საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ამბროლაურში დიალიზის ცენტრი ივლისის ბოლოს გაიხსნება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:20 - 13 ივლისი 2022 hits 1882

რაჭაში, ამბროლაურის საავადმყოფოში დიალიზის ცენტრი ივლისის ბოლოს გაიხსნება. შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ამბროლაურის სამედიცინო დაწესებულებაში დიალიზის სერვისის მისაწოდებლად სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია.

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში დიალიზის სერვისი პირველად „მთის ამბების“ ადვოკატირების კამპანიის შედეგად გახდა ხელმისაწვდომი. „აყრა ან სიკვდილი“ - სპეციალურ რეპორტაჟში ზემო სვანეთში დიალიზდამოკიდებული პაციენტების შესახებ გიყვებოდით. ვინც ზემო სვანეთში ცხოვრობდა და დიალიზი სჭირდებოდა, არჩევანი არ ჰქონდა, მესტიის მუნიციპალიტეტიდან უნდა აყრილიყო ან მოკვდებოდა. რეპორტაჟის გამოქვეყნების შემდეგ, „მთის ამბებმა“ პეტიცია  შექმნა, 10 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა და ერთდროულად სამ უწყებაში შეიტანა - მთავრობის ადმინისტრაციაში, პარლამენტსა და სახალხო დამცველის აპარატში. მთავრობისგან ვითხოვდით, განეხილა აღნიშნული პეტიცია და რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები გადაედგა, რომ სვანეთის მცხოვრებლებს მესტიის საავადმყოფოში შეძლებოდათ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა; არ გაგრძელებულიყო მათი დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის და გეოგრაფიული ხელმისაწვდომის მიხედვით. ამ პრობლემას აქტიურად აშუქებდა ცენტრალური მედიაც.

სხვა მთიანი რეგიონებიდან დიალიზდამოკიდებული პირების აქტიური გამოხმაურების გამო, „მთის ამბებმა“ ადვოკატირების კამპანია გააფართოვა და რაჭის სათემო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, დიალიზის ცენტრის გახსნა ამბროლაურშიც მოითხოვა. ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, „მთის ამბებმა“ დიალიზის სახელმწიფო პროგრამაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა საქართველოს 20-ზე მეტ მუნიციპალიტეტში შეისწავლა. დიალიზის ცენტრი არცერთ მაღალმთიან რეგიონში არ ფუნქციონირებდა.

2 აპრილს, ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მესტიაში, ამბროლაურში, თიანეთსა და კიდევ 4 ქალაქში დიალიზის ცენტრები გაიხსნებოდა. ზემო სვანეთში, მესტიის საავადმყოფოში დიალიზის ცენტრი 2022 წლის მაისში გაიხსნა.

„მთის ამბები“ სამინისტროდან პერიოდულად, წერილობით ითხოვს ინფორმაციას, როგორ ასრულებს მინისტრი პირობას.

სამინისტროს ინფორმაციით, დიალიზის კაბინეტების მოსაწყობად საჭირო სამშენებლო პროექტები უკვე გამზადებულია თიანეთში, ყაზბეგსა და ლანჩხუთშიც: „გაკეთებულია მათი ხარჯთაღრიცხვა, რაზეც ჩატარებულია ექსპერტიზა. ბაზრის კვლევის დამთავრებისთანავე, მოხდება სახელმწიფო შესყიდვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად ელექტრონული ტენდერის გამოცხადება, რომლის დასრულების სავარაუდო ვადა განისაზღვრება დაახლოებით 30 კალენდარული დღით. ტენდერის დასრულების შემდეგ მოხდება სატენდერო დოკუმენტაციის პირობების შესაბამისად შესყიდვა ობიექტის მოწოდება/შესრულება, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს 3 თვემდე პერიოდს“. სამივე მუნიციპალიტეტში დიალიზის ცენტრები, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაიხსნება.  

„მთის ამბები“ ჯანდაცვის სამინისტროდან ასევე ითხოვს ინფორმაციას, შეისწავლეს თუ არა ჯავახეთისა და მთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარება და რატომ არ გადაწყდა დიალიზის სერვისების ამოქმედება ხულოში, ნინოწმინდაში ან ახალქალაქში.

სამინისტროს განცხადებით, რაც შეეხება, პროგრამის შემდგომ გაფართოებას, საკითხი განიხილება ეტაპობრივად პროგრამის ბენეფიციართა საჭიროების გათვალისწინებით.

ზოგიერთი მუნიციპალიტეტი დიალიზის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს ყოველთვიურად, 150, 200, 250 ლარით ეხმარება იმისათვის, რომ პაციენტებმა კვირაში 3-ჯერ სერვისის მისაღებად, საცხოვრებელი ადგილიდან სხვა ქალაქის კლინიკებში ტრანსპორტირება შეძლონ. მაღალმთიან რეგიონებში მუნიციპალური ტრანსპორტის არქონის პირობებში, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები დიალიზდამოკიდებულ პირებს ერთი კვირის განმავლობაშიც არ ჰყოფნით კლინიკაში სიარულისთვის. რამდენიმე მუნიციპალიტეტში კი ბენეფიციარები ამ დახმარებასაც ვერ იღებენ. „მთის ამბები“ მუშაობს იმისთვისაც, რომ თვითმმართველობის ორგანოებმა დიალიზდამოკიდებული პირებისთვის გამოყოფილი ტრანსპორტირების თანხები სულ მცირე გააორმაგონ, იმ მუნიციპალიტეტში კი, სადაც ასეთი პროგრამა საერთოდ არ არის, ამოქმედდეს.

დიალიზი რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება დაგვჭირდეს. ყველაზე ხშირად ეს თირკმლის უკმარისობის გამო ხდება. დიალიზის დაწყება ცხოვრების წესის მკვეთრ ცვლილებას გულისხმობს - ადამიანი აპარატზე ხდება დამოკიდებული. თითოეული პროცედურა 3-4 საათს გრძელდება და კვირაში სამჯერ ტარდება. დიალიზის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 1996 წლიდან ხორციელდება. 2022 წლის ბიუჯეტი 53 259 000 ლარია. პროგრამით ქვეყანაში 3400-მდე ადამიანი სარგებლობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში