„ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სასაზღვრო ზონის საზღვრების შესახებ“ FSB-ს განკარგულების მიხედვით, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 28 აგვისტოს შევიდა, სასაზღვრო ზონიდან ამოღებულია დასახლებული პუნქტები - ხაჩაროი, ჰილდეჰაროი, ბეჩიკი, გზა მდინარე არღუნის გასწვრივ, ტონგახოის, გაზეხოის, ბასხოის, მეშეხის, სახანის, ტერტის ნანგრევები, ცოი-პედეს ნეკროპოლისი, ასევე, ითუმ-კალის რაიონში მდებარე სოფელი ვედუჩი. როგორც „ეფესბეში“ განმარტეს, სასაზღვრო ზონის საზღვრებში ცვლილებები ჩეჩნეთის მთავრობის მიმართვის გათვალისწინებით, „რეგიონში ხელსაყრელი პირობების შექმნისა და ტურისტული საქმიანობის განვითარების მიზნით“ შეიტანეს.
ჩეჩნეთის ხელისუფლება აქტიურად განიხილავს საქართველოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის საკითხს, რომელიც, არსებული პროექტის მიხედვით, ითუმ-კალიზე გადის. 2022 წლის 26 ივლისს, ამ რაიონში ვიზიტის შემდეგ, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა მწუხარებით აღნიშნა, რომ შატილამდე გზა არ მიდის.
„მალხისტის ხეობის ზედა წელში მდებარეობს ერთ-ერთი უდიდესი სამარხი ჩრდილოეთ კავკასიაში - ცოი-პედე („მკვდართა ქალაქი“), რომელიც დაახლოებით XIV-XVI საუკუნეებით თარიღდება.
ულამაზესი და მომხიბვლელი არღუნის ხეობის ზემო წელი ითუმ-კალი-შატილის გზით თითქმის რუსეთ-საქართველოს საზღვრამდე გავიარეთ. სამწუხაროდ, იქიდან ქართული სოფლისკენ მიმავალი გზის მონაკვეთი დასრულებული არ არის. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ქართულ მხარესთან ამ საკითხზე ურთიერთგაგება იქნება მიღწეული და რუსეთ-საქართველოს გზა ჩეჩნეთის მიმართულებით აშენდება და გაიხსნება.
ითუმ-კალის რაიონს უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს, რომლის განვითარებაც აუცილებელია“, - წერდა კადიროვი Telegram-ში.
ცოი-პედემდე მისასვლელად ჩეჩნეთის მცხოვრებლებსაც სპეციალური სასაზღვრო კონტროლი რამდენიმე ადგილას უნდა გაევლოთ.
საქართველოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის საჭიროებაზე ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარემ მუსლიმ ხუჩიევმა, 2022 წლის 15 მარტს, გროზნოში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც ჩეჩნეთში საგანგებო ვიზიტით ჩასული რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ესწრებოდა. ხუჩიევმა აღნიშნა, რომ 41.2 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზას ითუმ-კალი - სასაზღვრო პოსტი „არღუნი“ - საქართველოს საზღვარი „ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ფედერაციისთვის“ და შესაძლოა, ზემო ლარსის ალტერნატივა გახდეს. ხურჩიევმა პატრუშევს მიმართა, ამ საკითხით დაინტერესებულიყო.
ჩეჩნეთის ხელისუფლებამ ითუმ-კალიდან შატილის მიმართულებით სამანქანო გზის გაჭრა 1997 წელს დაიწყო. ორ წელში გზა შატილთან მდებარე ნასოფლარამდე, ანატორამდე მიიყვანეს. 1999 წელს სამუშაოები საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით შეწყდა. იმავე წელს, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ, ჩეჩნეთიდან საქართველოში შემოსული დაახლოებით 8 ათასი ლტოლვილიდან თითქმის ნახევარმა სწორედ ამ ახალგაჭრილი სამანქანო გზით ისარგებლა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი რაიმე გზის მშენებლობას.
ნახეთ ამ თემაზე „მთის ამბების“ სპეციალური რეპორტაჟი
რა (არ) ვიცით საქართველო-ჩეჩნეთის გზაზე და როგორ აღმოჩნდა 1000 ჰექტარი რუსეთის კონტროლქვეშ