საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ვიცავთ რაჭას - ეროვნული პარკი პუტინის მოკავშირეების ნაცვლად

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:28 - 25 მაისი 2022 hits 23827
ფოტო © შერმაზანა
ახალი ამბები
ფოტო © შერმაზანა

104 712 ჰექტარი ტყე, რომელიც მთავრობამ, 49 წლით, რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს გადასცა, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ორი საავტომობილო გზით უკავშირდება - მამისონის უღელტეხილის გავლით და ირი-კვაისის (ონი-ცხინვალის) გზით. მამისონის უღელტეხილი რუსეთმა 2009 წელს წაგვართვა და ოკუპანტები აკონტროლებენ. რუსი სამხედროები დგანან რაჭის სოფლების - ქვედის, წედისის, სხანარის, ირის მიდამოებშიც. ღურშევი მთლიანად ოკუპირებულია. ხიდაშელისთვის გადაცემული ტყე, რომელიც რაჭის 79 და ქვემო სვანეთის 2 სოფელს მოიცავს, ახალაშენებული რუსული სამხედრო ბაზებით არის გარშემორტყმული. რაჭაში ოქროს მოსაპოვებლად კიდევ 700 ჰექტარი აქვთ გადაცემული პუტინის მოკავშირეებს.

სანქცირებული რუსი ოლიგარქების პარტნიორები რაჭაში

ხელისუფლების არაერთი დაპირებისა და მეტიც, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულების თანახმად, სწორედ ამ ტერიტორიებზე უნდა დაარსებულიყო რაჭის ეროვნული პარკი. 2020 წელს, დაცული ტერიტორიისთვის განკუთვნილი ფართობი ჯერ 12 ათასი ჰექტარით შეამცირეს - კანონპროექტიდან მდინარე რიონი და მისი შენაკადები ამოაგდეს, ონის ჰესების კასკადის მშენებლობისთვის. ს/ს „ონის კასკადი“ რუსეთის მოქალაქესთან, მევლუდ ბლიაძესთან დაკავშირებული კომპანიაა. ბლიაძე უმსხვილესი რუსული კორპორაციის „პილონის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.

2021 წლის ივლისში, მთავრობამ, რაჭაში, სოფელ შქმერის მიმდებარედ, 150 ჰექტარზე, ღია კარიერული წესით, მანგანუმის მოპოვების ლიცენზია, აუქციონამდე 4 დღით ადრე რეგისტრირებულ კომპანიებს გადასცა. ორივე კომპანიას ერთი და იგივე დირექტორი ჰყავს, რომელიც ჯგუფურად ფულის გათეთრებისთვის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება, გასაღება, გამოყენებისთვის, სამეწარმეო საქმიანობის დროს მიწის დეგრადაციისთვის რამდენჯერმეა ნასამართლევი. ღია კარიერული წესით მანგანუმის მოპოვების უმძიმესი პრაქტიკა გვაქვს ჭიათურასა და მის სოფლებში, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული „ჯორჯიან მანგანეზის“ უკონტროლო საქმიანობის გამო გაპარტახებულია.

„მთის ამბებს“ სახელმწიფო ორგანოებიდან რაჭის ეროვნული პარკის შექმნის ორი სხვადასხვა კანონპროექტი აქვს მოპოვებული. ერთი 2018 წელს არის მომზადებული, მეორე 2020 წელს. ორივე კანონპროექტის მიხედვით, რაჭის ეროვნული პარკის გარეთ არის დატოვებული სოფლების უწერის, გლოლის, შოვის, ღების, გონის, ურავის მიმდებარე ტერიტორიები, არადა, ამ ადგილებს დაცვა ყველაზე მეტად სჭირდება - უწერა ცნობილია და დამსვენებლების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მინერალური წყლებით, რამდენიმე წყარო კი უკვე დაიკარგა; შოვი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. გლოლა მყინვარის მიერ მთავარი ქედიდან ჩამოზიდული გრანიტული ლოდებითაა ცნობილი. ამ სოფლების სარეკრეაციო ღირებულებების შენარჩუნებისათვის, აუცილებელია, რომ მიმდებარე ეკოსისტემები, რომლებიც ქმნიან ამ ღირებულებებს, სათანადოდ იყოს დაცული ეროვნული პარკის საზღვრებით.

მიზეზი, რის გამოც ამ სოფლების მიმდებარე ეკოსისტებები, არსებული კანონპროექტებით, რაჭის ეროვნულ პარკში არ მოაქციეს, ოქროს, ვერცხლის და სხვა ძვირფასი ლითონების მოპოვების ლიცენზიებია.

ღების მიმდებარედ, 1778 ჰექტარზე, ოქროს და იშვიათი მეტალების მოპოვების ლიცენზიას 2042 წლის 14 მარტამდე ფლობს ს/ს „კავკასიის მინერალები“. საწარმო 2011 წლის 20 დეკემბერს არის დაფუძნებული. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ზურაბ ციხისთავი, რევაზ ბერიძე და ნიკოლოზ ენუქიძე. 2012-2016 წლებში, ამ კომპანიის გენერალური დირექტორი კახაბერ კუჭავა გახლდათ, რომელიც 2016 წლის არჩევნების შედეგად, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით, პარლამენტის წევრი გახდა. 2016-2021 წლებში, კუჭავა ჯერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარე იყო.

ურავის, ღების, გლოლის, შოვის და გადამშის მიმდებარე ტერიტორიებზე ოქროს მოპოვების ოთხ ლიცენზიას ფლობს შპს „ქართული პერსპექტივა“. ოთხივე ლიცენზია ლიცენზია 2016 წელს არის გაცემული, 20 წლით, 2036 წლამდე და ჯამში 700 ჰექტარს მოიცავს.

საწარმო 2015 წელს არის რეგისტრირებული და დაფუძნებიდან გასული წლის 21 ნოემბრამდე, 94 % წილის მფლობელი ალექსანდრე ხარებავა იყო. ალექსანდრე ხარებავა კიდევ 16 კომპანიის დირექტორი და 14 კომპანიის მეწილეა, მათ შორისაა „მეღვინეობა ხარება“, ძვირადღირებული ბრენდების მაღაზიები, სასტუმროები, მინერალური წყლების კომპანიები „კობი“ და „სნო“.

2021 წლის ნოემბერში, ალექსანდრე ხარებავამ „ქართული პერსპექტივის“ 94 % ნასყიდობის ხელშეკრულებით, 200 ლარად, მურმან წოწორიაზე გაასხვისა/გააფორმა. მურმან წოწორია სააქციო კომპანია „დიზონ ლიმითედის საქართველოს წარმომადგენლობის“ დირექტორია, რომლის დამფუძნებელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 2006 წელს რეგისტრირებული „დიზონ ლიმითედია“. ეს კომპანია ძმებს, ალექსანდრე და თენგიზ ხარებავებს ეკუთვნით. 2006 წელს, მოსკოვის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის მიხედვით, „დიზონ ლიმითედის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ალექსანდრე ხარებავა იყო და საწარმოც მის საკუთრებაში არსებულ ფართში დარეგისტრირდა.

ალექსანდრე ხარებავას ძმა, თენგიზ ხარებავა საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა. თენგიზ ხარებავა, რუსეთში, კალუგის ოლქში, 2004 წელს რეგისტრირებული შპს „ხიმფარმკომპლექტის“ დამფუძნებელია. კომპანიის საქმიანობის სფეროა ორგანული და არაორგანული ქიმიკატების, მედიკამენტების წარმოება, საცალო ვაჭრობა აფთიაქებში.

თენგიზ ხარებავას მიერ არის დაფუძნებული აქტიური ფარმაცევტული ნივთიერებების მწარმოებელი კომპანია შპს „ბიონი“, რომელიც 2003 წელს, ასევე, კალუგის ოლქის ქალაქ ობნინსკში დარეგისტრირდა. 2022 წლის 25 მაისისთვის ეს კომპანიაც მოქმედია. თენგიზ ხარებავა კომპანიაში 17.15 %-ს ფლობს, ხოლო ყველაზე დიდი წილი, 66.61 % შპს „ფარმოპოლისს“ ეკუთვნის. როგორც „ფარმოპოლისის“, ისე „ბიონის“ დირექტორად მითითებულია ვლადიმერ პოლიაკოვი.

თავის მხრივ, „ფარმაპოლისის“ 99.9 %-იანი წილის მფლობელია შპს „სამრეწველო ინვესტიციები“, რომელიც მიხაილ შელკოვის მიერ არის დაფუძნებული და მის 99 %-იან წილს ფლობს.

მიხაილ ევგენის ძე შელკოვი (30.05.1968) - საჯარო სააქციო საზოგადოება კორპორაცია VSMPO-AVISMA-ს ძირითადი აქციონერია - ფლობს კორპორაციის წილების 65.3%-ს და არის კორპორაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. VSMPO-AVISMA ტიტანის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში.

Forbes-ის რუსი მილიარდერების 2022 წლის სიაში შელკოვს 57-ე ადგილი უკავია. შელკოვი „როსობორონექსპორტში“ მუშაობდა, სადაც, როგორც თვითონ აცხადებდა, სერგეი ჩემეზოვის წყალობით მოხვდა. Forbes წერს, რომ ჩემეზოვი პუტინის მეგობარია ჯერ კიდევ გერმანიაში ერთად მუშაობის პერიოდიდან მოყოლებული და ის დე ფაქტო მართავდა „როსობორონექსპორტს“. აღნიშნული სახელმწიფო ორგანიზაცია სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, სერვისებისა და ტექნოლოგიების ექსპორტს ახორციელებს. ამჟამად სერგეი ჩემეზოვი სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ გენერალური დირექტორია. „როსტეხი“ 2007 წელს პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონის შედეგად შეიქმნა.

უკრაინამ მიხაილ შელკოვს და სერგეი ჩემეზოვს სანქციები ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში დაუწესა, ხოლო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩემეზოვი დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაშიც მოხვდა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, სერგეი ჩემეზოვი და ვლადიმერ პუტინი გერმანიაში, დრეზდენში კგბ-ს ოფიცრები იყვნენ, ჩემეზოვი პუტინის ერთ-ერთი ახლო თანამოაზრეა და ხელმძღვანელობს „როსტეხს“, რომლის შვილობილი კომპანია „ტეხნოპრომექსპორტი“, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ყირიმში ენერგოსადგურების აშენებას გეგმავს, ხოლო მისმა მეორე შვილობილმა - „როსობორონექსპორტმა“ მხარი დაუჭირა ყირიმის თავდაცვის კომპანიების ინტეგრაციას რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაში, რითაც გააძლიერა ყირიმის უკანონო ანექსია.

თენგიზ ხარებავა ჩეხეთში კომპანიას TENDENCE invest s.r.o.-ს ფლობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 2011 წელს, სემილის რაიონში მდებარე ციხე-სიმაგრე Hrubá Skála („სალი კლდე) 70 მილიონ კრონად შეიძინა რუსეთის მოქალაქე თენგიზ ხარებავამ და საქართველოს მოქალაქე მარიკა უგრეხელიძემ (თენგიზ ხარებავას მეუღლე). აღნიშნული ციხე-სიმაგრე მე-14 საუკუნეში ვალენშტაინის ოჯახის მიერ აშენდა. ახლა იქ სასტუმრო ფუნქციონირებს.

ჩეხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ცნობით, ფინანსური ანალიტიკური სამსახური და ჩეხეთის სპეცსამსახურები ჩეხეთის ისტორიული ძეგლების რუს მფლობელებსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეჟიმს შორის კავშირებს იკვლევენ. მათ შორის, ამოწმებენ ციხე-სიმაგრის მფლობელის კავშირებს რუს ოლიგარქებთან, რომლებიც ფულს რუსულ სამხედრო ინდუსტრიაში შოულობენ. ტელევიზია აღნიშნავს, რომ ხარებავა რუსი მილიარდერის, მიხაილ შელკოვის ბიზნესპარტნიორია.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომი ორი კვირის დაწყებული იყო, საქართველოს ხელისუფლებამ, რაჭასა და ქვემო სვანეთში, 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით რომ გადასცა სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორს დავით ხიდაშელს, პირს, რომელიც 2014 წლამდე უმსხვილესი რუსული კორპორაციის „SISTEMA“-ს ვიცე-პრეზიდენტი იყო და რომლის ხელმძღვანელობის პერიოდშიც, რუსული კონგლომერატი მხარს უჭერდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. დავით ხიდაშელი ამჟამადაც „SISTEMA“-ს ჯგუფში შემავალი ბერძნული კომპანია INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.

ხიდაშელი აცხადებს, რომ მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობა და ამ რეგიონში კეთილშობილი ირემისა და კავკასიური დომბის დაბრუნება-გამრავლება სურს. აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორმა, ლიცენზიის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში, 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს - მოაწყოს ტურისტული ინფრასტრუქტურა სამოყვარულო და სპორტული ნადირობის, შემეცნებითი, რეკრეაციული, სათავგადასავლო და ეკოტურიზმის განვითარების მიზნით.

„ინვესტიციის“ ეს რაოდენობა 7-ჯერ ნაკლებია იმ გრანტთან შედარებით, რასაც საქართველოს რამდენიმე წელია სთავაზობს საერთაშორისო ორგანიზაცია რაჭასა და სვანეთში, დაცული ტერიტორიების დაარსებისა და განვითარებისთვის, მოსახლეობის ეკონომიკური ხელშეწყობისთვის. 12 მილიონი ევროს ოდენობის ევროპულ დახმარებას, „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პირის 5 მლნ ლარიანი „ინვესტიცია“ ამჯობინა.

ხიდაშელისთვის გადაცემულ ფართობშია მოქცეული დარიშხანის საბადოები რაჭასა და ქვემო სვანეთში. დარიშხანს ურავის და ცანის ხეობებში საბჭოთა კავშირის პერიოდში მოიპოვებდნენ და იარაღის წარმოებაში იყენებდნენ.

22 აპრილს გამოქვეყნებულ სპეციალურ რეპორტაჟში „მთის ამბებმა“ გიამბოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხიდაშელის კომპანიას შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ ლიცენზია კანონის დარღვევით გადასცა. სალიცენზიო ფართობი მოიცავს საქართველოს „ზურმუხტის ქსელში“ შემავალ ტერიტორიებსაც. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ მხოლოდ ლიცენზიის გაცემის შემდეგ დაავალა, რომ საქმიანობის დაწყებამდე, შეთანხმებისთვის, სააგენტოს წარუდგინოს ანგარიში, რა ზეგავლენას მოახდენს სამონადირეო მეურნეობა „ზურმუხტის ქსელზე“, რაც ჰაბიტატების დირექტივის მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების დარღვევაა, რომელიც ამგვარი შეფასების გაკეთებას სახელმწიფოს ლიცენზიის გაცემამდე ავალდებულებს. საქართველომ დირექტივით დადგენილი მოთხოვნების დაცვის ვალდებულება 2014 წელს აიღო, როდესაც ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.

რეპორტაჟის გამოქვეყნებამდე, რამდენიმე სახელმწიფო უწყების გარდა, არავინ იცოდა აუქციონისა და მისი შედეგების შესახებ - რაჭის თითქმის მესამედი ტერიტორია, ნახევარი საუკუნით, რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ პირს რომ გადასცეს. პროცესი არა მხოლოდ ლიცენზიის გაცემამდე იყო გაუმჭვირვალე, არამედ მას შემდეგაც. „მთის ამბებს“ აუქციონში გამარჯვებულის ვინაობის გასარკვევად ერთთვიანი ლოდინი და სასამართლოში სარჩელის შეტანა დასჭირდა - გარემოს ეროვნული სააგენტო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ ინფორმაციას საგანგებოდ მალავდნენ.

სამინისტრომ უარი გვითხრა ხიდაშელთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და იმ მასალების გაცნობაზეც, რომლის საფუძველზეც აუქციონის გამართვისა და ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილებები მიიღეს. „მწვანე ალტერნატივის“ მიერ უარი უკვე გასაჩივრებულია.

ხიდაშელი ამბობს, რომ ის 4 წელია ცდილობს რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობას. ზუსტად ამდენი ხანია, რაც საქართველოს მთავრობა რაჭის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ, თავის მიერ მიღებულ განკარგულებებსაც კი არ ასრულებს.

ერთ-ერთი კანონპროექტი 2018 წელს მომზადდა. მთავრობის 2019 წლის 31 იანვრის N119 განკარგულების თანახმად, დოკუმენტი პარლამენტისთვის 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახილველად უნდა წარედგინათ. პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტიდან გვაცნობეს, რომ რაჭის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ კანონპროექტი წარდგენილი არ არის. მთავრობის ადმინისტრაციას წერილობით მივმართეთ და ვკითხეთ, N119 განკარგულებაში რაიმე ცვლილება ხომ არ არის შესული ან ხომ არ გაუუქმებიათ. გვიპასუხეს, რომ არა. 

სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების გამო რაჭაში დაცული ტერიტორიის შექმნა ბევრჯერ ჩაიშალა. 2020 წელს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისმა ხელისუფლებას საჯაროდ მოუწოდა, რომ რაჭას ჰესების კასკადი კი არა, დიდი ეროვნული პარკი სჭირდება. საქართველოს მოქალაქეებმა 10 ათასზე მეტი ხელმოწერაც შეაგროვეს პეტიციაზე, რომლითაც რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნას ითხოვდნენ.

რაჭა ხალხისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაცლილი რეგიონია საქართველოში, განსაკუთრებით, ონის რაიონი. 64 სოფლიდან 40-ში ახალგაზრდები ფაქტობრივად არ არიან, 6 წლამდე ასაკის არცერთი ბავშვი აღარ არის. 4 სოფელი გაუკაცრიელდა, 12 სოფელში კი 1 ან 10-ზე ნაკლები ადამიანია დარჩენილი. „მთის ამბები“ ცალკე რეპორტაჟს შემოგთავაზებთ, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ეროვნულმა პარკმა რაჭას.

14 აპრილს, პარლამენტში გამოსვლისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ თქვა, რომ მთავრობა, 2022 წელს, რაჭისა და შიდა ქართლის დაცული ტერიტორიების შექმნას გეგმავს. 

სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოში 5 სხვადასხვა კატეგორიის 94 დაცული ტერიტორია არსებობს. მათი საერთო ფართობი დაახლოებით 800 ათასი ჰექტარია, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 11,5%-ია. მიუხედავად იმისა, რომ დაცული ტერიტორიების საერთო ფართობმა თითქმის მიაღწია „ბიომრავალფეროვნების სტრატეგიითა და მოქმედებათა ეროვნული გეგმით“ დასახულ მიზანს (12%), დღემდე არცერთი დაცული ტერიტორია არ არის მთელს დასავლეთ კავკასიონზე: ქვემო და ზემო სვანეთში, მთიან სამეგრელოში, რაჭაში, ლეჩხუმში ერთი კვადრატული მეტრიც კი არ არის დაცული.

„საზოგადოებისა და დონორების უარყოფითი გამოხმაურებების საპასუხოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეცდება რაჭის გარკვეულ ტერიტორიაზე შექმნას დაცული ტერიტორია, ისე, რომ მასში არ შევიდეს მდინარეები, ფერადი ლითონებისა და მანგანუმის საბადოების ტერიტორიები, ტყეების მნიშვნელოვანი მონაკვეთები, სადაც ასევე რუს ოლიგარქებთან დაკავშირებული კომპანია ფლობს სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიას. შესაძლებელია, მხოლოდ მცირე, უმნიშვნელო ფართობი დაათმობინონ, ლიცენზიის პირობის შესაბამისად. აუქციონის პირობების თანახმად, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით სარგებლობისას, მფლობელს არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს ლიცენზიით არსებულ ფართობზე დაცული ტერიტორიების შექმნას, თუმცა, ასეთი დაცული ტერიტორიის საკონსერვაციო ღირებულება ნულთან მიახლოებულია. ამიტომ არის გადაუდებელი საჭიროება, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს კამპანია, რომელიც სწორ მიმართულებას მისცემს რაჭის ეროვნული პარკის შექმნის პროცესს, რომელსაც რეალურად შეეძლება ბუნებრივი, სოციალური და კულტურული გარემოს დაცვა და არ იქნება „დაცული ტერიტორია ქაღალდზე“. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არსებული და კანდიდატი ზურმუხტის ქსელის საიტები მოექცნენ ეროვნული პარკის ფარგლებში, რათა რეალურად იქნას უზრუნველყოფილი ბერნის კონვენციით დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების (ეკოსისტემების) დაცვა“, - მიაჩნია ირაკლი მაჭარაშვილს, „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორს.

პარლამენტში რამდენიმე კვირის წინ, საინიციატივო ჯგუფის მიერ არის წარდგენილი კანონპროექტი შქმერისა და მრავალძალის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, საერთო ფართობით 12 608 ჰექტარი. შქმერის მცხოვრებლები ამ ფორმითაც ცდილობენ სოფლისა და ბუნების დაცვას. კანონპროექტი ჯერ არცერთ კომიტეტს არ განუხილავს.

ავტორები: გელა მთივლიშვილი, ეთერ ფანგანი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში