„მწვანე ალტერნატივა“ და „მთის ამბები“ სამინისტროსგან სამი თვეა ითხოვენ ამ მასალებს, მაგრამ სამინისტრო უარს ამბობს საჯარო ინფორმაციის გადაცემაზე. უწყებამ არც „მწვანე ალტერნატივის“ და არც „მთის ამბების“ ადმინისტრაციული საჩივრები არ განიხილა.
საქართველოს ხელისუფლებამ, რაჭასა და ქვემო სვანეთში, 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ 11 მარტს გამართულ აუქციონზე გადასცა. მთავრობა ამ ინფორმაციას საგანგებოდ მალავდა, ვიდრე ის „მთის ამბებმა“ არ გაახმაურა. ამ კომპანიის მესაკუთრე უმსხვილესი რუსული კორპორაცია „სისტემის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი დავით ხიდაშელია.
ხიდაშელისთვის სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემული ტერიტორია რუსეთის ფედერაციას და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება, მოიცავს რაჭისა და ქვემო სვანეთის 81 სოფლის ტერიტორიას.
სალიცენზიო ფართობშია მოქცეული საქართველოს „ზურმუხტის ქსელში“ შემავალი ტერიტორიებიც. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ მხოლოდ ლიცენზიის გაცემის შემდეგ დაავალა, რომ საქმიანობის დაწყებამდე, შეთანხმებისთვის, სააგენტოს წარუდგინოს ანგარიში, რა ზეგავლენას მოახდენს სამონადირეო მეურნეობა „ზურმუხტის ქსელზე“, რაც ჰაბიტატების დირექტივის მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების დარღვევაა. ამგვარი შეფასების გაკეთებას, კანონმდებლობა სახელმწიფოს ლიცენზიის გაცემამდე ავალდებულებს.
დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობა და ამ რეგიონში კეთილშობილი ირემისა და კავკასიური დომბის დაბრუნება-გამრავლება სურს. აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორმა, ლიცენზიის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში, 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს - მოაწყოს ტურისტული ინფრასტრუქტურა სამოყვარულო და სპორტული ნადირობის, შემეცნებითი, რეკრეაციული, სათავგადასავლო და ეკოტურიზმის განვითარების მიზნით.
„ინვესტიციის“ ეს რაოდენობა 7-ჯერ ნაკლებია იმ გრანტთან შედარებით, რასაც საქართველოს რამდენიმე წელია სთავაზობს საერთაშორისო ორგანიზაცია რაჭასა და სვანეთში, დაცული ტერიტორიების დაარსებისა და განვითარებისთვის, მოსახლეობის ეკონომიკური ხელშეწყობისთვის.
12 მილიონი ევროს ოდენობის ევროპულ დახმარებას, „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პირის 5 მლნ ლარიანი „ინვესტიცია“ ამჯობინა.
რაჭის სათემო ორგანიზაციამ, „მთის ამბებმა“ და „მწვანე ალტერნატივამ“ ადვოკატირების ერთობლივი კამპანია #ვიცავთრაჭას დაიწყეს, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით. კამპანიის მიზანი მთავრობის მიერ უკანონოდ, საზოგადოების მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმება და რაჭაში დაცული ტერიტორიის შექმნაა. რაჭის ეროვნულ პარკში უნდა მოექცეს ის ტყეც, რომელიც დავით ხიდაშელს გადასცეს (აუქციონის შედეგები უნდა გაუქმდეს). ეროვნულ პარკში უნდა შევიდეს მდინარე რიონი, მისი შენაკადები და შქმერის ტერიტორია, რომელსაც ჭიათურის მსგავსად აოხრება ემუქრება.