საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რას განმარტავს დავით ხიდაშელი მისთვის რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყის გადაცემაზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:53 - 26 აპრილი 2022 hits 5461
დავით ხიდაშელი - რადიო თავისუფლების ფოტო
ახალი ამბები
დავით ხიდაშელი - რადიო თავისუფლების ფოტო

დავით ხიდაშელი, რომელსაც საქართველოს მთავრობამ, ერთი თვის წინ, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში, 49 წლით, 104 712 ჰექტარი ტყე გადასცა და რომელიც, სავარაუდოდ, ასევე ფიგურირებს რუს და ქართველ ოლიგარქებს, ვლადიმერ ევტუშენკოვსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართულ სატელეფონო საუბრებში, განცხადებას ავრცელებს:

„ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია ჩემს წინააღმდეგ, რომლის მიზანია ჩემი სახელის დისკრედიტაცია. ამიტომ, მსურს, დავასრულო სპეკულაციები და გავაკეთო განმარტება.

რაც შეეხება ინფორმაციას რაჭაში სანადირო მეურნეობასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ მე ვფლობ რამდენიმე სანადირო მეურნეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით - აფრიკასა და ევროპაში. დიდი სურვილი მქონდა, რომ საქართველოსაც ჰქონდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სანადირო მეურნეობა.

4 წლის განმავლობაში მივმართავდი საქართველოს მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან საქართველოში არსებობს 20-მდე სანადირო მეურნეობა და არცერთი არ არის მიმართული მოსახლეობისა და ტურისტების სარგებლობისთვის. გარდა ამისა, საქართველოში ცხოველთა გარკვეული ჯიშები განადგურებულია და მქონდა სურვილი, აღმედგინა. შესაბამისი სპეციალისტებისგან მივიღე რეკომენდაცია, რომ რაჭა იყო ის ტერიტორია, სადაც ცხოველთა ჯიშების ბუნებრივი წესით აღდგენა მოხდებოდა.

ასევე, რამდენიმე წელია ვთანამშრომლობ ესპანურ კომპანიასთან, რომელიც ფლობს გარეული ღორების ფერმებს და საქართველოშიც აქვს თავისი წარმომადგენლობა. აქედან გამომდინარე, მაქვს სურვილი განვავითარო სანადირო მეურნეობები არა მხოლოდ რაჭაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებში, რითაც ისარგებლებენ ადგილობრივი მოსახლეობაც და რამდენიმე მილიონი ტურისტი, რომლებიც ყოველწლიურად ჩამოდიან საქართველოში.

თუ ვინმეს სურვილი ექნება საქართველოში სანადირო მეურნეობების განვითარების საქმეში შემომიერთდეს, აიღოს ვალდებულება, რომ მოუვლის ტყეს და აღადგენს ცხოველთა ჯიშებს, სიამოვნებით შევქმნი ამხანაგობას და მივცემ შესაძლებლობას ამ სფეროს განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანონ. გარდა ამ პროექტისა, საქართველოში ვახორციელებ 47 პროექტს, რომელიც მოიცავს ყველა სფეროს და სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, სათითაოდ ყველა პროექტზე გავავრცელებ განცხადებებს და მოსახლეობას ინფორმაციას მივაწვდი.

რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ, გაურკვეველი წარმომავლობის ორ აუდიოჩანაწერს, სადაც გაჟღერდა სახელი „დავითი“, რის შემდეგაც ბევრმა ჟურნალისტმა მომმართა კომენტარისთვის. მორიგი სპეკულაციები რომ არ მოხდეს, გადავწყვიტე მე თვითონ გავაკეთო განმარტება.

ვლადიმერ ევტუშენკოვი 30 წელია არის ჩემი მეგობარი, მისი ოჯახის წევრები მუშაობდნენ ჩემს კომპანიებში შვეიცარიაში. მე საქართველოში წლების განმავლობაში არ ვიმყოფებოდი და არ ვსაქმიანობდი.

რამდენიმე წლის წინ, მთხოვეს, ჩავრთულიყავი ერთ-ერთ ბიზნეს საკითხში, რომელიც ეხებოდა „რუსთავის აზოტის“ ქარხნის კრედიტს, თუმცა აღნიშნულ საკითხში არ ჩავრეულვარ. „რუსთავის აზოტის“ ქარხანას ჰქონდა ევტუშენკოვის კუთვნილი კორპორაცია „სისტემისგან“ 100 მლნ დოლარამდე კრედიტი აღებული, რომლის გასტუმრებაც ვერ ხერხდებოდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ევტუშენკოვი 3-ჯერ იყო ჩამოსული საქართველოში. როგორც ვიცი, სასამართლო დავა კვლავ გრძელდება და არ მსურს დეტალებზე საუბარი, ვინაიდან ეს საკითხი მე არ მეხება. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ალი უზდენოვთან დაკავშირებით და საქართველოში ჩვენს შეხვედრებთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ალი უზდენოვი არის ბიზნესმენი და არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. მოგეხსენებათ,

საქართველოში ღვინის კონსორციუმის შექმნა დავიწყე და გეგმაში მაქვს ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა. გარდა ამისა, ვამუშავებ შესაძლებლობას, რომ რუსეთში ღვინის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით მოხდეს ხორბლის შემოტანა რუსეთიდან, ვინაიდან საქართველოში არის ხორბლის საჭიროება.

ალი უზდენოვთან ერთად, სწორედ ამასთან დაკავშირებით გავმართე შეხვედრები საქართველოში ბიზნეს სექტორთან, მეხორბლეებთან. ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა.

რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრას, ასეთი შეხვედრა არ შემდგარა.

მე მქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, ვთხოვე შეხვედრა, თუმცა პრემიერმა გადაგვამისამართა ბიზნეს სექტორთან. აქვე განვმარტავ, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რაიმე კონკრეტული შეთანხმებით და შედეგით არ დასრულებულა.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მე ვარ ბიზნესმენი, საქართველოში ვახორციელებ 47-ზე მეტ პროექტს და კვლავ ვაპირებ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა და დავეხმარო საქართველოს სხვადასხვა დარგის განვითარებას. იმის მიუხედავად, რამდენ ბინძურ დეზინფორმაციას გაავრცელებენ და რამდენ ბინძურ კამპანიას ააგორებენ ჩემს წინააღმდეგ, არ ვაპირებ რაიმე პოლიტიკური შეფასების გაკეთებას. ჩემი საქმიანობა ყოველთვის იყო მიმართული საქართველოს კეთილდღეობისკენ და ქართველი ხალხი ამას ხედავს და ყოველთვის დაინახავს“.

22 აპრილს, „მთის ამბებმა“ სპეციალური რეპორტაჟი გამოაქვეყნა, რომელიც გიამბობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად, უმსხვილესი რუსული კორპორაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორსა და მეგობარს დავით ხიდაშელს გადასცა. ხიდაშელის ხელმძღვანელობის პერიოდში კომპანია „სისტემა“ მხარს უჭერდა ყირიმის ანექსიას. საქართველოში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემული ტერიტორია კი რუსეთის ფედერაციას და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება.

დავით ხიდაშელის განცხადება თავდაპირველად „პრაიმტაიმმა“ გამოქვეყნა, რომელსაც თავად მიაწოდა.

25 აპრილს, YouTube-არხმა Cyber Kmara გაავრცელა ვლადიმერ ევტუშენკოვსა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბრების ჩანაწერი, რომლის ნამდვილობა დადასტურებული არ არის. აუდიოჩანაწერის მიხედვით, რუსმა ოლიგარქმა თბილისში საკუთარი წარმომადგენელი - ალი უზდენოვი გამოგზავნა, რომელიც ივანიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეახვედრა.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს მიმართა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ. არახამიას თქმით, „მთავარი ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მჭიდრო კავშირშია რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან“ და რუსეთს ეხმარება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში