცია ასახული არ არის.

ილია საბაძე, 2012 წლიდან, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, წალკის მუნიციპალიტეტის უცვლელი ხელმძღვანელია. ჯერ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო, მერე გამგებელი, ახლა მერია. მანამდე, 12 წლის განმავლობაში სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, შემდეგ კი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წალკა-თეთრიწყაროს განყოფილების უფროსად მუშაობდა.

საბაძე ამბობს, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში საკმარისი ფინანსები არ აქვთ სოფლებში საბავშვო ბაღების გასახსნელად.

წალკის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 16 343 700 ლარია. აქედან 3 596 700 ლარი მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ხელფასებსა და შენახვის ხარჯებს ხმარდება. ილია საბაძეს 2014-2016 წლებში, ვიდრე პოლიტიკური თანამდებობის პირებზე პრემიისა და დანამატის გაცემა კანონით აიკრძალებოდა, დანამატი და ფულადი ჯილდო 18-ჯერ აქვს აღებული ხელფასის სრული ოდენობით. პრემია-დანამატის გაცემის აკრძალვის შემდეგ, წალკის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და მათმა მოადგილეებმა ხელფასები გაიზარდეს, მაგრამ იმის გამო, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით 2018-2020 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასის გაზრდაც აკრძალული იყო, გაზრდილი ხელფასების შემცირება მოუწიათ.

კითხვაზე, 2014-2022 წლებში, ადგილობრივ ხელისუფლებას პეტიციით მიმართა თუ არა რომელიმე სოფლის მოსახლეობამ საბავშვო ბაღის გახსნის მოთხოვნით, წალკის მერიამ წერილობით გვიპასუხა, რომ მოქალაქეებს არც პეტიციით და არც წერილით არ მიუმართავთ. მერმა და მისმა მოადგილეებმა ჩვენთან შეხვედრას და კითხვებზე პირისპირ პასუხს თავი აარიდეს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, პეტიცია არის მოსახლეობის კოლექტიური თხოვნა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, რომ მოაგვაროს ამა თუ იმ დასახლებაში არსებული საერთო მნიშვნელობის პრობლემები. პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ დასახლების საერთო კრებას და მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 %-ს. შესაბამის საკრებულოს შეუძლია განსაზღვროს პეტიციაზე ხელმომწერთა უფრო ნაკლები ოდენობაც. წალკის საკრებულოსთვის პეტიციით მიმართვა შეუძლებელია - საკრებულოს რეგლამენტით აქვს დადგენილი, რომ პეტიციის მხარდამჭერი ამომრჩევლების სიის ბლანკები, სადაც ხელმოწერები უნდა გაკეთდეს, ინიციატორს საკრებულომ უნდა გადასცეს, ასეთი ბლანკები კი მას დამტკიცებული არ აქვს და ვერ იძლევა.

ქვემო ქართლში წალკა ერთადერთი მუნიციპალიტეტი არ არის, სადაც ბავშვებს მასობრივად არ მიუწვდებათ ხელი ადრეულ განვითარებაზე, ზრუნვასა და სკოლამდელ განათლებაზე. 

  • დმანისის მუნიციპალიტეტის 57 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ შვიდშია. რაიონში მოსახლეობის 65 % ეთნიკური აზერბაიჯანელია. საბავშვო ბაღი უმცირესობით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის.
  • ბოლნისის რაიონშიც, 48 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ ხუთშია, ოთხ სოფელში კი ალტერნატიული სკოლამდელი განათლების დღის ცენტრები ფუნქციონირებს. რაიონში მოსახლეობის 63 % ეთნიკური აზერბაიჯანელია. საბავშვო ბაღი უმცირესობით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის.
  • კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 29 საბავშვო ბაღია. სკოლამდელი განათლების დაწესებულება თითქმის ყველა სოფელს აქვს, გარდა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლებისა. იორმუღანლოს თემში, სადაც რაიონის მოსახლეობის 33 % (17 ათასამდე ადამიანი) ცხოვრობს, მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღია და ისიც 30 აღსაზრდელს იტევს.

„მთის ამბები“ (სამოქალაქო აქტივობების ცენტრი) USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის მიზანია სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში.

რეპორტაჟი სომხურ ენაზე - Նախադպրոցական կրթության հասանելիության տագնապալի տվյալներ` Քվեմո Քարթլիում

აზერბაიჯანულ ენაზე - Kvemo Kartlidə məktəbəqədər təhsilə əlçatanlıq haqqında həyəcanverici məlumatlar

ეთერ ფანგანი

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი. პროფესიით ჟურნალისტია. აშუქებს ადამიანის უფლებების, სოციალურ, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების, გარემოს დაცვის თემებს, სამხრეთ და ჩრდილოკავკასიის მაღალმთიანი რეგიონების აქტუალურ ამბებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში