სტალინის დიდი ძეგლი სოფელ ზემო ალვანის ცენტრში, 1-ელი საჯარო სკოლის ეზოში, 2012 წელს დააბრუნეს.
საქართველოს კანონი „თავისუფლების ქარტია“ კრძალავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების არსებობას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ამ კანონის საფუძველზე შექმნილი კომისია კი ვალდებულია მიმართოს მუნიციპალიტეტის მერიას. კომისიის მიმართვის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს ევალება აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა. კომისიის მითითების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
სოფელ ზემო ალვანიდან იყვნენ ახალგაზრდა „სამანელები“ ადამ ბობღიაშვილი და არჩილ კიტოშვილი. 1943 წელს, 30 წლის ადამ ბობღიაშვილს თავი მოჰკვეთეს, 20 წლის არჩილ კიტოშვილს კი ბობღიაშვილისა და სხვების მოკვეთილი თავები ხურჯინით აჰკიდეს სატარებლად, დარჩენილი ნაწილები კი ხევში გადაყარეს. საბჭოთა რეჟიმი კიტოშვილის გადაბირებას ცდილობდა, რაც ვერ მოახერხეს და იმავე წელს დახვრიტეს.
„სამანი“ (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები) - იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია იყო მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საბჭოთა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.
„სამანი“ 1942 წელს შექმნეს ახალგაზრდა და ნიჭიერმა წოვა-თუშმა პოეტმა ადამ ბობღიაშვილმა (ალვანელი) და მისმა მეგობარმა მიხეილ იმედიძემ მას შემდეგ, რაც გაიცა წინამორბედი ფარული ორგანიზაცია, რომელსაც მათი პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ ზანდუკელი ხელმძღვანელობდა. 1941 წლის სექტემბერში, ზანდუკელი და მისი თანამოაზრე 17 ასპირანტი თბილისში დააპატიმრეს და უმრავლესობა დახვრიტეს. რეპრესიებს გადარჩენილმა „სამანელებმა“ თბილისიდან თავი დააღწიეს და თუშეთს შეეხიზნენ. მათი მიზანი იყო თუშეთის ტერიტორიაზე მომხრეების შემოკრება და ჩეჩნეთის მთიანეთში მოქმედ ანტისაბჭოთა მეამბოხეებთან კავშირის დამყარება. თუშეთში გამაგრებული „სამანელების“ წინააღმდეგ რამდენიმე ასეული გაგზავნეს თელავის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის უფროსის, გამოცდილი ჩეკისტის ალიოშა კვაშალის მეთაურობით. კვაშალმა შეძლო ორგანიზაციის განადგურება: შეთქმულთა ნაწილი გადმოიბირა, ნაწილი დააპატიმრა, მეთაურები, მათ შორის, ბობღიაშვილი, 1943 წელს მოკლეს. მათ თავები მოჰკვეთეს და ხალხის დასაშინებლად თუშთა საგანგებოდ შეკრებილ კრებას წარუდგინეს. ორგანიზაციის ლიკვიდაციას თან ახლდა მასობრივი დაპატიმრებები თუშეთში.
„სამანელების“ შესახებ ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე გიამბობთ