საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შუაზე გაყოფილი ერისიმედი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:16 - 10 მარტი 2022 hits 13041

ამ სოფელში შესასვლელად საშვი გჭირდებათ, რომლის მისაღებადაც საქართველოს სასაზღვრო პოლიციას არანაკლებ ხუთი სამუშაო დღით ადრე უნდა მიმართოთ. პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინსტრუქციის შინაარსი, რომ ინფორმაცია ტურისტებისთვისაა განკუთვნილი, ნუ დაგაბნევთ. ერისიმედში მოსახვედრად სპეციალურ ნებართვას მხოლოდ იქ მცხოვრებლებს არ სთხოვენ, სხვა ყველასთვის სავალდებულოა.

საშვის მისაღებ განცხადებაში, რომლის გაგზავნა ელექტრონულადაც შეგიძლიათ, უნდა აღწეროთ ვიზიტის მიზანი და სასაზღვრო ზონაში ყოფნის პერიოდი, დაგეგმილი გადაადგილების მარშრუტიც.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონის მიხედვით, სასაზღვრო ზონაა სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან ან სანაპირო ზოლიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემავალი, არაუმეტეს 5 კილომეტრის სიგანის სახმელეთო ზოლი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, რელიეფის გათვალისწინებით, სასაზღვრო ზონა შეიძლება განისაზღვროს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან 30 კილომეტრით.

ერისიმედი კი ზედ სასაზღვრო ზოლზეა. სოფელი 1989 წელს გაუშენებიათ და აქ უმეტესად, მთიანი აჭარიდან, ხულოს და შუახევის რაიონებიდან სტიქიით დაზარალებული ადამიანები (ეკომიგრანტები) დაუსახლებიათ. სოფელში პანკისის ხეობიდან წამოსული ეთნიკური ქისტების რამდენიმე ოჯახიც ცხოვრობს. ნარინდოშვილების ერთი კომლიც, მეზობელი სოფლიდან, ჯუგაანიდან გადმოსულა იქამდე, ვიდრე აჭარლებს ჩამოასახლებდნენ და მათთვის იმდროინდელი ხელისუფლება სახლებს ააშენებდა. ამ პერიოდში, მდინარე ალაზანს კალაპოტი უკვე შეცვლილი ჰქონია და სახნავ-სათესი მიწების ის ნაწილი, სადაც შემდეგ ერისიმედი გაშენდა, მისი მიმდებარე ტერიტორია - ტყე და საძოვარი, დაახლოებით 800 ჰექტარი, მდინარის გაღმაა დარჩენილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხარეს. არადა მანამდე და ახლაც, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი, ძირითადად, ალაზანზე გადის. სიღნაღის რაიონი, რომლის შემადგენლობაშიც ერისიმედია, ალაზანს იქით დარჩენილ ტერიტორიას ვეღარ იყენებდა იქამდე, ვიდრე მდინარეზე რკინის დაკიდულ ხიდს არ გადებდნენ. იქ სახმელეთო გზით მოსახვედრად ეს ხიდი ახლაც ერთადერთი საშუალებაა.

წნორიდან ხირსა-სამთაწყაროს გზას რომ გაუყვებით, სოფელ ხორნაბუჯში საავტომობილო გზა ქვემოთაც (მარცხნივ) უხვევს. ერისიმედამდე 22 კილომეტრია. მდინარე ალაზანთან, საიდანაც სოფელი მანქანით 5 წუთის სავალზეა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოსტია მოწყობილი. ავტომატებით შეიარაღებული ორი მესაზღვრე გაჩერებას გვანიშნებს. ვინაობის გაცნობის და იმის თქმის შემდეგ, რომ საშვებია ჩვენზე გაცემული და ერისიმედში სასაზღვრო პოლიციის მიერ საკონტაქტოდ მითითებული პირები დაგვხვდებიან, გზის გაგრძელების უფლებას გვაძლევენ. ხიდზე გადასვლისთანავე საშვები გადმოგვცეს და გვითხრეს, თუ დახმარება დაგვჭირდებოდა, შეგვეძლო, მათთვის ნებისმიერ დროს მიგვემართა. გაგვაფრთხილეს, რომ არ შეიძლება დრონის გამოყენება, აკრძალულია უშუალოდ სახელმწიფო საზღვრის ხაზზე გადაადგილება.

სოფელში სახლები ექვს რიგადაა აშენებული. გუგლის რუკაზე ჩანს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი მესამე ქუჩაზე, ზედ სამანქანო გზაზე გადის. პირველი ორი ქუჩა სახლებით, ეზოებით, ნაკვეთებითა და გზებით, საბავშვო ბაღი, სოფლის ამბულატორია, რამდენიმე წლის წინ აშენებული სკოლის ეზოს და სპორტული მოედნის ნაწილიც, აზერბაიჯანის მხარესაა.

გივი ნარინდოშვილის სახლი პირველი ქუჩის კუთხეშია, მაგრამ, რადგან საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის ეს მონაკვეთი (ერისიმედის ზოლი) შეუთანხმებელია, საზღვრის აღმნიშვნელი მავთულები მისი სახლიდან 50 მეტრშია გაბმული. ღობის იქით აზერბაიჯანული მხარის სათვალთვალო კოშკურა დგას. აქეთ ქართველი მესაზღვრეები რომ პატრულირებენ, ერისიმედში ეიმედებათ - სოფელში ყველას ახსოვს 17 წლის ბიჭის ამბავი, რომელიც აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა 2010 წლის 13 აპრილს მოკლეს.

„მე-12 კლასის მოსწავლე იყო. ტყესთან ახლოს თავისი პირუტყვი რომ უნდა გამოეყვანა, ამ დროს აზერბაიჯანელმა ჯარისკაცმა პირდაპირ თავში ესროლა. იქვე მოკლა, ტყვია შუბლში ჰქონდა მოხვედრილი.

ქალები მიწაზე დავწექით და ეს ბავშვი ისე გადმოვიყვანეთ ღობის აქეთ, თორემ, ალბათ, მკვდარსაც ვერ გადმოვიტანდით“ - ერისიმედში მცხოვრები თალიკო მახარაძე სხვა შემთხვევებსაც იხსენებს, რომლებიც საბედნიეროდ, მსხვერპლით არ დასრულებულა:

„თვითონ ჩემი შვილი, ბადრი, როცა საქონელს მოვერეკებოდით, დაიჭირეს, წაიყვანეს. სამი ღამე ბელაქანში ჰყავდათ. მერე გამოუშვეს სამთაწყაროს ხიდიდან (საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი დედოფლისწყაროს რაიონში). თუ პირუტყვი იქით მხარეს გადავიდა, რაც არ უნდა დიდი სურვილი გვქონდეს, ვერაფრით გაბედავ იქით გასვლას. ისეთი ღობეც არ არის გაკეთებული, რომ პირუტყვი ტყეში არ შევიდეს. როგორც გადადის, ის უკვე ჩვენი აღარ არის. ახლაც, კვირაზე მეტია, ჩემი ორი ძროხა დაიკარგა. წაიყვანეს ალბათ. ჩვენ არ შეგვიძლია რომ გადავიდეთ, არც არავინ დგება იმის გარანტად, რომ ვინმე მოგეხმაროს“.  

აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ 17 წლის იბრაგიმ გაურგაშვილის მკვლელობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმავე დღეს რომ გამოეხმაურა განცხადებით, საჯაროდ მეტად აღარც გახსენებია:

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობების ფონზე, რომელიც გამყარებულია მთელ რიგ სტრატეგიულ საკითხებში ორი ქვეყნის ინტერესების სრული თანხვედრით, ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული მოსამსახურეების მიერ უდანაშაულო მოქალაქის მკვლელობა განსაკუთრებით აღმაშფოთებელია. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მეგობრული სახელმწიფოს ტერიტორიაზე უნებურად მოხვედრილი მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქე, პირდაპირი გასროლის მსხვერპლი არ უნდა ხდებოდეს. ქართული მხარე მოითხოვს მომხდარი შემთხვევის სრულფასოვან და დროულ გამოძიებას. დარწმუნებული ვართ, რომ აზერბაიჯანული მხარის ძალისხმევის შედეგად დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 14 აპრილს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას შეხვედრა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ნამიგ ჰასან ოღლუ ალიევთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თავის მწუხარებას და უსამძიმრებს დაღუპული იბრაგიმ გაურგაშვილის ოჯახს“, - ეს იყო და ეს, მეტი ვერაფერი გავიგეთ ვერც საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ვერც აზერბაიჯანის საელჩოდან.

მკვლელობის შემდეგ, იბრაგიმის მამა მალევე გარდაიცვალა, ოჯახის დანარჩენი წევრები კი ერისიმედიდან აიყარნენ.

ვიდრე საზღვრის აღმნიშვნელ ღობეს გაავლებდნენ (სავარაუდოდ, 2003 წლამდე), ერისიმედის მცხოვრებლები პროდუქტის შესაძენად თუ სამკურნალოდ ბელაქანში გადადიოდნენ. უახლოესი სოფელი აზერბაიჯანის მხარეს 3 კილომეტრშია, ბელაქნამდე (რაიონული ცენტრი) 10 კილომეტრია. ერისიმედი წნორიდან 50 კილომეტრით არის დაშორებული. ახლა სამანქანო გზა მოასფალტებულია, თუმცა იყო დრო, როცა წნორიდან ერისიმედამდე ჩაღწევას სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც კი საათნახევარზე მეტს ანდომებდა და ბევრჯერ ავადმყოფი მკვდარიც დახვედრია.

შუაზე გაყოფილ სოფელში, იმ ქუჩებზე, რომლებიც რუკის მიხედვით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, ვერც სახლს და ვერც მიწის ნაკვეთს საკუთრებად ვერ ირეგისტრირებენ. მარინე ნარინდოშვილს და მის მეზობლებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე უარი რამდენჯერმე უთხრეს: „სასაზღვრო ზოლში ხართო. ამდენი ხანია აქ ვცხოვრობ და არაფერი მაქვს საკუთრებაში. ვერც სესხს ვიღებთ ბანკიდან, ვერც იპოთეკით ვტვირთავთ. ვიღაცა მოგედავოს, წინააღმდეგობასაც ვერ გავუწევთ“.

იოსებ ცეცხლაძეც აჭარიდან ეკომიგრანტია. რუკის მიხედვით, საზღვარი მის ეზოსა და სახლს შუაზე ჰყოფს.  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსი, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი ივერი მელაშვილი იხსენებს, რომ ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა ერისიმედის საკითხი რამდენჯერმე განიხილეს, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს:

„სოფლის ნაწილი გაშენებულია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სადელიმიტაციო კომისიების დონეზე ეს საკითხი განხილული იყო. ითქვა, რომ ფაქტობრივი მდგომარეობა ასეთია, მტრები ხომ არა ვართ, ერთმანეთს ვუთხრათ, რომ წაიყვანე შენი მოსახლეობა და დაანგრიე ეს სახლები. განვიხილეთ, რა ტერიტორიის სანაცვლოდ შეიძლება მისი მოცვლა, ის, რაც ჩვენს მოსახლეობას დაკავებული აქვს. იქვე რომ ეპოვათ მოსაცვლელი ტერიტორია, ეტყობა, აჯერბაიჯანულ მხარესაც ჰქონდა განხილვები შიდა დონეზე. გადადეს, საკმაოდ გაიწელა. 2010 წლამდე საერთოდ არ განიხილავდნენ ამ საკითხს, რატომღაც ყველა გაურბოდა, აზერბაიჯანული მხარე მყავს მხედველობაში. მას შემდეგ აქტიური საუბარი მიმდინარეობდა, რომ გავცვალოთ აქ, იგივე ადგილზე. ჩვენი მიდგომა იყო, რომ გვაქვს აზერბაიჯანთან ისეთი ტერიტორიები, სადღაც ჩვენი მოსახლეობაა გადასული, სადღაც აზერბაიჯანული მხარეა გადმოსული. შეიძლება ცივილურად, ასეთი მიდგომით ყველაფრის დათვლა, ცივილური ფორმით მოლაპარაკება და წესით ასეც უნდა მოხდეს“.

ერისიმედის მონაკვეთზე საზღვრის შესათანხმებლად, ისე, რომ მთელი სოფელი ჩვენს მხარეს დარჩეს - სხვა ადგილის სანაცვლოდ, მხარეებს შორის მოლაპარაკება 1998 წელს დაიწყო. 24 წლის განმავლობაში შეთანხმება ვერ მოხერხდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში